დაშლა

დაშლა - დავით გაბუნია

დაშლა
ავტორი: დავით გაბუნია
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

პოსტი შეიცავს „სპოილერებს“!

საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა. ისეთი წიგნია, ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა ჩაიკითხო. მსუბუქად იკითხება და ძალიან გაინტრიგებს.

ყველაზე მაგარი მაინც დასაწყისი აქვს. შესავალი ნაწილი არის ფანტასტიური. ძალიან განსხვავებული და ხატოვანია. იმდენად დეტალურადაა აღწერილი სიტუაცია, რომ სუნსაც კი იგრძნობ, თმები ყალყზე დაგიდგება და შეიძლება მსუბუქი გულისრევის შეგრძნებაც კი დაგეუფლოთ.

წიგნი მოგვითხრობს ერთი თბილისური ოჯახის ამბავს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, თქვათ, რომ ცოლისა და ქმრის ამბავს მოგვითხრობსთქო, რადგან ოჯახად ამ ორი ადამიანის აღქმა ძნელია. წიგნში არ არის მათი ოჯახური ტკბილი თანაცხოვრების მომენტები მოყვანილი. ცალ-ცალკე და უკვე გაუცხოებაშეპარულებს გვაცნობს ავტორი ზურასა და თინას. მათი დაშლა უკვე დაწყებულია წიგნის დასაწყისშივე. იშლება არა მარტო მათი ოჯახი. ისინი პიროვნულადაც იშლებიან და ეს დაშლის პროცესი გარშემო ბევრ რამეს მოიყოლებს ქვეშ. თითქოს ეს წყვილი გარე სამყაროს საყრდენია და ამ საყრდენის დაშლის შედეგად ყველაფერი, რაც მათზე ეყრდნობოდა, იწყებს ჩამოშლას.

ზურა (წიგნის მთავარი პერსონაჟი, თინას ქმარი) წინა კორპუსში ერთ-ერთი მეზობლის ბინაში ქირით შესახლებული ადამიანის თვალთვალს იწყებს და ნელ-ნელა ინტრიგდება დანახულით. ზურას ინტერესის ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი ინტერესიც. გულში ზურას შეიძლება გაუწყრეთ, უსაყვედუროთ ასეთი საქციელი, მაგრამ თქვენც არანაკლებ გაინტერესებთ, რა მოხდება და თვალს ხუჭავთ მის სულელურ საქციელზე. ავტორმა ზურას სახით ძალიან მაგარი პერსონაჟი შექმნა, ტიპიური ქართველი, დაოჯახებული, უმუშევარი კაცი. ტიპიური მენტალიტეტითა და ფიქრებით. თან, თითქოს, მაინც განსხვავდება რიგითი ქართველი „მუჟიკისგან“ – ცდილობს, ბავშვებს კარგი მამობა გაუწიოს, ხანდახან სახლსაც დაალაგებს, რომ ცოლი გაახაროს, მაგრამ თან პარალელურად ცოტა ჰომოფიბიცაა და ცოტა „გრუზინიც“.

თინას მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესო იყო. თეონაც ჩვეულებრივი ქართველი ქალია. მთელი დღე მუშაობს, უმუშევარ ქმარსა და შვილებს არჩენს, ცხოვრებისეულ რუტინაშია ჩაბმული და უცებ თავგზა ებნევა. წამიერად გაიელვებს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ახალი მძაფრი გრძნობებით და თეონას პერსონაჟიც ტყდება, იმსხვრევა და იშლება ჩვენს თვალწინ. წიგნის იმ მონაკვეთში, რომელით თეონას წამიერ სიგიჟეს აღწერს, ვერ ნახავთ ვერც მძიმეს, ვერც წერტილს, ვერც სხვა რაიმე სასვენ ნიშანს. დაიწყებთ და ყოველგვარი პაუზის გარეშე ჩაამთავრებთ, თითქოს ავტორი წერის სტილითაც მიგანიშნებთ, რომ ამ წამიერ გაელვებაში მძიმეებითა და წერტილებით შესაჩერებლად არავის სცალია; რომ ამ ამბავმა მალე უნდა ჩაიაროს.

ეს წიგნი ზედმიწევნით ქართულ ამბავზე გვიყვება. ქართული საზოგადოების წევრების სახეებს გვიშიშვლებს. პერსონაჟები იმდენად ჩვეულებრივი რიგით ქართველები არიან, რომ რაღაც მომენტში შეიძლება უცებ იფიქრო, ამ წიგნის სიუჟეტი სადღაც აქვე შენს უბანში, შენსავე კორპუსში ხდება. ვინ არ გავსულვართ საღამოს აივანზე და ვის არ გაგვიხედავს მოპირდაპირე კორპუსში ალაგ-ალაგ განათებული ოთახებისაკენ. ამიტომაა, რომ ზურას პერსონაჟი ასეთი ბუნებრივი გვეჩვენება.

ამ ქართულ რეალობას ზუსტად ეხამება მერაბის პერსონაჟი. თანამდებობრივი ავტორიტეტის უხეშ ნიღაბს ამოფარებული ჩვეულებრივი მშიშარა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ნიღბით ცხოვრობს. გაბუნია მინი ბიბლიოთეკას ავტოგრაფიცხოვრობს ტყუილსა და შიშში, რომ საზოგადოება გარიყავს, თავის რეალურ სახეს თუ გამოაჩენს. საზოგადოებრივი აზრის ჩვეულებრივი მონაა.

და მაინც, უმთავრესად ეს წიგნი ჩვეულებრივი ადამიანების წლობით ნაშენები ურთიერთობების დაშლაზე მოგვითხრობს. ცოლი და ქმარი, რომელიც წლებია ერთად არიან და მაინც ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს

პრობლემებზე. ვერ უმხელენ ერთმანეთს სატკივარს, ეშინიათ რა, რომ ერთი მეორეს ვერ გაუგებს. ოჯახი, რომელსაც არაფერი აკავშირებს.

მე თუ მკითხავთ ეს წიგნი ზაფხულის ბესტსელერობას იმსახურებს.

MiNi Library
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s