ვერნონ გენიოს ლითლი

ვერნონ გენიოს ლითლი დიბისი პიერი

ვერნონ გენიოს ლითლი
ავტორი: DBC Piere
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

2003 წელს ალბათ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ “ბუკერის” პრემიის მფლობელი დიბისი პიერი გახდებოდა სადებიუტო წიგნით “ვერნონ გენიოს ლითლი”. ამბობენ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავი დებიუტიაო. როგორც არ უნდა იყოს, წიგნი ნამდვილად შესანიშნავია!

ტეხასში ცხიმიანი ფასტფუდებით, რეალითი შუებითა და რედნეკებით სავსე მხარეში, პატარა ქალაქ მარტირიოში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი 18 კლასელი მოკლა და ბოლოს თავიც მოიკლა. ვერნონ გრეგორი ლითლი გადარჩენილი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლეა, რომელსაც მასობრივი მკვლელობის თანამონაწილეობას სდებენ ბრალად. საზოგადოება, სასამართლო და პრესა მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის და სენსაციებს დახამებული მასმედია ცდილობს, ვერნონი ახალი რეალითი შოუს გმირად აქციოს, ამის დედაც.. როგორც ვერნონი იტყოდა..

სანამ რევიუს წერას დავიწყებდი, მაინტერესებდა სხვა მკითხველების აზრი და ჩემდა გასაკვირად, ასეთი ურთიერთსაპირისპირო და გამომრიცხავი აზრები იშვიათად მინახავს ერთი ნაწარმოების მკითხველებს შორის. ეს წიგნი ან ძალიან მოსწონთ, ან პირიქით – საშინლად არ მოსწონთ. მკითხველთა ორი პოლუსია, რომელიც მუდმივად განიხილავს  და დავობს ამ წიგნზე. ეს საუკეთესო შედეგია, ალბათ, რისი მიღწევაც ავტორს შეეძლო.

ერთ რამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ წიგნის კითხვას დაიწყებთ: ეს წიგნი არაა სკოლაში დატრიალებული მასობრივი მკვლელობის შესახებ. ეს არ განიხილავს მომხდარ მოვლენებს, სიუჟეტი ამის გარშემო არ ვითარდება. ის მკითხველი, ვინც წიგნში ამას ეძებდა – გამომწვევ მიზეზებს, მკვლელის ფსიქოლოგიურ ანალიზს და სხვა, დარჩა იმედგაცრუებული. ამიტომ გირჩევთ, წიგნის კითხვა დაიწყოთ ყოველგვარი წინასწარი განწყობების გარეშე. ეს წიგნი არის 15 წლის ბიჭზე, რომელსაც მეგობარმა კლასელები თვალწინ დაუხოცა. ვერნონს კი საქმეს ისე გაუხდიან, ლამის ანატრებინონ, თვითონაც ერთ-ერთი მოკლულთაგანი იყოს.

პირველ რიგში, რაც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში, არის გულწრფელობა. ვერნონი მთავარი გმირია, რომელიც პირველ პირში მოგვითხრობს მოვლენებს. ის 15 წლის ამერიკელი ტეხასელი გულწრფელი ახალგაზრდაა – ბილწსიტყვაობა გიკვირთ? თქვენ რომ მის ადგილზე მოხვედრილიყავით, დარწმუნებული ვარ, არანაკლები ბილწსიტყვაობის მომსწრენი გავხდებოდით. ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასე იქნებოდა, გეფიცებით. მეორე, რაც აღგაფრთოვანებთ არის გონებამახვილური, არაამქვეყნიური სარკასტული, ირონიული, ჩაფსმამდე სასაცილო, შავი იუმორით გაჯერებული, გენიალური შედარებები, რომლითაც ვერნონი გარშემომყოფებსა და სიტუაციებს აღწერს. პრინციპში, შავი კი არა – წყვდიადივით ბნელი იუმორითაა გატენილი წიგნი. მისი ყოველი გვერდი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, სავსეა ასეთი შედარებებით და გულწრფელი პირდაპირი იუმორით. რამდენად მისაღებია ტრაგედიის შესახებ წიგნში ასეთი იუმორი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, მე კი უზომოდ ვისიამოვნე.

ჩვენი მთავარი პერსონაჟის ენით რომ გითხრათ, ვერნონი უბრალოდ დედააფეთქებულ სამყაროში ცხოვრობს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში, ღმერთისგან დავიწყებულ პატარა ქალაქში. ვერნონი ყელამდე ქაქშია (და ქაქი ამ წიგნში არც თუ მცირე როლს ასრულებს ვერნონის ცხოვრებაში), ისევე როგორც ყველა იქ მცხოვრები, მაგრამ ვერნონისგან – განსხვავებით ეს არ აწუხებთ, ისინი ამ ქაქს შეეჩვივნენ და ზოგი სიამოვნებასაც კი იღებს ამით. სადაც უსამართლო სასამართლო და სკანდალებს დახამებული მასმედია ერთი 15 წლის ბიჭის უბედურებაზე ცდილობს თავისი წარმატების აგებას. წიგნს 3 მთავარი გმირი ჰყავს: ვერნონი, აბსოლუტური უსამართლობა და ტოტალური უიღბლობა. ყველა სხვა დანარჩენი პერსონაჟი ან უსამართლობის მსახურები არიან, ან ვერნონის უიღბლობის მიზეზები. ამ პერსონაჟს ყველამ უღალატა, საკუთარმა დედამ და საყვარელმა გოგომაც კი. ძნელია ასეთ სამყაროში ტკბილი სიტყვებით ილაპარაკო, სადაც საკუთარი დედა შენს ყველაზე მოსისხლე მტერთან გრძელვადიან რომანზე ოცნებობს.

ავტორმა დახატა ა.შ.შ.-ის გაბუქებული და უტრირებული გროტესკული სახე, რომელიც ცხიმიან დაჭმუჭნილ და კეტჩუპის პასტით მოთხვრილ ფასტფუდის ქაღალდშია შეფუთული და მორთმეული. სადღაც ახლომახლო კი ნერწყვმომდგარი გასიებული ბუზი ბზუის და ცდილობს ცხიმიან ნაწილს დააჯდეს. დიბისიმ დახატა საზოგადოება, რომლისთვისაც სამართალსა და უდანაშაულო ადამიანის განცდებზე მეტად რეალითი შოუ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და 15 წუთიანი პოპულარობა უფრო მნიშვნელოვანია. საზოგადოება, რომელიც განტევების ვაცის დაკვლას ითხოვს და საერთოდ არ აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ დახოცა ვერნონის მეგობარმა ხესუსმა თავისი თანაკლასელები. მიზეზი კი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბულინგია. დაცინვა სექსუალური ორიენტაციის გამო. დაცინვა რბილად ნათქვამია – ლამის ყველა კლასელი გულმოდგინედ ცდილობდა გაესრისა და გაენადგურებინა ბულინგის მსხვერპლი. ამ ყველაფერმა კატასტროფა გამოიწვია. მკითხველმა თავიდანვე იცის, რომ ვერნონი უდანაშაულოა, რომ მას ალიბი აქვს, მაგრამ მართლმსაჯულება და სისხლის სუნით გაღიზიანებული მხეცი მასმედია ცდილობს სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მიიყვანონ ჩვენი მთავარი გმირი. არსებული სიტუაციიდან ყველა თავისი სარგებლის მიღებასა და გამორჩენას ცდილობს. ავტორისეულ სატირულ საზოგადოებაში არათუ არ იღებენ განსხვავებული შეხედულებებისა თუ აზროვნების მქონე ადამიანს, არამედ მაქსიმალურად ცდილობენ მის განადგურებას, გატეხვას და დემორალიზებას.

რამხელა ირონია და ცინიზმია – ხესუსმა (ინგლისურად ხესუსი და იესო ერთნაირად იწერება Jesus) დახოცა ბავშვები და მერე თავი მოიკლა. ცინიკურია ის რეალითი შოუც, რომლის მთავარი გმირებიც სიკვდილმისჯილები არიან და ხალხი ხმის მიცემით წყვეტს, რომელს დასჯიან შემდეგს. რეალითი შოუ, სადაც გალიაში გამომწყვდეულ სიკვდილმისჯილ “მხეცებს” რეალურ დროში ადევნებენ თვალს მაყურებლები. სიკვდილით დასჯაზე აგებული მომგებიანი ბიზნესი – რა უნდა იყოს ამაზე არაადამიანური და ცინიკური? ალბათ, დადგმული “რეალითი” შოუებით გაჯერებულ ამერიკულ ბაზარზე არც ეს დროა შორს.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის თემატიკა გროტესკული და დამთრგუნველია, თხრობის სტილი მსუბუქია და წყალივით იკითხება. ალბათ, იმიტომ, რომ შეზავებულია 15 წლის გაუნათლებელი მოზარდის ლექსიკითა და ლაპარაკის მანერით. დარწმუნებული ვარ, მისი თვალით დანახული საკუთარი თავი და გარშემო მიმდინარე მოვლენები აუცილებლად მოგხიბლავთ: “მინდა ჟან-კლოდ ვან დამი ვიყო. იარაღი ტრაკში გავურჭო და პენტ-ჰაუზის გოგოსთან ერთად სადმე მაგარ ადგილას გავიქცე, მაგრამ ნეტა ცალი თვალით მაინც შეგახედათ ჩემთვის: თავზე თმა კი არა, რაღაც ყავისფერი ბუწუწები მაქვს, ქვეყნიერებას აქლემის ქუთუთოებიდან ვუყურებ, სახეზე ყველა ნაკვთი დიდი და უფორმო მაქვს. მოკლედ, დედანატირებ ნაჭრის სათამაშო ძაღლს ვგავარ. ღმერთი მე რომ მქმნიდა, ალბათ გამადიდებელი შუშით მიყურებდა”.
საერთო ჯამში, ვერნონი ისეთი ტიპია, რომ აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს სიმპათიას, მოგინდებათ, რომ წამატებას მიაღწიოს.

წიგნის ბოლო ლუკმები განსაკუთრებით გემრიელია და ამის მიზეზი სიკვდილმისჯილი პატიმარი ლასალია. სიკვდილით დასჯის წინ მის მიერ ვერნონისთვის წარმოთქმული მონოლოგი უბრალოდ ფასდაუდებელია და ჩემი აზრით, Must Read-ია. სიამოვნებით მოვიყვანდი მთელ მონოლოგს, მაგრამ არ წაგართმევთ ამ სიამოვნებას. მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთს წაგაკითხებთ:
“დახმარებისათვის ცაში ყურებას თავი დაანებე. ძირს დაიხედე, ჩვენ შემოგვხედე, ოხრებსა და მეოცნებეებს.- მხარზე ხელს მხვევს, წრეზე მატრიალებს და კედლის სარკესთან მაყენებს, – შენ თვითონ ხარ შენი თავის ღმერთი და უფალი! აიკიდე ზურგზე ეგ პასუხისმგებლობა! შეირგე ძალაუფლება!”
“-რაც შეეხება ადამიანებს.. კარგი ამას უყურე… – ჯიბიდან სანთებელას იღებს და გვანიშნებს, რო ჩუმად ვიყოთ. მარტო ერთხელ ჩამოჰკრავს თითს, მერე ხელი ყურთან მიაქვს და მეორე პატიმრის კაბინას აყურადებს. ერთ წუთში ტანსაცმლის შრაშუნი ისმის. იქიდან სანთებელაზე თითის ჩამოკვრის ხმა გვესმის. სიგარეტის ბოლი კაბინის თავზე იშლება. პატიმარი სიგარეტს ქაჩავს, მაშინ როცა წამის წინ მოწევა არც უფიქრია. შთაგონების ძალა. ლასალი ღიმილით მიბრუნდება და სანთებელას ჰაერში აჩხაკუნებს – გაიგე, როგორია მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე. შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ.”

ორიგინალში სათაური განსხვავებულია ქართული თარგმანის სათაურისგან – “Vernon God Little”. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მთარგმნელმა ან რედაქტორმა, რომ “ღმერთი” “გენიოსით” შეეცვალათ. მითუმეტეს მაშინ, როცა თითქმის ყველა სხვა გამოცემაში სხვადასხვა ენაზე სათაური იგივეა დატოვებული. მხოლოდ ერთგან არის შეცვლილი და იქაც იესო ფიგურირებს და ჰქვია “Jesus Von Texas”. ვერნონი ღმერთი ლითლია, სწორედაც რომ ღმერთი. რადგან მიიღებს რჩევას და გაითვალისწინებს. მორჩება ცაში ყურებას, პასუხისმგებლობას მოიკიდებს ზურგზე და საკუთარი თავის უფალი თვითონ გახდება. ყველას მისცემს იმ სარგებელს, რის გამორჩენასაც ცდილობენ მის უბედურებაზე. გაიგებს რა მოთხოვნა აქვს საზოგადოებას და ყველას მიაწოდებს იმას, რაც სურთ. დადგამს სანახაობას და გამოკვებავს სენსაციებზე დამშეულ მასმედიის სტომაქს.
თუმცა, დაიძვრენს თუ არა თავს სასიკვდილო განაჩენისგან, ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ.

სიბრალული, დახმარების სურვილი, გულისრევა, სიბრაზე, თანაგრძნობა, გაოგნება – ეს ის შეგრძნებებია, რომელიც არაერთხელ დაგეუფლებათ წიგნის კითხვისას. ხანდახან მხოლოდ ერთი გვერდიც კი საკმარისია,  რომ ემოციების ეს კოქტეილი მიიღოთ. სლენგი, სარკაზმი, ბილწსიტყვაობა, გონებამახვილური შედარებები, ირონია და შავზე შავი იუმორი – სუკეთესო ნაზავია, რომ წიგნის წაკითხვა მოგინდეთ!

პ.ს.
რამდენიმე სიტყვით ავტორზეც, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია – პიტერ უორენ ფინლეი. მექსიკაში გადასახლებული ავსტრალიელი მწერალია, რომლის ბიოგრაფიაც სავსეა ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა დანაშაულებებით. თავად პიერი არასოდეს მალავს საკუთარ არც თუ სახარბიელო წარსულს. პირიქით – მისი ფსევდონიმი DBC იშიფრება როგორც – Dirty But Clean (ბინძური, მაგრამ სუფთა). მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი მისი დებიუტია, როგორც ჩანს, დიბისიმ ზუსტად იცის, რა მოთხოვნები აქვს მკითხველს და იცის, როგორი შეფუთვით მიაწოდოს ეს ყველაფერი მას.

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

დიუნი

დიუნი ფრენკ ჰერბერტი

დიუნი
ავტორი: Frank Herbert
გამომცემლობა: გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing
სერია: ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

ხშირად მსმენია, რომ ფრენკ ჰერბერტმა “დიუნით” ისევე შეცვალა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, როგორც ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელმა” ფენტეზის სამყარო. ეს შეფასებაც კი საკმარისია, რომ ამ წიგნის წაკითხვა მოგინდეთ. წარმოიდგინეთ, “დიუნი” რომ არა, სავარაუდოდ, არანაირი “Star Wars” არ იარსებებდა და არავინ უწყის, საი-ფაის ჟანრი განვითარების ჩანასახოვანი ეტაპიდან რა მიმართულებით განვითარდებოდა. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ფრენკ ჰერბერტმა ამ წიგნით ჟანრი სულ სხვა საფეხურზე აიყვანა და შექმნა საძირკველი, რომელზეც სხვა არანაკლებ საინტერესო და აღიარებულმა ავტორებმა თავიანთი შემოქმედება დააშენეს.

“დიუნი” კოსმოსური დრამაა? პოლიტიკური თრილერია? ფანტასტიკაა? მაკიაველის “მთავარია” პლანეტარული მასშტაბით? ფილოსოფიური ნაშრომია? თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლია საი-ფაი წიგნში? ფანტასტიკაა? რელიგიური ფანატიზმია? იქნებ ეს წიგნი სიყვარულსა და იდეალებისადმი ერთგულებაზეა? – ყველაფერი ერთად და კიდევ უამრავი რამ.

ატრეიდისების ოჯახი პლანეტა კალადანის მმართველები, იმპერატორისგან მიიღებენ ახალ პლანეტას სამართავად – არაკისს. პლანეტას, სადაც სამყაროში ყველაზე ძვირფას სუნელს – მელანჟს – მოიპოვებენ. მიუხედავად ასეთი მდიდრული პლანეტის მიღებისა, ყველასათვის ნათელია, რომ ატრეიდისების გვარი უამრავ მტერს იჩენს არაკისის ყოფილი მმართველების, ჰარკონენების სახით და რომ ეს იმპერატორის მხრიდან ძღვენზე უფრო მეტად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

არაკისზე გადასახლებულ ოჯახს უწევს ახალი ტრადიციების, გამოწვევების, სირთულეებისა და ხალხის გაცნობა, ხოლო ახალგაზრდა პოლ ატრეიდისს მალევე მოუწევს მართვის სადავეების ხელში აღება, გახიზვნა, დევნაში ყოფნა, ახალი მომხრეების აღმოჩენა, ლიდერად ჩამოყალიბება და საკუთარი თავის შეცნობა. წიგნს ფონად გასდევს არაკისული თქმულება ლიდერზე, რომელიც უდაბნოში მცხოვრებ მებრძოლ ტომს, ფრემენებს უნდა ჩაუდგეს სათავეში. არის კი ახალგაზრდა ატრეიდისი ის, ვისაც ელიან? ან იქნებ ის ბევრად მეტია, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ? ვინ იცის…

წიგნი ძალიან კარგად იკითხება და დიუნის ფანტასტიკური სამყარო უბრალოდ უზადოდაა დახატული. იშვიათია იგნები, სადაც ასეთ თვითმყოფად, განვითარებულ, კარგად აღწერილ და ადვილად წარმოსადგენ სამყაროსა და მოქმედ გმირებს ხატავს ავტორი. წიგნის კითხვისას, არაკისის პლანეტას გრძნობთ, უდაბნო გწვავთ და მელანჟის სურნელი ცხვირში გიღიტინებთ. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს უდაბნოში მცხოვრები ფრემენების აღწერა, ცხოვრების წესი, წყლისადმი მათი ზერაციონალური დამოკიდებულება, ფილოსოფია და მთელი ამ უზარმაზარი ადამიანური მასის ერთიანი მიზანი, მისია – პლანეტის ბუნებრივი გარემოს ცვლილება. მისია, რომელსაც ასობით წელი დასჭირდება, მაგრამ ამისთვის ღირს ცხოვრება.. სიკვდილიც.. ძნელია, არ მოიხიბლოთ ფრემენებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუ არაკისს მათი თვალით შეხედავთ, მაშინ უდაბნოს რომანტიზებასაც შეძლებთ და შეიძლება, არაკისის მწველი მზე ისეთი მცხუნვარე აღარც მოგეჩვენოთ.

წიგნში ნახავთ ძალიან ბევრ პერსონაჟს და თქვენც ჩემსავით გაგიკვირდებათ, როგორ ახერხებს ავტორი ასე ადვილად, ასეთ მცირე მონაკვეთში, დახატოს, აღწეროს და გაგაცნოთ თითოეული მათგანი. ყველა დასრულებული, ხორცშესხმული პერსონაჟია თავისი ფიქრებით, სურვილებით, იდეალებით,  იდეებით და ამ იდეებისათვის თავგანწირვის უნარით. განსაკუთრებით გამოყოფას იმსახურებს ლიეტ კაინსი და მისი მამა, ადამიანები, რომლებმაც არაკისის პლანეტის ბუნებრივი გარემოს შეცვლის იდეა შექმნეს, განავითარეს და განხორციელება დაიწყეს. იდეალებისათვის მებრძოლი ორი ძალიან ძლიერი პერსონაჟი! ოხ, რამდენი კარგი რამ გელით წინ წიგნის კითხვისას, რამდენჯერ მოიხიბლებით იდეებითა და შეუპოვრობით, გეგმებით.. მშურს თქვენი..

მოქმედი! არსებები, რომლებიც უდაბნოში შესულ ხალხს შიშის ზარს სცემენ და ყველანაირად ცდილობენ, სუნელის მოპოვების შეჩერებას. ღვთაებრივი არსებები. ჩემი აზრით, ეს ორი ჩანახატი იდეალურად აღწერს არაკისის უდაბნოში ფრემენებისა და მოქმედის თანაცხოვრებას:Dune_Concept_Art_Illustration_01_Henrik_Sahlstrom

mokmedi

ამ წიგნში ყველა რაღაცისთვის იბრძვის. ყველა რაღაც იდეას ემსახურება. ყველას აქვს ბრძოლის მიზეზი. არაკისში ყველა თავის მიზეზს და მომავალს ხედავს. და ეს მომავალი ყველას წარმოსახვაში განსხვავებულია. პოლ ატრეიდისი კი ერთადერთია, ვისი გონებაც ყველა შესაძლო მომავალს ხედავს, ის თითქოს მილიონობით ჭადრაკის დაფასთან ერთდროულად მილიონობით სხვადასხვა პარტიას თამაშობს და მილიონობით განსხვავებულ ტაქტიკას ცდის. ეს ჭადრაკის დაფა კი პლანეტა არაკისია, თვითონ კი ამ საჭადრაკო დაფის ცენტრშია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩანისა და პოლის სიყვარულის ისტორია. ჩემი აზრით, ფანტასტიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წყვილია ❤

არ შემიძლია, განსაკუთრებით არ გამოვყო  პრინცესა ირულანის ჩანართები ყოველი ახალი თავის წინ. ხომ არსებობს “ფლეშბექი”? ამას კი არ ვიცი რა ეწოდება –  “ფლეშფორვარდი”? ერთგვარი შესავალია ყველა თავის წინ. პრინცესა ირულანის ჩანართები გიღებს კარს ახალ საფეხურზე, გამზადებს სიახლისთვის და ამბებისთვის, რომელიც მალე უნდა გაიგო. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ცალკე წიგნადაც!

წიგნის კითხვისას უბრალოდ შეუძლებელია, ძალიან ბევრი პარალელი არ გაავლო ისტორიულ, რეალურ მოვლენებთან, პირებთან, ერებთან და ქვეყნებთანაც კი. ავიღოთ თუნდაც სუნელი მელანჟი. რა არის მელანჟი დღევანდელ მსოფლიოში? რა განსაზღვრავს ამინდს? ფასებს?
ნავთობი = მელანჟი.
პოლ ატრეიდისი ახალგაზრდა ლიდერი, მდიდარი ოჯახის შთამომავალი, იწყებს მოძრაობას და ილაშქრებს სუნელის მფლობელებისა და მონოპოლისტების წინააღმდეგ. არავის გაგონებთ? ახალგაზრდა, მდიდარი ლიდერი მენავთობეების წინააღმდეგ?..
თვითონ ფრემენები და მათი ენა სავარაუდოდ ფრენკ ჰერბერტმა არაბული რეალობიდან აიღო: ფრემენები უდაბნოს მომთაბარე ბედუინები არიან.
არაკისი, უდაბნო, ფრემენები, სუნელი = არაბეთი, უდაბნო, ბედუინები, ნავთობი.
არაბულის გარდა ხშირად გამოიყენება აშკარად თურქული სიტყვებიც, როგორც ჩანს ეგზოტიკისათვის. ასე მაგალითად: ქუჩაში წყლის გამყიდველები ხმამაღლა გაიძახიან “სუ-სუ-სუუკ”. თურქულად “სუ” არის წყალი. ასევე არის საუბარი ლეგენდაზე, სადაც ნახსენებია ფორთოკალის ბაღები (თურქულად ფორთოხალი) და ბაქლავა (თურქული, აღმოსავლური ტკბილეული).
არ შეიძლება, თქვენი ყურადღება არ მიიქციოს, სუნელს დახარბებულმა პერსონაჟმა, ატრეიდისების მოწინააღმდეგემ – ვლადიმირ ჰარკონენმა. რატომ სლავური სახელი? რატომ ასეთი ამაზრზენი გარეგნობა? რატომღაც ვფიქრობ, რომ ავტორმა ბარონ ვლადიმირ ჰარკონენის სახით საბჭოთა კავშირის ხატება შექმნა.

განსაკუთრებით საინტერესოა ფრენკ ჰერბერტისეული შეხედულებები რელიგიასა და პოლიტიკაზე: When religion and politics ride in the same cart and that cart is driven by a living Holy man, nothing can stand in the path of such a people. ძალიან ბევრი მკითხველისათვის ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ავტორი ახდენს მუსლიმური კულტურის რომანტიზებას. წიგნის კითხვისას ძნელია, არ დაეთანხმო ამ პასაჟს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც წიგნში თვითმკვლელი ტერორისტის მონაკვეთსაც წააწყდებით.

თუმცა, როგორც არ უნდა ვატრიალოთ წიგნი, ის ბევრად მეტია, ვიდრე ეს ცალკეული მომენტები და მსგავსებები  და ჩემი აზრით, ერთხელ წაკითხვა აშკარად არაა საკმარისი წიგნის ბოლომდე გასაგებად.

მოვა დრო და “დიუნის” მწველ უდაბნოში კიდევ ერთხელ შევაბიჯებ.
თქვენც გეპატიჟებით!

P.S.
აქვე მინდა ღვნიშნო, რომ ქართული თარგმანის ქავერი არის შეუდარებლად კარგი. თუ დააკვირდებით, სუნელის მარცვლებსაც კი აღმოაჩენთ გარეკანზე მობნეულს. შეგიძლიათ,  უცხოური გამოცემების, ჩემი აზრით, ორ სხვა საუკეთესო გარეკანსაც შეადაროთ:

Dunedune_poster_27

MiNi Library

facebook
goodreads

მდუმარე ცოლი

მდუმარე ცოლი

მდუმარე ცოლი
ავტორი: ა.ს.ა. ჰარისონი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

წიგნის წაკითხვამდე თვალი მოვკარი შენიშვნას, რომ “მდუმარე ცოლი” ძალიან ჰგავდა “გაუჩინარებულ ქალს” (Gone Girl). სწორედ ამის გამო კითხვის პერიოდში მუდმივად ვცდილობდი მომეძებნა მსგავსება და მეგონა, რომ ნებისმიერ მომენტში მოხდებოდა “გაუჩინარებული ქალის” მსგავსი რამე სიტუაცია, ან სცენა, ან ტვისტი, ან ნებისმიერი სხვა რამ. საბოლოო ჯამში, მინდა, გითხრათ, ეს ორი წიგნი საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს და ნუ დაუჯერებთ სხვადასხვა საიტებზე განთავსებულ ინფოს ამ მგავსების შესახებ.

“მდუმარე ცოლი” სუზან ჰარისონის პირველი და სამწუხაროდ უკანასკნელი ფსიქოლოგიური თრილერია. წიგნი 2013 წლის 25 მაისს მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად.

თუ თქვენ “ექშენ” თრილერები მოგწონთ, მძაფრი სიუჟტით, სისხლით, გამოძიებით, კვანძებით, ინტრიგებითა და დევნით, მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არაა. აქ პირველივე გვერდებზე გეუბნებიან ვინ უნდა მოკვდეს და ვინ აპირებს მკვლელობას. მიზეზსაც მეტნაკლებად ეუბნებიან მკითხველს. ბევრი თქვენგანი ალბათ ახლა ფიქრობს: აბა, რაღატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი თუ თავიდანვე ყველაფერი ცნობილია? იმიტომ, რომ ეს ფსიქოლოგიური თრილერია. აქ მთავარი მოქმედება ადამიანების ქვეცნობიერში, გონებაში და თავში იხარშება. მნიშვნელოვანი სწორედ ის გზაა, რომელსაც ჯოდი (ცოლი) გადის მკვლელად ჩამოყალიბებამდე. ან იქნებ, ჯოდის ქვეცნობიერში ყოველთვის ცხოვრობდა მკვლელი, მაგრამ ჯოდი ამას საგულდაგულოდ მალავდა?

ჯოდი არის ცოლი, რომელსაც პრობლემები არ უყვარს. პრობლემებს არ აღიარებს. სიძნელეებს იგნორირებით პასუხობს. მისი მიდგომა არა მტვერის მოწმენდა, არამედ ხალიჩის ქვეშ ამ მტვერის დამალვაა. მისი მთავარი იარაღი დუმილი და სიმშვიდეა, რომლითაც ის ყველა გამოწვევას უმკლავდება. ქმარი ღალატობს? მერე რა, გაერთობა და მაინც ჩემთან მოვა ღამით! უამრავი ქალი ჰყავდა მის გარდა? ბოლოს ხომ ყოველთვის ჯოდისთან არის? ჯოდი კი საღამოს გემრიელ სადილსა და ოჯახურ სითბოს ახვედრებს. ჯოდის სჭირდება ვინმე, ვისზეც იზრუნებს – ეს ტოდია.. ქმარს აქვს კომფორტი, რომელზეც არცერთი ალფა მამრი არ იტყოდა უარს!

ტოდი 40-ს გადაცილებული კაცია, რომელსაც კვლავ სურს, იყოს დამპრყობელი. სურს, თავი ისევ ახალგაზრდად იგრძნოს და ამ კომპლექსს სხავადასხვა ქალთან ურთიერთობით თრგუნავს. მას ყოველთვის ეგონა, რომ მისი წყნარი და მშვიდი ცოლი ვერ ხვდებოდა მის თავაშვებულობას. თავისი ხასიათის თავისებურებებს კი მუდმივად ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმით ხსნიდა. საშიშია ფსიქოანალიტიკოს ცოლთან ერთ სახლში ცხოვრება და ტყუილების თქმა…

პრობლემები მაშინ იწყება, როცა ტოდი ყველანაირ ზღვარს და წითელ ხაზებს გადაკვეთს. ის საუკეთესო მეგობრის 22 წლის სტუდენტ ქალიშვილთან გააბამს რომანს და ეს გოგონა მისგან შვილს ელოდება… ამას დაემატება ისიც, რომ ჯოდი და ტოდი არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან და რეალურად ცოლ-ქმარი არ არიან.. ჯოდის კომფორტის ზონა ინგრევა! კარგავს ზრუნვის ობიექტს! მყუდრო სახლს, სადაც ცხოვრების ბოლო ათწლეულები გაატარა, მალე დაატოვებინებენ! მან რამე უნდა მოიმოქმედოს!
სწორედ ამ დროს ნელ-ნელა, ზანტად, მაგრამ მაინც ჯოდის ქვეცნობიერიდან ამოდის მისი მიჩქმალური, გამომწყვდეული, ბავშვობაში ტრავმირებული და დავიწყებას მიცემული მეორე “მე”.

მე, რომელსაც აქტიური თრილერები უფრო ბევრად მიზიდავს, ძალიან მომეწონა ეს წიგნი. ვერ ვიტყვი, რომ სწრაფად იკითხება, მაგრამ ეფექტი დიდი მოახდინა. ეს წიგნი განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვისაც ბიჰევიორისტიკაზე დაფუძნებული დეტექტივები იზიდავს, სადაც ფსიქოლოგიაში კარგად განსწავლული გამომძიებლები ადამიანების ქცევასა და ფსიქიკაზე დაკვირვებით ხსნიან დანაშაულს. სადაც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი და ბავშვობა ძალიან დიდ როლს თამაშობს კრიმინალად ქცევაში და უმეტესწილად მხოლოდ გამაღიზიანებელი ფაქტორია საჭირო, რომ მათში დაბუდებულმა ტრავმირებულმა პიროვნებამ დაიწყოს აქტიური ქმედება და გამოაჩინოს თავისი ნამდვილი სახე. სიუჟეტს ფონად გასდევს “ფლეშბექები” – ჩართვები წარსულიდან – სადაც ვხედავთ ჯოდის სეანსებს მის პირად ფსიქოლოგთან. სადაც მდუმარე ცოლი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტუდენტი ჯოდი, იხსენებს თავის ბავშვობას. ერთი შეხედვით ბედნიერ ბავშვობას..

დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებაშიც უხვად მოიძებნებიან ქალბატონები, რომლებიც ჯოდის მსგავსად ბევრ წყენასა და ჩაგვრას იტანენ ქმრებისგან.
და ნურავის გაუჩნდება შეგრძნება, რომ ჯოდი თავის ქმარზე ნაკლებად უარყოფითი პერსონაჟია. სწორედ ისაა მიზეზი იმისა, რომ ქმარს აქვს საშუალება და ლამის უსიტყვო ნებართვა აკეთოს ის, რაც უნდა. ჯოდიმ საკუთარ თავზე და თავმოყვარეობაზე მაღლა პირადი კომფორტი და კეთილდღეობა დააყენა..

“მდუმარე ცოლი” კარგი თრილერია და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოეწონება!

“მდუმარე ცოლზე” მოკლედ ვისაუბრეთ ასევე რადიო პალიტრის დილის ეთერშიც და შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ ბმულზე – რადიო პალიტრის დილის ეთერი. ძალიან კრიტიკულადაც ნუ მოუსმენთ დილის 9 საათზეა ჩართვა 😛

MiNi Library

facebook
goodreads