წვრილმანების ღმერთი

%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9c

წვრილმანების ღმერთი
ვატორი: არუნდატი როი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

“ამიერიდან, ალბათ, ვერც ერთ სხვა ამბავს ვეღარავინ მოყვება ისე, თითქოს ქვეყნად ერთადერთი მოსაყოლი ამბავი იყოს”
[ჯონ ბერინჯერი].

სწორედ ამ ჯადოსნური სიტყვებით იწყება ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და ურთერთგამომრიცხავი ემოციების გამომწვევი წიგნი. საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნი წავიკითხე. რამდენჯერმე დავჯექი ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შემდეგ მივხვდი, რომ დრო უნდა გასულიყო, ეს ემოციები უნდა დაწმენდილიყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა რამის დაწერა. იმ ემოციებისა და შეგრძნებების ნაზავში ძნელი იყო გამერჩია, საით იხრებოდა ჩემი დასკვა – მომეწონა თუ არა? გარვეული პერიოდის შემდეგ გადავიკითხე სხვა მკითხველების აზრიც და აქაც უკიდურესობებს წავაწყდი, წიგნი ან ძალიან მოეწონათ, ან პირიქით, საშინლად არ მოეწონათ. სადღაც წამიკითხავს, რომ ნაწარმოები, რომელსაც შეუძლია მკითხველის პოლარიზება და გაყოფა, უდავოდ წარმატებულია. წიგნები, რომლებიც სათავეს უდებენ დაუსრულებელ დისკუსიებსა და მხარეებს აპირისპირებენ, არ შეიძლება იყოს წარუმატებელი. რაც შემეხება მე – დროის გასვლის შემდეგ, როცა ყველა ემოცია დაღვინდა და დალაგდა, დიახ, მომეწონა ეს წიგნი.

ეს არის წიგნი იმ კანონებზე, რომლებიც ადგენენ თუ ვინ უნდა გიყვარდეს და რაოდენ თავდავიწყებით. და ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა დაარღვიო ყველა ეს კანონი. ამ წიგნს აქვს თავისი უნიკალური სტრუქტურა. კითხულობ და ხედავ, როგორ ლაგდება ყოველი სიტყვა თუ წვრილმანი დეტალი ერთ დიდ სურათში. თითქოს წვრილმანი ნაწილებია, მაგრამ ყველა დიდ მნიშვნელობას ატარებს. ამ წიგნის ყოველი მონაკვეთი არის ერთი დიდი მოზაიკის შეუცვლელი ნაწილი.

რამდენიმე სხვა მკითხველის აზრის წაკითხვამ შემიქმნა გარკვეული მოლოდინი და ჩავთვალე, რომ “წვრილმანების ღმერთი” ცალსახად სიყვარულის თემას ეხებოდა. შესაბამისად, წინასწარვე ჩამომიყალიბდა შეგრძნება, რომ ამ წიგნში კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასიყვარულო ამბავის შესახებ უნდა წამეკითხა. წიგნის დამთავრებისას ჩემი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებიც შეიძლება ამ არასწორ მოლოდინებს დავაბრალოთ. იმედია, ეს ბლოგი იგივე შეცდომისგან დაგიცავთ.

ეს წიგნი არ არის ცალსახად სიყვარულზე. მე თუ მკითხავთ, აქ ტრაგედია უფრო მეტია, ვიდრე სიყვარული. ერთი მხრივ, ესაა ისტორია აკრძალულ სიყვარულზე, რომელსაც ტრაგედიის გარდა სხვა დასასრული ვერ ექნება. მეორე პარალელური ისტორია კი სათავეს იღებს მრავალი წლის წინ მომხდარი ტრაგედიიდან და ბოლოს იფეთქებს სიყვარულად – აკრძალულ, მაგრამ მაინც უდიდეს გრძნობად. თუმცა ეს მაინც არაა ყველაფერი. სიყვარულის ამ ისტორიებს გარს აკრავს სასწაულად დეტალურად აღწერილი სამყარო, ჩუმი და ერთფეროვანი გარემო, მამაჩისა და პაპაჩის ხასიათები, ძველი და ნესტისგან გაჟივებული სახლი, გარშემო ბუნება, მდინარე, საზოგადოების კასტებად გამყოფი მკაცრი საზღვრები, ხალხის აზრი, პოლიტიკა, ბიზნესი და უამრავი წვრილმანი, რომელიც ხშირად უდიდეს როლს ასრულებს. არ შეიძლება, ეს წიგნი წაიკითხოთ და პროტესტი არ გაგიჩნდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ქვეყანაშიც “საზოგადოებრივი აზრი” ხშირად ყველაზე დიდი მარწუხია თავისუფლების გზაზე. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ გარშემო არსებული “საზოგადოებაც” ცდილობს დაგვიდგინოს წესები, რომლებსაც თავისუფლების მოყვარულები ფეხქვეშ გათელავენ. ეს წიგნიც სწორედ ასეთია: გასწავლის და გაჩვენებს, როგორ უნდა გადათელო “საზოგადოების” მიერ აშენებული ღობეები და შეზღუდვები და მიიღო ის, რისკენაც ისწრაფვი..

აქ შევჩერდები. ეცადეთ, წიგნი ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე წაიკითხოთ.

ალბათ, დრო მოვა და ამ რომანს კიდევ წავიკითხავ, როცა სხვა ასაკში ვიქნები, როცა ცხოვრება გარშემო შეიცვლება და როცა მექნება იმის მზაობა, რომ “წვრილმანების ღმერთში” სხვა ბევრი დამალული პატარა დეტალი აღმოვაჩინო და ვისიამოვნო.

ძალიან გამიხარდება, თუ გვეტყვით, თქვენ რას ფიქრობთ ამ რომანზე. რატომ მოგეწონათ? ან რატომ არ მოგეწონათ?

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

ზღვამიწეთის ჯადოქარი

%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1

ზღვამიწეთის ჯადოქარი
ავტორი: ურსულა კ. ლეგუინი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

თუ როდესმე დაგისვამთ შეკითხვა, საიდან დაიწყო ფენტეზი ისეთ სახით, როგორიც დღეს გვიყვარს (თუ არ ჩავთვლით ბეჭდების მბრძანებელს) და როგორ დაიბადა იდეა ჰარი პოტერსა და ქარის სახელზე, სწორედ ეს წიგნია პასუხი. გენიალურმა ურსულა ლეგუინმა 1968 წელს შექმნა ზღვამიწეთის ჯადსნური სამყარო, ჯადოქრობის სკოლით, შელოცვებით და ჭირვეული, უნიჭიერესი ჯადოქარი ბიჭით; სამყარო, სადაც სახელების ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძნელად წარმოსადგენია, რა გზით წავიდოდა და განვითარდებოდა ფენტეზის ჟანრი, რომ არა ურსულას “ზღვამიწეთის ციკლის” წიგნები. თუ ვინმე იმსახურებს ფენტეზის დედის სახელს, ეს სწორედ ურსულა ლეგუინია.

ზღვამიწეთის რუკა (დიდი ზომის რუკის ჩამოსატვირთათ დააწკაპეთ აქ):
%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%98

მოვლენები სწორედ ამ სამყაროში ვითარდება. ეს რუკა ავტორმა თვითონვე დახატა. წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა ბიჭი გედია, რომელსაც ჯადოქრობის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდება. ნიჭს კი სწორედ მაშინ აღმოაჩენს საკუთარ თავში, როცა მის მშობლიურ სოფელს თავს დაესხმებიან სხვა კუნძულელი მეკობრეები. გედი ჩაიდენს იმას, რასაც არავინ ელის მისგან. თავისდაუნებურად გედი შეძლებს, სოფელს აარიდოს სასტიკი თავდასხმა. ნორჩი ჯადოქრის ამბით ზღვამიწეთის ერთ-ერთი უდიდესი ჯადოქარი ინტერესდება, რომელიც მომავალში გედის მასწავლებელი და მეგობარი გახდება. სწორედ აქ იწყება გედის გზა დიდი ჯადოქრობისკენ, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო, დაძაბულ და გონებამახვილურ თავგადასავალს გვპირდება.

თუმცა ყველაფერისდა მიუხედავად გედი მაინც პატარა ბიჭია, თავისი სიჯიუტით, გამოუცდელობით, გაჯიბრებისა და მუდმივად რაღაცის დამტკიცების სურვილით. და ისევე, როგორც ყველა ბიჭი ახალგაზრდობაში, გედიც უშვებს შეცდომებს. მას უწევს საკუთარ შეცდომებზე პასუხის გება და უპირისპირდება ძალას, რომელიც თვითონვე შექმნა – საკუთარი თავის ბნელ მხარეს; საკუთარი თავის ნაწილს, რომელსაც ვერც ჩამოიშორებ და ვერც სამუდამოდ დაამარცხებ, მაგრამ შეგიძლია მუდმივად აკონტროლო.

წიგნი სწრაფად და მსუბუქად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, გამყოფებს მუდმივად დაძაბულობაში და შეუძლებელია, მოწყდე. შვილები რომ მყავდეს, აუცილებლად ვურჩევდი ამ წიგნის საკითხვას, რადგან ჯადოქრობაზე მეტად ეს წიგნი ადამიანის ბუნებაზეა, ადამიანის ხასიათსა და მუდმივ ბრძოლაზე საკუთარი უარყოფითი თვისებების წინააღმდეგ. ეს არის წიგნი, სადაც ნათლად ჩანს, რამხელა ომი უწევს ადამიანს საკუთარი მეორე მეს, ბნელი მხარის დასამორჩილებლად. ურსულა გვიჩვენებს, რა ადვილია დაუფიქრებლობის, წინდაუხედაობისა და ბავშვური გამოუცდელობის გამო შეცდომის დაშვება და რამდენი ძალისხმევაა საჭირო ამ შეცდომის გამოსასწორებლად.

განსაკუთრებით დადებითი ისაა, რომ ზღვამიწეთის სამყაროში არ არის ომები, არ არიან ჯარისკაცები, არმიები, არავინ ხოცავს ერთმანეთს, არავინ იბრძვის ტერიტორიებისათვის. შესაბამისად, ბევრი სხვა წიგნისაგან განსხვავებით მთავარი ბრძოლა არა “მტრებთან”, არამედ საკუთარ თავთან აქვს მთავარ გმირს. დღევანდელ სამყაროში იშვიათია ისეთი წიგნები, რომლებიც კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებას ძალადობის, ხოცვა-ჟლეტისა და ომების გარეშე გადმოგვცემს. ესეც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ და წააკითხოთ თქვენს შვილებს.

ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ გედი არაა თეთრკანიანი პერსონაჟი. ბოლოსიტყვაობაში ავტორი წერს: “1967 წელს თეთრკანიან მკითხველთა უმრავლესობა მზად არ იყო ყავისფერკანიანი გმირის მისაღებად.. ეს საკითხი წინა პლანზე არ წამომიწევია და როდესაც წიგნის კითხვისას საკმაოდ წინ წახვალთ, მხოლოდ მაშინ ხვდებით, რომ გედი, სხვა პერსონაჟების უმეტესობის მსგავსად, თეთრკანიანი არაა… გედს სპილენძისფერ-მოყავისფრო კანი აქვს, მის მეგობარ ვეჩს – შავი. ამით რასისტულ ტრადიციას წიხლს ვკრავდი.”

ცალკე ქებას იმსახურებს ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი – გედი სწორედ იმ ფერადაა დახატული, როგორიც ურსულას წარმოედგინა და მისი აჩრდილი, რომელიც კვალად მიჰყვება გედის იდეალურად გადმოსცემს წიგნის მთავარ პასაჟს. იდეალური ნამუშევარია!

ზღვამიწეთის ციკლი 6 წიგნისგან შედგება: ზღვამიწეთის ჯადოქარი, ატუანის აკლდამები, უშორესი ნაპირი, ტეპანუ, ზღვამიწეთის თქმულებანი და სხვა ქარი. გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ფარგლებში გამოსცემს მომდევნო ნაწილებსაც.

MiNi Library

facebook
goodreads