ათასი მოელვარე მზე

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9a

ათასი მოელვარე მზე
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

ყურადღება: რევიუ შეიცავს სპოილერებს !!!

(რევიუს წერის დროს შეუჩერებლად ვუსმენდი Matthew Ryan-ის Follow The Leader-ს. ძალიან მძაფრი ემოცია შესძინა ამ პოსტს და შეიძლება, თქვენც მოგეწონოთ)

ვინც ამ ბლოგს ხშირად კითხულობს, აუცილებლად ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება ამ მწერლის მიმართ. ხალიდ ჰოსეინის წიგნები ადამიანებს, განწყობებს, მიდგომებს, ქცევებს ცვლის. ეს ავტორი წერს წიგნებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც უბრალოდ გიჩნდება სურვილი, იყო უკეთესი ადამიანი. ათასი მოელვარე მზე მორიგი ასეთი წიგნია.

წიგნის მოქმედება ავღანეთის ისტორიის თითქმის 30 წლიან მონაკვეთს მოიცავს: საბჭოთა ჯარების შესვლიდან მოჯაჰედების ძალადობრივი მმართველობის დამთავრების შედგომ პერიოდამდე. უამრავი ადამიანის დანგრეული ცხოვრება, განადგურებული სახლები, მიწასთან გასწორებული იმედები და ოცნებები, გახლეჩილი ოჯახები, უსამართლობის პიკი და სრულიად უზნეო, უმისამართო ძალადობა. აი, რა იყო ეს პერიოდი ავღანელი ხალხისათვის..

წიგნი ორი ქალის, მარიამისა და ლაილას ამბავზე მოგვითხრობს.
მარიამი უკანონო შვილია, რაც უკვე განაჩენია. ავღანური საზოგადოება ვერასოდეს აპატიებს უცოდველ ბავშვს, რომ უკანონოდ დაიბადა და შეგრძნება, რომ ის ჰარამია (ცოდვა) მთელი ცხოვრება გაჰყვება მარიამს.
მას არ აღიარებს მამის ოჯახი..
მალევე კარგავს დედას..
ჯერ კიდევ ბავშვს მიათხოვებენ მოძალადე საშუალო ასაკის მამაკაცს..
მარიამი ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ ვერ გატეხა. ვერც უიღბლობამ, ვერც უსამართლობამ, ვერც ძალადობამ, მარიამში ვერ მოკლა კეთილი ადამიანი..

ლაილა ლამაზი, გაბედული, განათლებული და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც იდეალების რწმენით გაზარდეს. რწმენით, რომ განათლება უმნიშვნელოვანესია. სკოლის მასწავლებელი მამის სიტყვები იყო ლაილას რწმენა: ვიცი, ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ მინდა, ეს უკვე გაიაზრო და ისწავლო. გათხოვება მოიცდის, განათლება კი – ვერა. შენ ძალიან გონებაგახსნილი გოგონა ხარ. ნამდვილად ასეა. ყველაფერი გამოგივა ლაილა. ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ავღანეთს შენ ისევე დასჭირდები, როგორც მამაკაცები. შეიძლება, უფრო მეტადაც კი, რადგან იმ საზოგადოებას რომლებსაც გაუნათლებელი ქალები ჰყავს, წარმატების შანსი არ გააჩნია, ჩემო გოგონავ.
ლაილა სწავლობს, იზრდება და უყვარს. უყვარს თავდავიწყებით და ბავშვურად. სანამ ერთ დღესაც ომი მათ სახლამდეც არ მოაღწევს..

ლაილა და მარიამი ერთი მოძალადე კაცის ცოლები გახდებიან, გაიყოფენ ერთ ჭერს, ძალადობას, ტკივილსა და უკეთესი მომავლის იმედს. წიგნის ყველაზე გემრიელი ნაწილი სწორედ ისაა, სადაც ლაილა და მარიამი გადალახავენ მტრულ განწყობას ერთმანეთს მიმართ და გახდებიან საუკეთესო მეგობრები. მიხვდებიან, რომ ერთის დამცირება, მეორის დამცირებაცაა, ერთის ტკივილი, მეორესაც სტკივა, ერთის ცრემლი მეორესაც მოსდის და რომ ერთის ჰარამი, მეორის ჰარამიცაა.

წიგნის კითხვისას ძალიან მომწონდა იმის შემჩნევა, თუ როგორ განიცდის მარიამი ტრანსფორმაციას ჰარამი, დაჩაგრული და მშიშარა გოგოდან გამბედავ, მეგობრულ და მებრძოლ ადამიანამდე. ქალამდე, რომელსაც შეუძლია თავი გასწიროს. იშვიათად მინახავს ასეთი ძლიერი პერსონაჟი წიგნებში. ეტალონია ადამიანობის. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალიდ ჰოსეინის სწორედ ეს პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად მის მიერ შექმნილ ბევრ ძალიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შორის. ძნელია, არ შეგიყვარდეს მარიამი.

ამ ორი ქალის ისტორია არის სახე იმდროინდელი ავღანეთის, სადაც ქალების ჩაგვრა იყო ყოველდღიური მოვლენა. ჰოსეინი ამ წიგნით გვიყვება უუფლებობასა და დამცირებაზე, რომელიც ავღანელმა ქალებმა გამოიარეს და მაინც გადარჩნენ. გადაურჩნენ ყველა ჭურვს, ყველა აღმართულ ხელს, ყველა მოქნეულ ქამარს და მაინც ფეხზე დადგნენ.

მეორე მხრივ კი ესაა დიდი სიყვარულის ისტორია, რომელმაც მრავალწლიან განშორებას გაუძლო და მაინც გაიკვლია გზა ჭურვებისგან გადახლეჩილ ავღანურ მიწაზე. ისტორია ბავშვურ, ყველაზე წრფელ სიყვარულზე, რომელიც პირველი მოდის და სამუდამოდ შენთან რჩება.

ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” მოგვითხრობს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შედეგად ემიგრაციაში წასულების ცხოვრებაზე. “მთებმა მთებს უთხრეს” კი ავღანეთის თანამედროვე ისტორიას გვიყვება, ომის შემდგომი მშვიდობიანი პეროდის ისტორიებს. “ათასი მოელვარე მზე” კი მოგვითხრობს ამ ორ წიგნს შორის არსებულ პერიოდსა და ხალხზე, ვინც ვერ გაიქცა. ვინც ვერ მოასწრო წასვლა ან არ ისურვა საკუთარი სახლის მიტოვება, ვინც დარჩა და სცადა გადარჩენა. ვინც დაიტირა ყველა, ვისაც არ გაუმართლა და ვინც ბოლომდე ჩაჰყვა უფსკრულში ავღანეთის დაცემას, რათა ფსკერზე დაშვების შემდეგ დახმარებოდნენ თავიანთ ქვეყანას, ნელ-ნელა ამოსულიყვნენ უიმედოობიდან, რათა ქაბულის ფანჯრებში ისევ ანთებულიყო ათასობით მოელვარე მზე..

ეს წიგნი ბევრმა ქართველმაც უნდა წაიკითხოს. არც ჩვენი საზოგადოებაა მოკლებული სხვების ჰარამად შერაცხვას, ქალების ჩაგვრასა და ძალადობას. ვფიქრობ, მოზარდებში (თუ წაიკითხავენ) ეს წიგნი ბევრ დადებით გარდატეხას მოახდენს და იქნებ, უკეთესი ადამიანებიც დადგნენ.

თუ ეს წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, ჩემი რჩევა იქნება, ამ თანმიმდევრობით წაიკითხოთ:
%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98

facebook
goodreads

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s