უეცრად კარზე აკაკუნებენ

უეცრად კარზე აკაკუნებენ - ეთგარ კერეტი

უეცრად კარზე აკაკუნებენ
ავტორი: ეთგარ კერეტი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
სერია: ლიტერატურული ოდისეა

“უეცრად კარზე აკაკუნებენ” ეთგარ კერეტის მოთხრობების კრებულია, რომელიც 37 მოთხრობას აერთიანებს.

პირველად ამ მწერლის მოთხრობები 2008 წელს წავიკითხე, როდესაც ქართულ ენაზე გამოიცა მისი კრებული “ნებროთმა გარეკა”. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების მოყვარული არ ვარ, კერეტის ნაწარმოაბებმა ჩემი დიდი სიმპათია დაიმსახურა განსაკუთრებული სტილის გამო. როდესაც შევიტყვე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ეთგარის ახალი კრებული გამოსცა, ეს წიგნი ეგრევე ჩავიგდე ხელში. ნამდვილად გაამართლა იმედები!

არის რაღაც განსაკუთრებული, რაც ამ ავტორის მოთხრობებს აქვთ.
ჰიპერრეალიზმი?
აბსურდულობა?
შავი იუმორი და სარკაზმი?
სიურელისტური სიუჟეტი?
ადამიანური პრობლემები და ურთიერთობები?
ნებისმიერი თემის გაშარჟება?
ტაბუდაუდებელი თემები?
ამას ყველაფერს აუცილებლად შეხვდებით მის პატარა მოთხრობებში. და ეს ყველაფერი ძალიან ადვილად გასაგებ ენაზეა დაწერილი, რაც ცალკე სიამოვნებაა.

არის ერთი რამ, რაც მე პირადად ძალიან მომწონს. კერეტის მოთხრობების ნაწილი მოულოდნელად მთავრდება, ისე რომ ფინალის შესახებ ავტორი არაფერს წერს და გიღიზიანებს ფანტაზიას, რომელიც წაკითხული ამბის სხვადასხვა დასასრულს ხატავს წარმოსახვაში. შეიძლება, მოთხრობა ათ წუთში წაიკითხო, მაგრამ კიდევ ბევრ წუთს დახარჯავ მოთხრობის დასასრულის წარმოდგენაში. ერთგვარი თავისუფალი არჩევანია, რომელიც მწერალმა მოგცა – შენ გაქვს უფლება, დაასრულო ნაწარმოები ისე, რომ არავინ შეგზღუდოს ამაში, ყველა ჩარჩოსგან თავისუფალი ხარ.

ასევე, ძალიან ლამაზია მოთხრობების მანდელბროტის ფრაქტელბის მსგავსად აწყობა. სიუჟეტის კითხვისას მიდიხარ ადგილამდე, როდესაც მოვლენები ზუსტად ისევე იწყებს განვითარებას, როგორც მოთხრობის დასაწყისში და ბოლოს ისევ მიდიხარ ისეთ ადგილამდე, როცა ისევ თავიდან იწყება მსგავსი სიუჟეტი და ასე დაუსრულებლად – მოთხრობა, რომელიც წარმოშობს მოთხრობას, რომელიც წარმოშობს მოთხრობას.. საკმაოდ ლამაზი საკითხავია.

ვისაც მოთხრობების კითხვა გიყვართ, ეს წიგნი თქვენთვისაა. ყველა აღმოაჩენს თავისთვის საინტერესო ამბავს.

პ.ს. წიგნის უკანა ყდას მოჰყვება პატარა სიურპრიზი – წიგნის გარეკანის დიზაინის მქონე სანიშნი ❤

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

ინფერნო

ინფერნო - დენ ბრაუნი

ინფერნო
ავტორი: დენ ბრაუნი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

დენ ბრაუნი თავის სტილს არ ღალატობს!

მოკლე აღწერა:
რობერტ ლენგდონი (დენ ბრაუნის პერსონაჟი – სიმბოლიკის პროფესორი. პირველად იგი “და ვინჩის კოდში” გამოჩნდა და მის როლს მსახიობი ტომ ჰენკსი ასრულებს), იღვიძებს საავადმყოფოს პალატაში; თავს სუსტად გრძნობს; არ ახსოვს, აქ როგორ მოხვდა; ფიქრობს, რომ მასაჩუსეცის ჰოსპიტალშია (ბოსტონი, აშშ), მაგრამ მისდა გასაოცრად ფანჯარაში დანახული შენობა – დუომო, რომელიც არც ერთ სხვა არქიტექტურულ შედევრში არ შეეშლება, მიახვედრებს, რომ ის იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაშია. ექიმებისგან შეიტყობს, რომ მას თავში ესროლეს და ის სასწაულებრივად გადარჩა. პროფესორს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, როდესაც პალატის კარს უცნობი ქალბატონი უახლოვდება და იტალიელ ექიმს გულში ტყვიას ახლის… პანიკა.. ლენგდონს გაქცევაში ექიმის ასისტენტი, სიენა ბრუკსი, ეხმარება. მოვლენები წარმოუდგენლად სწრაფად იწყებს განვითარებას.

ლენგდონს აქვს ის, რასაც რამდენიმე დაინტერესებული მხარე ეძებს. პროფესორმა არ იცის, ვინ და რატომ მისდევს, რატომ ცდილობენ მის მოკვლას, რატომ ან საიდან აქვს ჯიბეში უცნაური ნივთი? რას წარმოადგენს ეს ნივთი და რა მოხდა გასული ორი დღის განმავლობაში? როგორ აღმოჩნდა საშიში ორგანიზაციების სამიზნეში? და საერთოდ, რა ჯანდაბა ხდება მის თავს?

ლოგიკური მსჯელობა პროფესორს დანტეს ღვთაებრივ კომედიამდე მიიყვანს. დანტეს ნაწარმოების პირველი ნაწილი – “ინფერნო” – მთლიანად ეთმობა ალიგიერის ჯოჯოხეთში ჩასვლას. ამ ნაწარმოებს სანდრო ბოტიჩელიმ – La Mappa del’Inferno – ჯოჯოხეთის რუკა – მიუძღვნა. სწორედ ეს რუკა არის თავსატეხის პირველი გასაღები.
სანდრო ბოტიჩელი - La Mappa del'Enferno
ლენგდონი მიჰყვება ხელოვნების ნიმუშებში დაშიფრულ სიმბოლოებს და ცდილობს, მიაგნოს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელ ბოროტმოქმედს, რომელმაც საიდუმლო ადგილზე გადამალა კაცობრიობისათვის დამღუპველი დაავადების წყარო…

“ინფერნო” განსხვავდება დენ ბრაუნის წინა ნაწარმოებებისგან (“და ვინჩის კოდი”, “დაკარგული სიმბოლო”, “ანგელოზები და დემონები”). მე თუ მკითხავთ, სჯობს კიდეც მათ. მოვლენები აქ ბევრად უფრო საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება. მთელი თავგადასავალი სულ რაღაც 24 საათში ეტევა; უფრო მეტად ჩამთრევია, მეტად გძაბავს და სიუჟეტი რადიკალურად იცვლის ფორმებს. თქვენ, რა თქმა უნდა, წიგნში გამოარჩევთ გმირებს, ვისაც ენდობით და ვისაც არ ენდობით. თუმცა, თქვენი ნდობის ვექტორი მოიშლება და გაფუჭდება. რაღაც მომენტში კი ყველაფერი თავდაყირა დადგება. ამას ისიც ემატება, რომ მწერალი პერსონაჟების ენით საუბრობს თემაზე, რომელზეც ყველა თვალს ხუჭავს. თემაზე, რომელზეც მე პირადად არასოდეს მიფიქრია. დენ ბრაუნი კი გაიძულებთ, ამ თემაზე დაფიქრდეთ. წინა ნაწარმოებებში, მსგავს ვერაფერს ნახავთ. ეს სრულიად ახალი საფეხურია ლენგდონის სერიის წიგნებში. წინა წიგნებისგან განსხვავებით, აქ რეალურ პრობლემას ეჯახებით, რომელზე დაფიქრების მერეც ნეიტრალურ პოზიციაზე ვერ დადგებით. ეს ყველას შეეხება. წიგნის სატიტულო გვერდზე ასეთი რამ წერია: “ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგას”. სიუჟეტის განვითარების პარალელურად თქვენც, ისევე როგორც ამ ნაწარმოების პერსონაჟების უმეტესობა, სწორედ რომ მორალური კრიზისის წინაშე დადგებით. თქვენც მოგიწევთ, თქვენი წილი არჩევანის გაკეთება.

კიდევ ერთი უდავო პლუსი, რაც ამ წიგნს გააჩნია – წაკითხვის შემდეგ გრჩება სასიამოვნო შეგრნება, რომ თქვენმა IQ-მ საგრძნობლად მოიმატა. დამიჯერეთ, არ ვხუმრობ. წიგნში ნახსენებია უამრავი ლოკაცია, ნაგებობა, ხელოვნების ნიმუში, ისტორიული პიროვნება, ლეგენდა და ტერმინი, რომელიც აქამდე პირადად მე არ მქონდა გაგებული. კითხვის პარალელურად ყველაფერს ვსერჩავდი და თვალნათლივ ვხედავდი, რაზეც ავტორი წერდა. ეს ძალიან გეხმარება, მიჰყვე სიუჟეტს კვალდაკვალ და გიმძაფრებს რეალურობის შეგრძნებას, თან უამრავ ახალ ინფორმაციას იგებ. ყველაფერი, რაზეც ავტორი საუბრობს, რეალურად არსებობს. ჩემი არ გჯერათ? ფლორენციაში თუ მოხვდებით, რომელიმე ტურისტულ სააგენტოში შეუკვეთეთ “ინფერნო ტური” (დაგუგლეთ: Dan Brown Inferno Tour Florence) და თქვენ გაივლით ზუსტად იმ მარშრუტს, რაც პროფესორმა ლენგდონმა გაიარა ამ წიგნში. მაგრამ ტურამდე აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი!

მე კი თუ როდესმე მოვხვდები ფლორენციაში ან ვენეციაში, ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებ, იქნება იმ ადგილების მონახულება, რომელიც ლენგდონმა თავსატეხის გასახსნელად მოინახულა.

MiNi Library

facebook
goodreads

იმპერიის 8 ნამსხვრევი

იმპერიის 8 ნამსხვრევი

იმპერიის 8 ნამსხვრევი
ავტორი: ლოურენს სქოთ შიითსი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing


წიგნი მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდის, დაშლის მიერ გამოწვეულ შოკის, წინასწარ განჭვრეტადი კონფლიქტების დაწყებისა და საზარელი არაადამიანური მოვლენების განვითარების შესახებ. ძალიან ნათლად ჩანს საბჭოთა კავშირის დაშლის პარალალელურად, როგორ იშლება ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება, ქრება მომავლის იმედები და ხელში ცხოვრების ნამსხვრევებიღა რჩებათ..

გამოვარჩევდი საქართველოსა და ჩეჩნეთის ომზე დაწერილ ქვეთავებს. ავოტორი ძალიან ობიექტურია. ვერ შეატყობთ, რომ რომელიმე მხარეს გულშემატკივრობს. ვურჩევდი ქართველ ჟურნალისტებს, წაეკითხათ ლოურენსის ეს წიგნი და თომას გოლცის წიგნი “საქართველო – ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში”. ეს ორივე ჟურნალისტი ჩვენს კონფლიქტებს ძალიან ობიქტურად აშუქებდა. ვისურვებდი, ასეთი პროფესიონალები გვყავდეს.

ერთი თავისებურება კი შევატყვე ავტორის წერის სტილს. კონკრეტული კონფლიქტისა თუ მოვლენის შესახებ ამბავს ლაითმოტივად გასდევს ვინმე ადგილობრივის ისტორია. ალბათ ამით სურდა, ამ სიკვდილით გაჯერებული ისტორიებისთვის სიცოცხლე შეემატებინა. სიკვდილის ქაოსში სიცოცხლესაც გვაჩვენებს და რაღაც იმედს ტოვებს, რომ იქ ნორმალური ადამიანებიც ცხოვრობენ.

მე გირჩევთ, წაიკითხოთ ეს წიგნი. აქ ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიაზეა საუბარი, რომელსაც ბევრგან ვერ წაიკითხავთ. ეს არ არის გულზე მჯიღის ცემით გაბუქებული ბრძოლების ამბები, ეს არის ნამდვილზე ნამდვილი საქართველოს რეალური ისტორია.

წიგნის ბოლოს ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებია და წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც სულ ბოლო ფოტოზე, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: “ჩეჩენი მებრძოლები გროზნოს ცენტრის ხელახალი აღების მერე”, ჩემი მეგობარი, ლეგენდარული ფოტოგრაფი, ტომას დვორჟაკი შევნიშნე :)) ფოტო მიკროსკოპულად პატარა ზომაზეა დაბეჭდილი და ხარიხიანობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მისი საფირმო ღიმილი და გაშლილი მკლავები, ძნელია, სხვაში აგერიოს. მომენატრა ეს გაბურძგნული, გაქართველებული, 7 ენაზე ერთდოულად მოლაპარაკე ემოციური გერმანელი :))

ტომას დვორჟაკი

MiNi Library

facebook
goodreads

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის
ავტორი: Ransom Riggs
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

სწორედ ასეთი წიგნების გამო მიყვარს კითხვა!

წიგნის მთავარი გმირს, ჯეიკობს, ბაბუა ხშირად უყვებოდა ხოლმე ამბებს საინტერესო თავგადასავლებზე. ამ ამბების რეალურობის არავის სჯეროდა და ბაბუა ცდილობდა უცნაური ფოტოების საშუალებით დაედასტურებინა თავისი სიტყვების სიმართლე. ფოტოებზე კი, ერთი შეხედვით, მართლაც დაუჯერებელი ამბები ხდებოდა. ერთ დღესაც ჯეიკობის ბაბუას მოკლავენ და ის მკვლელის საზარელ სახეს დაინახავს. მალე ის აღმიაჩენს, რომ მას გამოჰყვა ბაბუის უნარი, დაინახოს უჩინარი მკვლელები. ჯეიკობი გადაწყვეტს მოძებნოს სახლი უჩვეულო ბავშვებისათვის. სახლი, სადაც ბავშვობაში მისი ბაბუაც ცხოვრობდა. სწორდ აქ იწყება ამბავი, რომელიც დაგავიწყებთ ყველაფერს გარშემო.

თუ შეიძლება, რომ წიგნი საკვებს შევადაროთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი წიგნია, რაც ოდესმე წამიკითხავს. ის მოგვითხრობს თავგადასავალზე, რომელშით თავით გადაეშვებიან ბავშვები და მათთან ერთად თქვენც. ამბები ძალიან საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება. მინდა, უფრო მეტი რამ მოვყვე, მაგრამ მეშინია, რომ საინტერესო დეტალებს გავამხელ, ამიტომაც ჩუმად ვიქნები.

წიგნის გაფორმება არის ცალკე სასაუბრო თემა.  ასეთი “ლამაზი” საკითხავი წიგნი ჯერ არ მინახავს. არ ვიცი, ეს რენსომ რიგზის ნოუ ჰაუა თუ არა, მაგრამ წიგნში ფოტეობის გამოყენება შინაარსის გასამდიდრებლად არის ძალიან, ძალიან მაგარი იდეა. ეს ფოტოები წიგნს ავსებს, ინტრიგას მატებს და უბრალოდ მისი განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ არა წიგნის ასეთი მდიდრული გაფორმება, ცარიელ სიტყვები ასეთ სიამოვნებას ვერ მოგვანიჭებდა. ეს უბრალოდ ახალი საფეხურია ლიტერატურაში. თუმცა ეს არც არის გასაკვირი ავტორისგან – ის ხომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი იყო, როგორც სცენარისტი და მოკლემეტრაჟიანი ფილმბის რეჟისორი. შემდეგ კი ეს წიგნი დაწერა. რომ არა მისი გამოცდილება კინემატოგრაფიაში, დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ასეთი საინტერესო ვერ გამოვიდოდა.

“მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის” ჩვენი მინი ბიბლიოთეკის ყველაზე გამოჩენილ თაროზე დაიდებს ბინას. დარწმუნებულები ვართ, თქვენც ძალიან მოგეწონებათ!

ეს წიგნი ტრილოგიის პირველი ნაწილია. მალე მისი შემდეგი ნაწილებიც გამოვა. 2016 წელს კი შედგება ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც ტიმ ბარტონია.

მის პერეგრინის სახლი

MiNi Library

facebook
goodreads

მთელი ზაფხული ერთ დღეში

მთელი ზაფხული ერთ დღეში

მთელი ზაფხული ერთ დღეში
ავტორი: რეი ბრედბერი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

უნდა გამოვტყდე, რომ მოთხრობები დიდად არ მიყვარს. მირჩევნია კარგი სქელტანიანი წიგნი წავიკითხო, ვიდრე – მოთხრობების კრებული. ვთვლი, რომ მოთხრობა არის სრულფასოვანი წიგნის ერთგვარი Trial Version, რომ დააგემოვნო და მერე ნამდვილი წიგნის წაკითხვა მოგინდეს. ამიტომაც არ მიყვარს მოთხრობების კითხვა: შედიხარ სამყაროში, გმირებს ეცნობი, ამბავი ვითარდება, ჩაგითრევს და მერე ეს ყველაფერი ძალიან მალე მთავრდება. უკმარისობის სერიოზულ შეგრძნებას ტოვებს.

თუმცა მოთხრობების ეს კრებული, რაღაც გამონაკლისია. ძალიან მომეწონა. ყველა მოთხრობა განსაკუთრებულად ჩამთრევია. რამდენიმე მოთხრობა კი ისეთი შიშისმომგვრელი თრილერია, რომ ღამით სიბნელეში წაკითხვას არ გირჩევთ. ბრედბერის მოთხრობებში ასევე ძალიან საინტერესოდ არის ხოლმე აღწერილი უცხო პლანეტები სადღაც გალაქტიკის შორეულ კუთხეებში.

განსაკუთრებით გამოვარჩევ რამდენიმე მოთხრობას: “მთელი ზაფხული ერთ დღეში”,”პაწაწინა მკვლელი”, “ქარი”, “მომავლის ბავშვი” და “მარადისობა და დედამიწა”.

ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ერთი კი არა თოთხმეტი წიგნი წაიკითხეთ.

როდესმე აუცილებლად გადავიკითხავ ამ წიგნს კიდევ ერთხელ!

MiNi Library

facebook
goodreads

საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა საბჭოთა კავკასიაში

თომას გოლცი - საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის კრონიკა საბჭოთა კავკასიაში

საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა საბჭოთა კავკასიაში
ავტორი: თომას გოლცი
გამომცემლობა: გამომცემლობა არტანუჯი / Artanuji Publishing

თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ თომას გოლცის ეს წიგნი, მე გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხეთ. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა ხდებოდა რეალურად საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში; როგორ მოვიდა ხელისფებაში ზვიადი და როგორ დაემხო; როგორ მოვიდა ხელისუფლებაში შევარდნაძე; როგორ დავკარგეთ აფხაზეთი და სხვა ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ამბავი, რომელიც ან მიიჩქმალა, ან დავიწყებას მიეცა. ეს ყველაფერი მოთხრობილია პირველ პირში ავტორის, უშუალო თვითმხილველის მიერ.

პირადად მე, დამატებითი არგუმენტი მქონდა, ეს წიგნი განსაკუთრებით მომწონებოდა: მე და თომასს აღმოგვაჩნდა უამრავი საერთო მეგობარი თუ ნაცნობი, რომელთა შესახებაც უხვად საუბრობს. რამდენიმე მონაკვეთში ამოვიცანი ჩემი ნაცნობ-მეგობრები, რომელთა სახელებსაც სპეციალურად არ ასახელებს, მაგრამ ჩვენ, ვინც ასევე ვიყავით ჩართულები საქვეყნო საქმეებში და გვქონდა შეხება პირველ პირებთან, ადვილად ვცნობთ, ვინა იგულისხმება უსახელო პერსონაჟების მიღმა. სწორედ ამიტომ ეს წიგნი უფრო ახლოს მოვიდა ჩემამდე, უფრო მეტად ძვირფასი გახდა, უფრო მეტად გასაგები და ადვილად აღსაქემელი.

სამწუხაროდ, თაობები ისე იზრდებიან, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. 90-იანი წლების ჩაბნელებული და ქაოსში ჩაფლული საქართველოს შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება და ისიც ხშირად ურთიერთ გამომრიცხავია. სწორედ ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია მსგავსი წიგნები. მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტის თვალით დანახული, საკუთარ ტყავზე გადატანილი ქართული ომის საშინელება. ვფიქრობ, მსგავსი ლიტერატურა სავალდებულო საკითხავი უნდა იყოს სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის, რომ ჩამოუყალიბდეთ რეალური სწორი წარმოდგენები საქართველოს მაშინდელი ისტორიის შესახებ.

აუცილებლად წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს.. დარწმუნებული ვარ, უამრავ ახალს გაიგებთ ჩვენი ქვეყნის არც თუ შორეული წარსულის შესახებ!

#ThomasGoltz #GeorgianDiares

MiNi Library

facebook
goodreads

გოგონა მატარებელში

gogona matarebelshi
გოგონა მატარებელში

ავტორი: პოლა ჰოკინსი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L

ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რაც წამიკითხავს და მიკვირს, აქამდე რომ არაფერი დამიწერია მის შესახებ!

ვინმეს რომ ეთხოვა, ერთი წინადადებით დამეხასიათებინა ეს წიგნი, ალბათ ასე ვიტყოდი: არავის ნდობა არ შეიძლება! წიგნის კითხვის პარალელურად თქვენი ეჭვი ხან ერთ პერსონაჟზე გადადის, ხან – მეორეზე. რაღაც ეტაპზე იმდენად ჩაიხლართება სიტუაცია, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურებთ, მათ შორის იმ მთავარ სამ ქალ პერსონაჟსაც, ვისი პირით მოყოლილ ამბავსაც კითხულობთ. ალკოჰოლიკი, მატყუარა და მოღალატე – რეიჩელი, ანა და მეგანი – აი, ის სამი მთავარი პერსონაჟი ქალი. რომელს გინდა, რომ ენდო?

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. წიგნის დაწყებისას რომ შემეკრა სუნთქვა, მხოლოდ დასრულების შემდეგ ამოვისუნთქე თავისუფლად. ახლა კი ვაპირებ, გაცდუნოთ და თქვენც იმავე დღეში ჩაგაგდოთ! წახვიდეთ, იყიდოთ ხვალვე და მანამდე გქონდე სუნთქვა შეკრული, სანამ არ დაამთავრებთ კითხვას!

ვერ ვიტყვი, ხშირად მიმგზავრია მატარებლით-თქო, მაგრამ არ მტოვებს განცდა, რომ ეს ყველაზე იდუმალი და ლიტერატურული ტრანსპორტია, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ! ეს არის წიგნი გოგონაზე, რომელიც ყოველ დღე მგზავრობს ერთი და იმავე მარშრუტით; ზის ერთსა და იმავე ფანჯარასთან; მატარებელი ყოველ დღე ჩერდება რამდენიმე წუთით სემაფორზე (შუქნიშანი მატარებლებისათვის) და ამ დროს ყოველთვის უყურებს მატარებლების სიახლოვს მყოფ სახლებს, განსაკუთრებით კი ერთს. ხედავს მომხიბვლელ წყვილს, რომელსაც წარმოსახვაში არქმევს სახელებს – “ჯესი” და “ჯეისონი”; წარმოიდგენს მათ ბედნიერ ცხოვრებას და შორიდან შეჰხარის მათ ბედნიერებას. მაგრამ ერთ დღესაც რეიჩელი ხედავს რაღაცას, რაც სრულიად არ შეფერება “ჯესისა და ჯეისონის” იდეალურ წყვილს რეიჩელის წარმოდგენაში…

რეიჩელი უკვე რაღაცით დაკავშირებულია ამ ოჯახთან, ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს და ვერ მოისვენებს მანამ, სანამ არ გაარკვევს, რა ხდება. სწორედ აქ იწყება დაუჯერებლად დაძაბული ამბავი, სადაც რეიჩელი შეგძულდებათ, თავს მოგაბეზრებთ, შეგეცოდებათ, მხარს დაუჭერთ, უგულშემატკივრებთ, ისევ გაბრაზდებით და ასე დაუსრულებლად.

ეს წიგნი სავსეა საიდუმლოებებით. ყველას აქვს საიდუმლო, განსაკუთრებით კი ამ წიგნში. არც რეიჩელმა არ იცოდა, რა ხდებოდა იმ “იდეალური წყვილის” სახლის ფანჯრებსა და კარს მიღმა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა, რომელიც არ ასვენებს რეიჩელს და მკითხველს. კითხვა, რომლის პასუხიც არის მთავარი საიდუმლოს გასაღები: რა მოხდა შაბათს ღამით?

მე მშურს თქვენი, ვისაც ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ. თქვენ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა სიამოვნება გაქვთ წინ. ეცადეთ წიგნი გამოიზოგოთ! ნელ-ნელა წაიკითხეთ!

და საერთოდ, პალიტრა L-ის TOP თრილერის სერიის ყველა წიგნი არის განსაკუთრებული სიამოვნება! თამამად შემიძლია, ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა, რაც როდესმე გამოცემულა.

MiNi Library

facebook
goodreads