ქარის სახელი

ქარის სახელი პატრიკ როთფუსი

ქარის სახელი (მეფის მკვლელის ქრონიკები #1)
ავტორი: პატრიკ როტფუსი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing
სერია: ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

ეს წიგნი წაკითხვის დღიდან ჩემი რჩეული წიგნების სიის ახალი წევრია! ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, მეგობრებო, თუ ხშირ-ხშირად დაგაძალებთ ამ წიგნის წაკითხვას.

მე მიყვარს ფენტეზის ჟანრი.

თუმცა ამ ჟანრშიც არის ბევრი წიგნი, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას სხვებზე. აი მაგალითად, როულინგის ჰარი პოტერი – ჯადოქრობის სკოლა, ძალიან სახასიათო მასწავლებლების პერსონაჟები, კარგი მეგობრები, მომაკვდინებელ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება, თავგადასავლები და ტრიუმფალური გამარჯვება. აი, რატომ მოგვწონს ყველას ჰარი პოტერის ტომეულები.
ავიღოთ საპკოვსკი და მისი მხედვარი – გერალტ რივიელი. შუასაუკუნეების სამყარო, მაგია, განსაკუთრებული ძალებით და გონებით დაჯილდობული ჯადოქარი მებრძოლი, სიყვარულის მაგიური ისტორია, სხვებისგან გამორჩეულობა, კარგი მეგობრები და, რა თქმა უნდა, გმირული ისტორიები და თავგადასავლები. საპკოვსკის მიერ აღწერილი მაგიური სამყარო ძალიან ბევრი სხვა ფენტეზის წიგნს დაედო საფუძვლად და გერალტ რივიელის თავგადასავლები ჩემთვის უძვირფასესი წიგნებია.

რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ პატრიკ როტფუსმა მოახერხა და ეს ორი სამყარო გააერთიანა: ძალიან ნიჭიერი 15 წლის ბიჭუნა, ჯადოქრობის უნივერსიტეტი, ძალიან სახასიათო და საინტერესო პროფესორების პერსონაჟებით, მეგობრები, სიყვარულის ისტორია, ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, ლეგენდები და უბრალოდ ძალიან მაგარი ამბავი. აქვე შეხვდებით ალბათ ფენტეზის სამყაროში ყველაზე ნერვების მომშლელი გოგონას პერსონაჟს – დენნას, თუ, რა თქმა უნდა, ეს მისი ნამდვილი სახელია.

თხრობა იწყება ფუნდუკში, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მეფუნდუკეს ქვოთს და მის მეგობარს, დამხმარეს ბასტს ეკუთვნით. ცხოვრება მდორედ მიედინება, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს… ყველაფერი კი მაშინ იწყება, როდესაც ფუნდუკში მემატიანე შემოვა და ქვოთს სთხოვს, მოუყვეს ისტორია. ის მეფუნდუკეს სთხოვს, მოყვეს ამბავი ლეგენდარული, წარსულის აჩრდილად ქცეული პიროვნების შესახებ, ვის დავიწყებასაც მეფუნდუკე ერთფეროვანი დღეების საშუალებით ცდილობს.. ძნელად, მაგრამ მაინც ქვო იწყებს მოყოლას.. და ეს ალბათ ყველაზე საინტერესო ისტორიაა, რომელიც ოდესმე მოგისმენიათ!

მიუხედავად იმისა, რომ “ქარის სახელი” “მეფის მკვლელის ქრონიკების” სერიის პირველი წიგნია, აქ ვერსად ნახავთ ვერც მეფეს, ვერც მის ხსენებას, ან თუნდაც ქვეტექსტს მეფის შესახებ. ქვო კლავს მეფეს? ის არის მეფის მკვლელი? ეს წიგნი ამაზე ნამდვილად არაა. თვითონ ჯადოქრობაც კი (სიმპათია – ასე ეწოდება ჯადოქრობას წიგნში) რეალურად მხოლოდ 4-5-ჯერ ჩანს. ეს წიგნი არც ჯადოქრობაზე არაა მეტწილად. (წიგნში არ გამოიყენება სიტყვები ჯადოქრობა ან მაგია. ჯადოქრობა აქ ერთგვარი პროფესიაა, აქ მაგია არაა რამე ზებუნებრივი და სასწაული – ის მეცნიერებაა, რომლის შესწავლაც ყველას შეუძლია და ის ჩვეულებრივ მეცნიერულ კანონებს ემორჩილება).

მაშ, რის შესახებაა ეს წიგნი?
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის სიუჟეტი მაგიურ სამყაროში ვითარდება, ის ძალიან რეალისტურიცაა. რეალურობაში კი იმას ვგულისხმობ, რომ მთავარი პერსონაჟი ქვო, მიუხედავად ნიჭიერებისა, ძალიან რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს ეჭიდება: შესანიშნავი მშობლების გარდაცვალება, სიღარიბე, თავის გატანა სასტიკი ქალაქის ქუჩებში, სიკვდილამდე ცემა, პურის ნატეხისთვის ქურდობა, მათხოვრობა, განდეგილობა. ავტორი ქვოს გამორჩეულ ნიჭიერებას აბალანსებს მისი ბავშვური სისულეებით, მოუმწიფებლობით, გამოუცდელობით – და ეს ყველაფერი ნადვილი ბავშვებისგან არაფრით განასხვავებს მთავარ პერსონაჟს. ხანდახან, როცა ყველაფერი ნორმალურად მიდის, ცხოვრება კალაპოტში დგება და თითქოს მან ლოგიკური არჩევანი უნდა გააკეთოს, ან სწორი ნაბიჯი გადადგას, ის მორიგ სისულელეს და დაუფიქრებელ ნაბიჯს დგამს. იყო მომენტები, როცა მინდოდა იმ სამყარში გადავსახლებულიყავი და ქვოსთვის თავში წამომერტყა 🙂

წიგნი ცოტა მძიმედ იწყება, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ქვოს ბავშვობის ამბები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და, რომ ეს აუცილებელი შესავალია, რათა ქვომ დაიწყოს თხრობა, მოგიყვეთ თავის შესახებ. ჰო, წიგნი პირველ პირშია დაწერილი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ მთავარი პერსონაჟი პირადად გესაუბრებათ. ეს განსაკუთრებული სიამოვნებაა! აღსანიშნავია, რომ წიგნში მხოლოდ ერთი დღის ამბებია მოთხრობილი. წიგნის ბოლოს კი ყველანი დასაძინებლად მიდიან.. მეფის მკვლელის ქრონიკების 3 წიგნი ქვოს ფუნდუკში გატარებული 3 დღეა, რომელიც საინტერესო ამბების მოსმენაში გაილევა..

მინდა, რომ ძალიან ბევრი რამ დავწერო, უამრავი მომენტი გავიხსენო, რომ უფრო დაგაინტერესოთ, მაგრამ სპოილერებბის გარეშე ეს არ გამომივა. თუმცა ერთ მონაკვეთს დავწერ, რომელიც რამდენჯერმა დაიწერა უკვე ბლოგებსა თუ საიტებზე:
“- როცა გამოეღვიძა, ტაბორლინ დიდმა აღმოაჩინა, რომ მაღალ კოშკშია ჩაკეტილი. ხმალი წაეღოთ და იარაღები ჩამოერთმიათ – გასაღები, მონეტები და სანთელი აღარსად იყო. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე უარესი რამ, იცით? იცი, ეს რას ნიშნავდა, ბიჭო?
– ჩანდრიანები!
– სწორია. ჩანდრიანები. ყველამ იცის, რომ ცისფერი ალი მათი ნიშანია. ტაბორლინი უნდა გაქცეულიყო, მაგრამ, როცა მიმოიხედა, დაინახა, რომ მის საკანს კარი არ ჰქონდა. არც ფანჯრები. მის გარშემო არაფერი იყო გლუვი, მტკიცე ქვის გარდა. ამ საკნიდან ადამიანიშვილი არასოდეს გაქცეულიყო. მაგრამ ტაბორლინმა ყველაფრის სახელი იცოდა, ასე რომ ყველაფერი მის ბრძანებას ემორჩილებოდა. უთხრა მან ქვას: “გატყდი!” და ქვა გატყდა. კედელი ქაღალდის ფურცელივით გაიხა და ნახვრეტიდან ტაბორლინმა დაინახა ცა და შეისუნთქა გაზაფხულის ტკბილი ჰაერი. მივიდა კიდესთან, გადაიხედა და დაუფიქრებლად გადააბიჯა. ტაბორლინი ჩავარდა, მაგრამ უიმედობას არ მისცემია, რადგან მან ქარის სახელი იცოდა და ქარი მას დაემორჩილა!”

ამბავმა იმდენად ჩამითრია, რომ 935 გვერდიანი წიგნი 5 დღეში წავიკითხე და დასრულების შემდეგაც არაერთხელ დავუბრუნდი ქვოს ისტორიებს გონებაში. ძნელია, დაივიწყო ასეთი შთამბეჭდავი წიგნი. დიდი ხანი დამჭირდა, რომ რომელიმე სხვა წიგნის წაკითხვის სურვილი გამჩენოდა – ამაზე კარგი რაღა უნდა წამეკითხა? ეს ის წიგნია, რომელსაც აუცილებლად გადავიკითხავ წლების შემდეგ. ახლაც კი მუდმივად მაქვს სურვილი, დავბრუნდე ქვოს სამყაროში, სადმე იქვე ფუნდუკში კუთხეში მივჯდე, ლუდი დავლიო და მივაყურადო, როგორ ყვება ქვო თავის თავბრუდამხვევ მაგიურ ისტორიას. შეუძლებელია, ქვომ თქვენი სიყვარული ვერ მოიპოვოს!

Must Read წიგნია!
თუ ჩემი არ გჯერათ, იქნებ იმ 350,000 მკითხველს დაუჯეროთ, რომელთა საშუალო შეფასებაც 4,55 ქულაა – მაქსიმალური 5-დან.

გუდრიდსზე ამ წიგნის ათასობით მიმოხილვაში ავტორის შეხედულებასაც წააწყდებით 🙂პატრიკ როთფუსი ქარის სახელი კომენტარი

ასევე სასიხარულო ამბავია, რომ მალე “ქარის სახელს” ფილმადაც გადაიღებენ და ეჭვი არავის ეპარება, რომ Got-ზე არანაკლებ პოპულარული გახდება:

ქარის სახელი ფილმი

ძალიან დიდი მადლობა გამომცემლობას “წიგნები ბათუმში” საჩუქრისათვის!
“ქარის სახელი” ჩვენი მინი ბიბლიოთეკის თაროების მშვენება იქნება!ქარის სახელი ქავერი

“…ფუნდუკი “გზაგამყოფი ქვა” სიჩუმეში ჩაიძირა. და ეს სიჩუმე სამ ნაკადად დაიღვარა. პირველი, შედარებით შესამჩნევი – უდაბური სიჩუმე იყო, არარსებულისგან წარმოქმნილი. რომ ეწვიმა, წვიმის წვეთები სახურავს დაუშვებდნენ, მილებიდან ჩამოწვეთდნენ, ასე თუ ისე, ზღვის სიმყუდროვესაც დაარღვევდნენ. ფუნდუკში რომ საყვარლებს სძინებოდათ, მათი ოხვრის და კვნესის ხმა გაისმებოდა და სიჩუმეს შორეულ მხარეში განდევნიდა. ვინმეს რომ მუსიკა დაეკრა… თუმცა არა, რა თქმა უნდა, აქ მუსიკის ხმას ვერ გაიგებდით. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ ისმოდა. ამიტომ, სიჩუმეც ფეხს არ იცვლიდა.
 
საიდანღაც, შორი ტყიდან წვეულების სუსტი ხმა ისმოდა. ისმოდა ფეხსაცმლის მიწასთან შეხების ხმები. ეს მსუბუქი, მფრთხალი ხმა, ქარის მიერ გარხეულ გაბმულ ძაფს ემსგავსებოდა. სულ მალე კი, ისიც გაქრა. დარჩნენ მხოლოდ ღამის ნიავში მოშრიალე ფოთლები. მალე ისინიც დადუმდნენ და დარჩა მხოლოდ სიჩუმის მეორე ნაკადი. სიჩუმე მოლოდინისა, თითქოს ვიღაცამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ჯერად არ ამოესუნთქა.
 
მესამე სიჩუმის შემჩნევა კი, საკმაოდ რთული გახლდათ. ალბათ საათობით მოგიწევდათ მისთვის სიბნელის შიგნით შემოშვების გამო საგულდაგულოდ დარაზულ ათობით რკინის სასახლის ცივ კედლებში ლოდინი. სიჩუმე საერთო დარბაზის მიყრუებულ კუნჭულებში იმალებოდა, იქ, სადაც ადრე სკამები და მაგიდები იდგა. ის ბუდობდა მრავალრიცხოვან ნაიარევში და იმ კაცის ხელებში, რომელიც ამ ნაიარევებს ატარებდა და ახლა გაჭირვებით, ტკივილით ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილებით სარეცელისკენ მიემართებოდა.
 
კაცს წითელი, ალისფერი თმები ჰქონდა. მისი გამოხედვა ბნელი და იდუმალებით მოცული იყო, და ის მოძრაობდა შუაღამეში ისე ფრთხილად და დაკვირვებით, როგორც ქურდი. დაბლა დაეშვა. და აქ, გამოცდილი მოცეკვავისებრ გაშალა ხელები, წინ გადაიხარა და ერთი, იდეალური ნაბიჯი გადადგა.
 
ფუნდუკი “გზაგამყოფი ქვა” ამ კაცს ეკუთვნოდა. ისვე ფლობდა სიჩუმის მესამე ნაკადსაც. დამსახურებულად, ეს ყველაზე დიდი სიჩუმე იყო: პირველ ორს აღემატებოდა და მათ თავის თავში მოიცავდა, – ის იყო უნაპირო და უძირო, შემოდგომის დასასრულის მსგავსი. იყო მძიმე, როგორც მდინარის გამორიყული კაჭარი. ეს იყო მოწყვეტილი ყვავილის მომთმენი მორჩილება, – სიჩუმე კაცისა, რომელიც ელოდა სიკვდილს.”

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements