უკუათვლა

უკუათვლა კენ ფოლეტი

უკუათვლა
ავტორი: კენ ფოლეტი
Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

რამდენიმე დღის წინ პატივი მხვდა, რადიო პალიტრის ეთერში წარმედგინა ეს ძალიან კარგი წიგნი. იმის გამო, რომ რადიოს პირდაპირ ეთერში პირველად ვიჯექი და დროშიც საკმაოდ ვიყავით შეზღუდულები (თან აშკარად ვნერვიულობდი), ბევრი ვერაფერი ვთქვი. რამდენიმე წუთი სრულიად არასაკმარისია ამ წიგნზე სასაუბროდ. ამ პოსტში კი ვეცდები უფრო ვრცლად ვისაუბრო.

კენ ფოლეტის “უკუათვლა” (Code To Zero) მოგვითხრობს 1950-იანი წლების პერიოდზე, როდესაც ორი ზესახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი – კოსმოსურ შეჯიბრებაში ჩაებნენ. ძირითადი ამბის პარალელურად ავტორი ხშირად იყენებს “ფლეშბექებს” და მკითხველს უკან 1940-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გვაბრუნებს. საბჭოთა კავშირმა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი “სპუტნიკ I“გაიყვანა ორბიტაზე და ეს იქცა გამოწვევად ამერიკელებისათვის. თუმცა ამერიკელების მცდელობა კრახით დასრულდა. პირველი რაკეტა Vanguard TV3, რომელსაც უნდა გაეყვანა ამერიკელთა ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე, 1957 წელს აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. 1958 წელს Jupiter-C გახდა პირველი ამერიკული რაკეტა, რომელიც წარმატებით გაფრინდა და გაიყვანა ამერიკელების ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე. ეს წიგნი სწორედ ამ რაკეტის გაშვებას ეხება.

Jupiter-C-ის გაშვებამდე ერთი დღით ადრე მთავარი პერსონაჟი იღვიძებს მამაკაცების საპირფარეშოში, აცვია უსახლკაროს შესაფერისად, საშინლად სტკივა თავი, არ ახსოვს ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია, რას საქმიანობს, აქ როგორ მოხვდა. გვერდით მყოფი სხვა უსახლკარო ახსენებს, რომ მას ლიუკი ჰქვია და წინა ღამით მთელი ბოთლი ბურბონი გამოცალა. საპიფარეშოდან გამოსული ლიუკი იწყებს ლოგიკურ აზროვნებას: ამჩნევს, რომ მას ალკოჰოლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, ხელის თითები მოვლილი, კანი რბილი, მისდა გასაოცრად ერთი ამოსუნთქვით შეავსო კროსვორდი და აღმოაჩინა, რომ ფრანგულიც ბრწყინვალედ იცის. აბეზარი უსახლკაროს ჩამოშორების შემდეგ ლიუკი გადაწყვეტს, გაარკვიოს თავისი ვინაობა და როგორ აღმოჩნდა იგი ასეთ მდგომარეობაში. სწორედ ამ ფიქრებში მყოფი მთავარი გმირის მახვილ მზერას არ გამორჩენია მდევარი, რომელიც მუდამ შორიახლოს მიჰყვება. რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ეჭვებს, რომ რაღაც სერიოზული ხდება მის თავს. ყველაზე უცნაური კი მაშინ იწყება, როდესაც ლიუკი თვალის კუთხით, რაღაც მისთვის საინტერესოს მოჰკრავს თვალს, მისი გონება აშკარად რეაგირებს რაღაც თემაზე, ოღონდ რაზე – ვერ ხვდება. შემობრუნებული კი მხოლოდ პრესის ჯიხურს ხედავს, სადაც ყველა გაზეთზე მომავალ დღეს რაკეტის გაშვების შესახებ წერენ. სწორედ აქ იწყება, თავდაუზოგავი რბოლა გადარჩენისთვის, მიზნის მიგნებისთვის, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად და ცხოვრების დასაბრუნებლად.

ავტორი იმდენად ბუნდოვან სურათს ხატავს, რომ წიგნის თითქმის ნახევრამდე, ვერ გაერკვევი ვინ დადებითი პერსონაჟია და ვინ უარყოფითი. ვინ საბჭოთა ჯაშუშია და ვინ – ჯაშუშებზე მონადირე. კენ ფოლეტი ნელ-ნელა ლუკმა-ლუკმა გაწვდის ფლეშბექებს და ლიუკის სტუდენტობის პერიოდში გადაჰყავხარ, სადაც ავტორი ნელ-ნელა გვაცნობს წიგნის სხვა მთავარ მოქმედ გმირებს, რომლებიც ამავდროულად ლიუკის სტუდენტობის მეგობრები არიან. სწორედ ეს ფლეშბექებია, დოზირებულად რომ ჰფენენ ნათელს წიგნში არსებულ ბუნდოვან სურათს. გამოვტყდები და ვიტყვი, რომ 1940-1945 წლების პერიოდები ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი და მის გარეშე, ეს წიგნი საერთოდ აღარ იქნებოდა ასეთი საინტერესო.

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მთელი წიგნის ბოლომდე ხარ დაძაბული, კვანძი არა და არ იხსნება, იმდენჯერ იცვლება პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულება, რომ ბოლოსკენ თავში ყველაფერი არეული გაქვს და მხოლოდ ის გინდა, მალე გაარკვიო საგნების რეალური არსი. სიმართლე კი შოკის მომგვრელი იქნება, დამერწმუნეთ. თან ამ ყველაფერს ემატება ამბების რეალურობა – არავისთვის არაა ახალი ამბავი, რომ საბჭოთა კავშირიც და აშშ-ც აქტიურად ცდილობდა, ჯაშუშების დახმარებით ერთმანეთის სამეცნიერო მიღწევები ხელში ჩაეგდოთ. ინტრიგას ისიც ამწვავებს, რომ თუ ამერიკელების მეორე მცდელობაც კრახით დამთავრდებოდა, ისინი უარს იტყოდნენ კოსმოსურ შეჯიბრში მონაწილეობაზე და ამ სფეროს სრულიად გადაულოცავდნენ საბჭოთა კავშირს, რაც წითლების უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რამდენად ეცდებოდა სსრკ, Jupiter-C-ს არ დაეტოვებინა დედამიწა!

ვისაც კარგი თრილერის წაკითხვა მოენატრა, ეს წიგნი გელით! ძალიან სწრაფად იკითხება და ძალიან დამაინტრიგებელია! კიდევ ერთი დიდი პლუსი, რაც აღნიშვნის ღირსია: კოსმოსურ შეჯიბრზე წიგნები იშვიათია და ისტორიის ეს მონაკვეთი კენ ფოლეტმა ძალიან საინტერესოდ გადმოსცა ამ წიგნში.

P.S.
“უკუათვლა” ამ სერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია და ძალიან მიკვირს, რატომ არ არის ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი. სცენარისთვის იდეალური მასალაა!

MiNi Library

facebook
goodreads

მეტრო 2035

მეტრო 2035

მეტრო 2035
ავტორი: დიმიტრი გლუხოვსკი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

პირველ რიგში, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს პოსტი შეიცავს “სპოილერებს”, სხვანაირად ვერაფრით გადმოვცემ სათქმელს, რომელიც უხვად დამიგროვდა.

მეტრო 2033” და “მეტრო 2034” ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ დაიწერა, რომ “მეტრო 2035”-სთვის შეემზადებინათ მკითხველი. ეს ერთგვარი დიდი შესავალია ძალიან დიდ და გამაოგნებელ წიგნამდე. მიუხედავად იმისა, რომ 2034 ძალიან დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, ასე თუ ისე, საინტერესო საკითხავი იყო. 2033 კი ძალიან მაგარი სათავგადასავლო წიგნია, საინტერესო ამბებით და პერსონაჟებით, რომელიც ძალიან გართობს და რომელმაც უდავოდ დიდი საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მეტრო 2035 წინა ორივე წიგნზე მეტად ჩამთრევია, უფრო დაძაბული და ჩახლართული სიუჟეტია, ძალიან ძლიერი პერსონაჟებია, ამბავი ტვინს გიდუღებს და ზუსტად ურტყამს მიზანში. საუკეთესო ანტიუტოპიური ნაწარმოებია, რაც წამიკითხავს, რომელიც პირდაპირ სახეზე აგაფარებს ადამიანურ მონურ ბუნებას. მაგრამ მისი მთავარი ღირებულება საერთოდ არაა პერსონაჟები, ან ჩახლართული ამბები, ან კვანძები, ან პოსტაპოკალიპტური სამყაროს დეტალები, რომელიც იდეალურადაა აღწერილი.  ეს არის წიგნი, რომელიც აშიშვლებს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს რეალობას და ზოგადად დიქტატურულ რეჟიმებს. წიგნი, რომელიც ზუსტად ასახავს პროპაგანდის საშინელ ეფექტს, დიქტატურის უღელს, მონურ სიბრმავეს, ადამიანის ბუნების უმახინჯეს გამოვლინებას – შეეგუოს ყველაფერს და იცხოვროს ნეხვში ყელამდე ჩაფლულმა, ოღონდ არ იბრძოლოს, ოღონდ არ იყოს თავისუფალი, ოღონდ ვინმე მართავდეს და იმდენ ლუკმა საჭმელს აძლევდეს, რომ შიმშილით არ მოკვდეს.. ოღონდ არ იყოს თავისუფალი!

მეტრო 2033-ის მთავარი მოქმედი გმირი, არტიომი, გაიზარდა. ის აღარაა პატარა ბიჭი, ერთ დროს რომ აღტკინებული შეჰყურებდა ორდენის წევრებსა და სტალკერებს. ის უკვე ფიქრობს, მას ბევრი შეკითხვა აწუხებს და, რაც მთავარია, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ აუცილებლად გადარჩებოდნენ სხვებიც, უბრალოდ უნდა ეცადოს და ხმა მიაწვდინოს მათ. მისი მცდელობები, რადიოსიგნალით მიწვდეს სხვა შორეულ ქალაქებს, უშედეგოდ მთავრდება. მას ყველა შეშლილად თვლის. ხალხი, რომელიც მიჩვეულია სალაფავის ჭამას, ჭამს ყველაფერს, რასაც მიუგდებენ, მათ შორის იმასაც, რომ ისინი ერთადერთი არიან ამ პლანეტაზე. ყველა სხვა, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, შეშლილია. არტიომი ცდილობს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ეს ბრძოლა მას დევნილად აქცევს. საკუთარი თანამებრძოლები მას სასიკვდილოდ იმეტებენ. თუმცა ის მაინც აღმოაჩენს სიმართლეს. სასწაულებრივ სიმართლეს, რომელსაც უმალავენ ყველას. ამ ბრძოლაში ყველა სახე – წითლები, რაიხი, ორდენი, ჰანზა – ყველა ერთდება, თითქოს ეს ერთი და იგივე სახეა, ერთ მასად იქცევა, ერთი ხელიდან იკვებება, ერთი პირით იღებს ბრძანებებს, ერთ მიზანს ემსახურება და ერთიანად არის სისხლში ამოსვრილი.

წიგნის სიუჟეტს ხაზად გასდევს მეტროს მიწისქვეშეთის მმართველის ელიტის მოწოდებები, რომ მეტროს გარდა სხვა ქვეყნებიც გადარჩა, მაგრამ სხვა გადარჩენილები ერთიანი ძალებით ცდილობენ, მოსკოვის მეტროში საწაულებრივად გადარჩენილი რუსი ხალხის საბოლოოდ გაწყვეტას და ამიტომაც ისინი ვალდებულები არიან, უფრო მაგრად ჩაიჭყლიტონ იმ ნაგავში და ყელამდე ნეხვში, უფრო დამჯერები იყვნენ, უფრო მორჩილები, უფრო მონურები.. ლამის ბოლო გვერდებამდე, ვბრაზდებოდი ავტორზე და ვფიქრობდი: “რაღა საჭიროა ისედაც პარანოიით შეპყრობილი რუსეთის მოსახლეობისათვის კიდევ მტრის ხატების შექმნა? წიგნშიც იმის პროპაგანდა, რომ რუსეთს ებრძვის მთელი სამყარო, რომ რუსეთის განადგურება უნდათ?” ვფიქრობდი და ნერვები მეშლებოდა. თუმცა ბოლოს ყველაფერი ისე შემობრუნდა, რომ ყბა ჩამომივარდა, გავცოფდი, გავნერვიულდი, ვიგინებოდი და წარმოვიდგენდი, მე რას ვიზამდი არტიომის ადგილზე.

წიგნის კითხვისას უამრავი პარალელი თავისით იწყებს ხაზების გავლებას მეტროს სამყაროსა და პარანოიით ნაკვებ რუსეთის სახელწიფოს შორის. რუსეთიც ხომ ერთადერთია, რომელსაც “მთელი სმყარო ებრძვის”, ყველა მის განადგურებას ცდილობს. ნატო, ამერიკა, დასავლეთი – “გარყვნილების ბუდეები”! რუსეთი კი “სიწმინდის სადარაჯოზეა”, ყველა დანარჩენს ამ “სიწმინდის” განადგურება სურს.  ზუსტად ასევეა მეტრო 2035-ის ჯურღმულებშიც, მხოლოდ ისინი არიან სიმართლის მხარეს, ყველა სხვა დანარჩენი დედამიწაზე მათ წინააღმდეგაა, ყველას ამ გადარჩენილი ერთი მუჭა ხალხის “განადგურება” სურს – ამ სალაფავით ნაკვები ხალხი თვითონვე ამბობს უარს თავისუფლებაზე, გადარჩენაზე, სიცოცხლეზე მიწის ზემოთ და არა მიწასა და განავალში. მონები ირჩევენ სამყაროს, სადაც ღორებს ადამიანის ხორცით კვებავენ, სადაც არ არსებობს არანაირი სიმართლე, სადაც არავინ სვამს კითხვებს, სადაც არავინაა თავისუფალი და სადაც არ არსებობს მომავალი. როდესაც ხალხს მხოლოდ იმდენი საჭმელი აქვს, რომ არ მოკვდეს, ვერაფერს ხედავს, გარდა იმ ხელისა, რომელიც საკვებს აძლევს. სამყარო, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, არ აქვს ფასი და, სადაც სიცოცხლე ზოგადად, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. და განა რამე სხვა ხდება უამრავი შიშით და ფობიით გაჟღენთილ რუსეთში?

წარმოვიდგენ, როგორ კითხულობს ამ წიგნს რუსეთის ხელისუფლების ტყულებით გაჯერებული ადამიანი და წიგნის ლამის ბოლომდე გულში ამბობს: “აი ხომ ხედავთ, ნამდვილად ასეა, ნამდვილად გვებრძვიან, დასავლეთი ცუდია, ყველა ჩვენ წინააღმდეგაა!” მაინტერესებს, როდესაც ბოლო გვერდებს წაიკითხავს, მიხვდება, რომ მონაა? მიხვდება, რომ მატლია და ნეხვშია ყელამდე? დაფიქრდება თავისუფლებაზე? მოუნდება არტიომის გვერდით დადგომა? თუ პირიქით, არტიომს გალანძღავს? მიხვდება, რომ ისიც ისეთივე პროპაგანდის მსხვერპლია, როგორც მოსკოვის მეტროში გადარჩენილი ბრბო?

ამ წიგნში თქვენ ნახავთ სახეებს, რომლებიც ნეხვში კეთილღეობისთვის, საკუთარი ნებით ამბობენ უარს თავისუფლებაზე.

“რატომ უნდა გავაპროტესტოთ?” “რატომ უნდა მოვხვდეთ ვინმეს თვალში ცუდად?” “ეს ჩემი საქმე არ არის!” – მე ძალიან ბევრი გარშემომყოფისგან მომისმენია მსგავსი არგუმენტები და ძალიან კარგად მახსოვს ის შეგრძნებები, რომელიც მაშინ მეუფლებოდა – გაოგნება და ზიზღი! არაფერია იმაზე საზიზღარი და საცოდავი, ვიდრე ადამიანი, რომელიც ოდნავი კეთილდღეობისთვის თავზე ნეხვს საკუთარი ხელით იყრის, თვალს ხუჭავს უსამართლობაზე, ცდილობს, რომ ვინმეს წინააღმდეგ არ წავიდეს, ვინმეს ცუდად არ გაეჩხიროს თვალში. რას იზამ, მონობაში ნაკვები ხალხი, მონობისთვის გააკეთებს ყველაფერს, ოღონდ არ უხსენო თავისუფლება. ოღონდ კრიტიკული აზრი არ გამოთქვას, ოღონდ თვითონ იყოს კარგად.

არტიომი ცდილობს, ყველას უთხრას სიმართლე, ცდილობს გადაარჩინოს სხვებიც, მაგრამ ძალიან გვიან ხვდება, რომ იმ გვირაბებში აღარავინაა გადასარჩენი, იქ ადამიანები აღარ არიან. თუ ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმაში” ღორები ნელ-ნელა იქცევიან ადამიანებად, აქ პირიქით, ადამიანები იქცევიან ღორებად და მატლებად..

და რას იზამს არტიომი? გადარჩება? ვინმე დადგება მის გვერდით? ოკეანისკენ გაქანდება გადარჩენილი სამყაროს საძებნელად თუ ხალხის მონობით გაოგნებულს აპათია შეიპყრობს და გაირიყება მეტროში. გატეხავს სისტემას თუ სისტემა გატეხავს? ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ!

მე კი მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება გამომცემლებთან: როდესაც გლუხოვსკი ჩამოვა, შემახვედრეთ, ძალიან ბევრი სალაპარაკო დამიგროვდა.

პ.ს.
მეტრო 2035-ის წიგნის ყდა – ეს გარეკანი ცალკე აპლოდისმენტებს იმსახურებს. აქ ყველაფერია.

MiNi Library

facebook
goodreads

ბავშვი 44

ბავშვი 44

ბავშვი 44
ავტორი: ტომ რობ სმიტი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

წიგნი, რომელსაც ვერ მოწყდებით!

ადრე უკვე დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ TOP თრილერის სერიის ყველა წიგნი ძალიან მომეწონა და ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნების სერიაა, რაც პირადად მე მინახავს და წამიკითხავს. ყველა წიგნი ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ ამ წიგნს მაინც გამოვარჩევდი.

“ბავშვი 44” განსაკუთრებული ნაწარმოებია ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ის აღწერს საბჭოთა რეჟიმის აბსურდული სისასტიკის ისეთ დეტალებს, რომელიც აქამდეც ვიცოდით, მაგრამ რატომღაც მივიწყებული გვაქვს, ახალი თაობის უდიდეს ნაწილს კი წარმოდგენაც არ აქვს. წიგნს საფუძვლად 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი სერიული მკვლელის, ანდრეი ჩიკატილოს, ამბავი უდევს საფუძვლად, მკვლელის რომელმაც 50-ზე მეტი ქალი და ბავშვი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება წიგნში 1950-იან წლებშია გადატანილი, წიგნი ამით მხოლოდ გაუმჯობესდა. უკეთესად გამოჩნდა სისტემის მიერ ხალხის ჩაგვრა და სახელისუფლებო ინტრიგები.

ლევი, მთავარი პერსონაჟი, “МГБ”-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო) ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერია, ომის გმირი, რომლის ფოტოებიც საბჭოთა გაზეთებს ამშვენებდა. აგენტი, რომელიც დაუფიქრებლად ასრულებდა სისტემის დავალებებს და არასოდეს სვამდა კითხვებს. არასოდეს ეპარებოდა ეჭვი. აგენტი, რომელმაც უამრავი ადამიანი გაწირა, დაახვრეტინა, გადაასახლებინა. და აი დადგება დღე, როდესაც ის თვითონ იქცევა სისტემის სამიზნედ, ზუსტად იმ სისტემის, რომელსაც ყველაფერი შესწირა და რომლის სიმართლისაც ბრმად სწამდა. წიგნში ძალიან კარგად ჩანს, თუ რაოდენ დაუცველი იყო აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი, როდესაც ის მოძალადე სისტემის სამიზნე ხდებოდა. ქვეყანაში, სადაც გამთენიისას კარზე კაკუნი, ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა.

ცოლს, რაისას, ჯაშუშობას აბრალებენ და ლევის ერთგულების შესამოწმებლად სთავაზობენ, ცოლი დააბეზღოს. სწორედ აქ იწყება აგენტის ფასეულობათა მსხვრევა. ამ დროიდან ლევის თავში უამრავი კითხვა იწყებს ტრიალს. ლევს უწევს არჩევანის გაკეთება – გადაირჩინოს თავი და დააბეზღოს ცოლი, რომელსაც ჯაშუშობას აბრალებენ, თუ დაიცვას ცოლი და წავიდეს სისტემის წინააღმდეგ. ის ამ უკანასკნელს ირჩევს და მათ გადასახლებაში უკრავენ თავს. სწორედ გადასახლებაში აღმოაჩენს ლევი რამდენიმე ბავშვის გვამს. იგი მკვლელის ხელწერის მსგავსებით მკვლელობებს ერთმანეთთან აკავშირებს და იწყებს საზარელი საქმის გამოძიებას. თუმცა ყოფილი აგენტი კიდევ ერთ სისტემურ აბსურდს წააწყდება: არანაირი “საქმე” არაა აღძრული, სისტემისთვის არანაირი მკვლელი არ არსებობს, არანაირი მკვლებობები არ მომხდარა, არავითარი სერიული მანიაკი მკვლელი არ არსებობს, ამ კვლელობებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. საბჭოთა მახინჯი სისტემა არ აღიარებს დანაშაულის სიმრავლეს! მკვლელობები და კრიმინალი ხომ კაპიტალიზმის ავადმყოფობაა! საბჭოთა კავშირში, “მუშების სამოთხეში”, დანაშაულს აბა ვინ ჩაიდენდა? შესაბამისად არც მკვლელი არსებობს და არც დანაშაულები! უდანაშაულო ბავშვების გვამებს პოულობენ ყველგან, მოსახლეობა პანიკაშია, ძალოვანი სტრუქტურები კი არარსებული ჯაშუშებისა და ხალხის მტრების დევნით არიან დაკავებულები. მიუხედავად იმისა, რომ ლევი თვითონ არის სისტემის სამიზნე და თვითონ არის დევნილის როლში, ის იწყებს მკვლელის დევნას. ის ერთდროულად მსხვერპლიცაა და მადევარიც.

ძალიან დამაინტრიგებელი წიგნია და, რაც მთავარია, ძალიან რეალისტური. პირობას გაძლევთ, ამ თრილერის კითხვისას წიგნიდან თავს ვერ აწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ლევი არაადამიანური აგენტი იყო და სისტემის დავალებების უპირობო შემსრულებელი, თქვენ აუცილებლად გახდებით მისი გულშემატკივარი. ის პიროვნულ ტრანსფორმაციას განიცდის. ეს ყველაფერი კი იწყება შეკითხვების დასმით და აღიარებით. ცალკე ხაზია ასევე მისი ურთიერთობა ცოლთან, რომელიც არანაკლებ საინტერესოდ არის აღწერილი, როგორ იცვლება მათი ურთიერთობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

მინდა, რომ კიდევ ბევრი დავწერო, მაგრამ მეშინია წიგნით დაინტერესებული მკითხველის “დასპოილერება”. წიგნი უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, როდესაც გააცნობიერებთ, რომ წიგნში აღწერილი მჩაგვრელი და მოძალადე სისტემა ჩვეულებრივი რეალობა იყო რკინის ფარდის აქეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

პ.ს.
წიგნის მიხედვით გადაღებულია იგივე სახელწოდების მქონე ძალიან კარგი ფილმი – გარი ოლდმანისა და ტომ ჰარდის მონაწილეობით. ფილმის ჩვენება აკრძალეს რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. რუსეთის ამ ქმედებას სამწუხაროდ ქართული კინოთეატრებიც შეუერთდნენ და ფილმი პრემიერამდე ერთი დღით ადრე მოხსნეს აფიშებიდან. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის აჩრდილი კვლავ დააბოტებს ყველგან და კვლავაც არ აღიარებს მკვლელის არსებობას – ეს ხომ დასავლეთის ქვეყნებშია მკვლელობა და დანაშაული, აქ კი სტატისტიკა იდეალურია, დანაშაული არ არსებობს და “კრიმინალი შესანიშნავად გრძნობს თავს” 🙂

MiNi Library

facebook
goodreads