ისტორიის სწორი მხარე: უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია

უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია

ისტორიის სწორი მხარე: უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია
ავტორი: ალექსანდერ ეტკინდი
გამომცემლობა: რემედას

ვიცი, ბევრს არ უყვარს ბიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ ეს წიგნი სულ სხვა განზომილებაა. არა წერის სტილის ან ავტორის, არამედ თვითონ პიროვნების გამო.

2005 წელს პირველი ეროვნული გამოცდებით ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე და დიდი იმედი მქონდა, რომ ამ სფეროს ექსპერტი ან მოქმედი დიპლომატი გამოვიდოდი, ნაწილობრივ დიპლომატობას მივაღწიე კიდეც. რა დასამალია, სწავლების ხარისხი და ლიტერატურა დაბალი დონის იყო. თუმცა ძალიან მაკვირვებს ის ფაქტი, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიმოხილვისას, ევროკავშირის ისტორიაზე საუბრისას და მეოცე საუკუნის სხვა საინტერესო და გარდამტეხი მოვლენების განხილვისას არცერთ ლექტორს არასოდეს უხსენებია უილიამ ბულიტი, მისი დამსახურებები და რევოლუციური იდეები. ყველაფერი მხოლოდ ჰენრი კისინჯერისა და მისი დიპლომატიის გარშემო ბრუნავდა. არადა, მე თუ მკითხავთ, ბულიტი კისინჯერზე ერთი თავით მაღლა დგას. ჩვენი სპეციალობის ყველა სტუდენტს ლექტორები ესაუბრებიან მეოცე საუკუნის პირველ ნახევარზე, ერთა ლიგაზე, ვუდრო უილსონზე, ცარიზმის მარცხსა და ბოლშევიკურ რევოლუციაზე, საბჭოთა კავშირის შექმნასა და სხვა ამბებზე. ეს ყველაფერი კი ისტორიის ის ნაწილებია, სადაც ბულიტი უშუალოდ იყო ჩართული. ეს იყო ადამიანი, ვისაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უდიდესი გავლენა ჰქონდა მოვლენებზე, ხოლო მისმა იდეებმა გაასწრო მის ყველა თანამედროვეს. რატომ ვიგებ ამ ადამიანის შესახებ დღეს, ამ წიგნიდან? რატომ არავინ გვიხსენა ის აქამდე არცერთმა პროფესორმა და ლექტორმა?

უილიამ ბულიტი ეწინააღმდეგებოდა ერთა ლიგის იმ წესდებით შექმნას, რომლითაც საბოლოოდ იხილა კიდეც დღის სინათლე. მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი წესებითა და პოლიტიკით ევროპა ძალიან მალე ისევ დიდ ომში ჩაიხლართებოდა. მან ასევე იწინასწარმეტყველა გერმანიის საომარი განწყობა და ისიც, რომ გერმანია კვლავ წამოიწყებდა ომს. მანვე ითავა 1919 წლის დასაწყისში საიდუმლო მისიის ხელმძღვანელობა, რომელიც ლენინთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა ბოლშევიკების მართულ მოსკოვში და დაითანხმა კიდეც ლენინი წარმოუდგენელ პირობებზე. რომ არა პრეზიდენტი უილსონის პოლიტიკური სისუსტე და პერსპექტივის დანახვის უუნარობა, დღეს ალბათ სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით; შეიძლებოდა საბჭოთა კავშირი არც არასოდეს შექმნილიყო და დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ალბათობით რამდენიმე სახელმწიფო იარსებებდა. თუმცა ისტორიის ჩარხი სხვა მიმართულებით დატრიალდა, უილიამ ბულიტი კი ამერიკის პრეზიდენტისადმი პროტესტის ნიშნად სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.

აღსანიშნავია, რომ რუზველტის ადმინისტრაციაში ბულიტი ისევ დაწინაურდა და სწორედ ის გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩი საბჭოთა კავშირში. მისივე აღმოჩენილი და აღზრდილია ჯოზეფ კენანი, ცნობილი „გრძელი ტელეგრამის“ ავტორი, რომელიც ბულიტმა მისი ელჩობის დროს საბჭოთა კავშირში ამერიკის საელჩოში დაასაქმა. უილიამ ბულიტი წინასწარმეტყველებდა თანამშრომლობას ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, თუმცა რუზველტმა მას არ დაუჯერა. ამერიკის პრეზიდენტს, რომ ბულიტის განგაშისთვის ყური დაეგდო, შეიძლება არც არასოდეს მომხდარიყო პერლ ჰარბორის ტრაგედია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ისევ თავის საზღვრებში დატეულიყო, ევროპა კი ამერიკის ჯარებს დაეკავებინათ. თუმცა ისტორიის ჩარხი ამჯერადაც ბულიტის იდეების საწინააღმდეგოდ ბრუნავდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანის იდეები პირველმა პირებმა ვერ გაიგეს, ვერ გადახარშეს, ვერ ჩაწვდნენ, მათ არ ჰქონდა ბულიტის მსგავსი ხედვა, ისინი მხოლოდ ახლო მომავალს ხედავდნენ და შორეულ მომავალში წინ ვერაფერს არჩევდნენ. ბულიტი, კი მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით წინ იყურებოდა.

ეს იყო ადამიანი, რომელიც ახლოს მეგობრობდა ფროიდთან და ვისი დამსახურებაცაა ამ გენიალური ადამიანის ნაცისტებისგან გადარჩენა. მოგვიანებით მან და ზიგმუნდ ფროიდმა საერთოდ წიგნიც კი დაწერეს. საბჭოთა კავშირში ელჩობის პერიოდში ბულიტი მეგობრობდა ბულგაკოვთან და ითვლება, რომ „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟ ვოლანდის პროტოტიპი უილიამ ბულიტია. წიგნის ავტორმა ვოლანდის მეჯლისის მონახაზი სწორედ ბულიტის მიერ ამერიკის საელჩოში მოწყობილი მეჯლისიდან აიღო.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯერ კიდევ 1944 წელს უილიამ ბულიტმა წამოაყენა ევროპის ერთიანი სახელმწიფოს იდეა, რომელსაც იგი ევროპის შეერთებულ შტატებს უწოდებდა. მასვე ეკუთვნის მარშალის გეგმის იდეა, რომელიც ევროპის აღდგენას ისახავდა მიზნად.

წიგნის ყოველი გვერდი გაწვდის უზარმაზარ ინფორმაციას, მეოცე საუკუნეზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი იმაზე მეტს გაძლევს, ვიდრე თანამედროვე ისტორიის არაფრისმომცემი სასკოლო სახელმძღვანელო. მეტსაც გეტყვით, ამაზე ნათელი წარმოდგენა პირველ და მეორე მსოფლიო ომზე, უნივერსიტეტში ნასწავლ არცერთ საგანს არ მოუცია. ეს წიგნი კულუარებში გახედებს და გაცნობს ადამიანს, რომელმაც ისტორიაზე დიდი გავლენა იქონია.

წიგნში კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტია მიმოხილული და გირჩევთ, წაიკითხოთ იგი. ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი ადამიანის ბიოგრაფია, ეს არის წიგნი მეოცე საუკუნის საკმაოდ ჩახლართულ რეალობაზე და მოვლენებს სხვა კუთხიდან გვიჩვენებს, იმ კუთხიდან, რომელიც აქამდე მე პირადად არ ვიცოდი.

MiNi Library
Advertisements

ანას მომენტი

ანას მომენტი მარი ბექაური

ანას მომენტი
ავტორი: მარი ბექაური
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

იშვიათად ხდება, რომ წიგნის ასე სწრაფად წაკითხვა გინდება. იმდენად ჩართული ვკითხულობდი, რომ დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თრილერია, რაც წამიკითხავს. ფილმის კარგი მასალაა.

წიგნის ჩამთავრების შემდეგ რატომღაც არა ქართული, არამედ ინგლისური სიტყვა ამომიტივტივდა თავისთავად გონებაში – „Impressive“. ქართველი ავტორებისაგან მსგავსი წიგნებით განებივრებულები არ ვართ.

ავტორი მოგვითხრობს ახალგაზრდა, დამოუკიდებელ, წარმატებულ მწერალ ქალზე – ანა ნაკაშიძეზე, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს სკვერში ყოფნისას მეხსიერებას კარგავს. არ ახსოვს, ვინ არის, რა ჰქვია, სად ცხოვრობს, რას წამოადგენს, ვისი მეუღლეა, ვისი შვილია, რა ცხოვრება გამოიარა… მაგრამ ახსოვს სხვა ყველაფერი. მას საკუთარი პირადი ისტორია დაავიწყდა. გამოკვლევებით დგინდება, რომ მას ტვინზე დაზიანება არ აღენიშნება და ასკვნიან, რომ მისი ამნეზია ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმითაა გამოწვეული. ტრავმის გამომწვევი მიზეზის ძიების პროცესში ზედაპირზე ამოსული ფაქტები გამოძიებასა და მკურნალობის პროცესს თავდაყირა აყენებს. ჩნდება უამრავი ეჭვი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, იბადება შეთქმულების თეორიები, პარალელები ივლება ბილი მილიგანთან… და ყველასთვის მოულოდნელად ანა ანაკშიზე უჩინარდება..

ანას ბრძოლა იმდენად რეზონანსულია, რომ გამოძიებაში ფრანგული ჟანდარმერია და ბრიტანული სკოტლენდ იარდიც ერთვებიან, მთავარი პერსონაჟის ამბავს მსოფლიო პრესა აშუქებს.

წიგნის შემდგომი განვითარება ბევრ ისეთ პრობლემას ეხება, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაწუხებს, თუმცა საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობამ მიივიწყა, არაპრიორიტეტულად მიიჩნია, თაროზე შემოდო.. ანა ნაკაშიძის პერსონაჟის საშუალებით ავტორმა კიდევ ერთხელ შეგვაჯანჯღარა, შეგვარყია და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გვიჩვენა მიმართულება. დაგვანახა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა აუცილებელია ნებისმიერი ხერხებით და ეს ბრძოლა მოსაგებია.

ასეთი მებრძოლი, გამბედავი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალები წამალივით ჭირდება დღეს ქართულ პატრიარქალურ საზოგადოებას, კარგი ინსპირაციაა.

წიგნში განსაკუთრებით მომეწონა 2 მონაკვეთი: იგავი მდიდარ და ღარიბ კაცზე და ფსიქიატრი მარკ ლოგბტომის მონოლოგი თავისუფლების შესახებ. წიგნის დასასრულს ბოლო წინადადება კი უბრალოდ მშვენიერი და ეფექტურია. ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.

პ.ს.
ეს წიგნი რომ სადმე უცხოეთში გამოცემულიყო, დიდი ალბათობით ბესტსელერი გახდებოდა. და რა ხდება აქ? სრულიად შემთხვევით წავაწყდი ძალიან დიდი ფასდაკლებით წიგნების ფესტივალზე. გამომცემლობას რამდენად ჰქონდა დადებული ფსონი ამ წიგნზე გარეკანზევე ჩანს, იშვიათად უგემოვნო და არაფრისმთქმელი ყდის დიზაინი (სირცხვილი სულაკაურის გამომცემლობას). დიზაინი, რომელიც არ მიიქცევს ყურადღებას, არ მოგანდომებს წიგნის ყიდვას, არ გამოარჩევს მასისგან. დიზაინერმა ალბათ 2-3 წუთი დახარჯა და ვალი მოიხადა. ტეხავს.. ეს წიგნი, ჩემი აზრით, მეტს იმსახურებდა.

პ.პ.ს.
რამდენიმე მკითხველის მიმოხილვა წავიკითხე სხვადასხვა საიტზე და რამდენიმე შეფასება ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც წიგნს რეიტინგს აკლებენ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო – საუბრობენ რა მთავარ პერსონაჟსა და ავტორს შორის პარალელებზე. თითქოს ავტორი ვერ მიჯნავს პერსონაჟებს საკუთარი თავისაგან. ნეიტრალური მკითხველისთვის, რომელიც ავტორს საერთოდ არ იცნობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ავტორი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს თუ არა მთავარ პერსონაჟთან. მთავარი ისაა, რომ წიგნი კარგია. ჩვენ წიგნის რეიტინგის დაწერისას ვაფასებთ წიგნს და არა ავტორის დისტანციას პერსონაჟთან მიმართებაში. ამ ზღვრის დარღვევა არაობიექტური შეფასების ტოლფასია.

წიგნი მცირედი ფასდკალებით შეგიძლიათ შეიძინოთ bookmark.ge-ზე !

MiNi Library

დაშლა

დაშლა - დავით გაბუნია

დაშლა
ავტორი: დავით გაბუნია
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

პოსტი შეიცავს „სპოილერებს“!

საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა. ისეთი წიგნია, ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა ჩაიკითხო. მსუბუქად იკითხება და ძალიან გაინტრიგებს.

ყველაზე მაგარი მაინც დასაწყისი აქვს. შესავალი ნაწილი არის ფანტასტიური. ძალიან განსხვავებული და ხატოვანია. იმდენად დეტალურადაა აღწერილი სიტუაცია, რომ სუნსაც კი იგრძნობ, თმები ყალყზე დაგიდგება და შეიძლება მსუბუქი გულისრევის შეგრძნებაც კი დაგეუფლოთ.

წიგნი მოგვითხრობს ერთი თბილისური ოჯახის ამბავს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, თქვათ, რომ ცოლისა და ქმრის ამბავს მოგვითხრობსთქო, რადგან ოჯახად ამ ორი ადამიანის აღქმა ძნელია. წიგნში არ არის მათი ოჯახური ტკბილი თანაცხოვრების მომენტები მოყვანილი. ცალ-ცალკე და უკვე გაუცხოებაშეპარულებს გვაცნობს ავტორი ზურასა და თინას. მათი დაშლა უკვე დაწყებულია წიგნის დასაწყისშივე. იშლება არა მარტო მათი ოჯახი. ისინი პიროვნულადაც იშლებიან და ეს დაშლის პროცესი გარშემო ბევრ რამეს მოიყოლებს ქვეშ. თითქოს ეს წყვილი გარე სამყაროს საყრდენია და ამ საყრდენის დაშლის შედეგად ყველაფერი, რაც მათზე ეყრდნობოდა, იწყებს ჩამოშლას.

ზურა (წიგნის მთავარი პერსონაჟი, თინას ქმარი) წინა კორპუსში ერთ-ერთი მეზობლის ბინაში ქირით შესახლებული ადამიანის თვალთვალს იწყებს და ნელ-ნელა ინტრიგდება დანახულით. ზურას ინტერესის ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი ინტერესიც. გულში ზურას შეიძლება გაუწყრეთ, უსაყვედუროთ ასეთი საქციელი, მაგრამ თქვენც არანაკლებ გაინტერესებთ, რა მოხდება და თვალს ხუჭავთ მის სულელურ საქციელზე. ავტორმა ზურას სახით ძალიან მაგარი პერსონაჟი შექმნა, ტიპიური ქართველი, დაოჯახებული, უმუშევარი კაცი. ტიპიური მენტალიტეტითა და ფიქრებით. თან, თითქოს, მაინც განსხვავდება რიგითი ქართველი „მუჟიკისგან“ – ცდილობს, ბავშვებს კარგი მამობა გაუწიოს, ხანდახან სახლსაც დაალაგებს, რომ ცოლი გაახაროს, მაგრამ თან პარალელურად ცოტა ჰომოფიბიცაა და ცოტა „გრუზინიც“.

თინას მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესო იყო. თეონაც ჩვეულებრივი ქართველი ქალია. მთელი დღე მუშაობს, უმუშევარ ქმარსა და შვილებს არჩენს, ცხოვრებისეულ რუტინაშია ჩაბმული და უცებ თავგზა ებნევა. წამიერად გაიელვებს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ახალი მძაფრი გრძნობებით და თეონას პერსონაჟიც ტყდება, იმსხვრევა და იშლება ჩვენს თვალწინ. წიგნის იმ მონაკვეთში, რომელით თეონას წამიერ სიგიჟეს აღწერს, ვერ ნახავთ ვერც მძიმეს, ვერც წერტილს, ვერც სხვა რაიმე სასვენ ნიშანს. დაიწყებთ და ყოველგვარი პაუზის გარეშე ჩაამთავრებთ, თითქოს ავტორი წერის სტილითაც მიგანიშნებთ, რომ ამ წამიერ გაელვებაში მძიმეებითა და წერტილებით შესაჩერებლად არავის სცალია; რომ ამ ამბავმა მალე უნდა ჩაიაროს.

ეს წიგნი ზედმიწევნით ქართულ ამბავზე გვიყვება. ქართული საზოგადოების წევრების სახეებს გვიშიშვლებს. პერსონაჟები იმდენად ჩვეულებრივი რიგით ქართველები არიან, რომ რაღაც მომენტში შეიძლება უცებ იფიქრო, ამ წიგნის სიუჟეტი სადღაც აქვე შენს უბანში, შენსავე კორპუსში ხდება. ვინ არ გავსულვართ საღამოს აივანზე და ვის არ გაგვიხედავს მოპირდაპირე კორპუსში ალაგ-ალაგ განათებული ოთახებისაკენ. ამიტომაა, რომ ზურას პერსონაჟი ასეთი ბუნებრივი გვეჩვენება.

ამ ქართულ რეალობას ზუსტად ეხამება მერაბის პერსონაჟი. თანამდებობრივი ავტორიტეტის უხეშ ნიღაბს ამოფარებული ჩვეულებრივი მშიშარა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ნიღბით ცხოვრობს. გაბუნია მინი ბიბლიოთეკას ავტოგრაფიცხოვრობს ტყუილსა და შიშში, რომ საზოგადოება გარიყავს, თავის რეალურ სახეს თუ გამოაჩენს. საზოგადოებრივი აზრის ჩვეულებრივი მონაა.

და მაინც, უმთავრესად ეს წიგნი ჩვეულებრივი ადამიანების წლობით ნაშენები ურთიერთობების დაშლაზე მოგვითხრობს. ცოლი და ქმარი, რომელიც წლებია ერთად არიან და მაინც ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს

პრობლემებზე. ვერ უმხელენ ერთმანეთს სატკივარს, ეშინიათ რა, რომ ერთი მეორეს ვერ გაუგებს. ოჯახი, რომელსაც არაფერი აკავშირებს.

მე თუ მკითხავთ ეს წიგნი ზაფხულის ბესტსელერობას იმსახურებს.

MiNi Library

ნაცნობ ქიმერათა ფერხული

ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანი

ნაცნობ ქიმერათა ფერხული
ავტორი: გელა ჩარკვიანი
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

„დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის”

დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან დიდი ადამიანის ძალიან დიდ წიგნზე.
ესაა გელა ჩარკვიანის „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“.

ჩვენი ქვეყნის 90-იანი წლები ისედაც მაინტერესებდა და მუდმივად ვცდილობ, მოვიძიო ინფორმაცია და გავეცნო უახლესი წარსულის აჩრდილებს. ბევრი წამიკითხავს და ბევრი მსმენია, მაგრამ ეს წიგნი სრულიად სხვა საფეხურია. კითხულობ და თვალწინ გეშლება სცენები, როგორ იდგამდა ფეხს ახალ რეალობაში ჩვენი პატარა დამოუკიდებელი საქართველო.

ეს წიგნი მოგვითხრობს გელას ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე. პარალელურად კი გვიყვება გელას ცხოვრებასა და კარიერაზე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის აპარატში მუშაობის პერიოდში. კითხულობ და ხვდები, რომ გელა მოსიარულე ისტორიის ნატეხია, რომელიც ჩვენთან გარდასული დროიდან შემორჩა სასწაულებრივად და გიხარია, რომ ის შენი თანამედროვეა, სადღაც აქვე, ამავე ქალაქში ცხოვრობს და ხანდახან ნახულობ ხოლმე კიდეც. კითხულობ წიგნს და ხშირად გეფიქრება: ნეტავ, კიდევ დიდხანს იცხოვროს და ბევრი დაწეროს. ეს არის წიგნი-მატიანე, რომელსაც აუცილებლად შევიტანდი სასკოლო პროგრამის კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სიაში, როგორც საქართველოს ისტორიის საგნის დამხმარე ლიტერატურას. ესაა წიგნი, რომელიც ზედმიწევნითი სიზუსტით გვიყვება მოვლენების შესახებ და ანგრევს შევარდნაძის მმართველობაზე დამკვიდრებულ მითებს. ვცხოვრობთ და ვიზრდებით და გვავიწყდება, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როგორი იყო დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ წავედით წინ..

დღეს მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით გელას წიგნზე. მიმოვიხილავდით ისევ და ისევ შევარდნაძის მმართველობას და კიდევ ერთხელ დავეთანხმეთ აზრს, რომ შევარდნაძის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა რაღაცას წარმოადგენს. წარმოიდგინეთ – მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ცივი ომის დამასრულებელი და ბერლინის კედლის დამანგრეველი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს. ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა. და აი ეს ადამიანი მოდის არშემდგარ, გაბანკროტებულ, ჩამორჩენილ, ომის ქაოსში ჩაფლულ, დამშეულ და ჩაბნელებულ ქვეყანაში. არად აგდებს სიამაყეს და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს სთხოვს, ცოტაოდენი ხორბლით დაგვეხმარონ, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ და ზამთარი გადავიტანოთ. არ მეგულება ბევრი ადამიანი, ვინც თავის სიამაყესა და პატივმოყვარეობას გადააბიჯებდა, ამხელა რისკზე წავიდოდა და ასეთ წარუმატებელ პროექტს ხელს მოჰკიდებდა. ძნელია ასეთი სასტარტო პირობებით დიდ წარმატებას მიაღწიო. ეს წიგნი მოგვითხრობს ამ სვლაზე – სიბნელიდან ნაკლებად სიბნელისკენ. ომიდან სტაბილურობამდე. თუ როდესმე გქონიათ სურვილი, იცოდეთ, რა ხდებოდა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! ეს არაა მხატვრული ლიტერატურა, ესაა დოკუმენტური ნაშრომი, რომელმაც გააცოცხლა ბნელი წარსული ყოველდღიურობა. მაშინდელი კანცელარიის სამუშაო გარემო, რომელიც ხშირად „ცისფერი მთების“ სიუჟეტისგან დიდად არ განსხვავდება.

გელა წერს 1993 წელს მხატვარ გოგი მესხიშვილის გამოფენის გახსნაზე, სადაც „ლამაზად ჩაცმული, კარგად მოვლილი ქალები შამპანურის ჭიქებით ხელში ძველებურად ეკეკლუცებოდნენ მოხდენილ ბიჭებს“. საუბრისას არის ასეთი მონაკვეთი – სერბი დიპლომატი ფიოდორ სტარჩევიჩი, რომელიც უკვე საქართველოში ექვსი თვის ჩამოსული იყო, მიმართავს გელას: „არ შეიძლება უფრო ხშირად მოაწყოთ მსგავსი თავყრილობები? დღეს მე პირველად ვნახე აქ ქალაქური გარეგნობის, ნორმალურად ჩაცმული ხალხი. გამოგიტყდებით, ქვეყანაზე შთაბეჭდილება შემეცვალა. დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ აქ მომუშავე დიპლომატები საქართველოზე. როგორია ის მათ წარმოსახვაში, როცა მის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან“. ერთი წლის შემდეგ 1994 წელს მანქანით ქალაქში მგზავრობისას ანატოლი სობჩაკი ეუბნება გელას: „ღმერთო, ნუთუ ეს თბილისია? როგორ საშინლად აცვია ხალხს“. გელა წერს – „გული მეტკინა. ვიცოდი, რომ ცვლილებას წლები დასჭირდებოდა, თუმცა მჯეროდა, რომ თბილისი კვლავ დაიბრუნებდა კარგად ჩაცმული ხალხის ქალაქის რეპუტაციას“. წლები გავიდა და დღეს ქალაქში მერსედესის მოდის კვირეულის გამართვა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და აღარვის აკვირვებს. თბილისი თანამედროვე მოდის რუკაზე ახალი ვარსკვლავია. წლები დასჭირდა, ნერგის დარგვას, მოვლას, მორწყვას, მიწის განოყიერებას.. ბევრმა ადამიანმა მიაშველა ძალისხმევა შევარდნაძის შემდეგ ამ ნერგს. და აი ხემ, რომელიც შევარდნაძის დროს დარგეს, ახლა ნელ-ნელა მოისხა ნაყოფი.

ხშირად გაიგონებთ, ალბათ, „შევარდნაძე არ უნდა შესულიყო დესეთეში“, ბევრგან მოისმენთ კრიტიკას, მაგრამ ვერ ნახავთ ბევრ წონად არგუმენტს. არ მოვყვები ჩემი პოზიციის შესახებ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ეს წიგნი წაიკითხოთ. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი წიგნის წაკითხვის შემდეგ?

ძალიან საინტერესოა გელას მოგონებები თავის უცხოელ კოლეგებთან საუბრების შესახებ. ვკითხულობდი და ვაცნობიერებდი, რომ აქ ყველაფერი ზუსტად ისე წერია, როგორც მეც არაერთხელ მითქვამს და მიფიქრია. ასე მაგალითად, გერმანელი კოლეგა ეუბნება გელას (ჩემი აზრით სრულ ჭეშმარიტებას): „თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მსოფლიო გამოცდილება. სიღატაკის დაძლევა და ჭეშმარიტი მოდერნიზება სულ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო. ესენია სინგაპური, ტაივანი, სამხრეთ კორეა და მეტ-ნაკლებად ჩილე. იმისათვის, რომ ნახტომი გააკეთოთ, რაღაც ეტაპზე თქვენ დაგჭირდებათ ძალაუფლების ცენტრალიზება და რკინის დისციპლინის, მათ შორის, საგადასახადო საკითხებში ურყევი მომთხოვნელობის შემოღება. კორუფციისა და კრიმინალის ძალისმიერი მეთოდებით აღმოფხვრა. და მაშინ, როცა თქვენი ბიუჯეტი მრავალგზის გაიზრდება და ბიზნესი თავს დაცულად იგრძნობს, თქვენ მზად იქნებით დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიისათვის“. ამ სიტყვების წარმოთქმიდან, ალბათ, 20 წელზე მეტი გავიდა და ჩვენთან ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეაქვს, სამწუხაროდ.

ძალიან საინტერესო საკითხავია გელას ახალგაზრდობის დროინდელი მოგონებები და მამასთან ურთიერთობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კანდიდ ჩარკვიანის ანდერძი. მხოლოდ პატარა ამონარიდს წაგაკითხებთ, დანარჩენი კი თქვენით უნდა წაიკითხოთ: „მე არაფერი მომიხვეჭია და ვერაფერს გიტოვებთ, მოგონებების გარდა“..

გელა ჩარკვიანი საქართველოს პრეზიდეტის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მუშაობდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ტექსტებზე, მონაწილეობას იღებდა ოფიციალურ შეხვედრებში, გეგმავდა ვიზიტებს. მისი ყოველდღიური სამუშაო გარემო ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მშობლიურია. გელას იმდროინდელი განცდები და შეგრძნებები ჩემთვისაც ახლოა. არც თუ ისე შორეულ წარსულში მეც ვმუშაობდი საქართველოს პრეზიდენტთან, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურში და ბევრი ნაცნობი ემოცია გამიცოცხლდა წიგნის კითხვისას. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა წიგნის ფურცლებზე ნაცნობ ადამიანებს ხვდები, ვისთანაც ასევე გიმუშავია.

ძალიან მინდა ბევრი ამონარიდი დავწერო წიგნიდან, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებ თავს “სპოილერებისგან”. დიდებო, პატარებო, მშობლებო, შვილებო, თანატოლებო, წაიკითხეთ ეს წიგნი და წააკითხეთ თქვენს მეგობრებს. მხოლოდ ასეთი ლიტერატურის წაკითხვით შევძლებთ, უთავბოლო, არასწორი და ტყუილი მითების დასრულებას ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე. რა თქმა უნდა, გელა ჩარკვიანის წიგნში მოთხრობილი ამბები არ ასახავს სრულ რეალობას – ის გელა ჩარკვიანის მიერ დანახული სამყაროა, რომელიც იმსახურებს, რომ თქვენც დაინახოთ.

MiNi Library

კავკასიური ნოველები

კავკასიური ნოველები გრიგოლ რობაქიძე
ვისაც გველის პერანგი მოსწონს, მოთხრობების ეს კრებულიც აუცილებლად მოეწონება.
ადრეც დავწერე და ისევ განვმეორდები:
ყოველთვის ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან დიდი მწერალი იყო.
ვიცოდი არა იმიტომ, რომ მისი ყველა ნაწარმოები წამიკითხავს ან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, არამედ იმიტომ, რომ ასე გვითხრეს სკოლაში, ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, ასეა მიღებული საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა მასშტაბების მქონე მწერალია სინამდვილეში რობაქიძე. მაგრამ რატომაა გრიგოლ რობაქიძე დიდი მწერალი? რა დაწერა მან? რას მიაღწია მან საქართველოს ფარგლებს გარეთ? რატომ იდევნებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ? ამას არავინ გვასწავლის სამწუხაროდ.
განსაკუთრებით საინტერესო მოთხრობა იყო “წმინდა ხარის მოკვლა”. ამბავი სვანეთში ხდება, სადაც ერთ-ერთი თავადი სიმთვრალეში მოკლავს უშგულელების წმინდა ხარს. ხარს, რომელსაც ხუთი წლის მანძილზე არავინ ერჩის, ყველა უვლის და ყველა აჭმევს, რომ 5 წლის შემდეგ მსხვერპლად შესწირონ და ამ წმინდა ცხოველის ხორცი იგემოს თითეულმა. თემი დადგება დილემის წინაშე. ყველას სურს შურის ძიება, მაგრამ გარკვეული სვანური ადათებისა და წესების დარღვევას ვერავინ ბედავს. გამოსავალი პასუხისმგებლობის განაწილებაა და სწორედ ამ მომენტის გამოა ეს მოთხრობაც განსაკუთრებული. ძალიან კარად ჩანს სვანური ხასიათი, ბუნება, ქცევის წესები, დამოკიდებულებები.
დანარჩენი ორი მოთხრობაც “ენგადი” და “იმამ შამილი” ასევე ძალიან საინტერესოა.
დასანანია, რომ მსგავსი მოთხრობები არ ისწავლება სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ თუ კულტურულ თემებს ეხება და დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის წიგნებს დაამშვენებდა სასკოლო პროგრამაში. ყველას დაგვიწერია ალბათ ქართულის გაკვეთილებზე თემები. ეს ისეთი მოთხრობებია, რომელზეც თემის დაწერა არ დამეზარებოდა. მორალური დილემებია, რომელსაც თითოული ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს, სააზროვნო და სადისკურსიო თემებს შლის და, დარწმუნებული ვარ, ამ მოთხრობების განხილვა ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთლი იქნებოდა.
განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს არტანუჯის გამომცემლობა, რომ არ დაიზარა, მოიძია, აღმოაჩინა და ქართულად თარგმნა და დაგვიბრუნა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება, რომელიც თავის დროზე გერმანიაში გამოიცა გერმანულ ენაზე.
ვისაც არ წაგიკითხავთ, აუცილებლად გირჩევთ.
ვინც ტრანსპორტში საკითხავ წიგნებს ეძებთ, ეს სწორედ ისაა: მოცულობით პატარაა, წიგნს ზომაც პატარა აქვს, ხალჩანთაში ჩაეტევა და არც მძიმე არაა.
MiNi Library

ყველა ნათელი ადგილი

%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98

ყველა ნათელი ადგილი
ავტორი: ჯენიფერ ნივენი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყურადღება: პოსტი შეიცავს სპოილერებს!

საკმაოდ რთულია ისაუბრო თინეიჯერულ წიგნზე, როცა თინეიჯერობის ასაკს დიდი ხანია გასცდი. მაგრამ ვთვლი, რომ პრობლემები, რომელზეც ჯენიფერ ნივენი წერს, არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ასაკობრივ ჯგუფს. აქვე ვიტყვი, რომ წიგნი ძალიან მომეწონა, უმეტესწილად იმიტომ, რომ ძალიან ემოციურია. წიგნები, რომელსაც შეუძლია, აგატიროს, აგაღელვოს, შენში მძაფრი ემოციები გამოიწვიოს, ჩაგაფიქროს, ყოველთვის იმსახურებს ყურადღებას. ცუდი წიგნები ყველაფერ ამას ვერ იწვევენ.

წიგნი მოგვითხრობს ორი თინეიჯერის – თეოდორ ფინჩისა და ვაიოლეტ მარკის უცნაურ და გიჟურ სასიყვარულო თავგადასავალზე. ფინჩი და მარკი ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. მომხიბვლელი და სკოლაში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული მოსწავლე, ვაიოლეტ მარკი დასთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა. ის გადარჩა, მაგრამ მისი უფროსი და ვერა. ვაიოლეტი თავს დამნაშავედ გრძნობს, ავტომობილით იმ გზით წასვლა რომ შესთავაზა უფროს დას. ეს დანაშაულის შეგრძნობა იმდენად მძაფრდება, რომ ერთ დღესაც გოგონა მაღალი შენობის კიდესთან დადგება. ორი განათლებული, თავისუფალი და მოაზროვნე ახალგაზრდა ერთმანეთს თვითმკვლელობის მცდელობის დროს გაიცნობს. თეოდორმა იცის, რომ სიბნელე, რომელიც  მენტალური დაავადების გამო მუდამ თან სდევს, ადრე თუ გვიან მას ჩაყლაპავს, თუმცა ვაიოლეტ მარკის გამოჩენა, ამ სიბნელეს დროებით ფანტავს და სწორედ სიბნელის გაფანტვიდან მის დაბრუნებამდე პერიოდში ვითარდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ისტორია, რომელიც სიბნელის დადგომის შემდეგაც ძალიან ორიგინალური ხერხებით აგრძელებს არსებობას და დარწმუნებული ვარ, ემოციების აფეთქების გარეშე ამ წიგნის კითხვას ვერ დაასრულებთ.

მაგრამ..
ჩემი აზრით, სიყვარულის არანორმალური და გიჟური ისტორიის მიღმა ბევრად უფრო რთულ პრობლემას ეხება ავტორი: ბულინგს სკოლაში და სუიციდის სურვილს თინეიჯერებში.

თეოდორ ფინჩის მდგომარეობა ბევრის აზრით ძალიან გაზვიადებულია, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ მისი მსგავსი სულიერი მდგომარეობის ადამიანები ბევრნი არიან ჩვენ გარშემო. ვისაც ამის არ სჯერა, ან თავს იტყუებს, ან რეალობაზე თვალს ხუჭავს. იმის გათვალისწინებით თუ რამდენმა ახალგაზრდამ ჩაიდინა სუიციდი ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფინჩის პერსონაჟი საკმაოდ რეალისტურია. ქართული საზოგადოებისათვის ბულინგი ყოველდღიური გასართობია და სწორედ ამ “საზოგადოებამ” და “საზოგადოებრივმა აზრმა” არაერთი ადამიანი მიიყვანა რთულ გადაწყვეტილებამდე. არ გინახავთ თქვენს სკოლებში აბუჩად აგდებული ბავშვები? კლასელების მიერ დაჩაგრულები მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების მსგავსები არ იყვნენ? მასაში რომ ვერ ეწერებოდნენ და ამის გამო, მუდმივად ზეწოლის ქვეშ იყვნენ? რატომ უარყოფთ პრობლემას, რომელიც არსებობს? ფინჩიც ჩვეულებრივი ბულინგის მსხვერპლია. სიბნელე, რომელსაც მის თავში ფესვები ისედაც გადგმული ჰქონდა, გაძლიერდა მას შემდეგ, რაც თანატოლებმა ზურგი აქციეს, ფრიკი შეარქვეს (ასე ეძახიან კლასელები თეოდორ ფინჩს და ნიშნავს: ნარკომანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ჰალუცინოგენურ ნარკოტიკს 2) ჰალუცინირება; მძიმე რეაქციის გამოწვევა ნარკოტიკის მიღების შემდეგ. ჟინი, ჟინიანობა, ახირება; ცუდი საქციელი; ცელქობა, სიცელქე; მახინჯი, გონჯი), დაცინვის ობიექტად აქციეს და გარიყეს. სულაც რომ ჯანმრთელი ფსიქიკით დაიბადო ადამიანი, წლების განმავლობაში მსგავსი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან აუცილებლად დაამჩნევს ნებისმიერს უარყოფით კვალს. ასე რომ, ფინჩის პერსონაჟის რეალურობას ვინც ეჭვქვეშ აყენებს, ვურჩევ, ამ კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ სცადონ შეფასება.

ბევრი მკითხველის აზრი წავიკითხე ამ წიგნის შესახებ. მათი გარკვეული ნაწილი ამტკიცებდა, რომ პერსონაჟები არაბუნებრივები იყვნენ, რომ პრობლემა თითიდან გამოწოვილია, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება და სხვ. და ვინ თქვა, რომ წიგნი აუცილებლად რეალურ პერსონაჟებზე უნდა იყოს? ეს რა, დოკუმენტური პროზაა? თუკი ავტორი ცდილობს რაღაც პრობლემაზე ღიად საუბარს და ამისთვის არაბუნებრივად მძაფრ განცდებსა და ხასიათებს აწერს პერსონაჟებს, ცუდია? თეოდორ ფინჩი ძალიან მომეწონა. ჩემი კლასელი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მომინდებოდა მასთან მეგობრობა. იშვიათი თავისუფლების შეგრძნება აქვს, განათლებულია და კარგი იუმორი აქვს. როცა გავაცნობიერე, რომ ფინჩი მომწონდა და მასთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი, სწორედ მაშინ ჩაყლაპა იგი სიბნელემ. ბევრი ბრაზისა და სამყაროს უსამართლობაზე ფიქრის შემდეგ იცით, რას მივხვდი? მას ძალიან უყვარდა ცხოვრება და უყვარდა ამ ცხოვრების ძალიან ბევრი პატარა დეტალი, რაც ჩანს კიდეც წიგნის ბოლო ნაწილებში. მას გიჟურად უყვარდა ვაიოლეტ მარკი და ცხოვრება, მაგრამ თავი ვერ დააღწია მენტალურ პრობლემას. მაინც მგონია, რომ მის დახმარებას ვერავინ შეძლებდა, ვერც ვაიოლეტი, მიუხედავად დაუოკებელი სურვილისა წაერთმია სიბნელისთვის ფინჩი.

წიგნის ბოლო ნაწილი, სადაც ვაიოლეტი ფინჩის მიერ დატოვებულ პატარ-პატარა მინიშნებებს პოულობს, არის ძალიან ემოციური და გემრიელი საკითხავი. მხოლოდ ამ რამდენიმე ფურცლისთვისაც კი ღირს ამ წიგნის წაკითხვა და ნუ იტყვით ამ სიამოვნებაზე უარს, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე მკითხველს თურმე ზოგიერთი პერსონაჟი არაბუნებრივი მოეჩვენა.

ასევე ვფიქრობ, რომ ბევრი თინეიჯერისათვის ბულინგის თემა ამ წიგნში საკმაოდ მძაფრად არაა აღწერილი და სასიყვარულო ისტორია ჩრდილავს. კარგი იქნებოდა, სკოლის მოსწავლეებს ვინმემ ამაზე ყურადღება გაუმახვილოს, დაელაპარაკოს, აუხსნას. მახსოვს, სკოლაში რომ ვსწავლობდი, კლასგარეშე საკითხავად დაგვირიგეს უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” და შედეგ ამ წიგნზე ვრცელი დისკუსია გავმართეთ (ექსპერიმენტული სკოლა იყო, მე-3 გიმნაზია) და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წიგნმა ცოტათი, მაგრამ მაინც შეცვალა ჩვენი კლასი.

ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ თეოდორ ფინჩის პერსონაჟი ძალიან მაგონებდა ჯონ გრინის პერსონაჟს – ავგუსტუს უოთერსს წიგნიდან “ბედის ვარსკვლავის ბრალია” (ეს წიგნიც მომეწონა). მომხიბვლელი, უცნაური, გონებამახვილი, ორაორდინალური შეყვარებული, კარგი იუმორისა და სარკაზმის გრძნობით და ორივე მომეწონა. ორივე პერსონაჟის შემთხვევაში პოულობენ ძალიან დიდ სიყვარულს, მაგრამ მათი დრო იწურება და მაინც, ტოვებენ ძალიან დიდ გრძნობასა და წარუშლელ კვალს.. და ორივეს ძალიან უცნაური სახელები ჰქვიათ ოცდამეერთე საუკუნის პირობაზე.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფინჩი და მარკი არ იყვნენ შეყვარებულები, სკოლის დავალების შესრულებისას მიდიან ერთ-ერთ მიტოვებულ კედელთან ქალაქგარეთ, სადაც უამრავი ადამიანი წერს, თუ რისი გაკეთება უნდათ, სანამ მოკვდებიან და ფინჩი წერს:
სანამ მოვკვდები, მინდა დავუკრა გიტარაზე ჯიმი პეიჯივით. დავწერო სიმღერა, რომელიც  შეცვლის სამყაროს. ვიპოვო დიდებული მანიფესტი. ვითვლებოდე რამედ. ვიყო ისეთი, როგორადაც ჩაფიქრებული ვარ და ვიყო ამით კმაყოფილი. გავიგო, როგორი შეგრძნებაა საუკეთესო მეგობრის ყოლა. ვიყო მნიშვნელოვანი.
და ბოლოს ამატებს:
სანამ მოვკვდები, მინდა ერთ დღე იდეალურად გავატარო და ვაკოცო ვაიოლეტ მარკის…

MiNi Library

facebook
goodreads

ათასი მოელვარე მზე

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9a

ათასი მოელვარე მზე
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

ყურადღება: რევიუ შეიცავს სპოილერებს !!!

(რევიუს წერის დროს შეუჩერებლად ვუსმენდი Matthew Ryan-ის Follow The Leader-ს. ძალიან მძაფრი ემოცია შესძინა ამ პოსტს და შეიძლება, თქვენც მოგეწონოთ)

ვინც ამ ბლოგს ხშირად კითხულობს, აუცილებლად ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება ამ მწერლის მიმართ. ხალიდ ჰოსეინის წიგნები ადამიანებს, განწყობებს, მიდგომებს, ქცევებს ცვლის. ეს ავტორი წერს წიგნებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც უბრალოდ გიჩნდება სურვილი, იყო უკეთესი ადამიანი. ათასი მოელვარე მზე მორიგი ასეთი წიგნია.

წიგნის მოქმედება ავღანეთის ისტორიის თითქმის 30 წლიან მონაკვეთს მოიცავს: საბჭოთა ჯარების შესვლიდან მოჯაჰედების ძალადობრივი მმართველობის დამთავრების შედგომ პერიოდამდე. უამრავი ადამიანის დანგრეული ცხოვრება, განადგურებული სახლები, მიწასთან გასწორებული იმედები და ოცნებები, გახლეჩილი ოჯახები, უსამართლობის პიკი და სრულიად უზნეო, უმისამართო ძალადობა. აი, რა იყო ეს პერიოდი ავღანელი ხალხისათვის..

წიგნი ორი ქალის, მარიამისა და ლაილას ამბავზე მოგვითხრობს.
მარიამი უკანონო შვილია, რაც უკვე განაჩენია. ავღანური საზოგადოება ვერასოდეს აპატიებს უცოდველ ბავშვს, რომ უკანონოდ დაიბადა და შეგრძნება, რომ ის ჰარამია (ცოდვა) მთელი ცხოვრება გაჰყვება მარიამს.
მას არ აღიარებს მამის ოჯახი..
მალევე კარგავს დედას..
ჯერ კიდევ ბავშვს მიათხოვებენ მოძალადე საშუალო ასაკის მამაკაცს..
მარიამი ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ ვერ გატეხა. ვერც უიღბლობამ, ვერც უსამართლობამ, ვერც ძალადობამ, მარიამში ვერ მოკლა კეთილი ადამიანი..

ლაილა ლამაზი, გაბედული, განათლებული და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც იდეალების რწმენით გაზარდეს. რწმენით, რომ განათლება უმნიშვნელოვანესია. სკოლის მასწავლებელი მამის სიტყვები იყო ლაილას რწმენა: ვიცი, ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ მინდა, ეს უკვე გაიაზრო და ისწავლო. გათხოვება მოიცდის, განათლება კი – ვერა. შენ ძალიან გონებაგახსნილი გოგონა ხარ. ნამდვილად ასეა. ყველაფერი გამოგივა ლაილა. ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ავღანეთს შენ ისევე დასჭირდები, როგორც მამაკაცები. შეიძლება, უფრო მეტადაც კი, რადგან იმ საზოგადოებას რომლებსაც გაუნათლებელი ქალები ჰყავს, წარმატების შანსი არ გააჩნია, ჩემო გოგონავ.
ლაილა სწავლობს, იზრდება და უყვარს. უყვარს თავდავიწყებით და ბავშვურად. სანამ ერთ დღესაც ომი მათ სახლამდეც არ მოაღწევს..

ლაილა და მარიამი ერთი მოძალადე კაცის ცოლები გახდებიან, გაიყოფენ ერთ ჭერს, ძალადობას, ტკივილსა და უკეთესი მომავლის იმედს. წიგნის ყველაზე გემრიელი ნაწილი სწორედ ისაა, სადაც ლაილა და მარიამი გადალახავენ მტრულ განწყობას ერთმანეთს მიმართ და გახდებიან საუკეთესო მეგობრები. მიხვდებიან, რომ ერთის დამცირება, მეორის დამცირებაცაა, ერთის ტკივილი, მეორესაც სტკივა, ერთის ცრემლი მეორესაც მოსდის და რომ ერთის ჰარამი, მეორის ჰარამიცაა.

წიგნის კითხვისას ძალიან მომწონდა იმის შემჩნევა, თუ როგორ განიცდის მარიამი ტრანსფორმაციას ჰარამი, დაჩაგრული და მშიშარა გოგოდან გამბედავ, მეგობრულ და მებრძოლ ადამიანამდე. ქალამდე, რომელსაც შეუძლია თავი გასწიროს. იშვიათად მინახავს ასეთი ძლიერი პერსონაჟი წიგნებში. ეტალონია ადამიანობის. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალიდ ჰოსეინის სწორედ ეს პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად მის მიერ შექმნილ ბევრ ძალიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შორის. ძნელია, არ შეგიყვარდეს მარიამი.

ამ ორი ქალის ისტორია არის სახე იმდროინდელი ავღანეთის, სადაც ქალების ჩაგვრა იყო ყოველდღიური მოვლენა. ჰოსეინი ამ წიგნით გვიყვება უუფლებობასა და დამცირებაზე, რომელიც ავღანელმა ქალებმა გამოიარეს და მაინც გადარჩნენ. გადაურჩნენ ყველა ჭურვს, ყველა აღმართულ ხელს, ყველა მოქნეულ ქამარს და მაინც ფეხზე დადგნენ.

მეორე მხრივ კი ესაა დიდი სიყვარულის ისტორია, რომელმაც მრავალწლიან განშორებას გაუძლო და მაინც გაიკვლია გზა ჭურვებისგან გადახლეჩილ ავღანურ მიწაზე. ისტორია ბავშვურ, ყველაზე წრფელ სიყვარულზე, რომელიც პირველი მოდის და სამუდამოდ შენთან რჩება.

ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” მოგვითხრობს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შედეგად ემიგრაციაში წასულების ცხოვრებაზე. “მთებმა მთებს უთხრეს” კი ავღანეთის თანამედროვე ისტორიას გვიყვება, ომის შემდგომი მშვიდობიანი პეროდის ისტორიებს. “ათასი მოელვარე მზე” კი მოგვითხრობს ამ ორ წიგნს შორის არსებულ პერიოდსა და ხალხზე, ვინც ვერ გაიქცა. ვინც ვერ მოასწრო წასვლა ან არ ისურვა საკუთარი სახლის მიტოვება, ვინც დარჩა და სცადა გადარჩენა. ვინც დაიტირა ყველა, ვისაც არ გაუმართლა და ვინც ბოლომდე ჩაჰყვა უფსკრულში ავღანეთის დაცემას, რათა ფსკერზე დაშვების შემდეგ დახმარებოდნენ თავიანთ ქვეყანას, ნელ-ნელა ამოსულიყვნენ უიმედოობიდან, რათა ქაბულის ფანჯრებში ისევ ანთებულიყო ათასობით მოელვარე მზე..

ეს წიგნი ბევრმა ქართველმაც უნდა წაიკითხოს. არც ჩვენი საზოგადოებაა მოკლებული სხვების ჰარამად შერაცხვას, ქალების ჩაგვრასა და ძალადობას. ვფიქრობ, მოზარდებში (თუ წაიკითხავენ) ეს წიგნი ბევრ დადებით გარდატეხას მოახდენს და იქნებ, უკეთესი ადამიანებიც დადგნენ.

თუ ეს წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, ჩემი რჩევა იქნება, ამ თანმიმდევრობით წაიკითხოთ:
%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98

facebook
goodreads