უბიკი

უბიკი

უბიკი
ავტორი: ფილიპ კ. დიკი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

ყურადღება: რევიუ შეიცავს სპოილერებს!

კიდევ ერთი ძალიან კარგი წიგნი მინი ბიბლიოთეკის ბლოგზე.

წიგნი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც მთვარეზე გადაფრენა ისევე მარტივია, როგორც აქედან სტამბულში ჩაფრენა, სადაც რანსითერის ანტი-ფსი (ტელეპათიის დაბლოკვის უნარის მქონე ადამიანი) ორგანიზაცია უპირისპირდება ჰოლისს (ტელეპათიური უნარების მქონე ადამიანების “კრიმინალური” ორგანიზაცია), სადაც ნებისმიერი მომსახურებისათვის ხურდა ფული გჭირდებათ: იქნება ეს მაცივრის კარის გაღება თუ საკუთარი სახლიდან გარეთ გასვლა.. სადაც ადამიანები გადრაცვალების შემდეგ თანამედროვე მორგში ნახევრად-ცოცხალ ფაზაში აგრძელებენ არსებობას და მათთან დაკავშირება ცოცხლების სამყაროდან ისევაა შესაძლებელი..
ფილიპ დიკის მიერ აღწერილი სამყარო სამკაოდ ჩახლართული და საინტერესოა.

მოვლენები მეტწილად ანტი-ფსი ორგანიზაციაში მომუშავე რანსითერის მარჯვენა ხელის ჯო ჩიპის გარშემო ვითარდება. ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინება, სანამ რანსითერი არ გადაწყვეტს ჯგუფი მთავრეზე წაიყვანოს ჰოლისის წევრების გამოსააშკარავებლად. სწორედ მთვარეზე მომხდარი უბედური შემთხვევის მერე იკარგება ლოგიკური ბმა მოვლენებს შორის. უბედური შემთხვევის შემდეგ ჯო ჩიპი ცდილობს გაარკვიოს, სად იმყოფება, რას წარმოადგენს, რა დროშია და რა მდგომარეობაში. უმთავრესი მაინც იმის გარკვევაა, ვინ მკვდარია და ვინ – ცოცხალი, ვინ არის ნახევრად-სიცოცხლის ფაზაში ყინულიან მაცივარში მოთავსებული და ვინ იმყოფება ამ მაცივრებით სავსე ოთახში ნახევრად-ცოცხლებთან დასაკავშირებლად. მოვლენები იმგვარად ვითარება, რომ დარწმუნებული ვერასოდეს იქნები, ვინ რომელ მხარესაა, ვინ არის მთავარი ბოროტმოქმდი ან ვინ არის მთავარი მოკავშირე. დასასრული კი საერთოდ გამაოგნებელია, ყველაფერი ისევ თავდაყირა დგება.

ამ წიგნში დრო ცალკე პერსონაჟია. სუბსტანციაა, რომელსაც შეგიძლია შეეხო, რომელიც შეიძლება შრეებად დაიშალოს, დეგრადირდეს, უკან წავიდეს, ან წინ გაგასწროს. დრო არის ძალა, რომელიც ეხება ყველაფერს, რომელსაც შეუძლია უდიდესი ენტროპიის გამოწვევა, შეუძლია დაარღვიოს ყველა საგანი და დაიყვანოს ისინი საწყის დონემდე, დაგვანახოს მისი რეალური პირველყოფილი სახე. დრო ქმნის ლაბირინთებს, რომლიდან დაღწევაც გადარჩენას ნიშნავს. მოვლენების ლოგიკური ბმა ისევე გიქრება ხელიდან, როგორც დრო იშლება შრეებად დიკის რომანში.

ყველაზე საინტერესო კი ქალაქ დემიონის ამბებია – ანტი-ფსი ორგანიზაციის გადარჩენილი ინერციალების გუნდი დროის რეგრესის გამო 1992 წლიდან 1939 წელში გადაინაცვლებს. ქალაქში, სადაც ისინი ნელ-ნელა იფიტებიან ძალებისგან, იხოცებიან, იშლებიან, ენერგიას კარგავენ. აქ ორი მთავარი მოქმედი ძალაა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება: ჟორი – ნახევრად-ცოცხალი, რომელიც ქმნის წარმოსახვით სამყაროებს და “ჭამს” გადარჩენილებს და უბიკი, ძალა, რომელსაც შეუძლია, რეგრესი შეაჩეროს. ბოროტის და კეთილის მუდმივი ჭიდილი, დიკის ინტერპრეტაციით.

კითხვები, რომელიც აუცილებლად გაჩნდება წიგნის კითხვის დრო: რატომ ხდება, რომ ყველას ელევა ენერგია, ჟორი კი მუდვივად ახრხებს იყოს ხაზზე. ვინ შექმნა უბიკი? როგორ ახერხებს ჯო ჩიპი მუდმივად მიიღოს უბიკის საკმარისი დოზა, რომ გადარჩეს? შეძლებს კი როდესმე ჩიპი ჟორის დამარცხებას? სად არის რეალურად რანსიტერი – მაცივრის მეორე მხარეს, საიდანაც ცოცხლები ნახევრად-ცოცხლებს უკავშირდებიან თუ ისიც ყინულით სავსე მაცივარშია და წარმოდგენა არ აქვს?

დარწმუნებული ვარ წიგნის წაკითხვის ბოლოს თქვენც გექნებათ თქვენი თეორიები დიკის მიერ აღწერილი გიჟური სამყაროს შესახებ. თეორიები, რომლითაც ეცდებით ახსნათ მოვლენების ლოგიკა. მიხვალთ ბოლო თავამდე და ყველაფერი დადგება თავდაყირა, ყველა თქვენს თეორიას მოეშლება საყრდენი და ლოგიკა. სწორედ აქ არის დიკის გენიალურობა. ის უბრალოდ შეუდარებელია.  რაღაცით ეს სცენარი “ინსეფშენს” მაგონებს. მსგავსი ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებები მხოლოდ ინსეფშენის ნახვის შემდეგ მქონდა. ახლა კი ამას უბიკის სამყაროც დაემატა.

ჩემ წარმოდგენაში, ეს ყველაფერი მატრიოშკებს ჰგავს. სამყარო სამყაროში. წარმოსახვა წარმოსახვაში. წარმოსახვითი სამყაროები და მოვლენები, რომლებიც სხვების წარმოსახვაში ვითარდებიან. ნახევრად-ცოცხლები, რომლებიც სხვა ნახევრად-ცოცხლების გონებაში არსებობენ? უბიკმა უწყის..

ამ ყველაფერის ფონზე კი განსაკუთრებით მაოცებს ის ამბავი, რომ დიკმა ეს წიგნი 1969 წელს დაწერა! უბრალოდ შეუძლებელია ეს წიგნი არ მოგეწონოთ!

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements