რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
ავტორი: მარკ ჰედონი
სულაკაურის გამომცემლობა

შეფუთვის მიუხედავად, მინდა იცოდეთ, რომ ეს წიგნი საერთოდ არ მიმაჩნია საბავშვო რომანად. ის ბევრად რთული, საინტერესო და დამაფიქრებელია. გამიკვირდება, ბავშვმა ადვილად გაიგოს, რა პრობლემებს ეხება ავტორი.

წიგნი მოგვითხრობს ასპერგერის სინდრომის მქონე თხუთმეტი წლის კრისტოფერ ბუნის შესახებ, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ბავშვებისგან. მაგრამ ეს განსხვავება არ გამოიხატება მხოლოდ ასპერგერის სინდრომის ქონით, კრისტოფერი განსაკუთრებულად ნიჭიერი და ლოგიკურად მოაზროვნე ბიჭია: ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი; ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე; უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და აქვს მიზანი, ჩააბაროს მათემატიკის A დონის ტესტი და დაამტკიცოს, რომ ის ძალიან ძლიერია მათემატიკაში. მას უნდა გახდეს ასტრონავტი, ასტრონავტები კი ფიზიკასა და მათემატიკაში კარგად უნდა ერკვეოდნენ. კრისტოფერი ვერ იტანს ტყუილს და ყოველთვის ცდილობს გულწრფელი სიმართლე თქვას; კრისტოფერს უყვარს ცხოველები და კარგად ესმის მათი ქცევა, მაგრამ ადამიანების ემოციებსა და ქცევაში ბევრი არაფერი გაეგება. და ისევე, როგორც ამ სინდრომის მქონე სხვა ბავშვებს, კრისტოფერსაც აქვს თავისი შეზღუდვები: ვერ იტანს შეხებას – როცა ეხებიან, აგრესიული ხდება. არ უყვარს ყვითელი და ყავისფერი ფერები, მაგრამ ყვითელი ფერი უფრო მეტად. უყვარს წითელი ფერი და თუ სკოლისკენ მიმავალს გზად ზედიზედ 4 წითელი მანქანა შეხვდება, ესე იგი, სუპერ კარგი დღე ექნება. თუ 4 ყვითელი მანქანა შეხვდა, ესე იგი, ის დღე სუპერ ცუდი დღეა და უნდა მოერიდოს მნიშვნელოვანი საქმების კეთებას. კრისტოფერს ძალიან უყვარს შერლოკ ჰოლმსი და როდესაც მეზობლის საყვარელ ძაღლს მოკლავენ, იწყებს გამოძიებას, როგორც ნამდვილი დეტექტივი. ის გადაწყვეტს, ამ გამოძიების თემაზე წიგნი დაწეროს. სწორედ ამ წიგნს ვკითხულობთ ჩვენ.

მარკ ჰედონი ამ უზომოდ საინტერესო და საჭირო წიგნში ბავშვური უბრალო ჩვევებით ძალიან მარტივად გვიჩვენებს ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დანახულ სამყაროს და მათ წესებს. სამყაროს, როგორადაც ისინი მათ ხედავენ. წიგნს ხომ კრისტოფერი თვითონ წერს? პირველ პირში მოგვითხრობს, რა ხდება მის გარშემო, რას გრძნობს, რა სტკივა, რა აწუხებს, რას განიცდის, რას არ განიცდის, რას ფიქრობს გამოძიებასა და მათემატიკის ტესტზე და კიდევ უამრავი რამ. ძალიან საინტერესოა წიგნის თავების დასათაურება. ჩვენს მთავარ გმირს ხომ მარტივი რიცხვები უყვარს? ჰოდა, წიგნის თავები ასეა დანომრილი: 2, 3, 5, 7, 11,13, 17, 19, 23….. ესეც ერთ-ერთი აკვიატებათაგანია, რომელიც კრისტოფერს ახასიათებს.

ძაღლის მკვლელობის გამოძიების პროცესში კრისტოფერი ბევრ უცნაურ ამბავს შეიტყობს, მათ შორის ისეთებსაც, რომელიც ძაღლის მკვლელობასთან კავშირში არაა, მაგრამ უშუალოდ კრისტოფერს ეხება. იმისთვის, რომ გამოძიებამ წინ წაიწიოს, აიძულებს საკუთარ თავს, ესაუბროს უცხო ადამიანებს, რაც მას ძალიან არ უყვარს, მაგრამ საქმე მოითხოვს. გამოძიებისას შემთხვევით აღმოჩენილი საიდუმლო ყველაფერს თავდაყირა აყენებს. კრისტოფერის რეალობა ინგრევა. მის მიერ წლობით ნაგები სტაბილური წესები და ნდობა გარემოსადმი ერთ წამში იკარგება. სწორედ აქ იწყება ნამდვილი, ცხოვრებისეული გამოცდა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე მათემატიკის ურთულესი ტესტი..

ჩვენ გარშემო არის უამრავი განსხვავებული ადამიანი და ყველა მათგანს აქვს რაღაც ჩვევა, ყველას აქვს ამოჩემებული და საყვარელი ფერი, აკვიატებული ქცევა და სხვ. კრისტოფერისთვის კი მის მიერ დანახული სამყარო და წესრიგი უმნიშვნელოვანესია. მას აქვს წესები, მარტივი წესები, რომლებიც უყვარს. ეს წიგნი გვეხმარება, ვისწავლოთ ამ სინდრომის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, ნდობის მოპოვება, დამეგობრება, მათ მიერ დანახული სამყაროს აღქმა. ეს წიგნი უბრალოდ საუკეთესო სახელმძღვანელოა, რეალისტურია და საგნებს ამ სინდრომის მქონე მოზარდის ლოგიკით გვიხსნის. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მარკ ჰედონი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. სწორედ ამიტომაა ამ წიგნის მთავარი პერსონაჟის, კრისტოფერის ქცევა, ფიქრები, განცდები, ემოციები და გადაწყვეტილებები ასეთ ბუნებრივი და რეალისტური.

ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟია კრისტოფერის მამა – სანტექნიკოსი საშუალო შემოსავლით, შეიძლება არც თუ კარგი მეუღლე და მეზობელი, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი მამა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის კრისტოფერის წესები, ესმის შვილის განცდები და ცდილობს ყველანაირად გვერდში დაუდგეს. იცის, რომ მის შვილს უნდა მათემატიკის უმაღლესი დონის ტესტის გავლა და ყველაფერს აკეთებს, რომ კრისტოფერის ეს ოცნება რეალობად იქცეს.

ეს არის ერთი ამოსუნთქვით ჩასამთავრებელი წიგნი, აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული. კრისტოფერის მსგავსი ადამიანები ყველას გარშემო არიან: რთული ხასიათებით, აკვიატებებით, ძნელად გასაგები ლოგიკით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ადამიანების ლოგიკის დანახვა, ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა, ისინი ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან და ხშირად ბევრად უფრო ნიჭიერებიც, ვიდრე ჩვენ.

MiNi Library
facebook
goodreads

პუტინის რუსეთი

%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2

პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
გამომცემლობა არტანუჯი

ეს წიგნი 2004 წელს ბრიტანეთში გამოიცა. მალევე ითარგმნა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ…
წიგნი რუსეთში არ გამოცემულა…
ანა პოლიტკოვსკაია ლიფტში მოკლეს 2006 წელს, როცა ჩეჩნეთის ლიდერზე დაიწყო 
მამხილებელი მასალების მოძიება..
ზემოთ ნათქვამიც საკმარისია, რომ ეს წიგნი ახლავე წაიკითხოთ.

უამრავი სათქმელი დამიგროვდა, რაც მინდა, რომ მოგიყვეთ ამ წიგნის შესახებ.. მაგრამ ბოღმისგან და ბრაზისგან სავსე გული ყელში მებჯინება და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. არ მასვენებს ერთი ძალიან, ძალიან აკვიატებული კითხვა: ამ ყველაფრის მერე, ჩვენს ქვეყანაში არც თუ ცოტაა ადამიანი, ვინც დიდი სიხარულით მიგვაერთებდა რუსეთს და უნამუსოდ ღაღადებენ პუტინის სიდიადესა და კაი ადამიანობაზე! და ვინ? პოლიტიკოსები, სამღვდელოება, ხელოვანები, რიგითი ადამიანები და ვინ არა? ძალიან, ძალიან მინდა, ამ ადამიანებმა აიკრან ბარგი-ბარხანა და ერთად გადასახლდნენ პუტინის რუსეთში, იმ რუსეთში, სადაც ანა პოლიტკოვსკაიასნაირ მართალ ადამიანებს ასე უსწორდებიან, სადაც სამართალი და სამართლიანობა ერთი ადამიანის სატელეფონო ზარზეა დამოკიდებული, სადაც თუ ფული გაქვს, ყველაფრის უფლებას ყიდულობ და ყველაფერი გაგდის.

ანა პოლიტკოვსკაიამ თავი გაწირა იმისთვის, რომ მე, შენ და საერთოდ ყოველ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, ვინ არის რეალურად პუტინი და რას წარმოადგენს მის მიერ მართული ქაოსი. ამ წიგნის წაკითხვის მერე მიხვდები, რამდენად მცდარი ინფორმაცია აქვთ საქართველოს რიგით მოქალაქეებს რუსეთის შიდა ცხოვრების შესახებ. ვინ არის პუტინი? ადამიანი, რომელმაც სამჯერ გაისეირნა წითელ ხალიჩაზე კრემლში და სამჯერ მოირგო რუსეთის იმპერიის გვირგვინი თავზე. ადამიანი, რომელსაც კისერზე აწევს ჩეჩნეთის სისხლისღვრა, “ნორდ-ოსტისა” და “ბესლანის” სასაკლაო, ლიტვინენკოს მკვლელობა, პოლიტკოვსკაიას და სხვა კიდევ უამრავი სისტემისათვის მიუღებელი ადამიანის მკვლელობა, 2008 წლის საქართველოს ომი, ყირიმის ანექსია და ომი უკრაინაში, უამრავი დახოცილი ადამიანი სირიაში, თანამშრომლობა ტერორისტებთან და რუსეთის ათასობით რეპრესირებული მოქალაქის ცოდვა.. პუტინის სახეა სასამართლო, რომელიც არ იცავს მოქალაქეების სიმართლეს და ოლიგარქების მიერ მართული  პოლიცია, რომელიც არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს..

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ელცინის მმართველობით იმედგაცრუებული მასის მოთხოვნა “ძერჟავის” ძალაუფლების აღდგენა იყო. ხალხმა მოითხოვა იმპერატორი, რომელიც ახალ საბჭოთა კავშირს შექმნიდა და მიიღო კაგებეს პოდპოლკოვნიკი პუტინი. საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ტრანსფორმირდნენ და იქცნენ პუტინის რუსეთის სისტემის მსახურებად. იმ სისტემის, რომელიც შემდეგ მათვე ანადგურებს. პუტინის საბჭოთა რეალობა დგას სისხლსა და რეპრესიებზე და უმეტესობა ჩვენგანმა ამის შესახებ არ იცის. საით მიდის რუსეთი? ანას ასეთი პასუხი აქვს: “ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად მიზნების გარეშე.”

ეს წიგნი არ არის მხატვრული ლიტერატურა და მასში ვერ ნახავთ ავტორის თვალსაზრისს, მოსაზრებებსა და შელამაზებულ ისტორიებს. ეს არის დოკუმენტალური პროზა, ფაქტები აკინძული წიგნად. თაროზე შემოდებული და მიჩქმალული სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც პუტინის რუსეთმა დამალა და საკუთარ ხალხს არ აჩვენა. ეს წიგნი არის სისხლში ამოსვრილი ხელები, რომელსაც პუტინი ზურგს უკან მალავს.

ეს ასევე არის წიგნი რიგით ადამიანებზე, რომლებიც სისტემამ გატეხა და გაწირა, რომლებიც პუტინის რუსეთის ტყვეებად იქცნენ.. მაგალითად: სამხედრო მზვერავი, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ომები გამოარა, აქვს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა  ძალიან ბევრ სამხედრო კამპანიაში, საიდუმლო ოპერაციაში, გადაურჩენია ადამიანები, ებრძოდა მტრებს – ეს არის ადამიანი, რომელმაც სამხედრო სამსახურის გარეთ არ იცის, როგორ იცხოვროს თავის ერთადერთ შვილთან ერთად. ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ჯილდო და ღირსება, მაგრამ არ აქვს საკუთარი სახლი. როდესაც ამაზე დაიჩივლებს და პრეტენზიას გამოთქვამს, მას თავიდან იშორებენ.

დღევანდელი საქართველოს სასამართლოსა და რუსული მოსყიდული და მართული სასამართლოს მსგავსების  ნათელი მაგალითი მინდა გაჩვენოთ ანა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან – ჟურნალისტი იძიებს გაოლიგარქებული კრიმინალის, ვინმე ფედულიევის საქმეს, რომელმაც “ურალხიმაშის” აქციათა პაკეტი გაყიდა, მილიონები აიღო, მაგრამ მოსყიდული და მართული სასამართლოს დახმარებით უკან დაიბრუნა. ეს სქემა რამდენიმეჯერ გაიმეორა სხვადასხვა კომპანიის აქციებით ვაჭრობისას. წიგნის ერთ მონაკვეთს დაგიკოპირებთ, სადაც მოთხრობილია:
“(ფედულიევმა) მოისურვა, რომ უკან დაებრუნებინა ის, რის სანაცვლოდაც უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე მილიონი დოლარი და განაცხადა: არ მაინტერესებს, სათანადო რეგისტრაცია არ ყოფილა, შეთანხმება უკანონოა. ბალაშოვმა (მოსყიდულმა და მართულმა მისამართლემ) მაშინვე ხელი მოაწერა ფედულიევისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: ფედულიევი მართალია. აქციათა პაკეტი, რომელიც გაყიდა, სინამდვილეში კვლავაც მას ეკუთვნის, მყიდველმა ფულის დაბრუნების გარეშე უკან უნდა გადასცეს აქციები.” ერთი ტელევიზიის, ოლიგარქის, მართული სასამართლოსი და ყოფილი მფლობელის ამბავს ხომ არ გახსენებთ? თან ტელევიზიის, რომელიც არც არასოდეს ყოფილა ამ ვითომ მფლობელის? არადა ეს ამბავი საქართველოში ხდება, ჩვენ თვალწინ. ადგილობრივი ოლიგარქი რუსი ოლიგარქების გამოცდილებას ეყრდნობა.

ნორდ-ოსტის ტერაქტისას პუტინის გაცემული ბრძანებით დაიწყო შტურმი და გამოიყენეს გასაიდუმლოებული მომწამვლელი აირი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. შეტევისას ძალოვნებმა მოკლეს ერთ-ერთი ტყვე, რომელსაც შუბლი შტურმისას შესულმა სამხედროებმა გაუხვრიტეს, მაგრამ მის შესახებ არც ერთ ანგარიშში არ წერია და საქმეშიც ისე ჩანს, თითქოს ბიჭი არც კი ყოფილა თეატრში. არადა დედასთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად იყო მისული. გააფთრებული ძებნისას ერთ-ერთ მორგში აღმოჩენილს გახვრეტილი შუბლი ცვილით ჰქონდა ამოვსებული, თითქოს ოჯახი ვერ მიხვდებოდა, რა მოხდა. გრაფა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ეთმობა, ცარიელია. არანაირი პასუხი, არანაირი პატივისცემა, არანაირი ბოდიში. პუტინის ძალოვნები ხომ არასოდეს ცდებიან? ეს ბიჭი შტურმისას თეატრში არ ყოფილა. ის მსხვერპლთა სიაშიც კი არაა.
იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმს არ სურდა, გაემხილა შტურმისას გამოყენებული აირის შემადგენლობა, ვერ მოხდა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, არავინ იცოდა რით ემკურნალათ. აირით მოწამლულები იტანჯებოდნენ და მათი დახმარება არავის შეეძლო. მოწამლულთა უმრავლესობა გარდაიცავალა, მხოლოდ იმიტომ, რომ აირის შემადგენლობის გამხელა არ მოისურვეს ძალოვნებმა!

ბესლანი – პირველ სექტემბერს სკოლაში მისული და ტერორისტების მიერ დატყვევებული ხალხი და პუტინის ბრძანების შემდეგ ერთიანად ამოხოცილი ტერორისტებისა და ტყვეების გორები. სკოლაში ათასზე მეტი ადამიანი იყო მისული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოკლეს. პუტინის ძალოვნები კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილ ტყვეთა რიცხვი 400-ს არ სცდება. საბუთებში კი 600-ზე მეტი გარდაცვლილი ტყვე უბრალოდ გამქრალია .. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, ისინი საბუთების მიხედვით სკოლაში არც ყოფილან.. პუტინი – ტერორისტების დამმარცხებელი გმირი! დანარჩენი ყველაფერი სტატისტიკაა.. სისხლიანი სტატისტიკა.

რატომ მოხდა ტერაქტები? ანას აქვს პასუხი:
“საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უსიტყვოდ შეუნდო საკუთარ მთავრობას ჩეჩნეთში მომხდარი და ირონიულად უგულებელყოფდა იმ აზრს, რომ ეს ყოველივე შეიძლება ბუმერანგივით უკან დაგვბრუნებოდა, რომ ხელისუფლება, რომელიც მიეჩვია მსგავს ქმედებებს ერთ რეგიონში, აღარ მოისურვებდა გაჩერებას და იმ ხალხის ნებისყოფასაც გამოსცდიდა, რომლებიც სულაც არ ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში”. და ბუმერანგი დაბრუნდა..

მაგრამ არც პუტინი გაჩერებულა. არც ჩვენ ვცხოვრობთ ჩეჩნეთში და არც უკრაინელები.. ვინ იქნება შემდეგი? ანას წიგნი სავსეა გვამებით, ვერც კი დათვლით რამდენია. მაგრამ პუტინს ეს ყველაფერი შერჩა. არ მინდა, ჩემს ბლოგზე დავწერო იმ სიმხეცეზე, რასაც ჩეჩნეთში სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომელთაც არავინ სჯიდა ქალების გაუპატიურებისა და დახოცვის გამო.. ეს თვითონ უნდა წაიკითხოთ “პუტინის რუსეთში”..

“რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, “ნორდ-ოსტში” გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო.”
ანას რომ ეცოცხლა ამ სიას საქართველოსა და უკრაინის ომები აუცილებლად მიემატებოდა..

წარმოიდგინეთ, რა ცხოვრება განვლო ანა პოლიტკოვსკაიამ?
მთელი ცხოვრება შესწირა სიმართლის ძიებას. შეგიძლიათ, ერთ წამით წარმოიდგინოთ, რამდენი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა ეს წიგნი? მან მახინჯ სისტემას ნაკუწ-ნაკუწ გამოსძალა ინფორმაცია, გამოიძია, გამოიკვლია უამრავი დეტალი და ფაქტი, მივიდა პირადად ყველა თვითმხილველთან, რომელიც ააშკარავებს და აშიშვლებს რეჟიმს. პოლიტკოვსკაია არის რუსეთის პატრიოტი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა რუსეთის უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც აწუხებდა, რომ ფულით ყველაფერს ყიდულობენ, აწუხებდა მართული მოსამართლეები, თავგასული ოლიგარქები, გამდიდრებული ყაჩაღები, რომლებიც შემდეგ პარლამენტის ტრუბუნებიდან მორალს უკითხავენ ერს. ანას ხანმოკლე ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა.

მეგობრებო, წაიკითხეთ ეს წიგნი, გთხოვთ.
წაიკითხეთ და იცოდეთ, რომ პუტინი ჩვენი ქვეყნის მტერია, თითოეული ჩვენგანის მტერია. ის მტერია დასავლური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის. მისი ადგილი მშვიდობიან მსოფლიოში არ არის.

და გახსოვდეთ: #putinkhuilo

MiNi Library
facebook
goodreads

გზა თავისუფლებისაკენ

%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3
გზა თავისუფლებისაკენ (საუბრები კახა ბენდუქიძეთან)
ავტორი: ვლადიმირ ფედორინი
გამომცემლობა: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა

“დაიცავი საკუთარი უფლებები, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, იბრძოლე იმისთვის, რაც გაღელვებს. გჩაგრავენ – იბრძოლე, რამე არ მოგწონს – იბრძოლე.
უფლებებს მხოლოდ ბრძოლაში მოიპოვებ.”-
კახა ბენდუქიძე
სწორედ ეს სიტყვები წერია ვლადიმირ ფედორინის წიგნის უკანა ყდაზე და ვთვლი, რომ ნებისმიერი მიზანდასახული და თავისუფალი ადამიანისათვის ბენდუს ეს სიტყვები ცხოვრებისეული კრედო უნდა იყოს.

ეს წიგნი ერთი დიდი ინტერვიუა კახასთან. კითხულობ და წარმოიდგენ მის სახეს, მიმიკას, ქცევას და მისი ხმა ჩაგესმის, ნათლად ხედავ, როგორ გესაუბრება. როგორი ინტონაციით სცემს პასუხს კითხვებს, გეცინება ხუმრობებზე და გული გწყდება, რომ ის ჩვენ გვერდით აღარაა. ფორბსის ჟურნალისტი ფედორინი და კახა საუბრობენ ყველაფერზე: რა გარემოში იზრდებოდა კახა, როგორი მშობლები ჰყავდა, როგორ წავიდა რუსეთში, როგორ სწავლობდა ბიოლოგიას და როგორ ცხოვრობდა სხვისი სახელით და გვარით საერთო საცხოვრებელში, როგორ მოხვდა ბიზნესში საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და როგორ მიხვდა  სხვებზე ადრე, როგორ ეცურა მღვრიე წყალში. კახა როგორც ყოველთვის ძალიან კარგი რესპოდენტია და სრულიად ღიად საუბრობს წარმატებებსა და დაშვებულ შეცდომებზე, წარსულზე, მომავალ იდეებზე, გუნდზე.. ერთი სიამოვნებაა ასეთი წიგნის კითხვა. ძალიან კარგად აღწერს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილ ეკონომიკურ ვაკუუმს და რეფორმებს, რომელშიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას რუსეთში. საუბრობს საბჭოთა კავშირში არსებულ აბსურდულ რეგულაციებსა და დოქტრინებზე. ამ წიგნის ყველა სტრიქონი ძალიან დიდ ინფორმაციას იძლევა.

არამგონია, საქართველოში ცხოვრობდეს ზრდასრული ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვინ არის კახა ბენდუქიძე – რეფორმატორი, მინისტრი, ბიზნესმენი, უნივერსიტეტის დამაარსებელი, მაგარი იუმორის მქონე ადამიანი, იუდა, მდინარეების კალაპოტების გამყიდველი, ძალიან მაგარი რესპოდენტი, მოუმზადებელი ჟურნალისტების ღამის კოშმარი, მემარჯვენე იდეების გენერატორი და უბრალოდ, ბრწყინვალე გონების ადამიანი. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რეალურად საიდან მოვიდა კახა, რა გზა გაიარა, რას მიაღწია და რამხელა მასშტაბების მოაზროვნე იყო მთელი მსოფლიოსათვის. ეს წიგნი აუცილებლად შეგიქმნით წარმოდგენას თუ რამხელა ადამიანთან გვქონდა შეხება და რა გზა გამოიარა ჩვენამდე.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, საქართველოს ყველა შეგნებული ადამიანის კაბინეტში სამუშაო მაგიდას უნდა ამშვენებდეს ეს წიგნი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ: ბიზნესმენი, საჯარო მოხელე, დაქირავებული პროფესიონალი – ეს წიგნი გასწავლის მთავარს – შენი ცხოვრების მიზნად დაისახო სხვებისთვის ცხოვრების გაადვილება. წიგნის წაკითხვის შემდეგ ნათლად დაინახავთ, როგორ მუშაობდა კახას იდეები და რამდენად გაგვიმარტივა ამ ადამიანმა ცხოვრება. უამრავი წვრილმანი რეგულაცია, სულელური გადასახადები, შეზღუდვები, საბუთები, ფურცლები, ბიუროკრატიული მონსტრი უბრალოდ ერთი ხელის მოსმით მოგვაშორა ყველას. აი თუნდაც ერთი მაგალითი ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე: კახას მიერ აღებული კურსი და ინიცირებული კანონი რომ შეენარჩუნებინა ახალ ხელისუფლებას და 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაჩქარებული წესით არ შეეცვალა კანონი – 2014 წლის პირველ იანვარს საშემოსავლოს გაასახადი 20-დან 15%-მდე დაიწევდა, ხოლო 2015 წლის პირველი იანვრიდან სულაც 10% გახდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ შეცვალეს ეს კანონი და რატომ არ ვიხდით დღეს 10%-ს 20%-ის ნაცვლად?! ჩემ წარმოსახვაში ბენდუ საყვარელი პუტკუნა რაინდია, რომელსაც ეზიზღება ფურცლები, საბუთები, უაზრო კანონები, რეგულაციები და შეზღუდვები და დადის დიდი მაკრატლით, რომ ეს ყველაფერი გაანადგუროს :)))

იმედია, ეს წიგნი გახდება დასაწყისი სერიისა, რომელიც უნდა უყვებოდეს მოზარდებს, რას წარმოადგენდა უთავბოლო ბიუროკრატია, რა რეგულაციები გუდავდა ეკონომიკას და რა შეიცვალა კახას იდეების დანერგვის შემდეგ. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რამდენი რამ შეიცვალა და ვფიქრობ, ყველა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, სად ვიყავით, რომ აღარასოდეს მისცენ ვინმეს უფლება, უკან დაგვაბრუნონ. კახამ დატოვა მემკვიდრეობა, რომლის მოფრთხილება და ხელშეწყობა ყველა ქართველის ვალია.

კახა და ვლადიმირი საუბარში ახსენებენ უამრავ ტერმინს, იტორიულ ფაქტს, საინტერესო ინფორმაციას, რომლის დაგუგვლაც მიხდებოდა და უამრავი ახალი რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი. ბენდუქიძე მოულოდნელად რომ არ გარდაცვლილიყო, დარწმუნებული ვარ, ეს უზომოდ სანტერესო წიგნი ბევრად უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო იქნებოდა.

მინდა, საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო ბენდუს გოგონას, მემკვიდრეს, ნასწიას, რომლის უდიდესი სურვილიც იყო ამ წიგნის ქართულად თარგმნა. წარმატებას ვუსურვებ მას და ცოდნის ფონდს. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გააგრძელებს მამის დაწყებულ საქმეს ❤

%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9cMiNi Library

facebook
goodreads