რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
ავტორი: მარკ ჰედონი
სულაკაურის გამომცემლობა

შეფუთვის მიუხედავად, მინდა იცოდეთ, რომ ეს წიგნი საერთოდ არ მიმაჩნია საბავშვო რომანად. ის ბევრად რთული, საინტერესო და დამაფიქრებელია. გამიკვირდება, ბავშვმა ადვილად გაიგოს, რა პრობლემებს ეხება ავტორი.

წიგნი მოგვითხრობს ასპერგერის სინდრომის მქონე თხუთმეტი წლის კრისტოფერ ბუნის შესახებ, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ბავშვებისგან. მაგრამ ეს განსხვავება არ გამოიხატება მხოლოდ ასპერგერის სინდრომის ქონით, კრისტოფერი განსაკუთრებულად ნიჭიერი და ლოგიკურად მოაზროვნე ბიჭია: ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი; ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე; უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და აქვს მიზანი, ჩააბაროს მათემატიკის A დონის ტესტი და დაამტკიცოს, რომ ის ძალიან ძლიერია მათემატიკაში. მას უნდა გახდეს ასტრონავტი, ასტრონავტები კი ფიზიკასა და მათემატიკაში კარგად უნდა ერკვეოდნენ. კრისტოფერი ვერ იტანს ტყუილს და ყოველთვის ცდილობს გულწრფელი სიმართლე თქვას; კრისტოფერს უყვარს ცხოველები და კარგად ესმის მათი ქცევა, მაგრამ ადამიანების ემოციებსა და ქცევაში ბევრი არაფერი გაეგება. და ისევე, როგორც ამ სინდრომის მქონე სხვა ბავშვებს, კრისტოფერსაც აქვს თავისი შეზღუდვები: ვერ იტანს შეხებას – როცა ეხებიან, აგრესიული ხდება. არ უყვარს ყვითელი და ყავისფერი ფერები, მაგრამ ყვითელი ფერი უფრო მეტად. უყვარს წითელი ფერი და თუ სკოლისკენ მიმავალს გზად ზედიზედ 4 წითელი მანქანა შეხვდება, ესე იგი, სუპერ კარგი დღე ექნება. თუ 4 ყვითელი მანქანა შეხვდა, ესე იგი, ის დღე სუპერ ცუდი დღეა და უნდა მოერიდოს მნიშვნელოვანი საქმების კეთებას. კრისტოფერს ძალიან უყვარს შერლოკ ჰოლმსი და როდესაც მეზობლის საყვარელ ძაღლს მოკლავენ, იწყებს გამოძიებას, როგორც ნამდვილი დეტექტივი. ის გადაწყვეტს, ამ გამოძიების თემაზე წიგნი დაწეროს. სწორედ ამ წიგნს ვკითხულობთ ჩვენ.

მარკ ჰედონი ამ უზომოდ საინტერესო და საჭირო წიგნში ბავშვური უბრალო ჩვევებით ძალიან მარტივად გვიჩვენებს ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დანახულ სამყაროს და მათ წესებს. სამყაროს, როგორადაც ისინი მათ ხედავენ. წიგნს ხომ კრისტოფერი თვითონ წერს? პირველ პირში მოგვითხრობს, რა ხდება მის გარშემო, რას გრძნობს, რა სტკივა, რა აწუხებს, რას განიცდის, რას არ განიცდის, რას ფიქრობს გამოძიებასა და მათემატიკის ტესტზე და კიდევ უამრავი რამ. ძალიან საინტერესოა წიგნის თავების დასათაურება. ჩვენს მთავარ გმირს ხომ მარტივი რიცხვები უყვარს? ჰოდა, წიგნის თავები ასეა დანომრილი: 2, 3, 5, 7, 11,13, 17, 19, 23….. ესეც ერთ-ერთი აკვიატებათაგანია, რომელიც კრისტოფერს ახასიათებს.

ძაღლის მკვლელობის გამოძიების პროცესში კრისტოფერი ბევრ უცნაურ ამბავს შეიტყობს, მათ შორის ისეთებსაც, რომელიც ძაღლის მკვლელობასთან კავშირში არაა, მაგრამ უშუალოდ კრისტოფერს ეხება. იმისთვის, რომ გამოძიებამ წინ წაიწიოს, აიძულებს საკუთარ თავს, ესაუბროს უცხო ადამიანებს, რაც მას ძალიან არ უყვარს, მაგრამ საქმე მოითხოვს. გამოძიებისას შემთხვევით აღმოჩენილი საიდუმლო ყველაფერს თავდაყირა აყენებს. კრისტოფერის რეალობა ინგრევა. მის მიერ წლობით ნაგები სტაბილური წესები და ნდობა გარემოსადმი ერთ წამში იკარგება. სწორედ აქ იწყება ნამდვილი, ცხოვრებისეული გამოცდა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე მათემატიკის ურთულესი ტესტი..

ჩვენ გარშემო არის უამრავი განსხვავებული ადამიანი და ყველა მათგანს აქვს რაღაც ჩვევა, ყველას აქვს ამოჩემებული და საყვარელი ფერი, აკვიატებული ქცევა და სხვ. კრისტოფერისთვის კი მის მიერ დანახული სამყარო და წესრიგი უმნიშვნელოვანესია. მას აქვს წესები, მარტივი წესები, რომლებიც უყვარს. ეს წიგნი გვეხმარება, ვისწავლოთ ამ სინდრომის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, ნდობის მოპოვება, დამეგობრება, მათ მიერ დანახული სამყაროს აღქმა. ეს წიგნი უბრალოდ საუკეთესო სახელმძღვანელოა, რეალისტურია და საგნებს ამ სინდრომის მქონე მოზარდის ლოგიკით გვიხსნის. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მარკ ჰედონი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. სწორედ ამიტომაა ამ წიგნის მთავარი პერსონაჟის, კრისტოფერის ქცევა, ფიქრები, განცდები, ემოციები და გადაწყვეტილებები ასეთ ბუნებრივი და რეალისტური.

ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟია კრისტოფერის მამა – სანტექნიკოსი საშუალო შემოსავლით, შეიძლება არც თუ კარგი მეუღლე და მეზობელი, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი მამა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის კრისტოფერის წესები, ესმის შვილის განცდები და ცდილობს ყველანაირად გვერდში დაუდგეს. იცის, რომ მის შვილს უნდა მათემატიკის უმაღლესი დონის ტესტის გავლა და ყველაფერს აკეთებს, რომ კრისტოფერის ეს ოცნება რეალობად იქცეს.

ეს არის ერთი ამოსუნთქვით ჩასამთავრებელი წიგნი, აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული. კრისტოფერის მსგავსი ადამიანები ყველას გარშემო არიან: რთული ხასიათებით, აკვიატებებით, ძნელად გასაგები ლოგიკით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ადამიანების ლოგიკის დანახვა, ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა, ისინი ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან და ხშირად ბევრად უფრო ნიჭიერებიც, ვიდრე ჩვენ.

MiNi Library
facebook
goodreads

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s