მთებმა მთებს უთხრეს

მთებმა მთებს უთრეს ხალიდ ჰოსეინი

მთებმა მთებს უთხრეს (And The Mountains Echoed)
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა: არტანუჯი
Goodreads Choice Award for Fiction (2013)

ჩვენს ბლოგზე ადრე უკვე დავწერეთ ხალიდ ჰოსეინის ძალიან კარგ წიგნზე – ფრანით მორბენალი. ამჯერად კი ჰოსეინის კიდევ ერთ ქართულად ნათარგმნ  წიგნზე ვწერთ.

მთებმა მთებს უთხრეს ძალიან, ძალიან მომეწონა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს!
ერთ-ერთ საიტზე ავტორზე საუბრისას ამ გიფს წავაწყდი:
რა თქმა უნდა, მაგარი წიგნია. ჰოსეინია 🙂
obvious

ფრანით მორბენალის მიმოხილვისას დავწერე, ეს წიგნი რომ სკოლაში სწავლის დროს წამეკითხა ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი-მეთქი. ჰოსეინის წიგნები უკეთესს გხდის, გიჩენს სურვილს შენ თავს აჯობო, ქცევა შეცვალო, გაიზარდო როგორც პიროვნება და უბრალოდ კარგ მხარეს მიყავხარ. მისი წიგნები არის ადამიანობაზე, ადამიანურ ტკივილებზე, ოჯახურ ბედნიერებაზე, სიკეთეზე, სითბოზე, გამოუთქმელ პროტესტებზე, იმედების გაცრუებასა და მოულოდნელ ბედის საჩუქრებზე. ეს ზუსტად ისეთი წიგნია, მე რომ მიყვარს. წიგნი, სადაც ბედისწერა ცალკე პერსონაჟია, მოქმედებს, სუნთქავს, არსებობს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შეგიძლია, ხელითაც კი შეეხო მას. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბედისწერა ასეთი მეტყველია.

გადაშლი წიგნს და პირველივე გვერდზე მიხვდები, თქვენ საუკეთესო ამბის მთხრობელს უსმენთ. წიგნი იწყება შესანიშნავი ავღანური ზღაპრით, რომელსაც მამა უყვება თავის შვილებს ფარის და აბდულას, ღამით ძილის წინ პატარა სოფელ შადბაღში. მეორე დღეს კი დაადგებიან მწველ და მტვრიან უდაბნოს გზას ქაბულისკენ, სადაც დაიწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ამ წიგნში არსებულ პერსონაჟებს შეეხება და მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის..

მოვლენები სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე ვითარდება. ერთ შეხედვით მოქმედ გმირებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ არის ერთი საყრდენი წერტილი, ერთი პერსონაჟი – ნაბი. ის არის სკივრის გასაღები, რომელშიც ამ ყველა პერსონაჟისა და ამბის შემაერთებელი გორგალია დამალული. რომ არა ნაბი, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ამ პერსონაჟების ბედი, საერთოდ გაიცნობდნენ კი ერთმანეთს? ამბები ხან ევროპაში, ხან კი ამერიკაში ვითარდება, მაგრამ ავღანეთი მაინც ამ ყველაფრის შუაგულშია, რადგან ამ ქვეყნიდან წამოსული პერსონაჟები ავღანეთს გულით დაატარებენ.

ესაა წიგნი მოზაიკა. ამბები ერთმანეთზეა მიწყობილი და ძნელად თუ დაუკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ თუ შორიდან ყველა ამბავს ერთდროულად შეხედავთ, მთლიან სურათს დაინახავთ, ალუბლის მურაბასავით ტკბილსა და მჟავეს. წიგნის ყდაზე ლამაზ ბუმბულებს შეამჩნევდით. კითხვისას თქვენც ერთი ბუმბული ხარ, რომელსაც ქარი ხან ერთ ქვეყანაში გადააქროლებს და ხან მეორეში, ხან ერთი ამბის თვითმხილველი ხართ, ხანაც ვიღაცის დიალოგს ისმენთ ან სულაც წარსულში ბრუნდებით. თავიდან ძნელია, ეს წიგნი რომანად აღიქვა, ის უფრო მოთხრობების კრებულს ჰგავს, სადაც ყოველი მოთხრობა ახალ პერსონაჟს გიხსნის. ავტორს წრეზე დაყავხართ და წიგნის ბოლო თავები ისე შეკრავს ამ წრის ერთიან სურათს, როგორც თოკი ხურჯინის პირს.

როგორც ჰოსეინის სხვა წიგნები, ეს წიგნიც სავსეა ადამიანურობით. მისი პერსონაჟები ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ გარშემო. ისინიც უშვებენ შეცდომებს, გიცრუვებენ იმედებს, არიან სასტიკები, იყიდებიან, სტკივათ, პოულობენ, იბრძვიან, ცხოვრობენ, უყვართ და როგორც რეალურ ცხოვრებაშია, არც ეს წიგნია ჰილივუდური ჰეპიენდებით სავსე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ავტორი გიშვებს ყველა მოქმედი გმირის გულსა და გონებაში. ხედავ მათ ფიქრებს; კითხულობ მათ აზრებს; გრძნობ, როგორ ებრძვიან ხშირად საკუთარ თავს; ავტორი მათ თქვენ წინაშე აშიშვლებს და მათი ვნებები, სურვილები, ცოდვები სააშკარაოზეა გამოტანილი..

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის პერსონაჟების უმეტესობა მოგხიბლავთ, მაინც გამოვარჩევდი ოდელიას, ოდის – ექიმ მარკოს ვარვარისის ბერძენ დედას. რა ძლიერი ქალია, რამხელა ტალღებს შეუძლია გაუმკლავდეს, რამდენ საიდუმლოს მარხავს და თან დაატარებს, უთქმელი, გაუტეხელი, სალი კლდე, საიმედო ალაგი. უდავოდ დაგატყვევებთ ამ ქალის სიძლიერე. გაგიჭირდებათ, ცრემლები შეიკავოთ…
განსაკუთრებულად მომეწონა თალიას და მარკოს ბავშვობისდროინდელი ამბები: ფოტოაპარატის აწყობა და დამეგობრება. 120-მდე დათვლა, სანამ ფოტოს გადაიღებ..  ეს თავი ცალკე ნაწარმოებია, სავსე ტკივილითა და ცხოვრებით და ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია მთელს წიგნში..

ძალიან კარგად არის გადმოცემული სხვაობა ევროპულ და ავღანურ მსოფლმხედველობებს შორის. ნილა ვაჰდათი ფრანგი დედისა და ავღანელი მამის შვილია, რომელიც ვერ ეგუება ავღანეთში დამკვიდრებულ პატრიარქატს, ქალების ჩაგვრას. მისი თავისუფალი სული ყველანაირად ცდილობს გამოხატოს, რომ ის თავისუფალი ადამიანია, მაგრამ ხშირად ნილას ქმედება ავღანელებისათვის მიუღებელი და უპატიებელია. იმდენად მიუღებელი, რომ საკუთარი მამაც კი მუდმივად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ნილას უბრალოდ არსებობითაც კი:
“ნილა ვაჰდათი: … მე და მამა ასე ვთამაშობდით, სანამ დაიღლებოდა. უნდა ვთქვა, რომ მალე იღლებოდა. მერე თავის ცივ ხელს თავზე გადამისვამდა და მეტყოდა: “მამა უნდა წავიდეს, ჩემო ნუკრო, ახლა გაიქეცი”.
ფოტო მეორე ოთახში გააქვს. რომ ბრუნდება, უჯრიდან სიგარეტის ახალ კოლოფს იღებს და უკიდებს.
ნილა ვაჰდათი: ასე მეძახდა. ძალიან მომწონდა. ბაღს კუნტრუშით შემოვურბენდი ხოლმე და ვმღეროდი: “მამიკოს ნუკრი ვარ, მამიკოს ნუკრი ვარ!” მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რა ავისმომასწავებელი სახელი იყო.
ეტიენ ბუსტულე: როგორ?
იღიმის
ნილა ვაჰდათი: მამაჩემი ირმებზე ნადირობდა – ხოცავდა, მოსიე ბუსტულე”…

რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, რომ სამყარო ყველაზე ცუდი მესაიდუმლეა. უბრალოდ ვერ იტანს საიდუმლოს. რაც უნდა მალო, ადრე თუ გვიან მაინც ამოიტანს ზედაპირზე შენ მიერ დამარხულ ჩოჩხნს. ეს წიგნიც ასეთია. დეკადები გაივლის, მაგრამ სიმართლე მაინც იპოვის ადრესატს, თუნდაც უდოებნოებისა და ოკეანეების გადაღმა..

თუ კარგი წიგნის წაკითხვა გინდათ, ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს ფერებსა და აღმოსავლურ არომატს შემატებს.

არ ვიცი, ასე რატომ მიზიდავს ავღანური ამბები. სანამ ჰოსეინის წიგნებს წავიკითხავდი, რამდენიმე წლით ადრე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას რამდენჯერმე მქონდა შანსი, ავღანეთში წავსულიყავი მივლინებით სამუშაოდ. თუმცა, ჩემი მრავალჯერადი მცდელობის და სურვილის მიუხედავად, არ მეღირსა ამ ქვეყნის მონახულება. ჩემ მაგივრად სხვა თანამშრომლები ჩადიოდნენ ხოლმე. სუვენირად კი 150 წლის ავღანური ტელესკოპი ჩამომიტანეს, რომელიც ჩემს ბიბლიოთეკას ამშვენებს.. მაგრამ არ ვკარგავ იმედს – ერთ დღესაც, ქაბულის მიწაზე ფეხს დავადგამ.

პ.ს.
ჩემ წიგნს აკლდა 8 გვერდი, როგორც ჩანს სტამბის ხარვეზია. თუ ვინმეს ჩემნაირი წიგნი გაქვთ, შეგიძლიათ ეს ფაილი ჩამოტვირთოთ და თქვენს დანაკლისს შეავსებს ❤
ხალიდ-ჰოსეინი

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements