კავკასიური ნოველები

კავკასიური ნოველები გრიგოლ რობაქიძე
ვისაც გველის პერანგი მოსწონს, მოთხრობების ეს კრებულიც აუცილებლად მოეწონება.
ადრეც დავწერე და ისევ განვმეორდები:
ყოველთვის ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან დიდი მწერალი იყო.
ვიცოდი არა იმიტომ, რომ მისი ყველა ნაწარმოები წამიკითხავს ან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, არამედ იმიტომ, რომ ასე გვითხრეს სკოლაში, ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, ასეა მიღებული საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა მასშტაბების მქონე მწერალია სინამდვილეში რობაქიძე. მაგრამ რატომაა გრიგოლ რობაქიძე დიდი მწერალი? რა დაწერა მან? რას მიაღწია მან საქართველოს ფარგლებს გარეთ? რატომ იდევნებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ? ამას არავინ გვასწავლის სამწუხაროდ.
განსაკუთრებით საინტერესო მოთხრობა იყო “წმინდა ხარის მოკვლა”. ამბავი სვანეთში ხდება, სადაც ერთ-ერთი თავადი სიმთვრალეში მოკლავს უშგულელების წმინდა ხარს. ხარს, რომელსაც ხუთი წლის მანძილზე არავინ ერჩის, ყველა უვლის და ყველა აჭმევს, რომ 5 წლის შემდეგ მსხვერპლად შესწირონ და ამ წმინდა ცხოველის ხორცი იგემოს თითეულმა. თემი დადგება დილემის წინაშე. ყველას სურს შურის ძიება, მაგრამ გარკვეული სვანური ადათებისა და წესების დარღვევას ვერავინ ბედავს. გამოსავალი პასუხისმგებლობის განაწილებაა და სწორედ ამ მომენტის გამოა ეს მოთხრობაც განსაკუთრებული. ძალიან კარად ჩანს სვანური ხასიათი, ბუნება, ქცევის წესები, დამოკიდებულებები.
დანარჩენი ორი მოთხრობაც “ენგადი” და “იმამ შამილი” ასევე ძალიან საინტერესოა.
დასანანია, რომ მსგავსი მოთხრობები არ ისწავლება სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ თუ კულტურულ თემებს ეხება და დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის წიგნებს დაამშვენებდა სასკოლო პროგრამაში. ყველას დაგვიწერია ალბათ ქართულის გაკვეთილებზე თემები. ეს ისეთი მოთხრობებია, რომელზეც თემის დაწერა არ დამეზარებოდა. მორალური დილემებია, რომელსაც თითოული ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს, სააზროვნო და სადისკურსიო თემებს შლის და, დარწმუნებული ვარ, ამ მოთხრობების განხილვა ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთლი იქნებოდა.
განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს არტანუჯის გამომცემლობა, რომ არ დაიზარა, მოიძია, აღმოაჩინა და ქართულად თარგმნა და დაგვიბრუნა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება, რომელიც თავის დროზე გერმანიაში გამოიცა გერმანულ ენაზე.
ვისაც არ წაგიკითხავთ, აუცილებლად გირჩევთ.
ვინც ტრანსპორტში საკითხავ წიგნებს ეძებთ, ეს სწორედ ისაა: მოცულობით პატარაა, წიგნს ზომაც პატარა აქვს, ხალჩანთაში ჩაეტევა და არც მძიმე არაა.
MiNi Library

ათასი მოელვარე მზე

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9a

ათასი მოელვარე მზე
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

ყურადღება: რევიუ შეიცავს სპოილერებს !!!

(რევიუს წერის დროს შეუჩერებლად ვუსმენდი Matthew Ryan-ის Follow The Leader-ს. ძალიან მძაფრი ემოცია შესძინა ამ პოსტს და შეიძლება, თქვენც მოგეწონოთ)

ვინც ამ ბლოგს ხშირად კითხულობს, აუცილებლად ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება ამ მწერლის მიმართ. ხალიდ ჰოსეინის წიგნები ადამიანებს, განწყობებს, მიდგომებს, ქცევებს ცვლის. ეს ავტორი წერს წიგნებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც უბრალოდ გიჩნდება სურვილი, იყო უკეთესი ადამიანი. ათასი მოელვარე მზე მორიგი ასეთი წიგნია.

წიგნის მოქმედება ავღანეთის ისტორიის თითქმის 30 წლიან მონაკვეთს მოიცავს: საბჭოთა ჯარების შესვლიდან მოჯაჰედების ძალადობრივი მმართველობის დამთავრების შედგომ პერიოდამდე. უამრავი ადამიანის დანგრეული ცხოვრება, განადგურებული სახლები, მიწასთან გასწორებული იმედები და ოცნებები, გახლეჩილი ოჯახები, უსამართლობის პიკი და სრულიად უზნეო, უმისამართო ძალადობა. აი, რა იყო ეს პერიოდი ავღანელი ხალხისათვის..

წიგნი ორი ქალის, მარიამისა და ლაილას ამბავზე მოგვითხრობს.
მარიამი უკანონო შვილია, რაც უკვე განაჩენია. ავღანური საზოგადოება ვერასოდეს აპატიებს უცოდველ ბავშვს, რომ უკანონოდ დაიბადა და შეგრძნება, რომ ის ჰარამია (ცოდვა) მთელი ცხოვრება გაჰყვება მარიამს.
მას არ აღიარებს მამის ოჯახი..
მალევე კარგავს დედას..
ჯერ კიდევ ბავშვს მიათხოვებენ მოძალადე საშუალო ასაკის მამაკაცს..
მარიამი ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ ვერ გატეხა. ვერც უიღბლობამ, ვერც უსამართლობამ, ვერც ძალადობამ, მარიამში ვერ მოკლა კეთილი ადამიანი..

ლაილა ლამაზი, გაბედული, განათლებული და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც იდეალების რწმენით გაზარდეს. რწმენით, რომ განათლება უმნიშვნელოვანესია. სკოლის მასწავლებელი მამის სიტყვები იყო ლაილას რწმენა: ვიცი, ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ მინდა, ეს უკვე გაიაზრო და ისწავლო. გათხოვება მოიცდის, განათლება კი – ვერა. შენ ძალიან გონებაგახსნილი გოგონა ხარ. ნამდვილად ასეა. ყველაფერი გამოგივა ლაილა. ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ავღანეთს შენ ისევე დასჭირდები, როგორც მამაკაცები. შეიძლება, უფრო მეტადაც კი, რადგან იმ საზოგადოებას რომლებსაც გაუნათლებელი ქალები ჰყავს, წარმატების შანსი არ გააჩნია, ჩემო გოგონავ.
ლაილა სწავლობს, იზრდება და უყვარს. უყვარს თავდავიწყებით და ბავშვურად. სანამ ერთ დღესაც ომი მათ სახლამდეც არ მოაღწევს..

ლაილა და მარიამი ერთი მოძალადე კაცის ცოლები გახდებიან, გაიყოფენ ერთ ჭერს, ძალადობას, ტკივილსა და უკეთესი მომავლის იმედს. წიგნის ყველაზე გემრიელი ნაწილი სწორედ ისაა, სადაც ლაილა და მარიამი გადალახავენ მტრულ განწყობას ერთმანეთს მიმართ და გახდებიან საუკეთესო მეგობრები. მიხვდებიან, რომ ერთის დამცირება, მეორის დამცირებაცაა, ერთის ტკივილი, მეორესაც სტკივა, ერთის ცრემლი მეორესაც მოსდის და რომ ერთის ჰარამი, მეორის ჰარამიცაა.

წიგნის კითხვისას ძალიან მომწონდა იმის შემჩნევა, თუ როგორ განიცდის მარიამი ტრანსფორმაციას ჰარამი, დაჩაგრული და მშიშარა გოგოდან გამბედავ, მეგობრულ და მებრძოლ ადამიანამდე. ქალამდე, რომელსაც შეუძლია თავი გასწიროს. იშვიათად მინახავს ასეთი ძლიერი პერსონაჟი წიგნებში. ეტალონია ადამიანობის. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალიდ ჰოსეინის სწორედ ეს პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად მის მიერ შექმნილ ბევრ ძალიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შორის. ძნელია, არ შეგიყვარდეს მარიამი.

ამ ორი ქალის ისტორია არის სახე იმდროინდელი ავღანეთის, სადაც ქალების ჩაგვრა იყო ყოველდღიური მოვლენა. ჰოსეინი ამ წიგნით გვიყვება უუფლებობასა და დამცირებაზე, რომელიც ავღანელმა ქალებმა გამოიარეს და მაინც გადარჩნენ. გადაურჩნენ ყველა ჭურვს, ყველა აღმართულ ხელს, ყველა მოქნეულ ქამარს და მაინც ფეხზე დადგნენ.

მეორე მხრივ კი ესაა დიდი სიყვარულის ისტორია, რომელმაც მრავალწლიან განშორებას გაუძლო და მაინც გაიკვლია გზა ჭურვებისგან გადახლეჩილ ავღანურ მიწაზე. ისტორია ბავშვურ, ყველაზე წრფელ სიყვარულზე, რომელიც პირველი მოდის და სამუდამოდ შენთან რჩება.

ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” მოგვითხრობს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შედეგად ემიგრაციაში წასულების ცხოვრებაზე. “მთებმა მთებს უთხრეს” კი ავღანეთის თანამედროვე ისტორიას გვიყვება, ომის შემდგომი მშვიდობიანი პეროდის ისტორიებს. “ათასი მოელვარე მზე” კი მოგვითხრობს ამ ორ წიგნს შორის არსებულ პერიოდსა და ხალხზე, ვინც ვერ გაიქცა. ვინც ვერ მოასწრო წასვლა ან არ ისურვა საკუთარი სახლის მიტოვება, ვინც დარჩა და სცადა გადარჩენა. ვინც დაიტირა ყველა, ვისაც არ გაუმართლა და ვინც ბოლომდე ჩაჰყვა უფსკრულში ავღანეთის დაცემას, რათა ფსკერზე დაშვების შემდეგ დახმარებოდნენ თავიანთ ქვეყანას, ნელ-ნელა ამოსულიყვნენ უიმედოობიდან, რათა ქაბულის ფანჯრებში ისევ ანთებულიყო ათასობით მოელვარე მზე..

ეს წიგნი ბევრმა ქართველმაც უნდა წაიკითხოს. არც ჩვენი საზოგადოებაა მოკლებული სხვების ჰარამად შერაცხვას, ქალების ჩაგვრასა და ძალადობას. ვფიქრობ, მოზარდებში (თუ წაიკითხავენ) ეს წიგნი ბევრ დადებით გარდატეხას მოახდენს და იქნებ, უკეთესი ადამიანებიც დადგნენ.

თუ ეს წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, ჩემი რჩევა იქნება, ამ თანმიმდევრობით წაიკითხოთ:
%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98

facebook
goodreads

წერილები სტეფან ცვაიგს

%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

წერილები სტეფან ცვაიგს
გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა არტანუჯი

ყოველთვის ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან დიდი მწერალი იყო.
ვიცოდი არა იმიტომ, რომ მისი ყველა ნაწარმოები წამიკითხავს ან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, არამედ იმიტომ, რომ ასე გვითხრეს სკოლაში, ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, ასეა მიღებული საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა მასშტაბების მქონე მწერალია სინამდვილეში რობაქიძე.

გველის პერანგი პირველად სადღაც მე-8 ან მე-9 კლასში წავიკითხე, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვდა მომეწონა თუ არა, ან რა ემოცია დატოვა. როდესაც “წერილები სტეფან ცვაიგს” (დიახ სტეფან და არა შტეფან, წიგნის სათაურში ცნობილი მწერლის სახელი ისევეა დატოვებული, როგორც მას გრიგოლ რობაქიძე მოიხსენიებს) წავიკითხე, თავიდან მომინდა გველის პერანგის წაკითხვა (და, რა თქმა უნდა, წავიკითხე). რობაქიძისა და ცვაიგის მიმოწერაში გველის პერანგს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ცოტამ თუ იცის, რომ გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგის გერმანულ გამოცემას, რომელიც დიდერიხის გამომცემლობამ გამოსცა, შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობა აქვს. ნაწყვეტი წინასიტყვაოdas_schlangenhemd_-_grigol_robakidseბიდან:
“ეს ერი დედამიწის ერთ–ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით, და ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენცა და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.”
გარდა წინასიტყვაობისა ცვაიგი იყო ის ადამიანი, რომელიც რობაქიძეს ყოველმხრივ დაუდგა მხარში: ეხმარებოდა წიგნის სტილისტურ გამართვაში, გაუწია ძალიან ბევრი რეკომენდაცია გამომცემლებთან, გააცნო მნიშვნელოვანი პირები და რამდენჯერმე მატერიალურადაც კი დაეხმარა, როცა ქართველ მწერალს გაუჭირდა.

ამ წიგნში შესულია მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის მიერ შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები, რომლებსაც ცვაიგის პირად არქივებში მიაკვლიეს. სამწუხაროდ, ისტორიამ ვერ შემოინახა ცვაიგის მიერ რობაქიძისადმი მიწერილი წერილები. ქართველი მწერლის ევროპული არქივი დაკარგულია. წიგნში ათობით წერილია და დასურათებულია იდეალურად! ცალკე მადლობა ეკუთვნის წიგნის დიზაინერს. თქვენ ნახავთ აღნიშნული წერილების დედნის ასლებს, წერილებში მოხსენიებული ისტორიული პირებისა და ადგილების ფოტოებს, რობაქიძის მიერ გაგზავნილ საქართველოს ბუნების ფოტოებს, ასევე ცვაიგის სახლის ფოტოებს, სადაც სტუმრობდა რამდენიმე დღით ქართველი მწერალი და სხვა.

კითხვისას ადვილად ამჩნევ, როგორ იცვლება რობაქიძის დამოკიდებულება ცვაიგისადმი. თუ პირველ წერილებში იგი ძალიან მოკრძალებით ქვევიდან ზევით ელაპარაკება ევროპელ მწერალს, სადღაც წიგნის შუაში უკვე გრძნობ, რომ ეს წერილები ორ მეგობარ ადამიანს ეკუთვნის. ისინი, უკვე როგორც თანაბარი კოლეგები, ისე ესაუბრებიან ერთმანეთს, განიხილავენ ერთმანეთის ახალ ნაწარმოებებს და საუბრობენ პრობლემებზე, პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე..

განსაკუთრებით აღსანიშნავია რობაქიძის მცდელობა, ცვაიგი ჩამოეყვანა საქართველოში სტუმრად. როგორც წერილებიდან ჩანს, საქართველოს ლიტერატურული სამყარო ამ ვიზიტისათვის ყოველმხრივ მზად იყო და ვიზიტის პროგრამაც კი ჰქონდათ მზად. ევროპელი მწერლის მოსახიბლად გრიგოლ რობაქიძე საქართველოს ბუნების ამსახველ ფოტოებსაც კი უგზავნიდა. სამწუხაროდ, შტეფან ცვაიგი არასოდეს ჩამოსულა საქართველოში.

წერილებში ასევე კარგად ჩანს, რას ფიქრობს რობაქიძე საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობაზე. გველის პერანგშიც საკმაოდ სიმბოლურადაა დაშიფრული რობაქიძის უდიდესი სურვილი, საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. მთავარ პერსონაჟს არჩიბალდ მეკეშს ჰყავს რუსი საყვარელი ქალი. როდესაც არჩიბალდი ქართველ გოგოს გაიცნობს, ნელ-ნელა იწყებს ფესვების გახსენებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსი საყვარელი თავს მოიკლავს, არჩიბალდ მეკეშის არჩილ მაყაშვილად გარდაქმნა იწყება. რუსის ჩამოშორების შემდეგ ხდება შესაძლებელი გაიხსენოს თავისი ნამდვილი წარმომავლობა და დაუბრუნდეს სამშობლოს.

თუ გსურთ, გრიგოლ რობაქიძეზე უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ, გაიგოთ, რა ხდებოდა მის თავს, რას განიცდიდა, რაზე საუბრობდნენ მეგობრულად ის და შტეფან ცვაიგი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად თქვენც მოგინდებათ, ამ წიგნის შემდეგ გველის პერანგის კიდევ ერთხელ გადაკითხვა.

პ.ს.
არტანუჯის გამომცემლობას ცალკე ეკუთვნის უდიდესი მადლობა, რომ გრიგოლ რობაქიძე დაუბრუნა ქართველ მკითხველს. ქართულად ითარგმნა მწერლის გერმანიაში გამოცემული წიგნები. უცნობი გრიგოლ რობაქიძე 14 წიგნისაგან შემდგარი სერიაა, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ.

MiNi Library

facebook
goodreads

პუტინის რუსეთი

%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2

პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
გამომცემლობა არტანუჯი

ეს წიგნი 2004 წელს ბრიტანეთში გამოიცა. მალევე ითარგმნა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ…
წიგნი რუსეთში არ გამოცემულა…
ანა პოლიტკოვსკაია ლიფტში მოკლეს 2006 წელს, როცა ჩეჩნეთის ლიდერზე დაიწყო 
მამხილებელი მასალების მოძიება..
ზემოთ ნათქვამიც საკმარისია, რომ ეს წიგნი ახლავე წაიკითხოთ.

უამრავი სათქმელი დამიგროვდა, რაც მინდა, რომ მოგიყვეთ ამ წიგნის შესახებ.. მაგრამ ბოღმისგან და ბრაზისგან სავსე გული ყელში მებჯინება და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. არ მასვენებს ერთი ძალიან, ძალიან აკვიატებული კითხვა: ამ ყველაფრის მერე, ჩვენს ქვეყანაში არც თუ ცოტაა ადამიანი, ვინც დიდი სიხარულით მიგვაერთებდა რუსეთს და უნამუსოდ ღაღადებენ პუტინის სიდიადესა და კაი ადამიანობაზე! და ვინ? პოლიტიკოსები, სამღვდელოება, ხელოვანები, რიგითი ადამიანები და ვინ არა? ძალიან, ძალიან მინდა, ამ ადამიანებმა აიკრან ბარგი-ბარხანა და ერთად გადასახლდნენ პუტინის რუსეთში, იმ რუსეთში, სადაც ანა პოლიტკოვსკაიასნაირ მართალ ადამიანებს ასე უსწორდებიან, სადაც სამართალი და სამართლიანობა ერთი ადამიანის სატელეფონო ზარზეა დამოკიდებული, სადაც თუ ფული გაქვს, ყველაფრის უფლებას ყიდულობ და ყველაფერი გაგდის.

ანა პოლიტკოვსკაიამ თავი გაწირა იმისთვის, რომ მე, შენ და საერთოდ ყოველ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, ვინ არის რეალურად პუტინი და რას წარმოადგენს მის მიერ მართული ქაოსი. ამ წიგნის წაკითხვის მერე მიხვდები, რამდენად მცდარი ინფორმაცია აქვთ საქართველოს რიგით მოქალაქეებს რუსეთის შიდა ცხოვრების შესახებ. ვინ არის პუტინი? ადამიანი, რომელმაც სამჯერ გაისეირნა წითელ ხალიჩაზე კრემლში და სამჯერ მოირგო რუსეთის იმპერიის გვირგვინი თავზე. ადამიანი, რომელსაც კისერზე აწევს ჩეჩნეთის სისხლისღვრა, “ნორდ-ოსტისა” და “ბესლანის” სასაკლაო, ლიტვინენკოს მკვლელობა, პოლიტკოვსკაიას და სხვა კიდევ უამრავი სისტემისათვის მიუღებელი ადამიანის მკვლელობა, 2008 წლის საქართველოს ომი, ყირიმის ანექსია და ომი უკრაინაში, უამრავი დახოცილი ადამიანი სირიაში, თანამშრომლობა ტერორისტებთან და რუსეთის ათასობით რეპრესირებული მოქალაქის ცოდვა.. პუტინის სახეა სასამართლო, რომელიც არ იცავს მოქალაქეების სიმართლეს და ოლიგარქების მიერ მართული  პოლიცია, რომელიც არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს..

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ელცინის მმართველობით იმედგაცრუებული მასის მოთხოვნა “ძერჟავის” ძალაუფლების აღდგენა იყო. ხალხმა მოითხოვა იმპერატორი, რომელიც ახალ საბჭოთა კავშირს შექმნიდა და მიიღო კაგებეს პოდპოლკოვნიკი პუტინი. საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ტრანსფორმირდნენ და იქცნენ პუტინის რუსეთის სისტემის მსახურებად. იმ სისტემის, რომელიც შემდეგ მათვე ანადგურებს. პუტინის საბჭოთა რეალობა დგას სისხლსა და რეპრესიებზე და უმეტესობა ჩვენგანმა ამის შესახებ არ იცის. საით მიდის რუსეთი? ანას ასეთი პასუხი აქვს: “ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად მიზნების გარეშე.”

ეს წიგნი არ არის მხატვრული ლიტერატურა და მასში ვერ ნახავთ ავტორის თვალსაზრისს, მოსაზრებებსა და შელამაზებულ ისტორიებს. ეს არის დოკუმენტალური პროზა, ფაქტები აკინძული წიგნად. თაროზე შემოდებული და მიჩქმალული სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც პუტინის რუსეთმა დამალა და საკუთარ ხალხს არ აჩვენა. ეს წიგნი არის სისხლში ამოსვრილი ხელები, რომელსაც პუტინი ზურგს უკან მალავს.

ეს ასევე არის წიგნი რიგით ადამიანებზე, რომლებიც სისტემამ გატეხა და გაწირა, რომლებიც პუტინის რუსეთის ტყვეებად იქცნენ.. მაგალითად: სამხედრო მზვერავი, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ომები გამოარა, აქვს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა  ძალიან ბევრ სამხედრო კამპანიაში, საიდუმლო ოპერაციაში, გადაურჩენია ადამიანები, ებრძოდა მტრებს – ეს არის ადამიანი, რომელმაც სამხედრო სამსახურის გარეთ არ იცის, როგორ იცხოვროს თავის ერთადერთ შვილთან ერთად. ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ჯილდო და ღირსება, მაგრამ არ აქვს საკუთარი სახლი. როდესაც ამაზე დაიჩივლებს და პრეტენზიას გამოთქვამს, მას თავიდან იშორებენ.

დღევანდელი საქართველოს სასამართლოსა და რუსული მოსყიდული და მართული სასამართლოს მსგავსების  ნათელი მაგალითი მინდა გაჩვენოთ ანა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან – ჟურნალისტი იძიებს გაოლიგარქებული კრიმინალის, ვინმე ფედულიევის საქმეს, რომელმაც “ურალხიმაშის” აქციათა პაკეტი გაყიდა, მილიონები აიღო, მაგრამ მოსყიდული და მართული სასამართლოს დახმარებით უკან დაიბრუნა. ეს სქემა რამდენიმეჯერ გაიმეორა სხვადასხვა კომპანიის აქციებით ვაჭრობისას. წიგნის ერთ მონაკვეთს დაგიკოპირებთ, სადაც მოთხრობილია:
“(ფედულიევმა) მოისურვა, რომ უკან დაებრუნებინა ის, რის სანაცვლოდაც უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე მილიონი დოლარი და განაცხადა: არ მაინტერესებს, სათანადო რეგისტრაცია არ ყოფილა, შეთანხმება უკანონოა. ბალაშოვმა (მოსყიდულმა და მართულმა მისამართლემ) მაშინვე ხელი მოაწერა ფედულიევისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: ფედულიევი მართალია. აქციათა პაკეტი, რომელიც გაყიდა, სინამდვილეში კვლავაც მას ეკუთვნის, მყიდველმა ფულის დაბრუნების გარეშე უკან უნდა გადასცეს აქციები.” ერთი ტელევიზიის, ოლიგარქის, მართული სასამართლოსი და ყოფილი მფლობელის ამბავს ხომ არ გახსენებთ? თან ტელევიზიის, რომელიც არც არასოდეს ყოფილა ამ ვითომ მფლობელის? არადა ეს ამბავი საქართველოში ხდება, ჩვენ თვალწინ. ადგილობრივი ოლიგარქი რუსი ოლიგარქების გამოცდილებას ეყრდნობა.

ნორდ-ოსტის ტერაქტისას პუტინის გაცემული ბრძანებით დაიწყო შტურმი და გამოიყენეს გასაიდუმლოებული მომწამვლელი აირი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. შეტევისას ძალოვნებმა მოკლეს ერთ-ერთი ტყვე, რომელსაც შუბლი შტურმისას შესულმა სამხედროებმა გაუხვრიტეს, მაგრამ მის შესახებ არც ერთ ანგარიშში არ წერია და საქმეშიც ისე ჩანს, თითქოს ბიჭი არც კი ყოფილა თეატრში. არადა დედასთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად იყო მისული. გააფთრებული ძებნისას ერთ-ერთ მორგში აღმოჩენილს გახვრეტილი შუბლი ცვილით ჰქონდა ამოვსებული, თითქოს ოჯახი ვერ მიხვდებოდა, რა მოხდა. გრაფა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ეთმობა, ცარიელია. არანაირი პასუხი, არანაირი პატივისცემა, არანაირი ბოდიში. პუტინის ძალოვნები ხომ არასოდეს ცდებიან? ეს ბიჭი შტურმისას თეატრში არ ყოფილა. ის მსხვერპლთა სიაშიც კი არაა.
იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმს არ სურდა, გაემხილა შტურმისას გამოყენებული აირის შემადგენლობა, ვერ მოხდა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, არავინ იცოდა რით ემკურნალათ. აირით მოწამლულები იტანჯებოდნენ და მათი დახმარება არავის შეეძლო. მოწამლულთა უმრავლესობა გარდაიცავალა, მხოლოდ იმიტომ, რომ აირის შემადგენლობის გამხელა არ მოისურვეს ძალოვნებმა!

ბესლანი – პირველ სექტემბერს სკოლაში მისული და ტერორისტების მიერ დატყვევებული ხალხი და პუტინის ბრძანების შემდეგ ერთიანად ამოხოცილი ტერორისტებისა და ტყვეების გორები. სკოლაში ათასზე მეტი ადამიანი იყო მისული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოკლეს. პუტინის ძალოვნები კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილ ტყვეთა რიცხვი 400-ს არ სცდება. საბუთებში კი 600-ზე მეტი გარდაცვლილი ტყვე უბრალოდ გამქრალია .. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, ისინი საბუთების მიხედვით სკოლაში არც ყოფილან.. პუტინი – ტერორისტების დამმარცხებელი გმირი! დანარჩენი ყველაფერი სტატისტიკაა.. სისხლიანი სტატისტიკა.

რატომ მოხდა ტერაქტები? ანას აქვს პასუხი:
“საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უსიტყვოდ შეუნდო საკუთარ მთავრობას ჩეჩნეთში მომხდარი და ირონიულად უგულებელყოფდა იმ აზრს, რომ ეს ყოველივე შეიძლება ბუმერანგივით უკან დაგვბრუნებოდა, რომ ხელისუფლება, რომელიც მიეჩვია მსგავს ქმედებებს ერთ რეგიონში, აღარ მოისურვებდა გაჩერებას და იმ ხალხის ნებისყოფასაც გამოსცდიდა, რომლებიც სულაც არ ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში”. და ბუმერანგი დაბრუნდა..

მაგრამ არც პუტინი გაჩერებულა. არც ჩვენ ვცხოვრობთ ჩეჩნეთში და არც უკრაინელები.. ვინ იქნება შემდეგი? ანას წიგნი სავსეა გვამებით, ვერც კი დათვლით რამდენია. მაგრამ პუტინს ეს ყველაფერი შერჩა. არ მინდა, ჩემს ბლოგზე დავწერო იმ სიმხეცეზე, რასაც ჩეჩნეთში სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომელთაც არავინ სჯიდა ქალების გაუპატიურებისა და დახოცვის გამო.. ეს თვითონ უნდა წაიკითხოთ “პუტინის რუსეთში”..

“რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, “ნორდ-ოსტში” გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო.”
ანას რომ ეცოცხლა ამ სიას საქართველოსა და უკრაინის ომები აუცილებლად მიემატებოდა..

წარმოიდგინეთ, რა ცხოვრება განვლო ანა პოლიტკოვსკაიამ?
მთელი ცხოვრება შესწირა სიმართლის ძიებას. შეგიძლიათ, ერთ წამით წარმოიდგინოთ, რამდენი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა ეს წიგნი? მან მახინჯ სისტემას ნაკუწ-ნაკუწ გამოსძალა ინფორმაცია, გამოიძია, გამოიკვლია უამრავი დეტალი და ფაქტი, მივიდა პირადად ყველა თვითმხილველთან, რომელიც ააშკარავებს და აშიშვლებს რეჟიმს. პოლიტკოვსკაია არის რუსეთის პატრიოტი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა რუსეთის უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც აწუხებდა, რომ ფულით ყველაფერს ყიდულობენ, აწუხებდა მართული მოსამართლეები, თავგასული ოლიგარქები, გამდიდრებული ყაჩაღები, რომლებიც შემდეგ პარლამენტის ტრუბუნებიდან მორალს უკითხავენ ერს. ანას ხანმოკლე ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა.

მეგობრებო, წაიკითხეთ ეს წიგნი, გთხოვთ.
წაიკითხეთ და იცოდეთ, რომ პუტინი ჩვენი ქვეყნის მტერია, თითოეული ჩვენგანის მტერია. ის მტერია დასავლური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის. მისი ადგილი მშვიდობიან მსოფლიოში არ არის.

და გახსოვდეთ: #putinkhuilo

MiNi Library
facebook
goodreads

მთებმა მთებს უთხრეს

მთებმა მთებს უთრეს ხალიდ ჰოსეინი

მთებმა მთებს უთხრეს (And The Mountains Echoed)
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა: არტანუჯი
Goodreads Choice Award for Fiction (2013)

ჩვენს ბლოგზე ადრე უკვე დავწერეთ ხალიდ ჰოსეინის ძალიან კარგ წიგნზე – ფრანით მორბენალი. ამჯერად კი ჰოსეინის კიდევ ერთ ქართულად ნათარგმნ  წიგნზე ვწერთ.

მთებმა მთებს უთხრეს ძალიან, ძალიან მომეწონა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს!
ერთ-ერთ საიტზე ავტორზე საუბრისას ამ გიფს წავაწყდი:
რა თქმა უნდა, მაგარი წიგნია. ჰოსეინია 🙂
obvious

ფრანით მორბენალის მიმოხილვისას დავწერე, ეს წიგნი რომ სკოლაში სწავლის დროს წამეკითხა ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი-მეთქი. ჰოსეინის წიგნები უკეთესს გხდის, გიჩენს სურვილს შენ თავს აჯობო, ქცევა შეცვალო, გაიზარდო როგორც პიროვნება და უბრალოდ კარგ მხარეს მიყავხარ. მისი წიგნები არის ადამიანობაზე, ადამიანურ ტკივილებზე, ოჯახურ ბედნიერებაზე, სიკეთეზე, სითბოზე, გამოუთქმელ პროტესტებზე, იმედების გაცრუებასა და მოულოდნელ ბედის საჩუქრებზე. ეს ზუსტად ისეთი წიგნია, მე რომ მიყვარს. წიგნი, სადაც ბედისწერა ცალკე პერსონაჟია, მოქმედებს, სუნთქავს, არსებობს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შეგიძლია, ხელითაც კი შეეხო მას. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბედისწერა ასეთი მეტყველია.

გადაშლი წიგნს და პირველივე გვერდზე მიხვდები, თქვენ საუკეთესო ამბის მთხრობელს უსმენთ. წიგნი იწყება შესანიშნავი ავღანური ზღაპრით, რომელსაც მამა უყვება თავის შვილებს ფარის და აბდულას, ღამით ძილის წინ პატარა სოფელ შადბაღში. მეორე დღეს კი დაადგებიან მწველ და მტვრიან უდაბნოს გზას ქაბულისკენ, სადაც დაიწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ამ წიგნში არსებულ პერსონაჟებს შეეხება და მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის..

მოვლენები სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე ვითარდება. ერთ შეხედვით მოქმედ გმირებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ არის ერთი საყრდენი წერტილი, ერთი პერსონაჟი – ნაბი. ის არის სკივრის გასაღები, რომელშიც ამ ყველა პერსონაჟისა და ამბის შემაერთებელი გორგალია დამალული. რომ არა ნაბი, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ამ პერსონაჟების ბედი, საერთოდ გაიცნობდნენ კი ერთმანეთს? ამბები ხან ევროპაში, ხან კი ამერიკაში ვითარდება, მაგრამ ავღანეთი მაინც ამ ყველაფრის შუაგულშია, რადგან ამ ქვეყნიდან წამოსული პერსონაჟები ავღანეთს გულით დაატარებენ.

ესაა წიგნი მოზაიკა. ამბები ერთმანეთზეა მიწყობილი და ძნელად თუ დაუკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ თუ შორიდან ყველა ამბავს ერთდროულად შეხედავთ, მთლიან სურათს დაინახავთ, ალუბლის მურაბასავით ტკბილსა და მჟავეს. წიგნის ყდაზე ლამაზ ბუმბულებს შეამჩნევდით. კითხვისას თქვენც ერთი ბუმბული ხარ, რომელსაც ქარი ხან ერთ ქვეყანაში გადააქროლებს და ხან მეორეში, ხან ერთი ამბის თვითმხილველი ხართ, ხანაც ვიღაცის დიალოგს ისმენთ ან სულაც წარსულში ბრუნდებით. თავიდან ძნელია, ეს წიგნი რომანად აღიქვა, ის უფრო მოთხრობების კრებულს ჰგავს, სადაც ყოველი მოთხრობა ახალ პერსონაჟს გიხსნის. ავტორს წრეზე დაყავხართ და წიგნის ბოლო თავები ისე შეკრავს ამ წრის ერთიან სურათს, როგორც თოკი ხურჯინის პირს.

როგორც ჰოსეინის სხვა წიგნები, ეს წიგნიც სავსეა ადამიანურობით. მისი პერსონაჟები ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ გარშემო. ისინიც უშვებენ შეცდომებს, გიცრუვებენ იმედებს, არიან სასტიკები, იყიდებიან, სტკივათ, პოულობენ, იბრძვიან, ცხოვრობენ, უყვართ და როგორც რეალურ ცხოვრებაშია, არც ეს წიგნია ჰილივუდური ჰეპიენდებით სავსე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ავტორი გიშვებს ყველა მოქმედი გმირის გულსა და გონებაში. ხედავ მათ ფიქრებს; კითხულობ მათ აზრებს; გრძნობ, როგორ ებრძვიან ხშირად საკუთარ თავს; ავტორი მათ თქვენ წინაშე აშიშვლებს და მათი ვნებები, სურვილები, ცოდვები სააშკარაოზეა გამოტანილი..

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის პერსონაჟების უმეტესობა მოგხიბლავთ, მაინც გამოვარჩევდი ოდელიას, ოდის – ექიმ მარკოს ვარვარისის ბერძენ დედას. რა ძლიერი ქალია, რამხელა ტალღებს შეუძლია გაუმკლავდეს, რამდენ საიდუმლოს მარხავს და თან დაატარებს, უთქმელი, გაუტეხელი, სალი კლდე, საიმედო ალაგი. უდავოდ დაგატყვევებთ ამ ქალის სიძლიერე. გაგიჭირდებათ, ცრემლები შეიკავოთ…
განსაკუთრებულად მომეწონა თალიას და მარკოს ბავშვობისდროინდელი ამბები: ფოტოაპარატის აწყობა და დამეგობრება. 120-მდე დათვლა, სანამ ფოტოს გადაიღებ..  ეს თავი ცალკე ნაწარმოებია, სავსე ტკივილითა და ცხოვრებით და ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია მთელს წიგნში..

ძალიან კარგად არის გადმოცემული სხვაობა ევროპულ და ავღანურ მსოფლმხედველობებს შორის. ნილა ვაჰდათი ფრანგი დედისა და ავღანელი მამის შვილია, რომელიც ვერ ეგუება ავღანეთში დამკვიდრებულ პატრიარქატს, ქალების ჩაგვრას. მისი თავისუფალი სული ყველანაირად ცდილობს გამოხატოს, რომ ის თავისუფალი ადამიანია, მაგრამ ხშირად ნილას ქმედება ავღანელებისათვის მიუღებელი და უპატიებელია. იმდენად მიუღებელი, რომ საკუთარი მამაც კი მუდმივად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ნილას უბრალოდ არსებობითაც კი:
“ნილა ვაჰდათი: … მე და მამა ასე ვთამაშობდით, სანამ დაიღლებოდა. უნდა ვთქვა, რომ მალე იღლებოდა. მერე თავის ცივ ხელს თავზე გადამისვამდა და მეტყოდა: “მამა უნდა წავიდეს, ჩემო ნუკრო, ახლა გაიქეცი”.
ფოტო მეორე ოთახში გააქვს. რომ ბრუნდება, უჯრიდან სიგარეტის ახალ კოლოფს იღებს და უკიდებს.
ნილა ვაჰდათი: ასე მეძახდა. ძალიან მომწონდა. ბაღს კუნტრუშით შემოვურბენდი ხოლმე და ვმღეროდი: “მამიკოს ნუკრი ვარ, მამიკოს ნუკრი ვარ!” მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რა ავისმომასწავებელი სახელი იყო.
ეტიენ ბუსტულე: როგორ?
იღიმის
ნილა ვაჰდათი: მამაჩემი ირმებზე ნადირობდა – ხოცავდა, მოსიე ბუსტულე”…

რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, რომ სამყარო ყველაზე ცუდი მესაიდუმლეა. უბრალოდ ვერ იტანს საიდუმლოს. რაც უნდა მალო, ადრე თუ გვიან მაინც ამოიტანს ზედაპირზე შენ მიერ დამარხულ ჩოჩხნს. ეს წიგნიც ასეთია. დეკადები გაივლის, მაგრამ სიმართლე მაინც იპოვის ადრესატს, თუნდაც უდოებნოებისა და ოკეანეების გადაღმა..

თუ კარგი წიგნის წაკითხვა გინდათ, ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს ფერებსა და აღმოსავლურ არომატს შემატებს.

არ ვიცი, ასე რატომ მიზიდავს ავღანური ამბები. სანამ ჰოსეინის წიგნებს წავიკითხავდი, რამდენიმე წლით ადრე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას რამდენჯერმე მქონდა შანსი, ავღანეთში წავსულიყავი მივლინებით სამუშაოდ. თუმცა, ჩემი მრავალჯერადი მცდელობის და სურვილის მიუხედავად, არ მეღირსა ამ ქვეყნის მონახულება. ჩემ მაგივრად სხვა თანამშრომლები ჩადიოდნენ ხოლმე. სუვენირად კი 150 წლის ავღანური ტელესკოპი ჩამომიტანეს, რომელიც ჩემს ბიბლიოთეკას ამშვენებს.. მაგრამ არ ვკარგავ იმედს – ერთ დღესაც, ქაბულის მიწაზე ფეხს დავადგამ.

პ.ს.
ჩემ წიგნს აკლდა 8 გვერდი, როგორც ჩანს სტამბის ხარვეზია. თუ ვინმეს ჩემნაირი წიგნი გაქვთ, შეგიძლიათ ეს ფაილი ჩამოტვირთოთ და თქვენს დანაკლისს შეავსებს ❤
ხალიდ-ჰოსეინი

MiNi Library

facebook
goodreads

საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა საბჭოთა კავკასიაში

თომას გოლცი - საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის კრონიკა საბჭოთა კავკასიაში

საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა საბჭოთა კავკასიაში
ავტორი: თომას გოლცი
გამომცემლობა: გამომცემლობა არტანუჯი / Artanuji Publishing

თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ თომას გოლცის ეს წიგნი, მე გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხეთ. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა ხდებოდა რეალურად საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში; როგორ მოვიდა ხელისფებაში ზვიადი და როგორ დაემხო; როგორ მოვიდა ხელისუფლებაში შევარდნაძე; როგორ დავკარგეთ აფხაზეთი და სხვა ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ამბავი, რომელიც ან მიიჩქმალა, ან დავიწყებას მიეცა. ეს ყველაფერი მოთხრობილია პირველ პირში ავტორის, უშუალო თვითმხილველის მიერ.

პირადად მე, დამატებითი არგუმენტი მქონდა, ეს წიგნი განსაკუთრებით მომწონებოდა: მე და თომასს აღმოგვაჩნდა უამრავი საერთო მეგობარი თუ ნაცნობი, რომელთა შესახებაც უხვად საუბრობს. რამდენიმე მონაკვეთში ამოვიცანი ჩემი ნაცნობ-მეგობრები, რომელთა სახელებსაც სპეციალურად არ ასახელებს, მაგრამ ჩვენ, ვინც ასევე ვიყავით ჩართულები საქვეყნო საქმეებში და გვქონდა შეხება პირველ პირებთან, ადვილად ვცნობთ, ვინა იგულისხმება უსახელო პერსონაჟების მიღმა. სწორედ ამიტომ ეს წიგნი უფრო ახლოს მოვიდა ჩემამდე, უფრო მეტად ძვირფასი გახდა, უფრო მეტად გასაგები და ადვილად აღსაქემელი.

სამწუხაროდ, თაობები ისე იზრდებიან, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. 90-იანი წლების ჩაბნელებული და ქაოსში ჩაფლული საქართველოს შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება და ისიც ხშირად ურთიერთ გამომრიცხავია. სწორედ ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია მსგავსი წიგნები. მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტის თვალით დანახული, საკუთარ ტყავზე გადატანილი ქართული ომის საშინელება. ვფიქრობ, მსგავსი ლიტერატურა სავალდებულო საკითხავი უნდა იყოს სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის, რომ ჩამოუყალიბდეთ რეალური სწორი წარმოდგენები საქართველოს მაშინდელი ისტორიის შესახებ.

აუცილებლად წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს.. დარწმუნებული ვარ, უამრავ ახალს გაიგებთ ჩვენი ქვეყნის არც თუ შორეული წარსულის შესახებ!

#ThomasGoltz #GeorgianDiares

MiNi Library

facebook
goodreads

ფრანით მორბენალი

franit morbenali

ფრანით მორბენალი
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა: გამომცემლობა არტანუჯი

დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ბავშვობაში რომ წამეკითხა, ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. ძალიან კარგი იქნება, ამერიკის სკოლების მსგავსად, ჩვენს სკოლებშიც სავალდებულო იყოს ამ წიგნის წაკითხვა. ბევრად მეტი კარგი ადამიანი გამოვიდოდა ჩვენი სკოლებიდან.

ვისაც არ გაქვთ წაკითხული, კი არ გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, არამედ – გთხოვთ, წაიკითხოთ.

სამწუხაროდ, ჩვენ ისე ვიზრდებით, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ისტორია არ ვიცით, არ ვიცით მათი კულტურა, მათი ტკივილი, წარსული. ეს წიგნი ბევრ რამეზე აგიხელთ თვალს და ძალიან ბევრს იტირებთ, გპირდებით.

რაზეა ეს წიგნი? ერთი სიტყვით რომ ვთქვა – “ადამიანობაზე”. ინგრევა ქვეყანა, ოჯახები, მეგობრობა, ინგრევიან ადამიანები, ტყდებიან და ბოლოს მაინც ახერხებენ დაიბრუნონ სახე დიდი ტკივილის შემდეგ… ტრაგედიაა უამრავი გმირით…

განსაკუთრებით ტრაგიკულია ბაბა… რამდენი ემოცია გამიცოცხლდა ამ პერსონაჟის ქცევების, საუბრის, ადამიანობის, შეცდომების და სიკეთის შემხედვარეს… ბაბა, რომელმაც დაკარგა სიმდიდრე, სახლი, სამშობლო, მეგობრები, საყვარელი ცოლი და შვილი და არ დაკარგა ღირსება და ადამიანობა..

არის ერთი რამ რაც საქართველოს და ავღანეთს აკავშირებს: ორივე ქვეყანას რუსეთის დედაფეთქებულმა მყრალმა სიმახინჯემ დაგვინგრია ქვეყნები და დაგვიმახინჯა ცხოვრება..

წაიკითხეთ ეს წიგნი, მეგობრებო…

MiNi Library

facebook
goodreads