პუტინის რუსეთი

%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2

პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
გამომცემლობა არტანუჯი

ეს წიგნი 2004 წელს ბრიტანეთში გამოიცა. მალევე ითარგმნა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ…
წიგნი რუსეთში არ გამოცემულა…
ანა პოლიტკოვსკაია ლიფტში მოკლეს 2006 წელს, როცა ჩეჩნეთის ლიდერზე დაიწყო 
მამხილებელი მასალების მოძიება..
ზემოთ ნათქვამიც საკმარისია, რომ ეს წიგნი ახლავე წაიკითხოთ.

უამრავი სათქმელი დამიგროვდა, რაც მინდა, რომ მოგიყვეთ ამ წიგნის შესახებ.. მაგრამ ბოღმისგან და ბრაზისგან სავსე გული ყელში მებჯინება და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. არ მასვენებს ერთი ძალიან, ძალიან აკვიატებული კითხვა: ამ ყველაფრის მერე, ჩვენს ქვეყანაში არც თუ ცოტაა ადამიანი, ვინც დიდი სიხარულით მიგვაერთებდა რუსეთს და უნამუსოდ ღაღადებენ პუტინის სიდიადესა და კაი ადამიანობაზე! და ვინ? პოლიტიკოსები, სამღვდელოება, ხელოვანები, რიგითი ადამიანები და ვინ არა? ძალიან, ძალიან მინდა, ამ ადამიანებმა აიკრან ბარგი-ბარხანა და ერთად გადასახლდნენ პუტინის რუსეთში, იმ რუსეთში, სადაც ანა პოლიტკოვსკაიასნაირ მართალ ადამიანებს ასე უსწორდებიან, სადაც სამართალი და სამართლიანობა ერთი ადამიანის სატელეფონო ზარზეა დამოკიდებული, სადაც თუ ფული გაქვს, ყველაფრის უფლებას ყიდულობ და ყველაფერი გაგდის.

ანა პოლიტკოვსკაიამ თავი გაწირა იმისთვის, რომ მე, შენ და საერთოდ ყოველ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, ვინ არის რეალურად პუტინი და რას წარმოადგენს მის მიერ მართული ქაოსი. ამ წიგნის წაკითხვის მერე მიხვდები, რამდენად მცდარი ინფორმაცია აქვთ საქართველოს რიგით მოქალაქეებს რუსეთის შიდა ცხოვრების შესახებ. ვინ არის პუტინი? ადამიანი, რომელმაც სამჯერ გაისეირნა წითელ ხალიჩაზე კრემლში და სამჯერ მოირგო რუსეთის იმპერიის გვირგვინი თავზე. ადამიანი, რომელსაც კისერზე აწევს ჩეჩნეთის სისხლისღვრა, “ნორდ-ოსტისა” და “ბესლანის” სასაკლაო, ლიტვინენკოს მკვლელობა, პოლიტკოვსკაიას და სხვა კიდევ უამრავი სისტემისათვის მიუღებელი ადამიანის მკვლელობა, 2008 წლის საქართველოს ომი, ყირიმის ანექსია და ომი უკრაინაში, უამრავი დახოცილი ადამიანი სირიაში, თანამშრომლობა ტერორისტებთან და რუსეთის ათასობით რეპრესირებული მოქალაქის ცოდვა.. პუტინის სახეა სასამართლო, რომელიც არ იცავს მოქალაქეების სიმართლეს და ოლიგარქების მიერ მართული  პოლიცია, რომელიც არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს..

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ელცინის მმართველობით იმედგაცრუებული მასის მოთხოვნა “ძერჟავის” ძალაუფლების აღდგენა იყო. ხალხმა მოითხოვა იმპერატორი, რომელიც ახალ საბჭოთა კავშირს შექმნიდა და მიიღო კაგებეს პოდპოლკოვნიკი პუტინი. საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ტრანსფორმირდნენ და იქცნენ პუტინის რუსეთის სისტემის მსახურებად. იმ სისტემის, რომელიც შემდეგ მათვე ანადგურებს. პუტინის საბჭოთა რეალობა დგას სისხლსა და რეპრესიებზე და უმეტესობა ჩვენგანმა ამის შესახებ არ იცის. საით მიდის რუსეთი? ანას ასეთი პასუხი აქვს: “ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად მიზნების გარეშე.”

ეს წიგნი არ არის მხატვრული ლიტერატურა და მასში ვერ ნახავთ ავტორის თვალსაზრისს, მოსაზრებებსა და შელამაზებულ ისტორიებს. ეს არის დოკუმენტალური პროზა, ფაქტები აკინძული წიგნად. თაროზე შემოდებული და მიჩქმალული სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც პუტინის რუსეთმა დამალა და საკუთარ ხალხს არ აჩვენა. ეს წიგნი არის სისხლში ამოსვრილი ხელები, რომელსაც პუტინი ზურგს უკან მალავს.

ეს ასევე არის წიგნი რიგით ადამიანებზე, რომლებიც სისტემამ გატეხა და გაწირა, რომლებიც პუტინის რუსეთის ტყვეებად იქცნენ.. მაგალითად: სამხედრო მზვერავი, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ომები გამოარა, აქვს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა  ძალიან ბევრ სამხედრო კამპანიაში, საიდუმლო ოპერაციაში, გადაურჩენია ადამიანები, ებრძოდა მტრებს – ეს არის ადამიანი, რომელმაც სამხედრო სამსახურის გარეთ არ იცის, როგორ იცხოვროს თავის ერთადერთ შვილთან ერთად. ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ჯილდო და ღირსება, მაგრამ არ აქვს საკუთარი სახლი. როდესაც ამაზე დაიჩივლებს და პრეტენზიას გამოთქვამს, მას თავიდან იშორებენ.

დღევანდელი საქართველოს სასამართლოსა და რუსული მოსყიდული და მართული სასამართლოს მსგავსების  ნათელი მაგალითი მინდა გაჩვენოთ ანა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან – ჟურნალისტი იძიებს გაოლიგარქებული კრიმინალის, ვინმე ფედულიევის საქმეს, რომელმაც “ურალხიმაშის” აქციათა პაკეტი გაყიდა, მილიონები აიღო, მაგრამ მოსყიდული და მართული სასამართლოს დახმარებით უკან დაიბრუნა. ეს სქემა რამდენიმეჯერ გაიმეორა სხვადასხვა კომპანიის აქციებით ვაჭრობისას. წიგნის ერთ მონაკვეთს დაგიკოპირებთ, სადაც მოთხრობილია:
“(ფედულიევმა) მოისურვა, რომ უკან დაებრუნებინა ის, რის სანაცვლოდაც უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე მილიონი დოლარი და განაცხადა: არ მაინტერესებს, სათანადო რეგისტრაცია არ ყოფილა, შეთანხმება უკანონოა. ბალაშოვმა (მოსყიდულმა და მართულმა მისამართლემ) მაშინვე ხელი მოაწერა ფედულიევისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: ფედულიევი მართალია. აქციათა პაკეტი, რომელიც გაყიდა, სინამდვილეში კვლავაც მას ეკუთვნის, მყიდველმა ფულის დაბრუნების გარეშე უკან უნდა გადასცეს აქციები.” ერთი ტელევიზიის, ოლიგარქის, მართული სასამართლოსი და ყოფილი მფლობელის ამბავს ხომ არ გახსენებთ? თან ტელევიზიის, რომელიც არც არასოდეს ყოფილა ამ ვითომ მფლობელის? არადა ეს ამბავი საქართველოში ხდება, ჩვენ თვალწინ. ადგილობრივი ოლიგარქი რუსი ოლიგარქების გამოცდილებას ეყრდნობა.

ნორდ-ოსტის ტერაქტისას პუტინის გაცემული ბრძანებით დაიწყო შტურმი და გამოიყენეს გასაიდუმლოებული მომწამვლელი აირი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. შეტევისას ძალოვნებმა მოკლეს ერთ-ერთი ტყვე, რომელსაც შუბლი შტურმისას შესულმა სამხედროებმა გაუხვრიტეს, მაგრამ მის შესახებ არც ერთ ანგარიშში არ წერია და საქმეშიც ისე ჩანს, თითქოს ბიჭი არც კი ყოფილა თეატრში. არადა დედასთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად იყო მისული. გააფთრებული ძებნისას ერთ-ერთ მორგში აღმოჩენილს გახვრეტილი შუბლი ცვილით ჰქონდა ამოვსებული, თითქოს ოჯახი ვერ მიხვდებოდა, რა მოხდა. გრაფა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ეთმობა, ცარიელია. არანაირი პასუხი, არანაირი პატივისცემა, არანაირი ბოდიში. პუტინის ძალოვნები ხომ არასოდეს ცდებიან? ეს ბიჭი შტურმისას თეატრში არ ყოფილა. ის მსხვერპლთა სიაშიც კი არაა.
იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმს არ სურდა, გაემხილა შტურმისას გამოყენებული აირის შემადგენლობა, ვერ მოხდა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, არავინ იცოდა რით ემკურნალათ. აირით მოწამლულები იტანჯებოდნენ და მათი დახმარება არავის შეეძლო. მოწამლულთა უმრავლესობა გარდაიცავალა, მხოლოდ იმიტომ, რომ აირის შემადგენლობის გამხელა არ მოისურვეს ძალოვნებმა!

ბესლანი – პირველ სექტემბერს სკოლაში მისული და ტერორისტების მიერ დატყვევებული ხალხი და პუტინის ბრძანების შემდეგ ერთიანად ამოხოცილი ტერორისტებისა და ტყვეების გორები. სკოლაში ათასზე მეტი ადამიანი იყო მისული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოკლეს. პუტინის ძალოვნები კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილ ტყვეთა რიცხვი 400-ს არ სცდება. საბუთებში კი 600-ზე მეტი გარდაცვლილი ტყვე უბრალოდ გამქრალია .. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, ისინი საბუთების მიხედვით სკოლაში არც ყოფილან.. პუტინი – ტერორისტების დამმარცხებელი გმირი! დანარჩენი ყველაფერი სტატისტიკაა.. სისხლიანი სტატისტიკა.

რატომ მოხდა ტერაქტები? ანას აქვს პასუხი:
“საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უსიტყვოდ შეუნდო საკუთარ მთავრობას ჩეჩნეთში მომხდარი და ირონიულად უგულებელყოფდა იმ აზრს, რომ ეს ყოველივე შეიძლება ბუმერანგივით უკან დაგვბრუნებოდა, რომ ხელისუფლება, რომელიც მიეჩვია მსგავს ქმედებებს ერთ რეგიონში, აღარ მოისურვებდა გაჩერებას და იმ ხალხის ნებისყოფასაც გამოსცდიდა, რომლებიც სულაც არ ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში”. და ბუმერანგი დაბრუნდა..

მაგრამ არც პუტინი გაჩერებულა. არც ჩვენ ვცხოვრობთ ჩეჩნეთში და არც უკრაინელები.. ვინ იქნება შემდეგი? ანას წიგნი სავსეა გვამებით, ვერც კი დათვლით რამდენია. მაგრამ პუტინს ეს ყველაფერი შერჩა. არ მინდა, ჩემს ბლოგზე დავწერო იმ სიმხეცეზე, რასაც ჩეჩნეთში სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომელთაც არავინ სჯიდა ქალების გაუპატიურებისა და დახოცვის გამო.. ეს თვითონ უნდა წაიკითხოთ “პუტინის რუსეთში”..

“რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, “ნორდ-ოსტში” გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო.”
ანას რომ ეცოცხლა ამ სიას საქართველოსა და უკრაინის ომები აუცილებლად მიემატებოდა..

წარმოიდგინეთ, რა ცხოვრება განვლო ანა პოლიტკოვსკაიამ?
მთელი ცხოვრება შესწირა სიმართლის ძიებას. შეგიძლიათ, ერთ წამით წარმოიდგინოთ, რამდენი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა ეს წიგნი? მან მახინჯ სისტემას ნაკუწ-ნაკუწ გამოსძალა ინფორმაცია, გამოიძია, გამოიკვლია უამრავი დეტალი და ფაქტი, მივიდა პირადად ყველა თვითმხილველთან, რომელიც ააშკარავებს და აშიშვლებს რეჟიმს. პოლიტკოვსკაია არის რუსეთის პატრიოტი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა რუსეთის უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც აწუხებდა, რომ ფულით ყველაფერს ყიდულობენ, აწუხებდა მართული მოსამართლეები, თავგასული ოლიგარქები, გამდიდრებული ყაჩაღები, რომლებიც შემდეგ პარლამენტის ტრუბუნებიდან მორალს უკითხავენ ერს. ანას ხანმოკლე ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა.

მეგობრებო, წაიკითხეთ ეს წიგნი, გთხოვთ.
წაიკითხეთ და იცოდეთ, რომ პუტინი ჩვენი ქვეყნის მტერია, თითოეული ჩვენგანის მტერია. ის მტერია დასავლური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის. მისი ადგილი მშვიდობიან მსოფლიოში არ არის.

და გახსოვდეთ: #putinkhuilo

MiNi Library
facebook
goodreads

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s