ყველა ნათელი ადგილი

%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98

ყველა ნათელი ადგილი
ავტორი: ჯენიფერ ნივენი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყურადღება: პოსტი შეიცავს სპოილერებს!

საკმაოდ რთულია ისაუბრო თინეიჯერულ წიგნზე, როცა თინეიჯერობის ასაკს დიდი ხანია გასცდი. მაგრამ ვთვლი, რომ პრობლემები, რომელზეც ჯენიფერ ნივენი წერს, არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ასაკობრივ ჯგუფს. აქვე ვიტყვი, რომ წიგნი ძალიან მომეწონა, უმეტესწილად იმიტომ, რომ ძალიან ემოციურია. წიგნები, რომელსაც შეუძლია, აგატიროს, აგაღელვოს, შენში მძაფრი ემოციები გამოიწვიოს, ჩაგაფიქროს, ყოველთვის იმსახურებს ყურადღებას. ცუდი წიგნები ყველაფერ ამას ვერ იწვევენ.

წიგნი მოგვითხრობს ორი თინეიჯერის – თეოდორ ფინჩისა და ვაიოლეტ მარკის უცნაურ და გიჟურ სასიყვარულო თავგადასავალზე. ფინჩი და მარკი ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. მომხიბვლელი და სკოლაში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული მოსწავლე, ვაიოლეტ მარკი დასთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა. ის გადარჩა, მაგრამ მისი უფროსი და ვერა. ვაიოლეტი თავს დამნაშავედ გრძნობს, ავტომობილით იმ გზით წასვლა რომ შესთავაზა უფროს დას. ეს დანაშაულის შეგრძნობა იმდენად მძაფრდება, რომ ერთ დღესაც გოგონა მაღალი შენობის კიდესთან დადგება. ორი განათლებული, თავისუფალი და მოაზროვნე ახალგაზრდა ერთმანეთს თვითმკვლელობის მცდელობის დროს გაიცნობს. თეოდორმა იცის, რომ სიბნელე, რომელიც  მენტალური დაავადების გამო მუდამ თან სდევს, ადრე თუ გვიან მას ჩაყლაპავს, თუმცა ვაიოლეტ მარკის გამოჩენა, ამ სიბნელეს დროებით ფანტავს და სწორედ სიბნელის გაფანტვიდან მის დაბრუნებამდე პერიოდში ვითარდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ისტორია, რომელიც სიბნელის დადგომის შემდეგაც ძალიან ორიგინალური ხერხებით აგრძელებს არსებობას და დარწმუნებული ვარ, ემოციების აფეთქების გარეშე ამ წიგნის კითხვას ვერ დაასრულებთ.

მაგრამ..
ჩემი აზრით, სიყვარულის არანორმალური და გიჟური ისტორიის მიღმა ბევრად უფრო რთულ პრობლემას ეხება ავტორი: ბულინგს სკოლაში და სუიციდის სურვილს თინეიჯერებში.

თეოდორ ფინჩის მდგომარეობა ბევრის აზრით ძალიან გაზვიადებულია, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ მისი მსგავსი სულიერი მდგომარეობის ადამიანები ბევრნი არიან ჩვენ გარშემო. ვისაც ამის არ სჯერა, ან თავს იტყუებს, ან რეალობაზე თვალს ხუჭავს. იმის გათვალისწინებით თუ რამდენმა ახალგაზრდამ ჩაიდინა სუიციდი ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფინჩის პერსონაჟი საკმაოდ რეალისტურია. ქართული საზოგადოებისათვის ბულინგი ყოველდღიური გასართობია და სწორედ ამ “საზოგადოებამ” და “საზოგადოებრივმა აზრმა” არაერთი ადამიანი მიიყვანა რთულ გადაწყვეტილებამდე. არ გინახავთ თქვენს სკოლებში აბუჩად აგდებული ბავშვები? კლასელების მიერ დაჩაგრულები მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების მსგავსები არ იყვნენ? მასაში რომ ვერ ეწერებოდნენ და ამის გამო, მუდმივად ზეწოლის ქვეშ იყვნენ? რატომ უარყოფთ პრობლემას, რომელიც არსებობს? ფინჩიც ჩვეულებრივი ბულინგის მსხვერპლია. სიბნელე, რომელსაც მის თავში ფესვები ისედაც გადგმული ჰქონდა, გაძლიერდა მას შემდეგ, რაც თანატოლებმა ზურგი აქციეს, ფრიკი შეარქვეს (ასე ეძახიან კლასელები თეოდორ ფინჩს და ნიშნავს: ნარკომანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ჰალუცინოგენურ ნარკოტიკს 2) ჰალუცინირება; მძიმე რეაქციის გამოწვევა ნარკოტიკის მიღების შემდეგ. ჟინი, ჟინიანობა, ახირება; ცუდი საქციელი; ცელქობა, სიცელქე; მახინჯი, გონჯი), დაცინვის ობიექტად აქციეს და გარიყეს. სულაც რომ ჯანმრთელი ფსიქიკით დაიბადო ადამიანი, წლების განმავლობაში მსგავსი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან აუცილებლად დაამჩნევს ნებისმიერს უარყოფით კვალს. ასე რომ, ფინჩის პერსონაჟის რეალურობას ვინც ეჭვქვეშ აყენებს, ვურჩევ, ამ კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ სცადონ შეფასება.

ბევრი მკითხველის აზრი წავიკითხე ამ წიგნის შესახებ. მათი გარკვეული ნაწილი ამტკიცებდა, რომ პერსონაჟები არაბუნებრივები იყვნენ, რომ პრობლემა თითიდან გამოწოვილია, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება და სხვ. და ვინ თქვა, რომ წიგნი აუცილებლად რეალურ პერსონაჟებზე უნდა იყოს? ეს რა, დოკუმენტური პროზაა? თუკი ავტორი ცდილობს რაღაც პრობლემაზე ღიად საუბარს და ამისთვის არაბუნებრივად მძაფრ განცდებსა და ხასიათებს აწერს პერსონაჟებს, ცუდია? თეოდორ ფინჩი ძალიან მომეწონა. ჩემი კლასელი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მომინდებოდა მასთან მეგობრობა. იშვიათი თავისუფლების შეგრძნება აქვს, განათლებულია და კარგი იუმორი აქვს. როცა გავაცნობიერე, რომ ფინჩი მომწონდა და მასთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი, სწორედ მაშინ ჩაყლაპა იგი სიბნელემ. ბევრი ბრაზისა და სამყაროს უსამართლობაზე ფიქრის შემდეგ იცით, რას მივხვდი? მას ძალიან უყვარდა ცხოვრება და უყვარდა ამ ცხოვრების ძალიან ბევრი პატარა დეტალი, რაც ჩანს კიდეც წიგნის ბოლო ნაწილებში. მას გიჟურად უყვარდა ვაიოლეტ მარკი და ცხოვრება, მაგრამ თავი ვერ დააღწია მენტალურ პრობლემას. მაინც მგონია, რომ მის დახმარებას ვერავინ შეძლებდა, ვერც ვაიოლეტი, მიუხედავად დაუოკებელი სურვილისა წაერთმია სიბნელისთვის ფინჩი.

წიგნის ბოლო ნაწილი, სადაც ვაიოლეტი ფინჩის მიერ დატოვებულ პატარ-პატარა მინიშნებებს პოულობს, არის ძალიან ემოციური და გემრიელი საკითხავი. მხოლოდ ამ რამდენიმე ფურცლისთვისაც კი ღირს ამ წიგნის წაკითხვა და ნუ იტყვით ამ სიამოვნებაზე უარს, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე მკითხველს თურმე ზოგიერთი პერსონაჟი არაბუნებრივი მოეჩვენა.

ასევე ვფიქრობ, რომ ბევრი თინეიჯერისათვის ბულინგის თემა ამ წიგნში საკმაოდ მძაფრად არაა აღწერილი და სასიყვარულო ისტორია ჩრდილავს. კარგი იქნებოდა, სკოლის მოსწავლეებს ვინმემ ამაზე ყურადღება გაუმახვილოს, დაელაპარაკოს, აუხსნას. მახსოვს, სკოლაში რომ ვსწავლობდი, კლასგარეშე საკითხავად დაგვირიგეს უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” და შედეგ ამ წიგნზე ვრცელი დისკუსია გავმართეთ (ექსპერიმენტული სკოლა იყო, მე-3 გიმნაზია) და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წიგნმა ცოტათი, მაგრამ მაინც შეცვალა ჩვენი კლასი.

ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ თეოდორ ფინჩის პერსონაჟი ძალიან მაგონებდა ჯონ გრინის პერსონაჟს – ავგუსტუს უოთერსს წიგნიდან “ბედის ვარსკვლავის ბრალია” (ეს წიგნიც მომეწონა). მომხიბვლელი, უცნაური, გონებამახვილი, ორაორდინალური შეყვარებული, კარგი იუმორისა და სარკაზმის გრძნობით და ორივე მომეწონა. ორივე პერსონაჟის შემთხვევაში პოულობენ ძალიან დიდ სიყვარულს, მაგრამ მათი დრო იწურება და მაინც, ტოვებენ ძალიან დიდ გრძნობასა და წარუშლელ კვალს.. და ორივეს ძალიან უცნაური სახელები ჰქვიათ ოცდამეერთე საუკუნის პირობაზე.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფინჩი და მარკი არ იყვნენ შეყვარებულები, სკოლის დავალების შესრულებისას მიდიან ერთ-ერთ მიტოვებულ კედელთან ქალაქგარეთ, სადაც უამრავი ადამიანი წერს, თუ რისი გაკეთება უნდათ, სანამ მოკვდებიან და ფინჩი წერს:
სანამ მოვკვდები, მინდა დავუკრა გიტარაზე ჯიმი პეიჯივით. დავწერო სიმღერა, რომელიც  შეცვლის სამყაროს. ვიპოვო დიდებული მანიფესტი. ვითვლებოდე რამედ. ვიყო ისეთი, როგორადაც ჩაფიქრებული ვარ და ვიყო ამით კმაყოფილი. გავიგო, როგორი შეგრძნებაა საუკეთესო მეგობრის ყოლა. ვიყო მნიშვნელოვანი.
და ბოლოს ამატებს:
სანამ მოვკვდები, მინდა ერთ დღე იდეალურად გავატარო და ვაკოცო ვაიოლეტ მარკის…

MiNi Library

facebook
goodreads

ათასი მოელვარე მზე

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9a

ათასი მოელვარე მზე
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

ყურადღება: რევიუ შეიცავს სპოილერებს !!!

(რევიუს წერის დროს შეუჩერებლად ვუსმენდი Matthew Ryan-ის Follow The Leader-ს. ძალიან მძაფრი ემოცია შესძინა ამ პოსტს და შეიძლება, თქვენც მოგეწონოთ)

ვინც ამ ბლოგს ხშირად კითხულობს, აუცილებლად ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება ამ მწერლის მიმართ. ხალიდ ჰოსეინის წიგნები ადამიანებს, განწყობებს, მიდგომებს, ქცევებს ცვლის. ეს ავტორი წერს წიგნებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც უბრალოდ გიჩნდება სურვილი, იყო უკეთესი ადამიანი. ათასი მოელვარე მზე მორიგი ასეთი წიგნია.

წიგნის მოქმედება ავღანეთის ისტორიის თითქმის 30 წლიან მონაკვეთს მოიცავს: საბჭოთა ჯარების შესვლიდან მოჯაჰედების ძალადობრივი მმართველობის დამთავრების შედგომ პერიოდამდე. უამრავი ადამიანის დანგრეული ცხოვრება, განადგურებული სახლები, მიწასთან გასწორებული იმედები და ოცნებები, გახლეჩილი ოჯახები, უსამართლობის პიკი და სრულიად უზნეო, უმისამართო ძალადობა. აი, რა იყო ეს პერიოდი ავღანელი ხალხისათვის..

წიგნი ორი ქალის, მარიამისა და ლაილას ამბავზე მოგვითხრობს.
მარიამი უკანონო შვილია, რაც უკვე განაჩენია. ავღანური საზოგადოება ვერასოდეს აპატიებს უცოდველ ბავშვს, რომ უკანონოდ დაიბადა და შეგრძნება, რომ ის ჰარამია (ცოდვა) მთელი ცხოვრება გაჰყვება მარიამს.
მას არ აღიარებს მამის ოჯახი..
მალევე კარგავს დედას..
ჯერ კიდევ ბავშვს მიათხოვებენ მოძალადე საშუალო ასაკის მამაკაცს..
მარიამი ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ ვერ გატეხა. ვერც უიღბლობამ, ვერც უსამართლობამ, ვერც ძალადობამ, მარიამში ვერ მოკლა კეთილი ადამიანი..

ლაილა ლამაზი, გაბედული, განათლებული და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც იდეალების რწმენით გაზარდეს. რწმენით, რომ განათლება უმნიშვნელოვანესია. სკოლის მასწავლებელი მამის სიტყვები იყო ლაილას რწმენა: ვიცი, ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ მინდა, ეს უკვე გაიაზრო და ისწავლო. გათხოვება მოიცდის, განათლება კი – ვერა. შენ ძალიან გონებაგახსნილი გოგონა ხარ. ნამდვილად ასეა. ყველაფერი გამოგივა ლაილა. ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ავღანეთს შენ ისევე დასჭირდები, როგორც მამაკაცები. შეიძლება, უფრო მეტადაც კი, რადგან იმ საზოგადოებას რომლებსაც გაუნათლებელი ქალები ჰყავს, წარმატების შანსი არ გააჩნია, ჩემო გოგონავ.
ლაილა სწავლობს, იზრდება და უყვარს. უყვარს თავდავიწყებით და ბავშვურად. სანამ ერთ დღესაც ომი მათ სახლამდეც არ მოაღწევს..

ლაილა და მარიამი ერთი მოძალადე კაცის ცოლები გახდებიან, გაიყოფენ ერთ ჭერს, ძალადობას, ტკივილსა და უკეთესი მომავლის იმედს. წიგნის ყველაზე გემრიელი ნაწილი სწორედ ისაა, სადაც ლაილა და მარიამი გადალახავენ მტრულ განწყობას ერთმანეთს მიმართ და გახდებიან საუკეთესო მეგობრები. მიხვდებიან, რომ ერთის დამცირება, მეორის დამცირებაცაა, ერთის ტკივილი, მეორესაც სტკივა, ერთის ცრემლი მეორესაც მოსდის და რომ ერთის ჰარამი, მეორის ჰარამიცაა.

წიგნის კითხვისას ძალიან მომწონდა იმის შემჩნევა, თუ როგორ განიცდის მარიამი ტრანსფორმაციას ჰარამი, დაჩაგრული და მშიშარა გოგოდან გამბედავ, მეგობრულ და მებრძოლ ადამიანამდე. ქალამდე, რომელსაც შეუძლია თავი გასწიროს. იშვიათად მინახავს ასეთი ძლიერი პერსონაჟი წიგნებში. ეტალონია ადამიანობის. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალიდ ჰოსეინის სწორედ ეს პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად მის მიერ შექმნილ ბევრ ძალიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შორის. ძნელია, არ შეგიყვარდეს მარიამი.

ამ ორი ქალის ისტორია არის სახე იმდროინდელი ავღანეთის, სადაც ქალების ჩაგვრა იყო ყოველდღიური მოვლენა. ჰოსეინი ამ წიგნით გვიყვება უუფლებობასა და დამცირებაზე, რომელიც ავღანელმა ქალებმა გამოიარეს და მაინც გადარჩნენ. გადაურჩნენ ყველა ჭურვს, ყველა აღმართულ ხელს, ყველა მოქნეულ ქამარს და მაინც ფეხზე დადგნენ.

მეორე მხრივ კი ესაა დიდი სიყვარულის ისტორია, რომელმაც მრავალწლიან განშორებას გაუძლო და მაინც გაიკვლია გზა ჭურვებისგან გადახლეჩილ ავღანურ მიწაზე. ისტორია ბავშვურ, ყველაზე წრფელ სიყვარულზე, რომელიც პირველი მოდის და სამუდამოდ შენთან რჩება.

ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” მოგვითხრობს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შედეგად ემიგრაციაში წასულების ცხოვრებაზე. “მთებმა მთებს უთხრეს” კი ავღანეთის თანამედროვე ისტორიას გვიყვება, ომის შემდგომი მშვიდობიანი პეროდის ისტორიებს. “ათასი მოელვარე მზე” კი მოგვითხრობს ამ ორ წიგნს შორის არსებულ პერიოდსა და ხალხზე, ვინც ვერ გაიქცა. ვინც ვერ მოასწრო წასვლა ან არ ისურვა საკუთარი სახლის მიტოვება, ვინც დარჩა და სცადა გადარჩენა. ვინც დაიტირა ყველა, ვისაც არ გაუმართლა და ვინც ბოლომდე ჩაჰყვა უფსკრულში ავღანეთის დაცემას, რათა ფსკერზე დაშვების შემდეგ დახმარებოდნენ თავიანთ ქვეყანას, ნელ-ნელა ამოსულიყვნენ უიმედოობიდან, რათა ქაბულის ფანჯრებში ისევ ანთებულიყო ათასობით მოელვარე მზე..

ეს წიგნი ბევრმა ქართველმაც უნდა წაიკითხოს. არც ჩვენი საზოგადოებაა მოკლებული სხვების ჰარამად შერაცხვას, ქალების ჩაგვრასა და ძალადობას. ვფიქრობ, მოზარდებში (თუ წაიკითხავენ) ეს წიგნი ბევრ დადებით გარდატეხას მოახდენს და იქნებ, უკეთესი ადამიანებიც დადგნენ.

თუ ეს წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, ჩემი რჩევა იქნება, ამ თანმიმდევრობით წაიკითხოთ:
%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98

facebook
goodreads