გუგულის ძახილი

გუგულის ძახილი რობერტ გალბრაითი PNG.png

გუგულის ძახილი
ავტორი: რობერტ გელბრეითი (ჯოან როულინგის ფსევდონიმი)
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L

ეს პოსტი 2 მიზეზის გამო არის განსაკუთრებული:
TOP თრილერების სერიას მალე მორიგი ძალიან კარგი წიგნი შეემატება. თუმცა, ეს არაა მთავარი მიზეზი.
1. პატივი გვხვდა რობერტ გელბრეითის “გუგულის ძახილი” საქართველოში გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე წაგვეკითხა.
2. წიგნის ყდის ქვეშ ავტორის შესახებ მინაწერს თუ კარგად დააკვირდით, აღმოაჩენდით, რომ რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონიმია (დიახ, ნამდვილად ისაა. დიახ, ჰარი პოტერის ავტორი. არა, არ ვცდებით).

კორმორან სტრაიქი კერძო დეტექტივია – წარსულში წარმატებული სამხედრო გამომძიებელი, რომელმაც გამომძიებლის პროფესიისათვის ოქსფორდში სწავლაც კი მიატოვა. ხანგრძლივი სამხედრო კარიერა კი მოულოდნელად ავღანეთში თავდასხმის დროს დაკარგული ტერფის გამო შეწყვიტა. მას ვალები აწუხებს, პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს და ღამეს ათევს ოფისში, რომლის ქირაც უკვე რამდენიმე თვეა არ გადაუხდია.. სწორედ ამ დროს იღებს, ერთი შეხედვით, უინტერესო შეკვეთას. მასთან მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ულამაზესი ტოპ მოდელის, ლულა ლენდრის ძმა, ჯონ ბრისტოუ მიდის. ლულა ლენდრი საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოპ მოდელმა თავი მოიკლა. ეს ვერსია ყველამ დაიჯერა, ლულას ძმის  გარდა.. ვალების გასასტუმრელად კორმორანი იძულებულია საქმე მიიღოს. რამდენიმე დღეში დეტექტივი კორმორან სტრაიქი მცირე უზუსტობას აღმოაჩენს სამართალდამცავთა მიერ ჩატარებულ გამოძიებაში. ძალიან მალე კი ხვდება, რომ საფრთხე უკვე სხვა ადამიანებსაც ემუქრება, მათ შორის მასაც..

თრილერების მოყვარულები აღმოაჩენენ, რომ ქორმორან სთრაიქი საკმაოდ განსხვავებული პერსონაჟია. სხვა დეტექტივი და გამომძიებელი პერსონაჟებისგან განსხვავებით, ის არ გაბეზრებს თავს თავისი გენიალური მიხვედრებით, ახირებებით. არ გტოვებს ამოუცნობი მოვლენების წინაშე. ის მშვიდად და მეთოდურად გილაგებს წინ ფაქტებს. ყველაფერს განგიმარტავს, ზოგჯერ რაღაცებს ვერ ხვდება და სხვების დახმარებით იგებს. ის არც შერლოკ ჰოლსმია, არც პუარო და არც სხვა მსგავსი გენიალური გამომძიებელი. კორმორანი ძალიან ადამიანური, ალაგ-ალაგ დაბნეული, მიზანდასახული, ნებისყოფიანი, ძლიერი და კეთილი გამომძიებელია. აუცილებლად მოიხიბლებით ამ პერსონაჟით.

ამას თან ერთვის ახალი დროებითი მდივნის, რობინ ელაკოტის გამოჩენა დეტექტივის ოფისში. ის ერთადერთი ნათელი სხივი აღმოჩნდება გამომძიებლის ისედაც ჩახლართულ და არეულ ცხოვრებაში. რობინი, გარდა იმისა, რომ ძალიან გამოსადეგი კადრია, ფარულად დეტექტივობაზე ოცნებობს და საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს გამოძიებაში თავისი გონებამახვილური მიგნებებით, რითაც ხშირად სთრაიქის გაკვირვებასაც იწვევს. საერთოდაც, გუგულის ძახილში ყველა პერსონაჟი საკმაოდ სახასიათოა და ძალიან საინტერესო როლები აქვთ.

წიგნის დასასრული თავისთავად მოულოდნელი იყო. მხოლოდ ერთხელ, ისიც წამიერად გავიფიქრე, ვინ იქნებოდა რეალური დანაშავე და ეს ვერსია იმდენად აბსურდულად მომეჩვენა, რომ თვითონვე უარვყავი. ბოლოს კი ყბა ჩამომივარდა. მიუხედავად ამისა, გონებაში თვალი გადავავლე წაკითხულ წიგნს და მივხვდი, ყველა ფაქტი ცხვირწინ მქონდა, კორმორანმა ყველა აქცენტი დასვა, ყველაფერი გააჟღერა, ყველაფერი გვაჩვენა, ყველა საჭირო კითხვა დასვა, მთავარი იყო, ფაქტები დამეკავშირებინა ერთმანეთთან. ასე რომ, თუ დეტექტივობანას თამაში გინდათ, შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ გამოძიება აწარმოოთ ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივის მხარდამხარ.

კლასიკური, დაძაბული და სისხლიანი თრილერებისაგან განსხვავებით, ამ წიგნის სიუჟეტი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინა პლანზე წამოწეულია უკვე გამოძიებულ საქმეში ახალი ხელჩასაჭიდის ძებნა, შეუსაბამობების გამოვლენა, დროების დაზუსტება და სხვ. საკმაოდ სკურპულოზურად ხდება მთლიანი სურათის დეტალების შესწავლა. ბოლოს, როცა ამ უზარმაზარი პაზლის ყველა ნაწილი შეერთდება, ყველასთვის ნათელი ხდება ყველაფერი. პირადად მე, ასეთი ტიპის თრილერი ძალიან მომეწონა. კითხულობ და აცნობიერებ, რომ ყველა წინადადება კინოკადრად გარდაიქმნება. რაც უფრო ჩქარა კითხულობ, მით უფრო სწრაფად ბრუნავს კინოფირი და სცენები ცვლის ერთმანეთს.

მეგობრებო, ვისაც როულინგის წიგნები მოგენატრათ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მისი ახალი ჟანრით. ჯოან როულინგმა კორმორან სტრაიქზე 3 წიგნი გამოსცა და უკვე ერთი სული მაქვს, შემდეგ წიგნს როდის თარგმნის პალიტრა L!

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

სიზმართმჭერი

სიზმართმჭერი სტივენ კინგი

სიზმართმჭერი
ავტორი: სტივენ კინგი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

თუ კარგი თრილერის წაკითხვა გინდათ, სტივენ კინგი ყოველთვის კარგი არჩევანია (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა) და “სიზმართმჭერი” ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. თქვენ შეიძლება, ნანახი გქონდეთ იმავე სახელწოდების ფილმი, მაგრამ დამერწმუნეთ, ფილმსა და წიგნს შორის არის უფსკრულისხელა სხვაობა. ვერ ვხვდები, რატომ ცვლიან და ამახინჯებენ ხოლმე ნაწარმოებების შინაარსს ფილმებში. “სიზმართმჭერი” ფილმი და “სიზმართმჭერი” წიგნი, შეიძლება ითქვას, ორი, სხვადასხვა შინაარსის მქონე ნაწარმობია და სამწუხაროდ, ფილმში სიუჟეტი და დასასრული აბსოლუტურად დამახინჯებულია.

წიგნი მოგვითხრობს 4 მეგობრის შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მოდიან, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთი მოგონებები აქვთ და საგმირო საქმეებიც ერთად აქვთ ჩადენილი პატარა ქალაქ დერიში. თუმცა მათმა მეგობრბამ განსაკუთრებული ელფერი და, შეიძლება ითქვას, დანიშნულება მხოლოდ დადიტსის გადარჩენის შემდეგ შეიძინა. დადიტსი მათგან განსხვავებულია. პრინციპში, დადიტსი ყველასგან განსხვავებულია. დაგლას ქეველი, იგივე დადიტსი, დაუნის სინდრომის მქონე ბიჭუნაა, რომელიც სპეციალურ სკოლაში სწავლობს. ბივერი, ჰენრი, ჯოუნსი და პიტი დანახვისთანავე გრძნობენ, რომ დადიტსი განსაკუთრებული მოვლენაა მათ ცხოვრებაში, რომელიც არამარატო მათ ბავშვობას შესძენს შინაარსს, არამედ შეცვლის მთელს მათ ცხოვრებას. ისინი დადიტსს უფროსკლასელების შეურაცხყოფისა და დაცინივისგან დაიცავენ ცემის რისკის ფასად და იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველ დღე დილით სკოლამდე მიაცილონ და საღამოს სახლში მოიყვანონ. ის მათი განუყრელი ნაწილი გახდება, რომელიც სამუდამოდ შეკრავს მეგობრების წრეს. ის ინდიელების ავგაროზის ბადის ცენტრს ჰგავს, სადაც ყველა ძაფი ერთად იყრის თავს.

მეგობრები წამოიზარდნენ, მაგრამ ყოველ წელს სანადიროდ ბრუნდებიან მთაში, ბივერის ქოხში. არც ეს წელია გამონაკლისი. თუმცა მორიგ ნადირობის სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე ჯოუნსი ავარიაში ხვდება. სწორედ აქ იწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც სმაუდამოდ შეცვლის მეგობრებსაც და მათ ტრადიციებსაც. ნადირობის მეორე დღეს ნათელი ხდება, რომ ქოხის გარშემო უცნაური ამბები ხდება, ცხოველების მასობრივი მიგრაცია, სამხედრო ვერტმფრენების ინტენსიური გადაფრენა და ძალიან უცნაური სტუმარი მათ ქოხში. მთის ძირში კი სახელდახელო სამხედრო ბაზა იმართება, რომლის მიზანიცაა მთაში ავარიულად დაშვებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტისა და დაუპატიჟებელი სტუმრების განადგურება…

ოთხი მეგობარი, ისე რომ ამას ვერ აცნობიერებენ, აღმოჩნდებიან კარანტინის ზონაში, ამბების ეპიცენტრში. ან შეიძლება ეს შეხვედრა სულაც არ იყო შემთვევითი? ისინი ხომ დადიტსის წყალობით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ სხვებისგან. დადიტსმა ხომ მათ თავისი უნარები გადასდო.. უნარები, რომლის წყალიბითაც მეგობრებმა ბავშვობაში პატარა დაკარგული გოგონა მოძებნეს და დაუბრუნეს მშობლებს.

შეძლებენ კი ძველი მეგობრები კიდევ ერთხელ ჩაიდინონ გმირობა?
რაც უნდა მოხდეს, ყველა ხვდება, რომ ეს მათი ბოლო შეკრებაა ბივერის ქოხში..

“სიზმართმჭერი” საი-ფაი, ფენტეზი და დეტექტივია ერთსა და იმავე დროს და “ფილმივით” იკითხება. იმას ვგულისხმობ, რომ წიგნის კითხვისას მკაფიოდ ხედავ შინაარსსა და სიუჟეტებს ფილმის სცენების მსგავსად. ეს სტივენ კინგის წიგნების უდავოდ დიდი პლუსია და ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ მისი წიგნების დიდი ნაწილი ფილმებად იქნა ადაპტირებული. სიზმართმჭერი არის ცალკე სამყარო – ბივერის, ჯოუნსის, ჰენრის, პიტის და დადიტსის სამყარო. წიგნის კითხვისას შენც ამ სამყაროს ნაწილად გრძნობ თავს: ხან დერის ქუჩებში დგახარ და ქუჩის მეორე მხარეს ხედავ, როგორ მიაცილებენ ბიჭები დადიტსს სახლისაკენ, ხანაც ერთი პატარა ნაწილაკი ხარ რომელიმე ბიჭის თავში და მათ განცდებს ნათლად ხედავ, იქექები მოგონებებში და ცდილობ, უკეთესად გაერკვე მოვლენებში. წიგნის დასრულების მერეც კი ხშირად მიბრუნდებოდა განცდა, რომ ოთხი მეგობარი სადღაც ახლოსაა და ნათლად ვგრძნობდი იგივე აურას. სწორედ ამის გამო მიყვარს კინგის წიგნები.

ოთხივე მეგობარი თავისებურად საინტერესო და ძლიერი პერსონაჟია. დადიტსი ხომ საერთოდ განსაკუთრებულია, მაგრამ არავინ ისე ახლობლად არ მეჩვენა, როგორც ბივერი – უხამსი, ხუმარა და უბრალოდ, ძალიან მაგარი ბიჭი.
სხვა პერსონაჟებიც არანაკლებ კარგად დახატა კინგმა. ეიბ კურცი, შეშლილი სამხედრო და მონადირე, რომლისთვისაც მთავარი საქმის ბოლომდე მიყვანაა ყველა საშუალებით. ოუენ ანდერჰილი, კურცის მარჯვენა ხელი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩა ჰუმანურობის მარცვალი. და საერთოდ, კინგს ძალიან კარგად გამოსდის ადამიანების რეალური სახის ჩვენება.

განსაკუთრებული მოვლენა კი მაინც მისტერ გრეია (Mr. Gray) – უცხოპლანეტელი. ჩვენ სხვადასხვა წიგნში თუ ფილმში არაერთხელ გვინახავს, როგორ იქცევიან ადამიანები ვამპირებად, მონსტრებად, მაქციებად და სხვ. მაგრამ არსად შევხვედრივარ ამის მსგავს პასაჟს – უცხოპლანეტელი ნელ-ნელა ადამიანად იქცევა, ადამიანდება. ადამიანის ტყავში მოხვედრილი ადამიანური ბუნებისა და სისუსტეების მსხვერპლი ხდება. ძალიან საინტერესო სანახავია, როგორ გრძნობს ადრენალინის მოზღვავებას პირველად ცხოვრებაში და უფრო და უფრო მეტი უნდა, როგორ ვერ იკავებს თავს ბეკონის ჭამისგან, რომელიც პირველი გასინჯვისთანავე შეუყვარდა. არასოდეს მიფიქრია ადამიანურობაზე ასეთი კუთხით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ წიგნის წერა კინგმა 1999 წელს ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ დაიწყო, როდესაც რეაბილიტაციას გადიოდა. ალბათ, ამით აიხსნება, რომ წიგნში ადამიანურ ფიზიკურ ტკივილს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. მოგვიანებით Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ წიგნი ოქსიკონტინის (Oxycontin) ზემოქმედების ქვეშ დაწერა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რამდენად კინგისეულად გიჟური წიგნია 🙂

MiNi Library

facebook
goodreads

კონკიას მკვლელობა

კონკიას მკვლელობა

კონკიას მკვლელობა
ავტორი: მერი ჰიგინს კლარკი, ალაფეა ბერკი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

სერიის კიდევ ერთი ძალიან კარგი წიგნი!

სიუჟეტი ვითარდება ჟურნალისტი ლორი მორენის გარშემო. ის სკანდალური შოუს “ეჭვქვეშ” ავტორია. შოუ ეძღვნება გაუხსნელ საქმეებს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია და მთელი ქვეყანა შეძრა.

შოუს პირველმა ეპიზოდმა უზომო პოპულარობა მოიპოვა, რადგან შოუს მსვლელობისას მოხერხდა წლების წინ თაროზე შემოდებული გაუხსნელი საქმის ახლებურად დანახვა და დამნაშავის დაკავება. შოუს ახალ თემად ლორიმ სიუზენ დემფსის მკვლელობის 20 წლის წინანდელი გაუხსნელი საქმე შეარჩია. იმ საბედისწერო საღამოს, როდესაც ცხრამეტი წლის  სტუდენტი სიუზენი მოკლეს, იგი მომავალი ფილმის რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას. მას ახალ ფილმში როლი შესთავაზეს. თუმცა რეჟისორის ნაცვლად, სიუზენი მკვლელს გადაეყარა. ჰოლივუდის მახლობელ პარკში, რეჟისორის სახლიდან ნახევარ კილომეტრის მოშორებით სიუზენი მკვლელს გაურბოდა, მაგრამ ვერ გაასწრო. გოგონას გვამი მეორე დღეს იპოვეს. მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ გაუხსნელ საქმეს “კონკიას მკვლელობა” შეარქვეს.

იმისათვის რომ მაყურებელმა სრული სურათი დაინახოს და ჟურნალისტებმა რამე განსხვავებული სამხილი ან უზუსტობა აღმოაჩინონ, შოუში იწვევენ სიუზენის რუმმეითებს, მის შეყვარებულს, მის პროფესორს, ფილმის რეჟისორს, დედას და მეგობრებს. მალევე ლორა ამჩნევს, რომ 20 წლის წინანდელ საქმეში ბევრი უზუსტობაა, ბევრი ცარიელი ადგილია გაპარული, ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი და ნელ-ნელა ჟურნალისტური გამოძიება კონტურებს იძენს. ლორას შოუს წაყვანაში იურისტი ალექს ბაკლი ეხმარება.

თუმცა ვერც ლორი და ვერც მისი გუნდის სხვა წევრები ვერ ხვდებიან, რომ 20 წლის წინანადელი საქმით დღესაც ბევრი ბოროტმოქმედია დაინტერესებული. მათ კვალდაკვალ სდევს დამნაშავის აჩრდილი და მალევე ხდება აშკარა, რომ შოუს ჩაშლით ვიღაც არის დაინტერესებული.

უამრავი კითხვა ჩნდება მსვლელობისას:
# ვინ მოკლა კონკია სიუზენი?
# რა იყო მკვლელობის მოტივი?
# როგორ აღმოჩნდა სიუზენი ჰოლივუდის ტყეში, როდესაც მისი ავტომობილი ისევ  უნივერსიტეტის კამპუსთან დგას 8 კილომეტრის მოშორებით?
# ვინ იყო სიუზენის სიკვდილით დაინტერესებული?

შინაარსი საკმაოდ ჩახლართულია. სიუჟეტში უამრავი ტვისტია და მკითხველის კეთილგანწყობა და ეჭვები მუდმივად სხვადასხვა პერსონაჟზე გადადის. გამოძიების მსვლელობისას მკითხველს აქვს ყველაფერი, რასაც ლორი და ალექსი გებულობენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ გამოიცნობთ დამნაშავეს უკანასკნელ გვერდებამდე. ამ წიგნს აქვს ყველაფერი, რაც ასე ძალიან გვიყვარს დეტექტივებსა და თრილერებში. ჩამთრევია, ვერ მოწყდებით, მიგაბამთ წიგნზე და ერთი სული გექნებათ, გაიგოთ, ვინ მოკლა კონკია მაშინ, როცა ყველა “ეჭვქვეშაა”.

სიუჟეტის გარდა აღსანიშნავია, რომ ყველა პერსონაჟი ძალიან კარგად არის გახსნილი, სულ რამდენიმე წინადადება და თქვენ უკვე იცით ამ მოქმედი გმირის ბუნება, ხასიათი, მისწრაფება, სურვილები და სხვ.

TOP თრილერის სერიისთვისაც კი გამორჩეულად კარგი წიგნია!
ამ წიგნს აქვს ყველაფერი, რომ ძალიან კარგი ფილმის სცენარად იქცეს და იმედია მალე ვიხილავთ მის ეკრანიზაციასაც!
მინი ბიბლიოთეკა გირჩევთ! 🙂

MiNi Library

facebook
goodreads

ღირსება

ღირსება ელიფ შაფაქი

ღირსება
ავტორი: ელიფ შაფაქი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: წლის ბესტსელერი N1

ამ სერიიდან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ერთ წიგნზე – “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“. დღეს ვისაუბრებ, ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო წიგნზე, რომელიც წამიკითხავს აქამდე – ეს არის თანამედროვე თურქი ქალბატონი მწერლის ელიფ შაფაქის წიგნი “ღირსება”. ეს, თუ არ ვცდები, მისი მესამე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა “სიყვარულის 40 წესისა” და “სტამბოლელი ნაბიჭვრის” შემდეგ.

ეს იცით, როგორი წიგნია?
აი წარმოიდგინეთ, რომ ხართ თურქეთში, ოღონდ არა სტამბულში ან ეგეთ გაპრიალებულ ტურისტულ ქალაქში. სადმე უფრო სიღრმეში: საქარიაში, ადაპაზარში, ორდუში ან სადმე სხვა სუფთა თურქულ მშვიდ ქალაქში, რომელიც დახუნძლულია ტრადიციებით, თქმულებებით, გვარებით, შთამომავლობებით, არომატებით, გემოებით, შეხედულებებით, ცრურწმენებითა და ძალიან გემრიელი ჩაით. ჰოდა, ჩამოჯექით სადმე ადგილობრივ ჩაიხანაში, ენის ქვეშ დაიდეთ შაქარყინული და მიაყოლეთ ყველაზე გემრიელი ჩაი დედამიწაზე. ოღონდ გახსოვდეთ, რომ შაქარყინული ჩაის ბოლო ყლუპამდე უნდა გეყოთ და ის უნდა გამოიზოგოთ. აი ასეთი წიგნია ელიფ შაფაქის “ღირსებაც”, რომელიც უნდა გამოიზოგოთ და ნელ-ნელა დააგემოვნოთ.

“ღირსება” ძალიან სწრაფად გაქრა წიგნების მაღაზიების თაროებიდან და დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ქართველები მენტალურ სიახლოვეს გრძნობენ წიგნის ზოგიერთ პერსონაჟთან. ღირსებასთან დამოკიდებულებაში რაღაც მსგავსებას ხედავენ. ჩემი აზრით, კი შაფაქი ზუსტად იმ მანკიერ მენტალობას კიცხავს, რომელთანაც თვითიდენტიფიცირებას ახდენენ ქართველები.

წიგნის სიუჟეტი ვითარდება სოფელში, მდინარე ევფრატის პირას და ლონდონში ქურთი-თურქი ტყუპი დების გარშემო. ტყუპი დების ცხოვრება და ბედისწერა მაგიურად არის ერთმანეთში გადახლართული. მათი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ, სავსეა ტრაგიზმით და ბედისწერის გარდაუვლობით. მათი გზები იყოფა, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ მათი ბედისწერა იოტისოდენადაც არ შორდება ერთმანეთს. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბედისწერა ცალკე პერსონაჟივითაა გამოყოფილი, რომელიც თითქოს იმდენად მყარია და ცოცხალი, რომ ხელსაც შეახებ. მთელი წიგნი სავსეა მაგიურობით, სადაც ყველა დიდი თუ პატარა მოვლენა, გადაწყვეტილება, ნაბიჯი, სიტყვა იწვევს სხვა მოვლენებს და გადაწყვეტილებებს. სადაც ყველა შედეგი მოქმედი გმირების გადადგმული ნაბიჯების ბრალია. ხშირად კი ეს ნაბიჯები ათობით წლის წინ იქნა გადადგმული…

მენტალური პრობლემა, რომელიც წიგნში დგას, ძალიან აქტუალურია ჩვენთვისაც. არსებობს კულტურები, სადაც ღირსება თითქოს ქალის სხეულშია ჩადებული, გეგონება ქალი ღირსების მატარებელი ჭურჭელი იყოს. რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება უცხოა დასავლეთის ქვეყნებისათვის და წესით უცხო უნდა იყოს ჩვენთვისაც. წესით.. მაგრამ სამწუხაროდ, ისევე როგორც ისლამურ კულტურებში, ჩვენთანაც ქალის პასუხისმგებლობა სხვაა და კაცის – სხვა. სწორედ ეს დისბალანსი პასუხისმგებლობებში არის ბილეთი გენდერული უთანასწორობისაკენ. არ შეიძლება, ქალს მეტი აკრძალვები ჰქონდეს და კაცს – ნაკლები. არ შეიძლება, ქალი იყოს ღირსების მატარებელი ჭურჭელი და კაცის ღირსება იყოს ცოლის ან ქალიშვილის ქცევა. ამ დროს კი კაცი იყოს ცოლის მოღალატე, ლოთი, უსაქმური, მაგრამ მაინც ღირსების მქონე. ეს არასწორია. არ შეიძლება, ადამიანები აცხოვრო აკრძალვებში, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რაღაც ახირებული წარმოდგენები გაქვს “ღირსებაზე”.

ამ წიგნის ყველა პერსონაჟს თავისებური შეხედულება აქვს ღირსებასა და დანაშაულზე. შაფაქის წიგნში არ არსებობენ უბრალოდ დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები. აქ დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი ყველა მოვლენა, რომელმაც სავალალო შედეგის დადგომამდე მიგვიყვანა. ეს არ არის გამართლება ვიღაცის ცუდი ნაბიჯის – ეს არის გზა, რომელმაც რადიკალურ გადაწყეტილებამდე მიიყვანა ესა თუ ის პერსონაჟი. ეს ის გზაა, რომელსაც ჩვენც გავდივართ ყოველდღიურად. და ისევე როგორც ჩვენ, ეს გმირებიც უშვებენ შეცდომებს. შაფაქი კი უბრალოდ გვანახებს გზას, რომლის ბოლოშიც ესა თუ ის შედეგი დგება. წიგნი დეტალურად გვიხსნის ტრადიციებსა და მათდამი დამოკიდებულებას, გვაჩვენებს ამ კონკრეტული კულტურის ნიუანსებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლონდონში გადადიან საცხოვრებლად, ისინი მაინც ქურთი-თურქები არიან. გარდა ღირსების საკითხებსა, ამ წიგნში ძალიან კარგად არის ნაჩვენები მენტალური სხვაობა თაობებს შორის. კარგად ჩანს, რომ მშობლების თაობა, თავის გარშემო ცდილობს ნაჭუჭი ააშენოს, სადაც თავის კულტურაში, თავის ტრადიციებში იცხოვრებს, იმ დროს როცა ახალგაზრდები, სწრაფად იცვლიან შეხედულებებს და ერგებიან ახალ გარემოს და ახალ რეალობებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ხარ ახალგაზრდა, ახალ რეალობასაც ეგუები, ცხოვრობ ლონდონში, გყავს ინგლისელი შეყვარებული, ხარ ბოქსიორი და მაინც შენი შეხედულებები “ქალის” და “ოჯახის” “ღირსებაზე” ისევ მდინარე ევფრატის პირას მდებარე სოფლის სირღმიდან მოდის? “ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი – ვერა”, ვერც საკუთარ კულტურას.

ეს წიგნი რამდენიმე ოჯახის ამბავს გვიყვება, რამოდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ევფრატის პირას მყოფ სოფელსა და ლონდონის წვიმიან ამინდებში ტრიალდება დრამა, სადაც მომხდარში ყველა დამნაშავეა და ყველა – მსხვერპლი. ეს ასევე არის წიგნი პატარა საიდუმლოებზე, რომელსაც ერთმანეთს ვერ ვუმხელთ, რომელზეც ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, რომლის გამხელასაც ვერ ვბედავთ. პატარა საიდუმლოებებზე, რომელიც დღითიდღე დიდდება, ბევრდება მანამ, სანამ ზვავივით არ წალეკავს ყველაფერს გარშემო, სანამ მეწყერის მსგავსად სამუდამოდ არ შეცვლის ჩვენი ცხოვრების ლანდშაფტს.

მე მგონი, სჯობს, რომ ყველამ ჩვენს ღირსებასა და ჩვენს ქცევებს მივხედოთ. ჩვენი ღირსების პასუხისმგებლობა ჩვენ ვატაროთ და ჩვენს დებს, დედებს, ცოლებს ვაცადოთ ცხოვრება, ვაცადოთ ბედნიერება, ვცეთ პატივი და საკუთარი წილი ღირსება და პასუხისმგებლობა თვითონ ატარონ წელში გამართულებმა და თავისუფლებმა.

ყველაზე ლამაზი ქალი დამოუკიდებელი და ბედნიერი ქალია.

ყველაზე ძლიერი ოჯახი კი ის ოჯახია, სადაც ერთმანეთისგან საიდუმლოებები არ აქვთ დამალული.

მე თუ მკითხავთ, “ღირსება” Must Read წიგნია!

MiNi Library

facebook
goodreads

უკუათვლა

უკუათვლა კენ ფოლეტი

უკუათვლა
ავტორი: კენ ფოლეტი
Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

რამდენიმე დღის წინ პატივი მხვდა, რადიო პალიტრის ეთერში წარმედგინა ეს ძალიან კარგი წიგნი. იმის გამო, რომ რადიოს პირდაპირ ეთერში პირველად ვიჯექი და დროშიც საკმაოდ ვიყავით შეზღუდულები (თან აშკარად ვნერვიულობდი), ბევრი ვერაფერი ვთქვი. რამდენიმე წუთი სრულიად არასაკმარისია ამ წიგნზე სასაუბროდ. ამ პოსტში კი ვეცდები უფრო ვრცლად ვისაუბრო.

კენ ფოლეტის “უკუათვლა” (Code To Zero) მოგვითხრობს 1950-იანი წლების პერიოდზე, როდესაც ორი ზესახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი – კოსმოსურ შეჯიბრებაში ჩაებნენ. ძირითადი ამბის პარალელურად ავტორი ხშირად იყენებს “ფლეშბექებს” და მკითხველს უკან 1940-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გვაბრუნებს. საბჭოთა კავშირმა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი “სპუტნიკ I“გაიყვანა ორბიტაზე და ეს იქცა გამოწვევად ამერიკელებისათვის. თუმცა ამერიკელების მცდელობა კრახით დასრულდა. პირველი რაკეტა Vanguard TV3, რომელსაც უნდა გაეყვანა ამერიკელთა ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე, 1957 წელს აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. 1958 წელს Jupiter-C გახდა პირველი ამერიკული რაკეტა, რომელიც წარმატებით გაფრინდა და გაიყვანა ამერიკელების ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე. ეს წიგნი სწორედ ამ რაკეტის გაშვებას ეხება.

Jupiter-C-ის გაშვებამდე ერთი დღით ადრე მთავარი პერსონაჟი იღვიძებს მამაკაცების საპირფარეშოში, აცვია უსახლკაროს შესაფერისად, საშინლად სტკივა თავი, არ ახსოვს ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია, რას საქმიანობს, აქ როგორ მოხვდა. გვერდით მყოფი სხვა უსახლკარო ახსენებს, რომ მას ლიუკი ჰქვია და წინა ღამით მთელი ბოთლი ბურბონი გამოცალა. საპიფარეშოდან გამოსული ლიუკი იწყებს ლოგიკურ აზროვნებას: ამჩნევს, რომ მას ალკოჰოლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, ხელის თითები მოვლილი, კანი რბილი, მისდა გასაოცრად ერთი ამოსუნთქვით შეავსო კროსვორდი და აღმოაჩინა, რომ ფრანგულიც ბრწყინვალედ იცის. აბეზარი უსახლკაროს ჩამოშორების შემდეგ ლიუკი გადაწყვეტს, გაარკვიოს თავისი ვინაობა და როგორ აღმოჩნდა იგი ასეთ მდგომარეობაში. სწორედ ამ ფიქრებში მყოფი მთავარი გმირის მახვილ მზერას არ გამორჩენია მდევარი, რომელიც მუდამ შორიახლოს მიჰყვება. რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ეჭვებს, რომ რაღაც სერიოზული ხდება მის თავს. ყველაზე უცნაური კი მაშინ იწყება, როდესაც ლიუკი თვალის კუთხით, რაღაც მისთვის საინტერესოს მოჰკრავს თვალს, მისი გონება აშკარად რეაგირებს რაღაც თემაზე, ოღონდ რაზე – ვერ ხვდება. შემობრუნებული კი მხოლოდ პრესის ჯიხურს ხედავს, სადაც ყველა გაზეთზე მომავალ დღეს რაკეტის გაშვების შესახებ წერენ. სწორედ აქ იწყება, თავდაუზოგავი რბოლა გადარჩენისთვის, მიზნის მიგნებისთვის, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად და ცხოვრების დასაბრუნებლად.

ავტორი იმდენად ბუნდოვან სურათს ხატავს, რომ წიგნის თითქმის ნახევრამდე, ვერ გაერკვევი ვინ დადებითი პერსონაჟია და ვინ უარყოფითი. ვინ საბჭოთა ჯაშუშია და ვინ – ჯაშუშებზე მონადირე. კენ ფოლეტი ნელ-ნელა ლუკმა-ლუკმა გაწვდის ფლეშბექებს და ლიუკის სტუდენტობის პერიოდში გადაჰყავხარ, სადაც ავტორი ნელ-ნელა გვაცნობს წიგნის სხვა მთავარ მოქმედ გმირებს, რომლებიც ამავდროულად ლიუკის სტუდენტობის მეგობრები არიან. სწორედ ეს ფლეშბექებია, დოზირებულად რომ ჰფენენ ნათელს წიგნში არსებულ ბუნდოვან სურათს. გამოვტყდები და ვიტყვი, რომ 1940-1945 წლების პერიოდები ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი და მის გარეშე, ეს წიგნი საერთოდ აღარ იქნებოდა ასეთი საინტერესო.

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მთელი წიგნის ბოლომდე ხარ დაძაბული, კვანძი არა და არ იხსნება, იმდენჯერ იცვლება პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულება, რომ ბოლოსკენ თავში ყველაფერი არეული გაქვს და მხოლოდ ის გინდა, მალე გაარკვიო საგნების რეალური არსი. სიმართლე კი შოკის მომგვრელი იქნება, დამერწმუნეთ. თან ამ ყველაფერს ემატება ამბების რეალურობა – არავისთვის არაა ახალი ამბავი, რომ საბჭოთა კავშირიც და აშშ-ც აქტიურად ცდილობდა, ჯაშუშების დახმარებით ერთმანეთის სამეცნიერო მიღწევები ხელში ჩაეგდოთ. ინტრიგას ისიც ამწვავებს, რომ თუ ამერიკელების მეორე მცდელობაც კრახით დამთავრდებოდა, ისინი უარს იტყოდნენ კოსმოსურ შეჯიბრში მონაწილეობაზე და ამ სფეროს სრულიად გადაულოცავდნენ საბჭოთა კავშირს, რაც წითლების უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რამდენად ეცდებოდა სსრკ, Jupiter-C-ს არ დაეტოვებინა დედამიწა!

ვისაც კარგი თრილერის წაკითხვა მოენატრა, ეს წიგნი გელით! ძალიან სწრაფად იკითხება და ძალიან დამაინტრიგებელია! კიდევ ერთი დიდი პლუსი, რაც აღნიშვნის ღირსია: კოსმოსურ შეჯიბრზე წიგნები იშვიათია და ისტორიის ეს მონაკვეთი კენ ფოლეტმა ძალიან საინტერესოდ გადმოსცა ამ წიგნში.

P.S.
“უკუათვლა” ამ სერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია და ძალიან მიკვირს, რატომ არ არის ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი. სცენარისთვის იდეალური მასალაა!

MiNi Library

facebook
goodreads

ბავშვი 44

ბავშვი 44

ბავშვი 44
ავტორი: ტომ რობ სმიტი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

წიგნი, რომელსაც ვერ მოწყდებით!

ადრე უკვე დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ TOP თრილერის სერიის ყველა წიგნი ძალიან მომეწონა და ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნების სერიაა, რაც პირადად მე მინახავს და წამიკითხავს. ყველა წიგნი ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ ამ წიგნს მაინც გამოვარჩევდი.

“ბავშვი 44” განსაკუთრებული ნაწარმოებია ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ის აღწერს საბჭოთა რეჟიმის აბსურდული სისასტიკის ისეთ დეტალებს, რომელიც აქამდეც ვიცოდით, მაგრამ რატომღაც მივიწყებული გვაქვს, ახალი თაობის უდიდეს ნაწილს კი წარმოდგენაც არ აქვს. წიგნს საფუძვლად 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი სერიული მკვლელის, ანდრეი ჩიკატილოს, ამბავი უდევს საფუძვლად, მკვლელის რომელმაც 50-ზე მეტი ქალი და ბავშვი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება წიგნში 1950-იან წლებშია გადატანილი, წიგნი ამით მხოლოდ გაუმჯობესდა. უკეთესად გამოჩნდა სისტემის მიერ ხალხის ჩაგვრა და სახელისუფლებო ინტრიგები.

ლევი, მთავარი პერსონაჟი, “МГБ”-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო) ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერია, ომის გმირი, რომლის ფოტოებიც საბჭოთა გაზეთებს ამშვენებდა. აგენტი, რომელიც დაუფიქრებლად ასრულებდა სისტემის დავალებებს და არასოდეს სვამდა კითხვებს. არასოდეს ეპარებოდა ეჭვი. აგენტი, რომელმაც უამრავი ადამიანი გაწირა, დაახვრეტინა, გადაასახლებინა. და აი დადგება დღე, როდესაც ის თვითონ იქცევა სისტემის სამიზნედ, ზუსტად იმ სისტემის, რომელსაც ყველაფერი შესწირა და რომლის სიმართლისაც ბრმად სწამდა. წიგნში ძალიან კარგად ჩანს, თუ რაოდენ დაუცველი იყო აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი, როდესაც ის მოძალადე სისტემის სამიზნე ხდებოდა. ქვეყანაში, სადაც გამთენიისას კარზე კაკუნი, ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა.

ცოლს, რაისას, ჯაშუშობას აბრალებენ და ლევის ერთგულების შესამოწმებლად სთავაზობენ, ცოლი დააბეზღოს. სწორედ აქ იწყება აგენტის ფასეულობათა მსხვრევა. ამ დროიდან ლევის თავში უამრავი კითხვა იწყებს ტრიალს. ლევს უწევს არჩევანის გაკეთება – გადაირჩინოს თავი და დააბეზღოს ცოლი, რომელსაც ჯაშუშობას აბრალებენ, თუ დაიცვას ცოლი და წავიდეს სისტემის წინააღმდეგ. ის ამ უკანასკნელს ირჩევს და მათ გადასახლებაში უკრავენ თავს. სწორედ გადასახლებაში აღმოაჩენს ლევი რამდენიმე ბავშვის გვამს. იგი მკვლელის ხელწერის მსგავსებით მკვლელობებს ერთმანეთთან აკავშირებს და იწყებს საზარელი საქმის გამოძიებას. თუმცა ყოფილი აგენტი კიდევ ერთ სისტემურ აბსურდს წააწყდება: არანაირი “საქმე” არაა აღძრული, სისტემისთვის არანაირი მკვლელი არ არსებობს, არანაირი მკვლებობები არ მომხდარა, არავითარი სერიული მანიაკი მკვლელი არ არსებობს, ამ კვლელობებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. საბჭოთა მახინჯი სისტემა არ აღიარებს დანაშაულის სიმრავლეს! მკვლელობები და კრიმინალი ხომ კაპიტალიზმის ავადმყოფობაა! საბჭოთა კავშირში, “მუშების სამოთხეში”, დანაშაულს აბა ვინ ჩაიდენდა? შესაბამისად არც მკვლელი არსებობს და არც დანაშაულები! უდანაშაულო ბავშვების გვამებს პოულობენ ყველგან, მოსახლეობა პანიკაშია, ძალოვანი სტრუქტურები კი არარსებული ჯაშუშებისა და ხალხის მტრების დევნით არიან დაკავებულები. მიუხედავად იმისა, რომ ლევი თვითონ არის სისტემის სამიზნე და თვითონ არის დევნილის როლში, ის იწყებს მკვლელის დევნას. ის ერთდროულად მსხვერპლიცაა და მადევარიც.

ძალიან დამაინტრიგებელი წიგნია და, რაც მთავარია, ძალიან რეალისტური. პირობას გაძლევთ, ამ თრილერის კითხვისას წიგნიდან თავს ვერ აწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ლევი არაადამიანური აგენტი იყო და სისტემის დავალებების უპირობო შემსრულებელი, თქვენ აუცილებლად გახდებით მისი გულშემატკივარი. ის პიროვნულ ტრანსფორმაციას განიცდის. ეს ყველაფერი კი იწყება შეკითხვების დასმით და აღიარებით. ცალკე ხაზია ასევე მისი ურთიერთობა ცოლთან, რომელიც არანაკლებ საინტერესოდ არის აღწერილი, როგორ იცვლება მათი ურთიერთობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

მინდა, რომ კიდევ ბევრი დავწერო, მაგრამ მეშინია წიგნით დაინტერესებული მკითხველის “დასპოილერება”. წიგნი უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, როდესაც გააცნობიერებთ, რომ წიგნში აღწერილი მჩაგვრელი და მოძალადე სისტემა ჩვეულებრივი რეალობა იყო რკინის ფარდის აქეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

პ.ს.
წიგნის მიხედვით გადაღებულია იგივე სახელწოდების მქონე ძალიან კარგი ფილმი – გარი ოლდმანისა და ტომ ჰარდის მონაწილეობით. ფილმის ჩვენება აკრძალეს რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. რუსეთის ამ ქმედებას სამწუხაროდ ქართული კინოთეატრებიც შეუერთდნენ და ფილმი პრემიერამდე ერთი დღით ადრე მოხსნეს აფიშებიდან. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის აჩრდილი კვლავ დააბოტებს ყველგან და კვლავაც არ აღიარებს მკვლელის არსებობას – ეს ხომ დასავლეთის ქვეყნებშია მკვლელობა და დანაშაული, აქ კი სტატისტიკა იდეალურია, დანაშაული არ არსებობს და “კრიმინალი შესანიშნავად გრძნობს თავს” 🙂

MiNi Library

facebook
goodreads

გოგონა მატარებელში

gogona matarebelshi
გოგონა მატარებელში

ავტორი: პოლა ჰოკინსი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L

ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რაც წამიკითხავს და მიკვირს, აქამდე რომ არაფერი დამიწერია მის შესახებ!

ვინმეს რომ ეთხოვა, ერთი წინადადებით დამეხასიათებინა ეს წიგნი, ალბათ ასე ვიტყოდი: არავის ნდობა არ შეიძლება! წიგნის კითხვის პარალელურად თქვენი ეჭვი ხან ერთ პერსონაჟზე გადადის, ხან – მეორეზე. რაღაც ეტაპზე იმდენად ჩაიხლართება სიტუაცია, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურებთ, მათ შორის იმ მთავარ სამ ქალ პერსონაჟსაც, ვისი პირით მოყოლილ ამბავსაც კითხულობთ. ალკოჰოლიკი, მატყუარა და მოღალატე – რეიჩელი, ანა და მეგანი – აი, ის სამი მთავარი პერსონაჟი ქალი. რომელს გინდა, რომ ენდო?

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. წიგნის დაწყებისას რომ შემეკრა სუნთქვა, მხოლოდ დასრულების შემდეგ ამოვისუნთქე თავისუფლად. ახლა კი ვაპირებ, გაცდუნოთ და თქვენც იმავე დღეში ჩაგაგდოთ! წახვიდეთ, იყიდოთ ხვალვე და მანამდე გქონდე სუნთქვა შეკრული, სანამ არ დაამთავრებთ კითხვას!

ვერ ვიტყვი, ხშირად მიმგზავრია მატარებლით-თქო, მაგრამ არ მტოვებს განცდა, რომ ეს ყველაზე იდუმალი და ლიტერატურული ტრანსპორტია, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ! ეს არის წიგნი გოგონაზე, რომელიც ყოველ დღე მგზავრობს ერთი და იმავე მარშრუტით; ზის ერთსა და იმავე ფანჯარასთან; მატარებელი ყოველ დღე ჩერდება რამდენიმე წუთით სემაფორზე (შუქნიშანი მატარებლებისათვის) და ამ დროს ყოველთვის უყურებს მატარებლების სიახლოვს მყოფ სახლებს, განსაკუთრებით კი ერთს. ხედავს მომხიბვლელ წყვილს, რომელსაც წარმოსახვაში არქმევს სახელებს – “ჯესი” და “ჯეისონი”; წარმოიდგენს მათ ბედნიერ ცხოვრებას და შორიდან შეჰხარის მათ ბედნიერებას. მაგრამ ერთ დღესაც რეიჩელი ხედავს რაღაცას, რაც სრულიად არ შეფერება “ჯესისა და ჯეისონის” იდეალურ წყვილს რეიჩელის წარმოდგენაში…

რეიჩელი უკვე რაღაცით დაკავშირებულია ამ ოჯახთან, ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს და ვერ მოისვენებს მანამ, სანამ არ გაარკვევს, რა ხდება. სწორედ აქ იწყება დაუჯერებლად დაძაბული ამბავი, სადაც რეიჩელი შეგძულდებათ, თავს მოგაბეზრებთ, შეგეცოდებათ, მხარს დაუჭერთ, უგულშემატკივრებთ, ისევ გაბრაზდებით და ასე დაუსრულებლად.

ეს წიგნი სავსეა საიდუმლოებებით. ყველას აქვს საიდუმლო, განსაკუთრებით კი ამ წიგნში. არც რეიჩელმა არ იცოდა, რა ხდებოდა იმ “იდეალური წყვილის” სახლის ფანჯრებსა და კარს მიღმა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა, რომელიც არ ასვენებს რეიჩელს და მკითხველს. კითხვა, რომლის პასუხიც არის მთავარი საიდუმლოს გასაღები: რა მოხდა შაბათს ღამით?

მე მშურს თქვენი, ვისაც ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ. თქვენ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა სიამოვნება გაქვთ წინ. ეცადეთ წიგნი გამოიზოგოთ! ნელ-ნელა წაიკითხეთ!

და საერთოდ, პალიტრა L-ის TOP თრილერის სერიის ყველა წიგნი არის განსაკუთრებული სიამოვნება! თამამად შემიძლია, ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა, რაც როდესმე გამოცემულა.

MiNi Library

facebook
goodreads