ნაცნობ ქიმერათა ფერხული

ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანი

ნაცნობ ქიმერათა ფერხული
ავტორი: გელა ჩარკვიანი
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

„დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის”

დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან დიდი ადამიანის ძალიან დიდ წიგნზე.
ესაა გელა ჩარკვიანის „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“.

ჩვენი ქვეყნის 90-იანი წლები ისედაც მაინტერესებდა და მუდმივად ვცდილობ, მოვიძიო ინფორმაცია და გავეცნო უახლესი წარსულის აჩრდილებს. ბევრი წამიკითხავს და ბევრი მსმენია, მაგრამ ეს წიგნი სრულიად სხვა საფეხურია. კითხულობ და თვალწინ გეშლება სცენები, როგორ იდგამდა ფეხს ახალ რეალობაში ჩვენი პატარა დამოუკიდებელი საქართველო.

ეს წიგნი მოგვითხრობს გელას ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე. პარალელურად კი გვიყვება გელას ცხოვრებასა და კარიერაზე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის აპარატში მუშაობის პერიოდში. კითხულობ და ხვდები, რომ გელა მოსიარულე ისტორიის ნატეხია, რომელიც ჩვენთან გარდასული დროიდან შემორჩა სასწაულებრივად და გიხარია, რომ ის შენი თანამედროვეა, სადღაც აქვე, ამავე ქალაქში ცხოვრობს და ხანდახან ნახულობ ხოლმე კიდეც. კითხულობ წიგნს და ხშირად გეფიქრება: ნეტავ, კიდევ დიდხანს იცხოვროს და ბევრი დაწეროს. ეს არის წიგნი-მატიანე, რომელსაც აუცილებლად შევიტანდი სასკოლო პროგრამის კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სიაში, როგორც საქართველოს ისტორიის საგნის დამხმარე ლიტერატურას. ესაა წიგნი, რომელიც ზედმიწევნითი სიზუსტით გვიყვება მოვლენების შესახებ და ანგრევს შევარდნაძის მმართველობაზე დამკვიდრებულ მითებს. ვცხოვრობთ და ვიზრდებით და გვავიწყდება, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როგორი იყო დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ წავედით წინ..

დღეს მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით გელას წიგნზე. მიმოვიხილავდით ისევ და ისევ შევარდნაძის მმართველობას და კიდევ ერთხელ დავეთანხმეთ აზრს, რომ შევარდნაძის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა რაღაცას წარმოადგენს. წარმოიდგინეთ – მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ცივი ომის დამასრულებელი და ბერლინის კედლის დამანგრეველი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს. ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა. და აი ეს ადამიანი მოდის არშემდგარ, გაბანკროტებულ, ჩამორჩენილ, ომის ქაოსში ჩაფლულ, დამშეულ და ჩაბნელებულ ქვეყანაში. არად აგდებს სიამაყეს და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს სთხოვს, ცოტაოდენი ხორბლით დაგვეხმარონ, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ და ზამთარი გადავიტანოთ. არ მეგულება ბევრი ადამიანი, ვინც თავის სიამაყესა და პატივმოყვარეობას გადააბიჯებდა, ამხელა რისკზე წავიდოდა და ასეთ წარუმატებელ პროექტს ხელს მოჰკიდებდა. ძნელია ასეთი სასტარტო პირობებით დიდ წარმატებას მიაღწიო. ეს წიგნი მოგვითხრობს ამ სვლაზე – სიბნელიდან ნაკლებად სიბნელისკენ. ომიდან სტაბილურობამდე. თუ როდესმე გქონიათ სურვილი, იცოდეთ, რა ხდებოდა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! ეს არაა მხატვრული ლიტერატურა, ესაა დოკუმენტური ნაშრომი, რომელმაც გააცოცხლა ბნელი წარსული ყოველდღიურობა. მაშინდელი კანცელარიის სამუშაო გარემო, რომელიც ხშირად „ცისფერი მთების“ სიუჟეტისგან დიდად არ განსხვავდება.

გელა წერს 1993 წელს მხატვარ გოგი მესხიშვილის გამოფენის გახსნაზე, სადაც „ლამაზად ჩაცმული, კარგად მოვლილი ქალები შამპანურის ჭიქებით ხელში ძველებურად ეკეკლუცებოდნენ მოხდენილ ბიჭებს“. საუბრისას არის ასეთი მონაკვეთი – სერბი დიპლომატი ფიოდორ სტარჩევიჩი, რომელიც უკვე საქართველოში ექვსი თვის ჩამოსული იყო, მიმართავს გელას: „არ შეიძლება უფრო ხშირად მოაწყოთ მსგავსი თავყრილობები? დღეს მე პირველად ვნახე აქ ქალაქური გარეგნობის, ნორმალურად ჩაცმული ხალხი. გამოგიტყდებით, ქვეყანაზე შთაბეჭდილება შემეცვალა. დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ აქ მომუშავე დიპლომატები საქართველოზე. როგორია ის მათ წარმოსახვაში, როცა მის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან“. ერთი წლის შემდეგ 1994 წელს მანქანით ქალაქში მგზავრობისას ანატოლი სობჩაკი ეუბნება გელას: „ღმერთო, ნუთუ ეს თბილისია? როგორ საშინლად აცვია ხალხს“. გელა წერს – „გული მეტკინა. ვიცოდი, რომ ცვლილებას წლები დასჭირდებოდა, თუმცა მჯეროდა, რომ თბილისი კვლავ დაიბრუნებდა კარგად ჩაცმული ხალხის ქალაქის რეპუტაციას“. წლები გავიდა და დღეს ქალაქში მერსედესის მოდის კვირეულის გამართვა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და აღარვის აკვირვებს. თბილისი თანამედროვე მოდის რუკაზე ახალი ვარსკვლავია. წლები დასჭირდა, ნერგის დარგვას, მოვლას, მორწყვას, მიწის განოყიერებას.. ბევრმა ადამიანმა მიაშველა ძალისხმევა შევარდნაძის შემდეგ ამ ნერგს. და აი ხემ, რომელიც შევარდნაძის დროს დარგეს, ახლა ნელ-ნელა მოისხა ნაყოფი.

ხშირად გაიგონებთ, ალბათ, „შევარდნაძე არ უნდა შესულიყო დესეთეში“, ბევრგან მოისმენთ კრიტიკას, მაგრამ ვერ ნახავთ ბევრ წონად არგუმენტს. არ მოვყვები ჩემი პოზიციის შესახებ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ეს წიგნი წაიკითხოთ. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი წიგნის წაკითხვის შემდეგ?

ძალიან საინტერესოა გელას მოგონებები თავის უცხოელ კოლეგებთან საუბრების შესახებ. ვკითხულობდი და ვაცნობიერებდი, რომ აქ ყველაფერი ზუსტად ისე წერია, როგორც მეც არაერთხელ მითქვამს და მიფიქრია. ასე მაგალითად, გერმანელი კოლეგა ეუბნება გელას (ჩემი აზრით სრულ ჭეშმარიტებას): „თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მსოფლიო გამოცდილება. სიღატაკის დაძლევა და ჭეშმარიტი მოდერნიზება სულ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო. ესენია სინგაპური, ტაივანი, სამხრეთ კორეა და მეტ-ნაკლებად ჩილე. იმისათვის, რომ ნახტომი გააკეთოთ, რაღაც ეტაპზე თქვენ დაგჭირდებათ ძალაუფლების ცენტრალიზება და რკინის დისციპლინის, მათ შორის, საგადასახადო საკითხებში ურყევი მომთხოვნელობის შემოღება. კორუფციისა და კრიმინალის ძალისმიერი მეთოდებით აღმოფხვრა. და მაშინ, როცა თქვენი ბიუჯეტი მრავალგზის გაიზრდება და ბიზნესი თავს დაცულად იგრძნობს, თქვენ მზად იქნებით დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიისათვის“. ამ სიტყვების წარმოთქმიდან, ალბათ, 20 წელზე მეტი გავიდა და ჩვენთან ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეაქვს, სამწუხაროდ.

ძალიან საინტერესო საკითხავია გელას ახალგაზრდობის დროინდელი მოგონებები და მამასთან ურთიერთობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კანდიდ ჩარკვიანის ანდერძი. მხოლოდ პატარა ამონარიდს წაგაკითხებთ, დანარჩენი კი თქვენით უნდა წაიკითხოთ: „მე არაფერი მომიხვეჭია და ვერაფერს გიტოვებთ, მოგონებების გარდა“..

გელა ჩარკვიანი საქართველოს პრეზიდეტის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მუშაობდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ტექსტებზე, მონაწილეობას იღებდა ოფიციალურ შეხვედრებში, გეგმავდა ვიზიტებს. მისი ყოველდღიური სამუშაო გარემო ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მშობლიურია. გელას იმდროინდელი განცდები და შეგრძნებები ჩემთვისაც ახლოა. არც თუ ისე შორეულ წარსულში მეც ვმუშაობდი საქართველოს პრეზიდენტთან, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურში და ბევრი ნაცნობი ემოცია გამიცოცხლდა წიგნის კითხვისას. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა წიგნის ფურცლებზე ნაცნობ ადამიანებს ხვდები, ვისთანაც ასევე გიმუშავია.

ძალიან მინდა ბევრი ამონარიდი დავწერო წიგნიდან, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებ თავს “სპოილერებისგან”. დიდებო, პატარებო, მშობლებო, შვილებო, თანატოლებო, წაიკითხეთ ეს წიგნი და წააკითხეთ თქვენს მეგობრებს. მხოლოდ ასეთი ლიტერატურის წაკითხვით შევძლებთ, უთავბოლო, არასწორი და ტყუილი მითების დასრულებას ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე. რა თქმა უნდა, გელა ჩარკვიანის წიგნში მოთხრობილი ამბები არ ასახავს სრულ რეალობას – ის გელა ჩარკვიანის მიერ დანახული სამყაროა, რომელიც იმსახურებს, რომ თქვენც დაინახოთ.

MiNi Library
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s