წერილები სტეფან ცვაიგს

%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

წერილები სტეფან ცვაიგს
გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა არტანუჯი

ყოველთვის ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან დიდი მწერალი იყო.
ვიცოდი არა იმიტომ, რომ მისი ყველა ნაწარმოები წამიკითხავს ან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, არამედ იმიტომ, რომ ასე გვითხრეს სკოლაში, ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, ასეა მიღებული საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა მასშტაბების მქონე მწერალია სინამდვილეში რობაქიძე.

გველის პერანგი პირველად სადღაც მე-8 ან მე-9 კლასში წავიკითხე, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვდა მომეწონა თუ არა, ან რა ემოცია დატოვა. როდესაც “წერილები სტეფან ცვაიგს” (დიახ სტეფან და არა შტეფან, წიგნის სათაურში ცნობილი მწერლის სახელი ისევეა დატოვებული, როგორც მას გრიგოლ რობაქიძე მოიხსენიებს) წავიკითხე, თავიდან მომინდა გველის პერანგის წაკითხვა (და, რა თქმა უნდა, წავიკითხე). რობაქიძისა და ცვაიგის მიმოწერაში გველის პერანგს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ცოტამ თუ იცის, რომ გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგის გერმანულ გამოცემას, რომელიც დიდერიხის გამომცემლობამ გამოსცა, შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობა აქვს. ნაწყვეტი წინასიტყვაოdas_schlangenhemd_-_grigol_robakidseბიდან:
“ეს ერი დედამიწის ერთ–ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით, და ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენცა და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.”
გარდა წინასიტყვაობისა ცვაიგი იყო ის ადამიანი, რომელიც რობაქიძეს ყოველმხრივ დაუდგა მხარში: ეხმარებოდა წიგნის სტილისტურ გამართვაში, გაუწია ძალიან ბევრი რეკომენდაცია გამომცემლებთან, გააცნო მნიშვნელოვანი პირები და რამდენჯერმე მატერიალურადაც კი დაეხმარა, როცა ქართველ მწერალს გაუჭირდა.

ამ წიგნში შესულია მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის მიერ შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები, რომლებსაც ცვაიგის პირად არქივებში მიაკვლიეს. სამწუხაროდ, ისტორიამ ვერ შემოინახა ცვაიგის მიერ რობაქიძისადმი მიწერილი წერილები. ქართველი მწერლის ევროპული არქივი დაკარგულია. წიგნში ათობით წერილია და დასურათებულია იდეალურად! ცალკე მადლობა ეკუთვნის წიგნის დიზაინერს. თქვენ ნახავთ აღნიშნული წერილების დედნის ასლებს, წერილებში მოხსენიებული ისტორიული პირებისა და ადგილების ფოტოებს, რობაქიძის მიერ გაგზავნილ საქართველოს ბუნების ფოტოებს, ასევე ცვაიგის სახლის ფოტოებს, სადაც სტუმრობდა რამდენიმე დღით ქართველი მწერალი და სხვა.

კითხვისას ადვილად ამჩნევ, როგორ იცვლება რობაქიძის დამოკიდებულება ცვაიგისადმი. თუ პირველ წერილებში იგი ძალიან მოკრძალებით ქვევიდან ზევით ელაპარაკება ევროპელ მწერალს, სადღაც წიგნის შუაში უკვე გრძნობ, რომ ეს წერილები ორ მეგობარ ადამიანს ეკუთვნის. ისინი, უკვე როგორც თანაბარი კოლეგები, ისე ესაუბრებიან ერთმანეთს, განიხილავენ ერთმანეთის ახალ ნაწარმოებებს და საუბრობენ პრობლემებზე, პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე..

განსაკუთრებით აღსანიშნავია რობაქიძის მცდელობა, ცვაიგი ჩამოეყვანა საქართველოში სტუმრად. როგორც წერილებიდან ჩანს, საქართველოს ლიტერატურული სამყარო ამ ვიზიტისათვის ყოველმხრივ მზად იყო და ვიზიტის პროგრამაც კი ჰქონდათ მზად. ევროპელი მწერლის მოსახიბლად გრიგოლ რობაქიძე საქართველოს ბუნების ამსახველ ფოტოებსაც კი უგზავნიდა. სამწუხაროდ, შტეფან ცვაიგი არასოდეს ჩამოსულა საქართველოში.

წერილებში ასევე კარგად ჩანს, რას ფიქრობს რობაქიძე საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობაზე. გველის პერანგშიც საკმაოდ სიმბოლურადაა დაშიფრული რობაქიძის უდიდესი სურვილი, საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. მთავარ პერსონაჟს არჩიბალდ მეკეშს ჰყავს რუსი საყვარელი ქალი. როდესაც არჩიბალდი ქართველ გოგოს გაიცნობს, ნელ-ნელა იწყებს ფესვების გახსენებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსი საყვარელი თავს მოიკლავს, არჩიბალდ მეკეშის არჩილ მაყაშვილად გარდაქმნა იწყება. რუსის ჩამოშორების შემდეგ ხდება შესაძლებელი გაიხსენოს თავისი ნამდვილი წარმომავლობა და დაუბრუნდეს სამშობლოს.

თუ გსურთ, გრიგოლ რობაქიძეზე უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ, გაიგოთ, რა ხდებოდა მის თავს, რას განიცდიდა, რაზე საუბრობდნენ მეგობრულად ის და შტეფან ცვაიგი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად თქვენც მოგინდებათ, ამ წიგნის შემდეგ გველის პერანგის კიდევ ერთხელ გადაკითხვა.

პ.ს.
არტანუჯის გამომცემლობას ცალკე ეკუთვნის უდიდესი მადლობა, რომ გრიგოლ რობაქიძე დაუბრუნა ქართველ მკითხველს. ქართულად ითარგმნა მწერლის გერმანიაში გამოცემული წიგნები. უცნობი გრიგოლ რობაქიძე 14 წიგნისაგან შემდგარი სერიაა, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ.

MiNi Library

facebook
goodreads

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
ავტორი: მარკ ჰედონი
სულაკაურის გამომცემლობა

შეფუთვის მიუხედავად, მინდა იცოდეთ, რომ ეს წიგნი საერთოდ არ მიმაჩნია საბავშვო რომანად. ის ბევრად რთული, საინტერესო და დამაფიქრებელია. გამიკვირდება, ბავშვმა ადვილად გაიგოს, რა პრობლემებს ეხება ავტორი.

წიგნი მოგვითხრობს ასპერგერის სინდრომის მქონე თხუთმეტი წლის კრისტოფერ ბუნის შესახებ, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ბავშვებისგან. მაგრამ ეს განსხვავება არ გამოიხატება მხოლოდ ასპერგერის სინდრომის ქონით, კრისტოფერი განსაკუთრებულად ნიჭიერი და ლოგიკურად მოაზროვნე ბიჭია: ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი; ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე; უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და აქვს მიზანი, ჩააბაროს მათემატიკის A დონის ტესტი და დაამტკიცოს, რომ ის ძალიან ძლიერია მათემატიკაში. მას უნდა გახდეს ასტრონავტი, ასტრონავტები კი ფიზიკასა და მათემატიკაში კარგად უნდა ერკვეოდნენ. კრისტოფერი ვერ იტანს ტყუილს და ყოველთვის ცდილობს გულწრფელი სიმართლე თქვას; კრისტოფერს უყვარს ცხოველები და კარგად ესმის მათი ქცევა, მაგრამ ადამიანების ემოციებსა და ქცევაში ბევრი არაფერი გაეგება. და ისევე, როგორც ამ სინდრომის მქონე სხვა ბავშვებს, კრისტოფერსაც აქვს თავისი შეზღუდვები: ვერ იტანს შეხებას – როცა ეხებიან, აგრესიული ხდება. არ უყვარს ყვითელი და ყავისფერი ფერები, მაგრამ ყვითელი ფერი უფრო მეტად. უყვარს წითელი ფერი და თუ სკოლისკენ მიმავალს გზად ზედიზედ 4 წითელი მანქანა შეხვდება, ესე იგი, სუპერ კარგი დღე ექნება. თუ 4 ყვითელი მანქანა შეხვდა, ესე იგი, ის დღე სუპერ ცუდი დღეა და უნდა მოერიდოს მნიშვნელოვანი საქმების კეთებას. კრისტოფერს ძალიან უყვარს შერლოკ ჰოლმსი და როდესაც მეზობლის საყვარელ ძაღლს მოკლავენ, იწყებს გამოძიებას, როგორც ნამდვილი დეტექტივი. ის გადაწყვეტს, ამ გამოძიების თემაზე წიგნი დაწეროს. სწორედ ამ წიგნს ვკითხულობთ ჩვენ.

მარკ ჰედონი ამ უზომოდ საინტერესო და საჭირო წიგნში ბავშვური უბრალო ჩვევებით ძალიან მარტივად გვიჩვენებს ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დანახულ სამყაროს და მათ წესებს. სამყაროს, როგორადაც ისინი მათ ხედავენ. წიგნს ხომ კრისტოფერი თვითონ წერს? პირველ პირში მოგვითხრობს, რა ხდება მის გარშემო, რას გრძნობს, რა სტკივა, რა აწუხებს, რას განიცდის, რას არ განიცდის, რას ფიქრობს გამოძიებასა და მათემატიკის ტესტზე და კიდევ უამრავი რამ. ძალიან საინტერესოა წიგნის თავების დასათაურება. ჩვენს მთავარ გმირს ხომ მარტივი რიცხვები უყვარს? ჰოდა, წიგნის თავები ასეა დანომრილი: 2, 3, 5, 7, 11,13, 17, 19, 23….. ესეც ერთ-ერთი აკვიატებათაგანია, რომელიც კრისტოფერს ახასიათებს.

ძაღლის მკვლელობის გამოძიების პროცესში კრისტოფერი ბევრ უცნაურ ამბავს შეიტყობს, მათ შორის ისეთებსაც, რომელიც ძაღლის მკვლელობასთან კავშირში არაა, მაგრამ უშუალოდ კრისტოფერს ეხება. იმისთვის, რომ გამოძიებამ წინ წაიწიოს, აიძულებს საკუთარ თავს, ესაუბროს უცხო ადამიანებს, რაც მას ძალიან არ უყვარს, მაგრამ საქმე მოითხოვს. გამოძიებისას შემთხვევით აღმოჩენილი საიდუმლო ყველაფერს თავდაყირა აყენებს. კრისტოფერის რეალობა ინგრევა. მის მიერ წლობით ნაგები სტაბილური წესები და ნდობა გარემოსადმი ერთ წამში იკარგება. სწორედ აქ იწყება ნამდვილი, ცხოვრებისეული გამოცდა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე მათემატიკის ურთულესი ტესტი..

ჩვენ გარშემო არის უამრავი განსხვავებული ადამიანი და ყველა მათგანს აქვს რაღაც ჩვევა, ყველას აქვს ამოჩემებული და საყვარელი ფერი, აკვიატებული ქცევა და სხვ. კრისტოფერისთვის კი მის მიერ დანახული სამყარო და წესრიგი უმნიშვნელოვანესია. მას აქვს წესები, მარტივი წესები, რომლებიც უყვარს. ეს წიგნი გვეხმარება, ვისწავლოთ ამ სინდრომის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, ნდობის მოპოვება, დამეგობრება, მათ მიერ დანახული სამყაროს აღქმა. ეს წიგნი უბრალოდ საუკეთესო სახელმძღვანელოა, რეალისტურია და საგნებს ამ სინდრომის მქონე მოზარდის ლოგიკით გვიხსნის. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მარკ ჰედონი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. სწორედ ამიტომაა ამ წიგნის მთავარი პერსონაჟის, კრისტოფერის ქცევა, ფიქრები, განცდები, ემოციები და გადაწყვეტილებები ასეთ ბუნებრივი და რეალისტური.

ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟია კრისტოფერის მამა – სანტექნიკოსი საშუალო შემოსავლით, შეიძლება არც თუ კარგი მეუღლე და მეზობელი, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი მამა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის კრისტოფერის წესები, ესმის შვილის განცდები და ცდილობს ყველანაირად გვერდში დაუდგეს. იცის, რომ მის შვილს უნდა მათემატიკის უმაღლესი დონის ტესტის გავლა და ყველაფერს აკეთებს, რომ კრისტოფერის ეს ოცნება რეალობად იქცეს.

ეს არის ერთი ამოსუნთქვით ჩასამთავრებელი წიგნი, აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული. კრისტოფერის მსგავსი ადამიანები ყველას გარშემო არიან: რთული ხასიათებით, აკვიატებებით, ძნელად გასაგები ლოგიკით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ადამიანების ლოგიკის დანახვა, ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა, ისინი ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან და ხშირად ბევრად უფრო ნიჭიერებიც, ვიდრე ჩვენ.

MiNi Library
facebook
goodreads

პუტინის რუსეთი

%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2

პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
გამომცემლობა არტანუჯი

ეს წიგნი 2004 წელს ბრიტანეთში გამოიცა. მალევე ითარგმნა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ…
წიგნი რუსეთში არ გამოცემულა…
ანა პოლიტკოვსკაია ლიფტში მოკლეს 2006 წელს, როცა ჩეჩნეთის ლიდერზე დაიწყო 
მამხილებელი მასალების მოძიება..
ზემოთ ნათქვამიც საკმარისია, რომ ეს წიგნი ახლავე წაიკითხოთ.

უამრავი სათქმელი დამიგროვდა, რაც მინდა, რომ მოგიყვეთ ამ წიგნის შესახებ.. მაგრამ ბოღმისგან და ბრაზისგან სავსე გული ყელში მებჯინება და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. არ მასვენებს ერთი ძალიან, ძალიან აკვიატებული კითხვა: ამ ყველაფრის მერე, ჩვენს ქვეყანაში არც თუ ცოტაა ადამიანი, ვინც დიდი სიხარულით მიგვაერთებდა რუსეთს და უნამუსოდ ღაღადებენ პუტინის სიდიადესა და კაი ადამიანობაზე! და ვინ? პოლიტიკოსები, სამღვდელოება, ხელოვანები, რიგითი ადამიანები და ვინ არა? ძალიან, ძალიან მინდა, ამ ადამიანებმა აიკრან ბარგი-ბარხანა და ერთად გადასახლდნენ პუტინის რუსეთში, იმ რუსეთში, სადაც ანა პოლიტკოვსკაიასნაირ მართალ ადამიანებს ასე უსწორდებიან, სადაც სამართალი და სამართლიანობა ერთი ადამიანის სატელეფონო ზარზეა დამოკიდებული, სადაც თუ ფული გაქვს, ყველაფრის უფლებას ყიდულობ და ყველაფერი გაგდის.

ანა პოლიტკოვსკაიამ თავი გაწირა იმისთვის, რომ მე, შენ და საერთოდ ყოველ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, ვინ არის რეალურად პუტინი და რას წარმოადგენს მის მიერ მართული ქაოსი. ამ წიგნის წაკითხვის მერე მიხვდები, რამდენად მცდარი ინფორმაცია აქვთ საქართველოს რიგით მოქალაქეებს რუსეთის შიდა ცხოვრების შესახებ. ვინ არის პუტინი? ადამიანი, რომელმაც სამჯერ გაისეირნა წითელ ხალიჩაზე კრემლში და სამჯერ მოირგო რუსეთის იმპერიის გვირგვინი თავზე. ადამიანი, რომელსაც კისერზე აწევს ჩეჩნეთის სისხლისღვრა, “ნორდ-ოსტისა” და “ბესლანის” სასაკლაო, ლიტვინენკოს მკვლელობა, პოლიტკოვსკაიას და სხვა კიდევ უამრავი სისტემისათვის მიუღებელი ადამიანის მკვლელობა, 2008 წლის საქართველოს ომი, ყირიმის ანექსია და ომი უკრაინაში, უამრავი დახოცილი ადამიანი სირიაში, თანამშრომლობა ტერორისტებთან და რუსეთის ათასობით რეპრესირებული მოქალაქის ცოდვა.. პუტინის სახეა სასამართლო, რომელიც არ იცავს მოქალაქეების სიმართლეს და ოლიგარქების მიერ მართული  პოლიცია, რომელიც არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს..

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ელცინის მმართველობით იმედგაცრუებული მასის მოთხოვნა “ძერჟავის” ძალაუფლების აღდგენა იყო. ხალხმა მოითხოვა იმპერატორი, რომელიც ახალ საბჭოთა კავშირს შექმნიდა და მიიღო კაგებეს პოდპოლკოვნიკი პუტინი. საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ტრანსფორმირდნენ და იქცნენ პუტინის რუსეთის სისტემის მსახურებად. იმ სისტემის, რომელიც შემდეგ მათვე ანადგურებს. პუტინის საბჭოთა რეალობა დგას სისხლსა და რეპრესიებზე და უმეტესობა ჩვენგანმა ამის შესახებ არ იცის. საით მიდის რუსეთი? ანას ასეთი პასუხი აქვს: “ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად მიზნების გარეშე.”

ეს წიგნი არ არის მხატვრული ლიტერატურა და მასში ვერ ნახავთ ავტორის თვალსაზრისს, მოსაზრებებსა და შელამაზებულ ისტორიებს. ეს არის დოკუმენტალური პროზა, ფაქტები აკინძული წიგნად. თაროზე შემოდებული და მიჩქმალული სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც პუტინის რუსეთმა დამალა და საკუთარ ხალხს არ აჩვენა. ეს წიგნი არის სისხლში ამოსვრილი ხელები, რომელსაც პუტინი ზურგს უკან მალავს.

ეს ასევე არის წიგნი რიგით ადამიანებზე, რომლებიც სისტემამ გატეხა და გაწირა, რომლებიც პუტინის რუსეთის ტყვეებად იქცნენ.. მაგალითად: სამხედრო მზვერავი, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ომები გამოარა, აქვს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა  ძალიან ბევრ სამხედრო კამპანიაში, საიდუმლო ოპერაციაში, გადაურჩენია ადამიანები, ებრძოდა მტრებს – ეს არის ადამიანი, რომელმაც სამხედრო სამსახურის გარეთ არ იცის, როგორ იცხოვროს თავის ერთადერთ შვილთან ერთად. ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ჯილდო და ღირსება, მაგრამ არ აქვს საკუთარი სახლი. როდესაც ამაზე დაიჩივლებს და პრეტენზიას გამოთქვამს, მას თავიდან იშორებენ.

დღევანდელი საქართველოს სასამართლოსა და რუსული მოსყიდული და მართული სასამართლოს მსგავსების  ნათელი მაგალითი მინდა გაჩვენოთ ანა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან – ჟურნალისტი იძიებს გაოლიგარქებული კრიმინალის, ვინმე ფედულიევის საქმეს, რომელმაც “ურალხიმაშის” აქციათა პაკეტი გაყიდა, მილიონები აიღო, მაგრამ მოსყიდული და მართული სასამართლოს დახმარებით უკან დაიბრუნა. ეს სქემა რამდენიმეჯერ გაიმეორა სხვადასხვა კომპანიის აქციებით ვაჭრობისას. წიგნის ერთ მონაკვეთს დაგიკოპირებთ, სადაც მოთხრობილია:
“(ფედულიევმა) მოისურვა, რომ უკან დაებრუნებინა ის, რის სანაცვლოდაც უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე მილიონი დოლარი და განაცხადა: არ მაინტერესებს, სათანადო რეგისტრაცია არ ყოფილა, შეთანხმება უკანონოა. ბალაშოვმა (მოსყიდულმა და მართულმა მისამართლემ) მაშინვე ხელი მოაწერა ფედულიევისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: ფედულიევი მართალია. აქციათა პაკეტი, რომელიც გაყიდა, სინამდვილეში კვლავაც მას ეკუთვნის, მყიდველმა ფულის დაბრუნების გარეშე უკან უნდა გადასცეს აქციები.” ერთი ტელევიზიის, ოლიგარქის, მართული სასამართლოსი და ყოფილი მფლობელის ამბავს ხომ არ გახსენებთ? თან ტელევიზიის, რომელიც არც არასოდეს ყოფილა ამ ვითომ მფლობელის? არადა ეს ამბავი საქართველოში ხდება, ჩვენ თვალწინ. ადგილობრივი ოლიგარქი რუსი ოლიგარქების გამოცდილებას ეყრდნობა.

ნორდ-ოსტის ტერაქტისას პუტინის გაცემული ბრძანებით დაიწყო შტურმი და გამოიყენეს გასაიდუმლოებული მომწამვლელი აირი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. შეტევისას ძალოვნებმა მოკლეს ერთ-ერთი ტყვე, რომელსაც შუბლი შტურმისას შესულმა სამხედროებმა გაუხვრიტეს, მაგრამ მის შესახებ არც ერთ ანგარიშში არ წერია და საქმეშიც ისე ჩანს, თითქოს ბიჭი არც კი ყოფილა თეატრში. არადა დედასთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად იყო მისული. გააფთრებული ძებნისას ერთ-ერთ მორგში აღმოჩენილს გახვრეტილი შუბლი ცვილით ჰქონდა ამოვსებული, თითქოს ოჯახი ვერ მიხვდებოდა, რა მოხდა. გრაფა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ეთმობა, ცარიელია. არანაირი პასუხი, არანაირი პატივისცემა, არანაირი ბოდიში. პუტინის ძალოვნები ხომ არასოდეს ცდებიან? ეს ბიჭი შტურმისას თეატრში არ ყოფილა. ის მსხვერპლთა სიაშიც კი არაა.
იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმს არ სურდა, გაემხილა შტურმისას გამოყენებული აირის შემადგენლობა, ვერ მოხდა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, არავინ იცოდა რით ემკურნალათ. აირით მოწამლულები იტანჯებოდნენ და მათი დახმარება არავის შეეძლო. მოწამლულთა უმრავლესობა გარდაიცავალა, მხოლოდ იმიტომ, რომ აირის შემადგენლობის გამხელა არ მოისურვეს ძალოვნებმა!

ბესლანი – პირველ სექტემბერს სკოლაში მისული და ტერორისტების მიერ დატყვევებული ხალხი და პუტინის ბრძანების შემდეგ ერთიანად ამოხოცილი ტერორისტებისა და ტყვეების გორები. სკოლაში ათასზე მეტი ადამიანი იყო მისული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოკლეს. პუტინის ძალოვნები კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილ ტყვეთა რიცხვი 400-ს არ სცდება. საბუთებში კი 600-ზე მეტი გარდაცვლილი ტყვე უბრალოდ გამქრალია .. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, ისინი საბუთების მიხედვით სკოლაში არც ყოფილან.. პუტინი – ტერორისტების დამმარცხებელი გმირი! დანარჩენი ყველაფერი სტატისტიკაა.. სისხლიანი სტატისტიკა.

რატომ მოხდა ტერაქტები? ანას აქვს პასუხი:
“საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უსიტყვოდ შეუნდო საკუთარ მთავრობას ჩეჩნეთში მომხდარი და ირონიულად უგულებელყოფდა იმ აზრს, რომ ეს ყოველივე შეიძლება ბუმერანგივით უკან დაგვბრუნებოდა, რომ ხელისუფლება, რომელიც მიეჩვია მსგავს ქმედებებს ერთ რეგიონში, აღარ მოისურვებდა გაჩერებას და იმ ხალხის ნებისყოფასაც გამოსცდიდა, რომლებიც სულაც არ ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში”. და ბუმერანგი დაბრუნდა..

მაგრამ არც პუტინი გაჩერებულა. არც ჩვენ ვცხოვრობთ ჩეჩნეთში და არც უკრაინელები.. ვინ იქნება შემდეგი? ანას წიგნი სავსეა გვამებით, ვერც კი დათვლით რამდენია. მაგრამ პუტინს ეს ყველაფერი შერჩა. არ მინდა, ჩემს ბლოგზე დავწერო იმ სიმხეცეზე, რასაც ჩეჩნეთში სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომელთაც არავინ სჯიდა ქალების გაუპატიურებისა და დახოცვის გამო.. ეს თვითონ უნდა წაიკითხოთ “პუტინის რუსეთში”..

“რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, “ნორდ-ოსტში” გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო.”
ანას რომ ეცოცხლა ამ სიას საქართველოსა და უკრაინის ომები აუცილებლად მიემატებოდა..

წარმოიდგინეთ, რა ცხოვრება განვლო ანა პოლიტკოვსკაიამ?
მთელი ცხოვრება შესწირა სიმართლის ძიებას. შეგიძლიათ, ერთ წამით წარმოიდგინოთ, რამდენი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა ეს წიგნი? მან მახინჯ სისტემას ნაკუწ-ნაკუწ გამოსძალა ინფორმაცია, გამოიძია, გამოიკვლია უამრავი დეტალი და ფაქტი, მივიდა პირადად ყველა თვითმხილველთან, რომელიც ააშკარავებს და აშიშვლებს რეჟიმს. პოლიტკოვსკაია არის რუსეთის პატრიოტი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა რუსეთის უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც აწუხებდა, რომ ფულით ყველაფერს ყიდულობენ, აწუხებდა მართული მოსამართლეები, თავგასული ოლიგარქები, გამდიდრებული ყაჩაღები, რომლებიც შემდეგ პარლამენტის ტრუბუნებიდან მორალს უკითხავენ ერს. ანას ხანმოკლე ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა.

მეგობრებო, წაიკითხეთ ეს წიგნი, გთხოვთ.
წაიკითხეთ და იცოდეთ, რომ პუტინი ჩვენი ქვეყნის მტერია, თითოეული ჩვენგანის მტერია. ის მტერია დასავლური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის. მისი ადგილი მშვიდობიან მსოფლიოში არ არის.

და გახსოვდეთ: #putinkhuilo

MiNi Library
facebook
goodreads

გზა თავისუფლებისაკენ

%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3
გზა თავისუფლებისაკენ (საუბრები კახა ბენდუქიძეთან)
ავტორი: ვლადიმირ ფედორინი
გამომცემლობა: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა

“დაიცავი საკუთარი უფლებები, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, იბრძოლე იმისთვის, რაც გაღელვებს. გჩაგრავენ – იბრძოლე, რამე არ მოგწონს – იბრძოლე.
უფლებებს მხოლოდ ბრძოლაში მოიპოვებ.”-
კახა ბენდუქიძე
სწორედ ეს სიტყვები წერია ვლადიმირ ფედორინის წიგნის უკანა ყდაზე და ვთვლი, რომ ნებისმიერი მიზანდასახული და თავისუფალი ადამიანისათვის ბენდუს ეს სიტყვები ცხოვრებისეული კრედო უნდა იყოს.

ეს წიგნი ერთი დიდი ინტერვიუა კახასთან. კითხულობ და წარმოიდგენ მის სახეს, მიმიკას, ქცევას და მისი ხმა ჩაგესმის, ნათლად ხედავ, როგორ გესაუბრება. როგორი ინტონაციით სცემს პასუხს კითხვებს, გეცინება ხუმრობებზე და გული გწყდება, რომ ის ჩვენ გვერდით აღარაა. ფორბსის ჟურნალისტი ფედორინი და კახა საუბრობენ ყველაფერზე: რა გარემოში იზრდებოდა კახა, როგორი მშობლები ჰყავდა, როგორ წავიდა რუსეთში, როგორ სწავლობდა ბიოლოგიას და როგორ ცხოვრობდა სხვისი სახელით და გვარით საერთო საცხოვრებელში, როგორ მოხვდა ბიზნესში საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და როგორ მიხვდა  სხვებზე ადრე, როგორ ეცურა მღვრიე წყალში. კახა როგორც ყოველთვის ძალიან კარგი რესპოდენტია და სრულიად ღიად საუბრობს წარმატებებსა და დაშვებულ შეცდომებზე, წარსულზე, მომავალ იდეებზე, გუნდზე.. ერთი სიამოვნებაა ასეთი წიგნის კითხვა. ძალიან კარგად აღწერს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილ ეკონომიკურ ვაკუუმს და რეფორმებს, რომელშიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას რუსეთში. საუბრობს საბჭოთა კავშირში არსებულ აბსურდულ რეგულაციებსა და დოქტრინებზე. ამ წიგნის ყველა სტრიქონი ძალიან დიდ ინფორმაციას იძლევა.

არამგონია, საქართველოში ცხოვრობდეს ზრდასრული ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვინ არის კახა ბენდუქიძე – რეფორმატორი, მინისტრი, ბიზნესმენი, უნივერსიტეტის დამაარსებელი, მაგარი იუმორის მქონე ადამიანი, იუდა, მდინარეების კალაპოტების გამყიდველი, ძალიან მაგარი რესპოდენტი, მოუმზადებელი ჟურნალისტების ღამის კოშმარი, მემარჯვენე იდეების გენერატორი და უბრალოდ, ბრწყინვალე გონების ადამიანი. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რეალურად საიდან მოვიდა კახა, რა გზა გაიარა, რას მიაღწია და რამხელა მასშტაბების მოაზროვნე იყო მთელი მსოფლიოსათვის. ეს წიგნი აუცილებლად შეგიქმნით წარმოდგენას თუ რამხელა ადამიანთან გვქონდა შეხება და რა გზა გამოიარა ჩვენამდე.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, საქართველოს ყველა შეგნებული ადამიანის კაბინეტში სამუშაო მაგიდას უნდა ამშვენებდეს ეს წიგნი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ: ბიზნესმენი, საჯარო მოხელე, დაქირავებული პროფესიონალი – ეს წიგნი გასწავლის მთავარს – შენი ცხოვრების მიზნად დაისახო სხვებისთვის ცხოვრების გაადვილება. წიგნის წაკითხვის შემდეგ ნათლად დაინახავთ, როგორ მუშაობდა კახას იდეები და რამდენად გაგვიმარტივა ამ ადამიანმა ცხოვრება. უამრავი წვრილმანი რეგულაცია, სულელური გადასახადები, შეზღუდვები, საბუთები, ფურცლები, ბიუროკრატიული მონსტრი უბრალოდ ერთი ხელის მოსმით მოგვაშორა ყველას. აი თუნდაც ერთი მაგალითი ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე: კახას მიერ აღებული კურსი და ინიცირებული კანონი რომ შეენარჩუნებინა ახალ ხელისუფლებას და 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაჩქარებული წესით არ შეეცვალა კანონი – 2014 წლის პირველ იანვარს საშემოსავლოს გაასახადი 20-დან 15%-მდე დაიწევდა, ხოლო 2015 წლის პირველი იანვრიდან სულაც 10% გახდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ შეცვალეს ეს კანონი და რატომ არ ვიხდით დღეს 10%-ს 20%-ის ნაცვლად?! ჩემ წარმოსახვაში ბენდუ საყვარელი პუტკუნა რაინდია, რომელსაც ეზიზღება ფურცლები, საბუთები, უაზრო კანონები, რეგულაციები და შეზღუდვები და დადის დიდი მაკრატლით, რომ ეს ყველაფერი გაანადგუროს :)))

იმედია, ეს წიგნი გახდება დასაწყისი სერიისა, რომელიც უნდა უყვებოდეს მოზარდებს, რას წარმოადგენდა უთავბოლო ბიუროკრატია, რა რეგულაციები გუდავდა ეკონომიკას და რა შეიცვალა კახას იდეების დანერგვის შემდეგ. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რამდენი რამ შეიცვალა და ვფიქრობ, ყველა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, სად ვიყავით, რომ აღარასოდეს მისცენ ვინმეს უფლება, უკან დაგვაბრუნონ. კახამ დატოვა მემკვიდრეობა, რომლის მოფრთხილება და ხელშეწყობა ყველა ქართველის ვალია.

კახა და ვლადიმირი საუბარში ახსენებენ უამრავ ტერმინს, იტორიულ ფაქტს, საინტერესო ინფორმაციას, რომლის დაგუგვლაც მიხდებოდა და უამრავი ახალი რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი. ბენდუქიძე მოულოდნელად რომ არ გარდაცვლილიყო, დარწმუნებული ვარ, ეს უზომოდ სანტერესო წიგნი ბევრად უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო იქნებოდა.

მინდა, საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო ბენდუს გოგონას, მემკვიდრეს, ნასწიას, რომლის უდიდესი სურვილიც იყო ამ წიგნის ქართულად თარგმნა. წარმატებას ვუსურვებ მას და ცოდნის ფონდს. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გააგრძელებს მამის დაწყებულ საქმეს ❤

%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9cMiNi Library

facebook
goodreads

ოქროს გალია

%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98

ოქროს გალია
ავტორი: შირინ ებადი (ნობელიანტი)
მთარგმნელი: სალომე ბენიძე
გამომცემლობა: ინტელექტი

“თუ არ შეგიძლია, ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ”
ალი შარიათი

სწორედ ასე იწყება შირინ ებადის შესანიშნავი წიგნი. ავტორი ზედმიწევნით ასრულებს ალი შარიათის თხოვნას და გვიყვება ირანში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დატრიალებული ერთ-ერთი უდიდესი უსამართლობის შესახებ.

ეს არის წიგნი ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა უთანხმოებამ გაანადგურა. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ერთი ოჯახის ამბავი ირანის სახელმწიფოში დატრიალებული ისტორიის პატარა სარკეა. პოლიტიკური არჩევანის განსხვავებულობამ და საკუთარი არჩევანის ფანატიკურმა რწმენამ გადაწონა ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი სიყვარული. სამი ძმა და სამი არჩევანი – შაჰის გენერალი აბასი, კომუნისტი ჯავადი და ხომეინის მომხრე ალი. მოუხედავად იმისა, რომ მშობლებმა შვილები პოლიტიკისგან მაქსიმალურად შორს აღზარდეს, ბიჭების პოლიტიკურმა მისწრაფებებმა და სიმპატიებმა თავი მაინც იჩინა და ვერც დედამ, ვერც საერთო დამ, ვერც სისხლმა და ვერც საერთო სახლმა ვერ დაიცვა ოჯახი დანგრევისაგან. იქ, სადაც პოლიტიკა ძმებს შორის დგება, გზები იყოფა, თვალებში ვეღარ უყურებ საყვარელ ადამიანებს და აღარ მიგესვლება სახლში, რომელშიც გაიზარდე. ასე მოხდა აბასის, ჯავადისა და ალის შემთხვევაშიც.

ოჯახის ამბების პარალელურად წიგნში ვითარდება მოვლენათა სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს და რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა – შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა ჩამოაგდო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში…

შირინ ებადი ამ ამბების თვითმხილველია: ის და ფარი, სამი ძმის ერთადერთი და, ახლო მეგობრები არიან. ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ავტორი ამ ყველაფრის უშუალო მონაწილეც გახლავთ. მხატვრული თვალსაზრისით ამაზე ბევრად უკეთესი წიგნებიც წამიკითხავს, მაგრამ ისტორიული და ინფორმაციული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. ადამიანური ისტორიის გადმოცემით ავტორი გვიყვება მისი სამშობლოს ტრაგიკულ და რთულ უახლეს ისტორიას. პოლიტიკური ფანატიზმი ძმებს აიძულებს ერთმანეთისგან დისტანცირებას. საკუთარი თავის გარშემო თვითონვე იშენებენ გალიებსა და ბარიერებს, იკეტებიან ნაჭუჭში, სადაც ვერც დედის სიყვარული და ვერც ოჯახის სითბო ვერ აღწევს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ცხოვრობ, ღარიბულად თუ მდიდრულად, შეიძლება, ფუფუნებაშიც ცხოვრობდე და შენ გარშემო აშენებული გალია სულაც ოქროსგან იყოს ჩამოსხმული, მაგრამ გალია თუნდაც ოქროსი, მაინც გალიაა..

საქართველოში იზრდებიან თაობები, ამთავრებენ სკოლასა და უნივერსიტეტს და მათ აბსოლუტურ უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს ჩვენი ქვეყნის მეზობლების შესახებ. რატომღაც ისეთი რეალობა ჩამოყალიბდა ახალგაზრდებში, თითქოს ჩვენი ქვეყნის მეზობლები მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპა და მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ჩვენი გეოგრაფიის გაკვეთილები, ისტორიის სახელმძღვანელოები, სხვადასხვა კურსები არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გავიგოთ მეტი ჩვენ გარშემო, ჩვენ რეგიონში არსებულ ქვეყნებზე, კულტურაზე, პრობლემებზე, კონფლიქტებზე, რელიგიასა და ადამიანებზე. ხოლო ის ინფორმაცია, რაც ისტორიის წიგნებშია, არის მითოლოგიზებული აბდაუბდა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს, მით უმეტეს თანამედროვე ისტორიასთან. და ახლა, როცა ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაა და ყოველ დღე შეგვიძლია ქუჩებში ირანელი ტურისტების ნახვა, ვხედავთ ირანელების მიერ გახსნილ კომპანიებს, წამოწყებულ ბიზნესებსა და ინვესტორებს, მემგონი, დროა, ეს მითოლოგიზებული ისტორია გვერდზე გადავდოთ და წავიკითხოთ ის, რაც ნამდვილია. გავიგოთ მეტი ამ ქვეყანაზე, მის მოქალაქეებსა და მათ პრობლეებზე. ვიცოდეთ, რა გამოიარეს, რას გაუძლეს და გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში არასოდეს დავუშვათ მსგავსი ბნელი იდეებით შეპყრობილი ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

შირინ ებადის წიგნი არაა რთულად წასაკითხი, მაგრამ ის რთულ და მტკივნეულ წარსულს ეხება. გვიყვება ირანის პოლიტიკური ცხოვრების გარდამავალ ეტაპებზე, სისხლიან ჩაგვრაზე, ოპოზიციისა და ქალების დევნაზე, რელიგიური ფანატიზმის აღზევებასა და ცოდვებზე. გვიყვება წაგებულ ომზე, ხელისუფლების კრიტიკოსი ხალხის უკვალოდ გაქობაზე, ათასობით პოლიტიკური ოპონენტის დახვრეტასა და თავიდან მოშორებაზე..
იშვიათია ისეთი წიგნი, რომელიც ძალიან დელიკატურად, ობიექტურად და საკმაოდ მძაფრად გადმოსცემს პრობლემების რეალურ არსს, არ გვიყვება ისტორიას სუბიექტურად და ცდილობს პრობლემების პარალელურად დაგვანახოს ის დადებითიც, რაც ვერც ომებმა და ვერც პოლიტიკურმა ბატალიებმა ვერ გააქრეს. “ოქროს გალია” ზუსტად ასეთი წიგნია. ჩემი ნება რომ იყოს, ეს წიგნი აუცილებლად იქნებოდა სკოლაში სავალდებულო წასაკითხი ლიტერატურის ჩამონათვალში. ეს სურვილი განსაკუთრებით მძაფრია იმ პოლიტიკური ისტერიის ფონზე, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ხდება. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოშიც მინახავს ოჯახის წევრები, რომლებმაც ერთმანეთი დაკარგეს, გამოიკეტნენ გალიებში და მშობლიურ სახლშიც მშობლების სანახავად რიგრიგობით დადიან. “ოქრის გალია” კი ნათლად დაანახებდა მოზარდებს, რა შედეგები მოაქვს ოჯახზე წინ პოლიტიკის დაყენებას.

მათთვის, ვისაც სურს ირანის რევოლუციაზე წარმოდგენის შექმნა, ასევე ვურჩევ, წაიკითხონ მარჯან სატრაპის “პერსეპოლისი” – უბრალოდ შედევრია. შესაძლებელია ანიმირებული ფილმის ნახვაც იგივე სათაურით – “პერსეპოლისი”.

MiNi Library

facebook
goodreads

 

სიზმართმჭერი

სიზმართმჭერი სტივენ კინგი

სიზმართმჭერი
ავტორი: სტივენ კინგი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L
სერია: TOP თრილერი

თუ კარგი თრილერის წაკითხვა გინდათ, სტივენ კინგი ყოველთვის კარგი არჩევანია (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა) და “სიზმართმჭერი” ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. თქვენ შეიძლება, ნანახი გქონდეთ იმავე სახელწოდების ფილმი, მაგრამ დამერწმუნეთ, ფილმსა და წიგნს შორის არის უფსკრულისხელა სხვაობა. ვერ ვხვდები, რატომ ცვლიან და ამახინჯებენ ხოლმე ნაწარმოებების შინაარსს ფილმებში. “სიზმართმჭერი” ფილმი და “სიზმართმჭერი” წიგნი, შეიძლება ითქვას, ორი, სხვადასხვა შინაარსის მქონე ნაწარმობია და სამწუხაროდ, ფილმში სიუჟეტი და დასასრული აბსოლუტურად დამახინჯებულია.

წიგნი მოგვითხრობს 4 მეგობრის შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მოდიან, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთი მოგონებები აქვთ და საგმირო საქმეებიც ერთად აქვთ ჩადენილი პატარა ქალაქ დერიში. თუმცა მათმა მეგობრბამ განსაკუთრებული ელფერი და, შეიძლება ითქვას, დანიშნულება მხოლოდ დადიტსის გადარჩენის შემდეგ შეიძინა. დადიტსი მათგან განსხვავებულია. პრინციპში, დადიტსი ყველასგან განსხვავებულია. დაგლას ქეველი, იგივე დადიტსი, დაუნის სინდრომის მქონე ბიჭუნაა, რომელიც სპეციალურ სკოლაში სწავლობს. ბივერი, ჰენრი, ჯოუნსი და პიტი დანახვისთანავე გრძნობენ, რომ დადიტსი განსაკუთრებული მოვლენაა მათ ცხოვრებაში, რომელიც არამარატო მათ ბავშვობას შესძენს შინაარსს, არამედ შეცვლის მთელს მათ ცხოვრებას. ისინი დადიტსს უფროსკლასელების შეურაცხყოფისა და დაცინივისგან დაიცავენ ცემის რისკის ფასად და იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველ დღე დილით სკოლამდე მიაცილონ და საღამოს სახლში მოიყვანონ. ის მათი განუყრელი ნაწილი გახდება, რომელიც სამუდამოდ შეკრავს მეგობრების წრეს. ის ინდიელების ავგაროზის ბადის ცენტრს ჰგავს, სადაც ყველა ძაფი ერთად იყრის თავს.

მეგობრები წამოიზარდნენ, მაგრამ ყოველ წელს სანადიროდ ბრუნდებიან მთაში, ბივერის ქოხში. არც ეს წელია გამონაკლისი. თუმცა მორიგ ნადირობის სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე ჯოუნსი ავარიაში ხვდება. სწორედ აქ იწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც სმაუდამოდ შეცვლის მეგობრებსაც და მათ ტრადიციებსაც. ნადირობის მეორე დღეს ნათელი ხდება, რომ ქოხის გარშემო უცნაური ამბები ხდება, ცხოველების მასობრივი მიგრაცია, სამხედრო ვერტმფრენების ინტენსიური გადაფრენა და ძალიან უცნაური სტუმარი მათ ქოხში. მთის ძირში კი სახელდახელო სამხედრო ბაზა იმართება, რომლის მიზანიცაა მთაში ავარიულად დაშვებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტისა და დაუპატიჟებელი სტუმრების განადგურება…

ოთხი მეგობარი, ისე რომ ამას ვერ აცნობიერებენ, აღმოჩნდებიან კარანტინის ზონაში, ამბების ეპიცენტრში. ან შეიძლება ეს შეხვედრა სულაც არ იყო შემთვევითი? ისინი ხომ დადიტსის წყალობით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ სხვებისგან. დადიტსმა ხომ მათ თავისი უნარები გადასდო.. უნარები, რომლის წყალიბითაც მეგობრებმა ბავშვობაში პატარა დაკარგული გოგონა მოძებნეს და დაუბრუნეს მშობლებს.

შეძლებენ კი ძველი მეგობრები კიდევ ერთხელ ჩაიდინონ გმირობა?
რაც უნდა მოხდეს, ყველა ხვდება, რომ ეს მათი ბოლო შეკრებაა ბივერის ქოხში..

“სიზმართმჭერი” საი-ფაი, ფენტეზი და დეტექტივია ერთსა და იმავე დროს და “ფილმივით” იკითხება. იმას ვგულისხმობ, რომ წიგნის კითხვისას მკაფიოდ ხედავ შინაარსსა და სიუჟეტებს ფილმის სცენების მსგავსად. ეს სტივენ კინგის წიგნების უდავოდ დიდი პლუსია და ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ მისი წიგნების დიდი ნაწილი ფილმებად იქნა ადაპტირებული. სიზმართმჭერი არის ცალკე სამყარო – ბივერის, ჯოუნსის, ჰენრის, პიტის და დადიტსის სამყარო. წიგნის კითხვისას შენც ამ სამყაროს ნაწილად გრძნობ თავს: ხან დერის ქუჩებში დგახარ და ქუჩის მეორე მხარეს ხედავ, როგორ მიაცილებენ ბიჭები დადიტსს სახლისაკენ, ხანაც ერთი პატარა ნაწილაკი ხარ რომელიმე ბიჭის თავში და მათ განცდებს ნათლად ხედავ, იქექები მოგონებებში და ცდილობ, უკეთესად გაერკვე მოვლენებში. წიგნის დასრულების მერეც კი ხშირად მიბრუნდებოდა განცდა, რომ ოთხი მეგობარი სადღაც ახლოსაა და ნათლად ვგრძნობდი იგივე აურას. სწორედ ამის გამო მიყვარს კინგის წიგნები.

ოთხივე მეგობარი თავისებურად საინტერესო და ძლიერი პერსონაჟია. დადიტსი ხომ საერთოდ განსაკუთრებულია, მაგრამ არავინ ისე ახლობლად არ მეჩვენა, როგორც ბივერი – უხამსი, ხუმარა და უბრალოდ, ძალიან მაგარი ბიჭი.
სხვა პერსონაჟებიც არანაკლებ კარგად დახატა კინგმა. ეიბ კურცი, შეშლილი სამხედრო და მონადირე, რომლისთვისაც მთავარი საქმის ბოლომდე მიყვანაა ყველა საშუალებით. ოუენ ანდერჰილი, კურცის მარჯვენა ხელი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩა ჰუმანურობის მარცვალი. და საერთოდ, კინგს ძალიან კარგად გამოსდის ადამიანების რეალური სახის ჩვენება.

განსაკუთრებული მოვლენა კი მაინც მისტერ გრეია (Mr. Gray) – უცხოპლანეტელი. ჩვენ სხვადასხვა წიგნში თუ ფილმში არაერთხელ გვინახავს, როგორ იქცევიან ადამიანები ვამპირებად, მონსტრებად, მაქციებად და სხვ. მაგრამ არსად შევხვედრივარ ამის მსგავს პასაჟს – უცხოპლანეტელი ნელ-ნელა ადამიანად იქცევა, ადამიანდება. ადამიანის ტყავში მოხვედრილი ადამიანური ბუნებისა და სისუსტეების მსხვერპლი ხდება. ძალიან საინტერესო სანახავია, როგორ გრძნობს ადრენალინის მოზღვავებას პირველად ცხოვრებაში და უფრო და უფრო მეტი უნდა, როგორ ვერ იკავებს თავს ბეკონის ჭამისგან, რომელიც პირველი გასინჯვისთანავე შეუყვარდა. არასოდეს მიფიქრია ადამიანურობაზე ასეთი კუთხით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ წიგნის წერა კინგმა 1999 წელს ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ დაიწყო, როდესაც რეაბილიტაციას გადიოდა. ალბათ, ამით აიხსნება, რომ წიგნში ადამიანურ ფიზიკურ ტკივილს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. მოგვიანებით Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ წიგნი ოქსიკონტინის (Oxycontin) ზემოქმედების ქვეშ დაწერა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რამდენად კინგისეულად გიჟური წიგნია 🙂

MiNi Library

facebook
goodreads

მთებმა მთებს უთხრეს

მთებმა მთებს უთრეს ხალიდ ჰოსეინი

მთებმა მთებს უთხრეს (And The Mountains Echoed)
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი
გამომცემლობა: არტანუჯი
Goodreads Choice Award for Fiction (2013)

ჩვენს ბლოგზე ადრე უკვე დავწერეთ ხალიდ ჰოსეინის ძალიან კარგ წიგნზე – ფრანით მორბენალი. ამჯერად კი ჰოსეინის კიდევ ერთ ქართულად ნათარგმნ  წიგნზე ვწერთ.

მთებმა მთებს უთხრეს ძალიან, ძალიან მომეწონა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს!
ერთ-ერთ საიტზე ავტორზე საუბრისას ამ გიფს წავაწყდი:
რა თქმა უნდა, მაგარი წიგნია. ჰოსეინია 🙂
obvious

ფრანით მორბენალის მიმოხილვისას დავწერე, ეს წიგნი რომ სკოლაში სწავლის დროს წამეკითხა ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი-მეთქი. ჰოსეინის წიგნები უკეთესს გხდის, გიჩენს სურვილს შენ თავს აჯობო, ქცევა შეცვალო, გაიზარდო როგორც პიროვნება და უბრალოდ კარგ მხარეს მიყავხარ. მისი წიგნები არის ადამიანობაზე, ადამიანურ ტკივილებზე, ოჯახურ ბედნიერებაზე, სიკეთეზე, სითბოზე, გამოუთქმელ პროტესტებზე, იმედების გაცრუებასა და მოულოდნელ ბედის საჩუქრებზე. ეს ზუსტად ისეთი წიგნია, მე რომ მიყვარს. წიგნი, სადაც ბედისწერა ცალკე პერსონაჟია, მოქმედებს, სუნთქავს, არსებობს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შეგიძლია, ხელითაც კი შეეხო მას. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბედისწერა ასეთი მეტყველია.

გადაშლი წიგნს და პირველივე გვერდზე მიხვდები, თქვენ საუკეთესო ამბის მთხრობელს უსმენთ. წიგნი იწყება შესანიშნავი ავღანური ზღაპრით, რომელსაც მამა უყვება თავის შვილებს ფარის და აბდულას, ღამით ძილის წინ პატარა სოფელ შადბაღში. მეორე დღეს კი დაადგებიან მწველ და მტვრიან უდაბნოს გზას ქაბულისკენ, სადაც დაიწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ამ წიგნში არსებულ პერსონაჟებს შეეხება და მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის..

მოვლენები სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე ვითარდება. ერთ შეხედვით მოქმედ გმირებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ არის ერთი საყრდენი წერტილი, ერთი პერსონაჟი – ნაბი. ის არის სკივრის გასაღები, რომელშიც ამ ყველა პერსონაჟისა და ამბის შემაერთებელი გორგალია დამალული. რომ არა ნაბი, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ამ პერსონაჟების ბედი, საერთოდ გაიცნობდნენ კი ერთმანეთს? ამბები ხან ევროპაში, ხან კი ამერიკაში ვითარდება, მაგრამ ავღანეთი მაინც ამ ყველაფრის შუაგულშია, რადგან ამ ქვეყნიდან წამოსული პერსონაჟები ავღანეთს გულით დაატარებენ.

ესაა წიგნი მოზაიკა. ამბები ერთმანეთზეა მიწყობილი და ძნელად თუ დაუკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ თუ შორიდან ყველა ამბავს ერთდროულად შეხედავთ, მთლიან სურათს დაინახავთ, ალუბლის მურაბასავით ტკბილსა და მჟავეს. წიგნის ყდაზე ლამაზ ბუმბულებს შეამჩნევდით. კითხვისას თქვენც ერთი ბუმბული ხარ, რომელსაც ქარი ხან ერთ ქვეყანაში გადააქროლებს და ხან მეორეში, ხან ერთი ამბის თვითმხილველი ხართ, ხანაც ვიღაცის დიალოგს ისმენთ ან სულაც წარსულში ბრუნდებით. თავიდან ძნელია, ეს წიგნი რომანად აღიქვა, ის უფრო მოთხრობების კრებულს ჰგავს, სადაც ყოველი მოთხრობა ახალ პერსონაჟს გიხსნის. ავტორს წრეზე დაყავხართ და წიგნის ბოლო თავები ისე შეკრავს ამ წრის ერთიან სურათს, როგორც თოკი ხურჯინის პირს.

როგორც ჰოსეინის სხვა წიგნები, ეს წიგნიც სავსეა ადამიანურობით. მისი პერსონაჟები ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ გარშემო. ისინიც უშვებენ შეცდომებს, გიცრუვებენ იმედებს, არიან სასტიკები, იყიდებიან, სტკივათ, პოულობენ, იბრძვიან, ცხოვრობენ, უყვართ და როგორც რეალურ ცხოვრებაშია, არც ეს წიგნია ჰილივუდური ჰეპიენდებით სავსე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ავტორი გიშვებს ყველა მოქმედი გმირის გულსა და გონებაში. ხედავ მათ ფიქრებს; კითხულობ მათ აზრებს; გრძნობ, როგორ ებრძვიან ხშირად საკუთარ თავს; ავტორი მათ თქვენ წინაშე აშიშვლებს და მათი ვნებები, სურვილები, ცოდვები სააშკარაოზეა გამოტანილი..

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის პერსონაჟების უმეტესობა მოგხიბლავთ, მაინც გამოვარჩევდი ოდელიას, ოდის – ექიმ მარკოს ვარვარისის ბერძენ დედას. რა ძლიერი ქალია, რამხელა ტალღებს შეუძლია გაუმკლავდეს, რამდენ საიდუმლოს მარხავს და თან დაატარებს, უთქმელი, გაუტეხელი, სალი კლდე, საიმედო ალაგი. უდავოდ დაგატყვევებთ ამ ქალის სიძლიერე. გაგიჭირდებათ, ცრემლები შეიკავოთ…
განსაკუთრებულად მომეწონა თალიას და მარკოს ბავშვობისდროინდელი ამბები: ფოტოაპარატის აწყობა და დამეგობრება. 120-მდე დათვლა, სანამ ფოტოს გადაიღებ..  ეს თავი ცალკე ნაწარმოებია, სავსე ტკივილითა და ცხოვრებით და ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია მთელს წიგნში..

ძალიან კარგად არის გადმოცემული სხვაობა ევროპულ და ავღანურ მსოფლმხედველობებს შორის. ნილა ვაჰდათი ფრანგი დედისა და ავღანელი მამის შვილია, რომელიც ვერ ეგუება ავღანეთში დამკვიდრებულ პატრიარქატს, ქალების ჩაგვრას. მისი თავისუფალი სული ყველანაირად ცდილობს გამოხატოს, რომ ის თავისუფალი ადამიანია, მაგრამ ხშირად ნილას ქმედება ავღანელებისათვის მიუღებელი და უპატიებელია. იმდენად მიუღებელი, რომ საკუთარი მამაც კი მუდმივად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ნილას უბრალოდ არსებობითაც კი:
“ნილა ვაჰდათი: … მე და მამა ასე ვთამაშობდით, სანამ დაიღლებოდა. უნდა ვთქვა, რომ მალე იღლებოდა. მერე თავის ცივ ხელს თავზე გადამისვამდა და მეტყოდა: “მამა უნდა წავიდეს, ჩემო ნუკრო, ახლა გაიქეცი”.
ფოტო მეორე ოთახში გააქვს. რომ ბრუნდება, უჯრიდან სიგარეტის ახალ კოლოფს იღებს და უკიდებს.
ნილა ვაჰდათი: ასე მეძახდა. ძალიან მომწონდა. ბაღს კუნტრუშით შემოვურბენდი ხოლმე და ვმღეროდი: “მამიკოს ნუკრი ვარ, მამიკოს ნუკრი ვარ!” მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რა ავისმომასწავებელი სახელი იყო.
ეტიენ ბუსტულე: როგორ?
იღიმის
ნილა ვაჰდათი: მამაჩემი ირმებზე ნადირობდა – ხოცავდა, მოსიე ბუსტულე”…

რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, რომ სამყარო ყველაზე ცუდი მესაიდუმლეა. უბრალოდ ვერ იტანს საიდუმლოს. რაც უნდა მალო, ადრე თუ გვიან მაინც ამოიტანს ზედაპირზე შენ მიერ დამარხულ ჩოჩხნს. ეს წიგნიც ასეთია. დეკადები გაივლის, მაგრამ სიმართლე მაინც იპოვის ადრესატს, თუნდაც უდოებნოებისა და ოკეანეების გადაღმა..

თუ კარგი წიგნის წაკითხვა გინდათ, ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს ფერებსა და აღმოსავლურ არომატს შემატებს.

არ ვიცი, ასე რატომ მიზიდავს ავღანური ამბები. სანამ ჰოსეინის წიგნებს წავიკითხავდი, რამდენიმე წლით ადრე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას რამდენჯერმე მქონდა შანსი, ავღანეთში წავსულიყავი მივლინებით სამუშაოდ. თუმცა, ჩემი მრავალჯერადი მცდელობის და სურვილის მიუხედავად, არ მეღირსა ამ ქვეყნის მონახულება. ჩემ მაგივრად სხვა თანამშრომლები ჩადიოდნენ ხოლმე. სუვენირად კი 150 წლის ავღანური ტელესკოპი ჩამომიტანეს, რომელიც ჩემს ბიბლიოთეკას ამშვენებს.. მაგრამ არ ვკარგავ იმედს – ერთ დღესაც, ქაბულის მიწაზე ფეხს დავადგამ.

პ.ს.
ჩემ წიგნს აკლდა 8 გვერდი, როგორც ჩანს სტამბის ხარვეზია. თუ ვინმეს ჩემნაირი წიგნი გაქვთ, შეგიძლიათ ეს ფაილი ჩამოტვირთოთ და თქვენს დანაკლისს შეავსებს ❤
ხალიდ-ჰოსეინი

MiNi Library

facebook
goodreads