ჯერ კიდევ ელისი

ჯერ კიდევ ელისი

ჯერ კიდევ ელისი
ავტორი: ლიზა ჯენოვა
გამლობა: გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

რამდენიმე დღეა ვცდილობ აზრები დავალაგო და ვისაუბრო წიგნზე, რომელიც ცხოვრებას ცვლის. დიახ, ეს life changing წიგნია და ის აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

წიგნი მოგვითხრობს ელისის შესახებ, რომელიც არის ჰარვარდის პროფესორი ლინგვისტიკის დარგში, კითხულობს უამრავ ლექციას, ატარებს კვლევებს, არის წარმატებული პროფესიონალი, ჰყავს კარგი ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი და არის უბრალოდ კეთილი ადამიანი. მაგრამ ელისს მეხსიერების ჩავარდნები ეწყება. ელისს ალცჰაიმერი დაუდგინეს ადრეულ ასაკში..

ვერაფრით წარმოვიდგენ რა მოხდებოდა ან მე ან ჩემს გარშემო, ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რომ ჰქონდეს ალცჰაიმერი. რა მოხდებოდა? როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება? რას მოვიმოქმედებდით? და რა იქნებოდა ეს ყველაფერი მე რომ დამმართნოდა? მეხსიერება, მოგონებები, ცოდნა, მთელი სამყარო ჩემს თავში გაქრებოდა, უბრალოდ დაიფერფლებოდა უკვალოდ. დამავიწყდებოდა ვინ მიყვარს, რა მომწონს, რა მიხარია, რას ვებრძვი, რა მამოძრავებს, რა მაცინებს.. ამის წარმოდგენაც კი უბრალოდ მზარავს.

თქვენ კი წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც ეს ყველაფერი ბრწყინვალე გონების პატრონს ემართება, პროფესორს, რომელსაც თავის დარგში სიტყვა ეთქმის, რომელსაც ენდობიან. რა ხდება მის თავს, როდესაც ნელ-ნელა კარგავს ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრება აშენებდა? თუმცა არ კარგავს მთავარს: თავისი შვილებისა და მეუღლის სიყვარულს. ისე, როგორც არასოდეს, შვილები გვერდში უდგანან ელისს და ეს წვრილმანი ყოველდღიური მომენტები არის ძალიან ემოციური, ცრემლების მოწმენდა ხშირად მოგიწევთ.

ამ წიგნმა მაიძულა, დავფიქრებულიყავი ჩემს ქცევაზე ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემებს მსგავსი დაავადება არ აწუხებთ და იმედია, არც არასოდეს შეაწუხებთ, გადავაფასე ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი დამოკიდებულება ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. რა ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ გამოვხატოთ ყურადღება და სიყვარული, ვიზრუნოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებზე.

ყველამ იცის, რომ ალცჰაიმერის დამმარცხებელი პრეპარატი თუ ოპერაცია ჯერ არ არსებობს. მაგრამ ელისი არ ეგუება – ცდილობს, იბრძვის, ვარჯიშობს, გვერდში უდგას სხვა მის მსგავსად დაავადებულ ხალხს.

მთელი წიგნი ელისის თვალით დანახული ამბებია. ელისის დაავადების პროგრესირებასთან ერთად წიგნიც ნელ-ნელა იხლართება, ხშირად ჩავარდნებია, ხშირად რაღაც ადგილები მეორდება და ნათლად ვხედავთ ელისის თვალით დანახულ ალცჰაიმერიან სამყაროს. ამისთვის ცალკე აპლოდისმენტები ეკუთვნის ლიზა ჯენოვას. ნელ-ნელა ელისის თვალით ვხედავთ, როგორ კარგავს თავდაჯერებას ამაყი და ბრწყინვალე გონების მქონე პროფესორი ძლიერი ქალი.

ცალკე მინდა ვისაუბრო ჯონზე, მეუღლეზე. არ შემიძლია, არ გავუგო მასაც. რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო მზად იმისთვის, რომ მთელი თავისი ბრწყინვალე კარიერა და მომავალი დაუთმოს თავისი მეუღლის ავადმყოფობას? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცის, რომ ვერ დაამარცხებს მას? მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონაჟის ქცევა ხშირად ნერვებს მიშლიდა, ბოლოს მაინც ძალიან ემოციური ნაბიჯი გადადგა.

ცალკე საუბარს იმსახურებს ლიდია. შვილებიდან ყველაზე საინტერესო და ყველაზე დამოუკიდებელი, მე თუ მკითხავთ ყველაზე ძლიერიც. ელისი და ლიდია მუდმივად კამათობენ, ერთმანეთს ვერ უგებენ, თუმცა სწორედ ლიდია აღმოჩნდება ის, რომელიც ყველაზე მეტად გაუგებს დედამისს და რომელიც მუდმივად ცდილობს არავის დააჩაგვრინოს დედა, ალცჰაიმერსაც კი. ლიდია ის პერსონაჟია, რომლის ჩახუტებაც ძალიან ხშირად მოგინდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, გასპოილერებთ, არ შემიძლია, არ გავიხსენო ერთი ძალიან სევდიანი ნაწილი. წიგნის დასაწყისში ელისი მიირთმევს ნაყინს და აკვირდება, თავის ქცევას. მისმა ხელება და ორგანიზმმა ზუსტად იცის, როგორ დაატრიალოს და მიირთვას ნაყინი ისე, რომ დამდნარმა მასამ ხელი არ დაუსვაროს. ელისს ეს ფაქტი ამხიარულებს. ახარებს, რომ ბავშვობაში დასწავლილი ქცევა უკვე ინსტინქტად იქცა. წიგნის ბოლოს ელისი შეექცევა ნაყინს, ხელები კი სულ მთლად დასვრილი აქვს. ელისს ალცჰაიმერი ამარცხებს. ზუსტად ასეთი ვერაგი და დაუნდობელი დაავადებაა, რომელიც ჩვილობის დროიდან დასწავლილ ინსტინქტებსაც კი ძირს უთხრის და ხრავს.. მთელი წიგნი სავსეა ასეთი წვრილი დეტალებით, რომელიც ვითომ არაფერი, მაგრამ როგორც კი გააცნობიერებთ წაკითხულს, მაშინვე ცრემლი მოგადგებათ თვალზე.

ძნელია ემოციების გარეშე წაიკითხო და უფრო ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო ელისზე. რაღაც მომენტებში ჩემდაუნებურად ვავლებდი პარალელებს კიზის წიგნთან “ყვავილები ელჯერნონისთვის”. ელისიც ბრწყინვალე გონების პატრონი ნელ-ნელა კარგავს ყველაფერს და დეგრადირდება, იქცევა დიდ ბავშვად.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იქცეს ელისად. ვერასოდეს გამოიცნობ, ვისთან მივა ალცჰაიმერი, რომელიც წაშლის თქვენს გონებას, რომელიც თქვენ წაგშლით. რა მოხდება მაშინ, როცა არ გეცოდინება, ვინ ხარ?

გთხოვთ, წაიკითხეთ ელისის სულისშემძვრელი ამბავი და სხვებსაც წააკითხეთ. ეს წიგნი თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

პ.ს. მადლობა ლიზა ჯენოვას, რომ ამ წიგნით ყველას დაანახა იმ ხალხის ტკივილი, ვინც ამ დაავადებას ებრძვის.

MiNi Library

facebook
goodreads

კონკიას მკვლელობა

კონკიას მკვლელობა

კონკიას მკვლელობა
ავტორი: მერი ჰიგინს კლარკი, ალაფეა ბერკი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

სერიის კიდევ ერთი ძალიან კარგი წიგნი!

სიუჟეტი ვითარდება ჟურნალისტი ლორი მორენის გარშემო. ის სკანდალური შოუს “ეჭვქვეშ” ავტორია. შოუ ეძღვნება გაუხსნელ საქმეებს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია და მთელი ქვეყანა შეძრა.

შოუს პირველმა ეპიზოდმა უზომო პოპულარობა მოიპოვა, რადგან შოუს მსვლელობისას მოხერხდა წლების წინ თაროზე შემოდებული გაუხსნელი საქმის ახლებურად დანახვა და დამნაშავის დაკავება. შოუს ახალ თემად ლორიმ სიუზენ დემფსის მკვლელობის 20 წლის წინანდელი გაუხსნელი საქმე შეარჩია. იმ საბედისწერო საღამოს, როდესაც ცხრამეტი წლის  სტუდენტი სიუზენი მოკლეს, იგი მომავალი ფილმის რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას. მას ახალ ფილმში როლი შესთავაზეს. თუმცა რეჟისორის ნაცვლად, სიუზენი მკვლელს გადაეყარა. ჰოლივუდის მახლობელ პარკში, რეჟისორის სახლიდან ნახევარ კილომეტრის მოშორებით სიუზენი მკვლელს გაურბოდა, მაგრამ ვერ გაასწრო. გოგონას გვამი მეორე დღეს იპოვეს. მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ გაუხსნელ საქმეს “კონკიას მკვლელობა” შეარქვეს.

იმისათვის რომ მაყურებელმა სრული სურათი დაინახოს და ჟურნალისტებმა რამე განსხვავებული სამხილი ან უზუსტობა აღმოაჩინონ, შოუში იწვევენ სიუზენის რუმმეითებს, მის შეყვარებულს, მის პროფესორს, ფილმის რეჟისორს, დედას და მეგობრებს. მალევე ლორა ამჩნევს, რომ 20 წლის წინანდელ საქმეში ბევრი უზუსტობაა, ბევრი ცარიელი ადგილია გაპარული, ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი და ნელ-ნელა ჟურნალისტური გამოძიება კონტურებს იძენს. ლორას შოუს წაყვანაში იურისტი ალექს ბაკლი ეხმარება.

თუმცა ვერც ლორი და ვერც მისი გუნდის სხვა წევრები ვერ ხვდებიან, რომ 20 წლის წინანადელი საქმით დღესაც ბევრი ბოროტმოქმედია დაინტერესებული. მათ კვალდაკვალ სდევს დამნაშავის აჩრდილი და მალევე ხდება აშკარა, რომ შოუს ჩაშლით ვიღაც არის დაინტერესებული.

უამრავი კითხვა ჩნდება მსვლელობისას:
# ვინ მოკლა კონკია სიუზენი?
# რა იყო მკვლელობის მოტივი?
# როგორ აღმოჩნდა სიუზენი ჰოლივუდის ტყეში, როდესაც მისი ავტომობილი ისევ  უნივერსიტეტის კამპუსთან დგას 8 კილომეტრის მოშორებით?
# ვინ იყო სიუზენის სიკვდილით დაინტერესებული?

შინაარსი საკმაოდ ჩახლართულია. სიუჟეტში უამრავი ტვისტია და მკითხველის კეთილგანწყობა და ეჭვები მუდმივად სხვადასხვა პერსონაჟზე გადადის. გამოძიების მსვლელობისას მკითხველს აქვს ყველაფერი, რასაც ლორი და ალექსი გებულობენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ გამოიცნობთ დამნაშავეს უკანასკნელ გვერდებამდე. ამ წიგნს აქვს ყველაფერი, რაც ასე ძალიან გვიყვარს დეტექტივებსა და თრილერებში. ჩამთრევია, ვერ მოწყდებით, მიგაბამთ წიგნზე და ერთი სული გექნებათ, გაიგოთ, ვინ მოკლა კონკია მაშინ, როცა ყველა “ეჭვქვეშაა”.

სიუჟეტის გარდა აღსანიშნავია, რომ ყველა პერსონაჟი ძალიან კარგად არის გახსნილი, სულ რამდენიმე წინადადება და თქვენ უკვე იცით ამ მოქმედი გმირის ბუნება, ხასიათი, მისწრაფება, სურვილები და სხვ.

TOP თრილერის სერიისთვისაც კი გამორჩეულად კარგი წიგნია!
ამ წიგნს აქვს ყველაფერი, რომ ძალიან კარგი ფილმის სცენარად იქცეს და იმედია მალე ვიხილავთ მის ეკრანიზაციასაც!
მინი ბიბლიოთეკა გირჩევთ! 🙂

MiNi Library

facebook
goodreads

კრავთა დუმილი

კრავთა დუმილი თომას ჰარისი

კრავთა დუმილი
ავტორი: თომას ჰარისი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
სერია: ცამეტი (სერია აერთიანებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ, ჰორორისა და თრილერის ჟანრის ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს)

ჰორორი, თრილერი, დეტექტივი!
ჟანრის კლასიკა და საკულტო ნაწარმოები!
წიგნი, რომელიც ბნელ ოთახებში შიშს შემოგისახელბთ.

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს უნახავს ფილმი “კრავთა დუმილი” ენტონი ჰოპკინსისა და ჯოდი ფოსტერის მონაწილეობით. გამოგიტყდებით, მეც ამ ფილმის თაყვანისმცემელთა რიგებში ვარ. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, მაგრამ დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ წიგნი ბევრად უკეთესია?

წიგნი მოგვითხრობს სერიული მკვლელობების საქმის ძიების შესახებ. ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) თავის ერთ-ერთ კურსანტს კლარის სტარლინგს უჩვეულო დავალებას აძლევს –  კლარისმა უნდა მოახერხოს  კანიბალი ექიმის ჰანიბალ ლექტერის ნდობის მოპოვება. ლექტერმა დახმარება უნდა გაუწიოს გამომძიებლებს სერიული მკვლელის ვინაობის დადგენაში. წიგნის ერთ-ერთი მშვენებაც სწორედ ეს ინტელექტუალური დიალოგებია, რომელსაც ეს ორი პერსონაჟი მართავს.

სერიული მკვლელი, რომელმაც რამდენიმე ქალი მოკლა და გაატყავა და რომელსაც FBI მთელი ძალებით ეძებს, ნამდვილად არ არის ყველაზე საშიში პერსონაში ამ წიგნში. მიუეხედავად იმისა, რომ ჰანიბალ ლექტერი საპყრობილეშია, გისოსებს მიღმაა მეთვალყურეობის ქვეშ, მისი ყოველი სიტყვა, ყოველი მოძრაობა, ქცევა, გამოხედვა ბევრად უფრო მეტ შიშს მოგგვრით, დაგზაფრავთ, დაგბურძგლავთ, ვიდრე ძებნილი სერიული მკვლელის პერსონაჟი. ჰანიბალი ცივსისხლიანი მკვლელია, კანიბალი, რომელიც თავის მსხვერპლებს ჭამდა. და ოოოოო, რა ბრწყინვალე გონების პატრონია “კანიბალი” ჰანიბალი. ცივსისხლიანი მკვლელი, მაგრამ როგორი ელეგანტური, ირონიული, გამჭრიახი, გენიოსი. ის ჭადრაკის იშვიათ დაფაზე თამაშობს – რეალური ადამიანებით. თვითონ დგას ამ დაფის ცენტრში და პირადად კლავს პაიკებს. დაპატიმრებული დოქტორი, რომელიც არავის ელაპარაკება, მაგრამ კლარის სტარლინგის შემთხვევაში გამონაკლისს უშვებს. კლარისი მისთვის განსაკუთრებულია. ის თითქოს დედოფალია ჰანიბალ ლექტერის ჭადრაკის დაფაზე. და ამას მკითხველი პირველივე ფურცლებზე იგრძნობს. დიახ, დიახ, იგრძნობს, რადგან ამის შესახებ არსად წერია. ამას უბრალოდ ჰანიბალის ქცევებში შეამჩნევთ და იცით რა? ის ჯენტლმენიცაა. შეიძლება, შეშლილად ჩამთვალოთ, მაგრამ ჰანიბალი სიმპათიასაც კი იწვევს. თქვენც ჩემსავით აღმოაჩენთ, რომ წიგნის კითხვის რაღაც ეტაპზე უკვე მისი გულშემატკივარიც ხართ. რას იზამთ, ვერაფერს გააწყოფთ, ის შეუდარებელია! სამყარო ბევრად საინტერესოა ჰანიბალთან ერთად.

ამ წიგნს აქვს ყველაფერი, რომ დეტექტივის, ჰორორისა და თრილერის მოყვარული მკითხველის რჩეული წიგნების თოროზე იდოს. ჩემი რჩევაა სიბნელეში ოთახში მარტომ არ წაიკითხოთ 🙂

ბევრმა არ იცის, რომ თომას ჰარისმა ჰანიბალის შესახებ 4 წიგნი დაწერა და “კრავთა დუმილი” ამ სერიის მეორე წიგნია. ქრონოლიგიურად კი წიგნები ამ თანმიმდევრობით გამოიცა:
1. “წითელი დრაკონი” – 1981
2. “კრავთა დუმილი” – 1988
3. “ჰანიბალი” – 1999
4. ჰანიბალის აღზევება – 2006
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სულაკაურის გამომცემლობა გაახარებს თავის მკითხველს და ამ სერიის ყველა წიგნის ქართულ თარგმანს გამოსცემს.

თუ ფილმი გაქვთ ნანახი, თქვენც ჩემსავით გაგიჭირდებათ ექიმი ჰანიბალ ლექტერისა და კლარის სტარლინგის სახეების ახლებურად წარმოდგენა. ენტონი ჰოპკინსისა და ჯოდი ფოსტერის სახეები იმდენად მყარად ჩამებეჭდა გონებაში, რომ ფანტაზიას გასაქანი აღარ მისცა. პირველი სამი წიგნის ეკრანიზაცია უკვე გადაიღეს და სამივეში ენტონი ჰოპკინსი თამაშობს. მეოთხეზე ჯერ-ჯერობით ფილმი არ გადაუღიათ. ჩემი რჩევა იქნება, ჯერ წაიკითხოთ წიგნი და შემდეგ ნახოთ ფილმი. “კრავთა დუმილი” ჟანრის კლასიკად და საკულტო ფილმად ითვლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია, რასაც მხოლოდ წიგნში წაიკითხავთ. წიგნში მაქსიმალურად კარგად არის დახატული ძებნილი სერიული მკვლელი, ჰანიბალ ლექტერი ბევრად უფრო გონებამახვილურია, კლარისი ბევრად უფრო გამბედავი და ინიციატივიანი, რისკიანი. წიგნში არის რამდენიმე გენიალური ფრაზა, რომელიც ფილმში ვერ მოხვდა და ვფიქრობ ამით ფილმს ბევრი დააკლდა. თუმცა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეკრანიზაციის ერთი უპირატესობა: ფილმი მთავრდება ჰანიბალის ფრაზით: “I’m going to have an old friend for dinner.” YUM!!!”. ჩემი აზრით, ეს ფრაზა ერთ-ერთი ყველაზე გენიალური დასასრულია კინემატოგრაფიის ისტორიაში. საინტერესოა, თვითონ წიგნის ავტორს, თომას ჰარისს, რატომ არ მოუვიდა აზრად წიგნის ამგვარი დასასრული.

ჩვენც, ისევე როგორც კლარისს სტარლინგს, ყოველ ღამით გვაკითხავენ ჩვენი “კრავები” და ჩვენს თავში ბღავიან. ჩვენც მოგვდევს ჩვენი კოშმარები, ტვირთი, რომელსაც მივათრევთ მთელი ცხოვრება და არავინ იცის, როდის დადუმდებიან კრავები. წაიკითხეთ ეს წიგნი, თუ გეყოფათ გამბედაობა და გისურვებთ თქვენი კრავების დადუმებას..

MiNi Library

facebook
goodreads

 

ღირსება

ღირსება ელიფ შაფაქი

ღირსება
ავტორი: ელიფ შაფაქი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: წლის ბესტსელერი N1

ამ სერიიდან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ერთ წიგნზე – “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“. დღეს ვისაუბრებ, ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო წიგნზე, რომელიც წამიკითხავს აქამდე – ეს არის თანამედროვე თურქი ქალბატონი მწერლის ელიფ შაფაქის წიგნი “ღირსება”. ეს, თუ არ ვცდები, მისი მესამე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა “სიყვარულის 40 წესისა” და “სტამბოლელი ნაბიჭვრის” შემდეგ.

ეს იცით, როგორი წიგნია?
აი წარმოიდგინეთ, რომ ხართ თურქეთში, ოღონდ არა სტამბულში ან ეგეთ გაპრიალებულ ტურისტულ ქალაქში. სადმე უფრო სიღრმეში: საქარიაში, ადაპაზარში, ორდუში ან სადმე სხვა სუფთა თურქულ მშვიდ ქალაქში, რომელიც დახუნძლულია ტრადიციებით, თქმულებებით, გვარებით, შთამომავლობებით, არომატებით, გემოებით, შეხედულებებით, ცრურწმენებითა და ძალიან გემრიელი ჩაით. ჰოდა, ჩამოჯექით სადმე ადგილობრივ ჩაიხანაში, ენის ქვეშ დაიდეთ შაქარყინული და მიაყოლეთ ყველაზე გემრიელი ჩაი დედამიწაზე. ოღონდ გახსოვდეთ, რომ შაქარყინული ჩაის ბოლო ყლუპამდე უნდა გეყოთ და ის უნდა გამოიზოგოთ. აი ასეთი წიგნია ელიფ შაფაქის “ღირსებაც”, რომელიც უნდა გამოიზოგოთ და ნელ-ნელა დააგემოვნოთ.

“ღირსება” ძალიან სწრაფად გაქრა წიგნების მაღაზიების თაროებიდან და დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ქართველები მენტალურ სიახლოვეს გრძნობენ წიგნის ზოგიერთ პერსონაჟთან. ღირსებასთან დამოკიდებულებაში რაღაც მსგავსებას ხედავენ. ჩემი აზრით, კი შაფაქი ზუსტად იმ მანკიერ მენტალობას კიცხავს, რომელთანაც თვითიდენტიფიცირებას ახდენენ ქართველები.

წიგნის სიუჟეტი ვითარდება სოფელში, მდინარე ევფრატის პირას და ლონდონში ქურთი-თურქი ტყუპი დების გარშემო. ტყუპი დების ცხოვრება და ბედისწერა მაგიურად არის ერთმანეთში გადახლართული. მათი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ, სავსეა ტრაგიზმით და ბედისწერის გარდაუვლობით. მათი გზები იყოფა, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ მათი ბედისწერა იოტისოდენადაც არ შორდება ერთმანეთს. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბედისწერა ცალკე პერსონაჟივითაა გამოყოფილი, რომელიც თითქოს იმდენად მყარია და ცოცხალი, რომ ხელსაც შეახებ. მთელი წიგნი სავსეა მაგიურობით, სადაც ყველა დიდი თუ პატარა მოვლენა, გადაწყვეტილება, ნაბიჯი, სიტყვა იწვევს სხვა მოვლენებს და გადაწყვეტილებებს. სადაც ყველა შედეგი მოქმედი გმირების გადადგმული ნაბიჯების ბრალია. ხშირად კი ეს ნაბიჯები ათობით წლის წინ იქნა გადადგმული…

მენტალური პრობლემა, რომელიც წიგნში დგას, ძალიან აქტუალურია ჩვენთვისაც. არსებობს კულტურები, სადაც ღირსება თითქოს ქალის სხეულშია ჩადებული, გეგონება ქალი ღირსების მატარებელი ჭურჭელი იყოს. რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება უცხოა დასავლეთის ქვეყნებისათვის და წესით უცხო უნდა იყოს ჩვენთვისაც. წესით.. მაგრამ სამწუხაროდ, ისევე როგორც ისლამურ კულტურებში, ჩვენთანაც ქალის პასუხისმგებლობა სხვაა და კაცის – სხვა. სწორედ ეს დისბალანსი პასუხისმგებლობებში არის ბილეთი გენდერული უთანასწორობისაკენ. არ შეიძლება, ქალს მეტი აკრძალვები ჰქონდეს და კაცს – ნაკლები. არ შეიძლება, ქალი იყოს ღირსების მატარებელი ჭურჭელი და კაცის ღირსება იყოს ცოლის ან ქალიშვილის ქცევა. ამ დროს კი კაცი იყოს ცოლის მოღალატე, ლოთი, უსაქმური, მაგრამ მაინც ღირსების მქონე. ეს არასწორია. არ შეიძლება, ადამიანები აცხოვრო აკრძალვებში, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რაღაც ახირებული წარმოდგენები გაქვს “ღირსებაზე”.

ამ წიგნის ყველა პერსონაჟს თავისებური შეხედულება აქვს ღირსებასა და დანაშაულზე. შაფაქის წიგნში არ არსებობენ უბრალოდ დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები. აქ დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი ყველა მოვლენა, რომელმაც სავალალო შედეგის დადგომამდე მიგვიყვანა. ეს არ არის გამართლება ვიღაცის ცუდი ნაბიჯის – ეს არის გზა, რომელმაც რადიკალურ გადაწყეტილებამდე მიიყვანა ესა თუ ის პერსონაჟი. ეს ის გზაა, რომელსაც ჩვენც გავდივართ ყოველდღიურად. და ისევე როგორც ჩვენ, ეს გმირებიც უშვებენ შეცდომებს. შაფაქი კი უბრალოდ გვანახებს გზას, რომლის ბოლოშიც ესა თუ ის შედეგი დგება. წიგნი დეტალურად გვიხსნის ტრადიციებსა და მათდამი დამოკიდებულებას, გვაჩვენებს ამ კონკრეტული კულტურის ნიუანსებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლონდონში გადადიან საცხოვრებლად, ისინი მაინც ქურთი-თურქები არიან. გარდა ღირსების საკითხებსა, ამ წიგნში ძალიან კარგად არის ნაჩვენები მენტალური სხვაობა თაობებს შორის. კარგად ჩანს, რომ მშობლების თაობა, თავის გარშემო ცდილობს ნაჭუჭი ააშენოს, სადაც თავის კულტურაში, თავის ტრადიციებში იცხოვრებს, იმ დროს როცა ახალგაზრდები, სწრაფად იცვლიან შეხედულებებს და ერგებიან ახალ გარემოს და ახალ რეალობებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ხარ ახალგაზრდა, ახალ რეალობასაც ეგუები, ცხოვრობ ლონდონში, გყავს ინგლისელი შეყვარებული, ხარ ბოქსიორი და მაინც შენი შეხედულებები “ქალის” და “ოჯახის” “ღირსებაზე” ისევ მდინარე ევფრატის პირას მდებარე სოფლის სირღმიდან მოდის? “ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი – ვერა”, ვერც საკუთარ კულტურას.

ეს წიგნი რამდენიმე ოჯახის ამბავს გვიყვება, რამოდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ევფრატის პირას მყოფ სოფელსა და ლონდონის წვიმიან ამინდებში ტრიალდება დრამა, სადაც მომხდარში ყველა დამნაშავეა და ყველა – მსხვერპლი. ეს ასევე არის წიგნი პატარა საიდუმლოებზე, რომელსაც ერთმანეთს ვერ ვუმხელთ, რომელზეც ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, რომლის გამხელასაც ვერ ვბედავთ. პატარა საიდუმლოებებზე, რომელიც დღითიდღე დიდდება, ბევრდება მანამ, სანამ ზვავივით არ წალეკავს ყველაფერს გარშემო, სანამ მეწყერის მსგავსად სამუდამოდ არ შეცვლის ჩვენი ცხოვრების ლანდშაფტს.

მე მგონი, სჯობს, რომ ყველამ ჩვენს ღირსებასა და ჩვენს ქცევებს მივხედოთ. ჩვენი ღირსების პასუხისმგებლობა ჩვენ ვატაროთ და ჩვენს დებს, დედებს, ცოლებს ვაცადოთ ცხოვრება, ვაცადოთ ბედნიერება, ვცეთ პატივი და საკუთარი წილი ღირსება და პასუხისმგებლობა თვითონ ატარონ წელში გამართულებმა და თავისუფლებმა.

ყველაზე ლამაზი ქალი დამოუკიდებელი და ბედნიერი ქალია.

ყველაზე ძლიერი ოჯახი კი ის ოჯახია, სადაც ერთმანეთისგან საიდუმლოებები არ აქვთ დამალული.

მე თუ მკითხავთ, “ღირსება” Must Read წიგნია!

MiNi Library

facebook
goodreads